"ატლეტიკო", "დნიპრო" და "მაქაბი" თბილისში - ოთხთა ტურნირს "ლივერპულის" სკაუტიც დაესწრება

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" მოწვევით, მადრიდის "ატლეტიკოს", დნეპროპეტროვსკის "დნიპროსა" და ჰაიფას "მაქაბის" ჭაბუკთა გუნდები გვესტუმრნენ და მასპინძელ კლუბთან ერთად "სალერის თასს" გაითამაშებენ.

ტურნირი 18 დეკემბერს დაიწყება და 22 დეკემბერს დასრულდება. მასში მონაწილეობას მიიღებენ 16 წლის მოზარდები; პლუს ამას, გუნდებს 17 წლის ასაკის 5 ფეხბურთელის დამატების უფლებაც ექნებათ.

"საბურთალოს" ორგანიზებით, "ბენდელას" სტადიონზე ყოველწლიური საერთაშორისო ოთხთა ტურნირი 2011 წლიდან ტარდება: 2011 წელს, "ფოლკსვაგენის თასზე", ჰოლანდიური "ვიტესის" ასაკობრივი გუნდი გვესტუმრა, 2012 წელს კი "სალერის თასი" "ვიტესის", "მალაგას", "საბურთალოსა" და "ლოკომოტივის" ჭაბუკებმა გაითამაშეს.

წინა ორივე
ტურნირში პირველი ადგილი "საბურთალომ" დაიკავა. ახლა გუნდის ამოცანა გაცილებით გაძნელდა, რადგან ბავშვთა ტურნირი იქნება თუ დიდების, "ატლეტიკო" ყველგან და ყოველთვის "ატლეტიკოა".

სტუმრები უკვე ჩამოვიდნენ და სასტუმრო "ბომონდ გარდენში" დაბინავდნენ. ყველა მატჩი "ბენდელას" სტადიონზე გაიმართება.

ტურნირის განრიგი კი ასეთია:

18 დეკემბერი
(სტადიონი "ბენდელა")
დნიპრო-ატლეტიკო 12:00
საბურთალო-მაქაბი 16:00

19 დეკემბერი
(სტადიონი "ბენდელა")
მაქაბი-ატლეტიკო 12:00
საბურთალო-დნიპრო 15:00


20 დეკემბერი
(სტადიონი "ბენდელა")
მაქაბი-დნიპრო 12:00
საბურთალო-ატლეტიკო 15:00


22 დეკემბერი
(სტადიონი "ბენდელა")
მატჩი III ადგილისათვის 12:00
ფინალი 15:00

* * *
"სალერის თასის" ორგანიზატორმა "საბურთალოს" ხელმძღვანელობამ და მადრიდის "ატლეტიკოს" მწვრთნელებმა 17 დეკემბერს ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

Sportall.Ge

ტარიელ ხეჩიკაშვილი, "საბურთალოს" პრეზიდენტი:
"უპირველესად, ბარბარობის დღესასწაულს გილოცავთ. ეს დღე ბედობასთან არის ასოცირებული და ვისურვებდი, "საბურთალოს" ისეთი დონის კლუბების სტუმრობა დაებედოს, როგორებიც არიან მადრიდის "ატლეტიკო", "დნიპრო", "მაქაბი"... მათი ჩამოსვლა ჩვენი კლუბის აღიარება და დაფასებაა, რაც "საბურთალოს" მიზანმიმართული მუშაობის შედეგია.

"ატლეტიკოსთან" ურთიერთობა უფრო გაგვიადვილებს და გზას გაგვიხსნის იმ დიდი კლუბებისკენ, რომლებიც ევროპაში მოწინავეები არიან. ვეცდებით, ტურნირი მაღალ დონეზე ჩავატაროთ და თავი კარგი თამაშითაც წარმოვაჩინოთ.

ამ საქმეში დაგვეხმარა საქართველოს ელჩი ესპანეთში ზურაბ პოლოლიკაშვილი და ისრაელში მოღვაწე გიორგი ყიფიანი - "მაქაბის" სტუმრობა სწორედ მისი დამსახურებაა.

ტურნირისადმი ინტერესი ყოველწლიურად იზრდება. შეიძლებოდა გუნდების რაოდენობის გაზრდაც, ბევრი სოლიდური კლუბის თანხმობა გვქონდა, მათ შორის - "იუვენტუსისაც", თუმცა ისევ ოთხთა ტურნირი ვამჯობინეთ, რადგან მეტი გუნდი მეტი ხარჯიც არის, ჩვენ კი "სალერის თასს" საკუთარი ძალებით ვაკეთებთ...

მადრიდელებთან თანამშრომლობას მომავალშიც გავაგრძელებთ. დიდი შანსია, ფეხბურთელები იქით მივავლინოთ და თუ მათგანაც გვექნება შემოთავაზება, ესპანეთში ტურნირებზე სიამოვნებით გავემგზავრებით. აგვისტოში მადრიდში ვიყავი და ერთობლივ პროექტებზე სწორედ მაშინ ვილაპარაკეთ.

აქვე შემიძლია გითხრათ, რომ "სალერის თასის" წლევანდელ ტურნირს ბევრი სკაუტი დააკვირდება. მათ შორის იქნებიან "ლივერპულისა" და იტალიური კლუბების მენეჯერები".

კახა ჭუმბურიძე, "საბურთალოს" გენერალური დირექტორი:
"ფეხბურთელებისთვის ასეთი კლუბების წინააღმდეგ თამაში დიდი სტიმულია. ისინი დიდ გამოცდილებას იძენენ, რაც მომავალში უთუოდ წაადგებათ. ამ ასაკის ნაკრებებში ბევრი მოთამაშე გვყავს და მათ ეძლევათ შანსი, თავის კარგად წარმოჩენის შემთხვევაში, ევროპული კლუბები დააინტერესონ.

შარშან "სალერის თასზე" "მალაგა" და "ვიტესი" იყვნენ, წლეულს ევროპული კლუბების რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა და სოლიდური გახდა. იმედია, მომავალშიც არანაკლები დონის გუნდებს ჩამოვიყვანთ.

არ შემიძლია, მადლიერება არ გამოვხატო "იბერია ბიზნეს ჯგუფისა" და მისი პრეზიდენტის, ტარიელ ხეჩიკაშვილის მიმართ. ასეთი მაღალი დონის კლუბების ჩამოსვლა სწორედ მისი დამსახურებაა".

პაკოს საოსი, "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი:
"საქართველოზე მხოლოდ გადმოცემით მსმენია, აქ პირველად ვარ. ქართულ ფეხბურთსაც არ ვიცნობ, თუმცა ჩვენი კლუბის ერთ-ერთ ასაკობრივ გუნდში 1998 წელს დაბადებული ნიკა კვანტალიანი თამაშობს.

თქვენი ქვეყნისა და მისი ფეხბურთის გაცნობის საშუალებას "საბურთალო" გვაძლევს. ალბათ, ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, რაც ორივე მხარეს დადებითად წაადგება.

ამ ეტაპზე ჩვენი გუნდიდან სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში ფეხბურთელები არ გვყავს, თუმცა ბევრი პერსპექტიული და ნიჭიერი ჭაბუკია. ვეცდებით, გულშემატკივარს ლამაზი სანახაობა შევთავაზოთ. ძლიერი მეტოქეები გვყავს, მაგრამ ტურნირის მოსაგებად ჩამოვედით და იმედია, მიზანს მივაღწევთ".

და ბოლოს - როგორც ცნობილია, 26 დეკემბერს ფუტსალის სამყარო ამ სახეობის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, კახა ახალაძის დასახმარებლად საქველმოქმედო შეხვედრას გამართავს.

"საბურთალოს" პრეზიდენტ ტარიელ ხეჩიკაშვილის თქმით, 21 დეკემბერს, "ბენდელას" სტადიონზე, ანალოგიური შინაარსის მატჩს კლასიკური ფეხბურთის წარმომადგენლებიც გამართავენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული