რევაზ არველაძე: სფფ-ის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას მეც მივიღებ!

AutoSharing Option
გაისად ათი წელი ხდება, რაც რევაზ არველაძე ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსანია, 2015 წელს კი სფფ-ის პრეზიდენტობისთვისაც იბრძოლებს!

ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ჩვენთან ინტერვიუში ეს თავად დაადასტურა და არანაკლებ საინტერესო სხვა თემებზეც გვესაუბრა.

- ნოემბრის ბოლოს გვითხარით, რომ კიდევ ერთი შეხვედრა იგეგმება თემურ ქეცბაიასთან და ფედერაცია საბოლოო გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს.
- როგორც ვიცი, ზვიად სიჭინავა თემურ ქეცბაიასთან დარეკვას ხვალ (ინტერვიუ ჩაწერილია 16 დეკემბერს. - ავტ.) გეგმავს. სავარაუდოდ, ფედერაციის ხელმძღვანელები და ნაკრების მწვრთნელი დეკემბრის ბოლომდე შეხვდებიან და გადაწყვეტილებასაც მივიღებთ. საქმე მოქმედ კონტრაქტთან გვაქვს,
თუმცა, შესაძლოა, ახალ პირობებზეც ვილაპარაკოთ.

- გამოდის, თემურ ქეცბაია დარჩება და არსებული ხელშეკრულებით გააგრძელებს მუშაობას ან... კონტრაქტი შეწყდება და კომპენსაციას გადაიხდით?
- საკითხი ასე კატეგორიულად არ დგას - დარჩეს თუ წავიდეს თემურ ქეცბაია. ფაქტია, რომ ხელშეკრულება გაფორმებულია, მაგრამ შესაძლოა, მის რომელიღაც პუნქტზე მოილაპარაკო, სხვაზე ვერა და ა.შ. ვნახოთ, რა იქნება. იმედი მაქვს, მოლაპარაკება შედგება და ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რაც ქართული ფეხბურთისთვის უკეთესი იქნება.

- რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტებმა მოიძიეს 2011 წელს გავრცელებული ინფორმაციები, სადაც აღნიშნულია, რომ თემურ ქეცბაიასთან კონტრაქტი 2+2 სისტემით გაფორმდა. ფედერაცია კი ამბობს, რომ ხელშეკრულება ოთხწლიანია და მასში არანაირი ოფცია არ არის ჩადებული.
- არ ვიცი, ვინ რა მოიძია, მაგრამ კონტრაქტის ფურცელში არანაირი 2+2 არ წერია! დეტალები არ მახსოვს, თუმცა, ხელშეკრულება ნამდვილად 2015 წლის სექტემბრამდეა გაფორმებული. უბრალოდ, პირველი ორი წელი ერთგვარ მოსამზადებელ ეტაპად არის გამოყოფილი.

- თუ ხელშეკრულებაში არანაირი დამატებითი ოფცია არ არის ჩადებული და ვერაფერს შეცვლით, რაღაა სალაპარაკო ნაკრების მწვრთნელთან?! კონტრაქტი 2015 წლამდე ჰქონია და იმუშავებს კიდეც!
- კონტრაქტიან ხალხთან არ ლაპარაკობენ?! მოლაპარაკება ყველაფერზე შეიძლება.

- არ ფიქრობთ, რომ ფედერაციას მეტი მოეთხოვებოდა? ისე გამოვიდა, რომ ნაკრების მწვრთნელისა და ფეხბურთელების კონფლიქტში, შემრიგებლის სტატუსით ჩარევის ნაცვლად, მაყურებლის როლით დაკმაყოფილდით.
- ეს დაპირისპირება თვეების განმავლობაში ხომ არ გაგრძელებულა, ერთმანეთის ნათქვამს გამოეხმაურნენ და მოვლენები ძალიან სწრაფად განვითარდა. მთავარია, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდეს, თორემ შენიშვნების მიცემაზე ადვილი რა არის?!

- ფაქტია, რომ ასეთ სიტუაციაში უფრო მეტი მაინც მწვრთნელს მოეთხოვება...
- ამიტომ ვამბობ, რომ კიდევ გვაქვს თემურთან სალაპარაკო. კონტრაქტის პირობების შესრულება ორივე მხარის ვალდებულებაა, მაგრამ თუნდაც ეს კონფლიქტი, თამაშის ხარისხი ან ნაჩვენები შედეგი არ არის სალაპარაკო?! სალაპარაკო სულ არის - სეზონის წინაც, მისი მსვლელობის დროსაც და ბოლოსაც.

- საქართველოს ნაკრების მწვრთნელი უცხოელ ჟურნალისტებთან სალაპარაკოდ ყოველთვის მზადაა, ქართველების სატელეფონო ზარებს კი არ პასუხობს. ეს სწორად მიგაჩნიათ?
- ალბათ, ეს იმის ბრალია, რომ უცხოელები არ უსვამენ ისეთ მწვავე შეკითხვებს, როგორსაც ქართველი ჟურნალისტები. საქართველოს ნაკრების მწვრთნელია და ბუნებრივიც არის, რომ შეკითხვები აქ უფრო მძაფრია. თანაც, ქართველ ჟურნალისტებთან შეხვედრებს თემური ერთგვარად შემაჯამებელი ფორმატით ამჯობინებს. ასე რომ, კარგი იქნება, თუ მასმედიასთან მწვრთნელის ურთიერთობა და ასეთი საკითხები, სამომავლოდ, კონტრაქტითაც დარეგულირდება!

- ეგ კი არა, მოქმედ კონტრაქტში ისიც კი არ წერია, რა ვალდებულება აქვს მწვრთნელს, ფედერაციას და ა.შ.
- სამწუხაროდ, ასეა. ზვიად სიჭინავამ თქვა კიდეც, რომ ეს კონტრაქტი სამთავრობო დონეზე იყო გადაწყვეტილი. ამის გამო, გარკვეულწილად, აკლია კიდეც პროფესიონალიზმი.

- სფფ-ის პრეზიდენტები იცვლებიან, რეზო არველაძე კი, უკვე მეათე წელია, ფედერაციის მაღალჩინოსანია. რისი დამსახურებაა ეს?
- პირველ რიგში, იმის, რომ პირნათლად და პატიოსნად ვემსახურები ფეხბურთს, რომელიც ჩემი ცხოვრებაა. ჩემი საქმიანობა არ მოსწონთ? მე იმდენი რამ არ მომწონს, ყველაფერზე რომ ვილაპარაკო, გამოვა, რომ საქართველოში ფეხბურთი არავის სცოდნია.

- "ქართულ ფეხბურთს არველაძეები მართავენ" - ასეთი რამ არასდროს გსმენიათ?
- პირადად არავისგან მომისმენია, მათ კი, ვინც შორიდან ამტკიცებს ასეთ რაღაცებს, ღმერთმა ხელი მოუმართოს, ილაპარაკონ, რამდენიც სურთ. როცა არგუმენტებს მოისმენენ, არ მგონია, სალაპარაკო კიდევ დარჩეთ რამე.

ჩემთვის მთავარია, რომ უფლის, საკუთარი თავისა და ფეხბურთის წინაშე მართალი ვარ და ერთგულად ვემსახურები საქმეს, რომელიც კარგად ვიცი!

არველაძეები არავისზე ნაკლები ფეხბურთელები არ ვყოფილვართ და ახლაც ქართულ ფეხბურთს ვემსახურებით. ფედერაციაშიც მხოლოდ მე ვმუშაობ.

- და არჩილ არველაძე...
- აჩიკო ფედერაციაში საზოგადოებრივ საწყისებზე მუშაობს და სფფ-ში ხელფასს საერთოდ არ იღებს! თუ ვინმე ფიქრობს, რომ ფედერაციაში ფულის საშოვნელად ვართ, ამ მხრივაც გაწბილებული დარჩება!

- გეწყინათ, ზვიად სიჭინავამ რომ თქვა თქვენზე - "Ленин жил, Ленин – жив, Ленин – будет жить"?
- შესაძლოა, გარედან სხვაგვარად ჩანდეს, მაგრამ რაც ერთად ვმუშაობთ, მე და ზვიადი ძალიან დავმეგობრდით, ბევრ რამეში ანგარიშსაც ვუწევთ ერთმანეთს. ასე რომ, მის ნათქვამში იუმორის წილიც არის...

- ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და გენერალური მდივანი უკვე იყავით... რევაზ არველაძე 2015 წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებშიც მიიღებს მონაწილეობას?
- დიახ. ჩემი პრინციპია - არასდროს არაფერს ვაკეთებ იმის წინააღმდეგ, ვისთან ერთადაც ვმუშაობ! ამას კონფორმიზმად ნუ ჩამითვლით, ეს ადამიანური პოზიციაა და ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი წესი!

არ მიყვარს ხალხი, ვინც შინაურსა და გარეულს ვერ არჩევს და სხვების წინ გადახტომით არის დაკავებული. ფეხბურთის ფედერაცია წარმატებით მუშაობს, მაგრამ მომავალ არჩევნებში მონაწილეობას მეც მივიღებ.

- ფეხბურთის ფედერაცია წარმატებით მუშაობსო... თუ ასეა, რატომ ჰყავს ამდენი კრიტიკოსი?
- ის ხალხი, ვინც გვაკრიტიკებს, დარწმუნებულია, რომ ყველაზე კარგად ერკვევა ფეხბურთში, რომ საქმეს სხვაზე უკეთ გააკეთებს. არადა, კარგი იქნებოდა, მათი კრიტიკა უფრო ჯანსაღი, უფრო საგნობრივი ყოფილიყო, კონკრეტულად ეთქვათ, რა შენიშვნები აქვთ.

ბოლო ათი წლის განმავლობაში ფეხბურთის ფედერაციაში 100 მილიონი ლარი დაიხარჯაო. ამდენი არ დახარჯულა, მაგრამ რომც დახარჯულიყო, დაახლოებით, 40 მილიონ ევროზეა ლაპარაკი და წელიწადში 4 მილიონი ევროა სალაპარაკო?! იმაზე რატომ არავინ ლაპარაკობს, რომ ხშირად ფეხბურთის ფედერაცია დაკავებულია საქმით, რომელიც მისი გასაკეთებელი არ არის? ლაპარაკია სხვადასხვა ქალაქში საფეხბურთო მოედნების მოწყობაზე, სადრენაჟო სისტემების გამოცვლაზე, სარემონტო სამუშაოებზე და ა.შ.

გასაგებია, რომ პირველ ნაკრებს პრობლემები აქვს, რომ ეროვნული ჩემპიონატი უკეთესის სურვილს ტოვებს, მაგრამ ხომ ყველა ხედავს, რომ ნაკრებ გუნდებს მზადებისა და თამაშისთვის კარგი პირობები აქვთ, რომ ვალების ნაცვლად, ფეხბურთის ფედერაციას აქტივები აქვს და გამართულად მუშაობს. ეს თუ არაფერი არ არის, აღარ ყოფილა საშველი. ალბათ, ფედერაცია იმაშია "დამნაშავე", უფრო კატეგორიული რომ არ არის, მეტს არ ითხოვს ლიცენზირებისა და შედეგების მხრივ და ა.შ.

- და რატომ არ ითხოვს?
- იმიტომ, რომ ყველას დავეხმარეთ, ბევრ რამეზე დავხუჭეთ თვალი, ყველას მივეცით შანსი. ფაქტია, რომ ამდენი დათმობით ბევრს დათვური სამსახური გავუწიეთ.

- უკვე გადაწყვეტილია, რა თანხას მიიღებს 2014 წელს სახელმწიფოსგან ფეხბურთის ფედერაცია?
- ფეხბურთში - მუნიციპალურ სკოლებში, კლუბებში, პირველ და მეორე ლიგაში და ა.შ. - სახელმწიფოს მონაწილეობის წილი ჩემთვის უცნობია. რაც შეეხება ფედერაციას, რასაკვირველია, სახელმწიფო გააგრძელებს დახმარებას. ოდენობა შეიძლება გაიზარდოს; ყოველ შემთხვევაში, რაც იყო, ანუ 7 მილიონზე ნაკლები არ იქნება.

რატი შელეგია

გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)

ასევე იხილეთ:
დიპლომატიის დაკარგული ტალანტი - რევაზ არველაძე სფფ-ის პრეზიდენტად?
რაში გჭირდებათ ტყუილი? - ისევ თემურ ქეცბაიას კონტრაქტის საკითხის შესახებ
მკითხველის კომენტარები / 3 /
ბატონო რევაზ მიიღეთ ჯანსაღი კრიტიკა ფედერაციის მუშაობასთან დაკავშირებით ჩემგან,რადგან თქვენ სხვაგან ვერსად ნახეთ მსგავსი.დავიწყოთ მთავარით:-თქვენ,10 წელია იმ ფედერაციის მაღალჩინოსანი ხართ,რომელსაც მართავს არა არჩეული,არამედ დანიშნული პრეზიდენტები ეს თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ,თქვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს,მეტიც,როდესაც სიჭინავამ გამოაცხადა ახალკაცმა უნცროსმა დააქცია ქართული ფეხბურთი და ვალებში ჩააფლოო,არ გქონიათ პრობლემა დამაქცევარი ფედერაციის ვმაღალჩინოსანის სკამიდან,დომენტის ნავში გადამჯდარიყავით ასევე მაღალ სკამზე და შედგომოდით მასთან ერთად "აღმსენებლობას",ახლა კი მაპატიეთ და გყოფნით თავხედობა თქვათ ჩვენი მართველობის დროს ვალები მაინც გავისტუმრეთო,არადა ვალების ამღებ ფედერაციაშიც და გამსუმრებელშიც,ერთნაირად ძალიან მაღალი პოსტი გეჭირად და როგორ ხდება რომ,მარტო გასტუმრებაში ხედავთ თქვენს დამსახურებას და აღებაში თქვენს დანაშაულს ვერა?მერწმუნეთ თქვენს ადგილზე ბევრი ადამიანი ნემსაძის ინციდენტის შემდეგ წავიდოდა ამ სიბინძურიდან,თქვენ კი ასე არ მოიქეცით.თქვენ იმ ფედერაციის მაღალჩინოსანი ხართ რომელმაც ვერ მოახერხა ვერცერთი სერიოზული სპონსორის მოზიდვა და მთელი თქვენი შემოსავალი განისაზღვრება სახელმწიფოსა და ფიფა-უეფასგან მიღებული თანხებით.თქვენ იმ ფედერაციის მაღალჩინოსანი ხართ რომლის პრეზიდენტს არ ცხვენია იმის აღიაერება რომ,ნაკრების მწვრთნელი ისე დაინიშნა მისთვის არავის არაფერი უკითხავს და არათუ კანდიდატურა,კონტრაქტიც კი არ შეუთანხმებიათ მასთან(შესაბამისად არც თქვენთან)თქვენი მართველობის პერიოდში გამოაშკარავდა და სამარცხვინოდ ჩაიფარცხა თუ,რა მაშტაბის სიბინძურე ტრიალებდა აქაურ ჩემპიონატში რომლის ჩატარება-ორგანიზებაში ერთადერთი პასუხისმგებელი ორგანიზაცია ბრძანდებით და თქვენი უუნარობით და არაფლის მაქნისობის გამო დღეს იგივე მწვრთნელები არიან გუნდებში,იგივე ფეხბურთელები ვინც მთელი ტაიმის განმავლობაში მხოლოდ აუტებში ურტყამდა ბურთს მეტი აუტის "დასაჯენად",ან კიდე ვითომ ტრამვირებულები ასკინკილით ტოვებდნენ პირველ ტაიმშივე მოედანს პანტა-პუნტით და განსაცვიფრებელი კოლეკტიური "სიბრმავის"გამო არავის ეჭვი არ უჩნდებოდა არაფერზე.გამაოგნებელია თქვენი უუნარობა დღეს ნაკრებში განვითარებულ მოვლენებზე,აღარ ვამბობ არაფერს თამაშის ხარისხზე,შედეგზე.ყველა ზღვარს გაცილდა უკვე ის რაც მწვრთნელს და ფეხბურთელებს შორის ხდება და უკვე თვეებია ფედერაციისგან ვერავინ არათუ შედეგი ვერ დაინახა სიტუაციის გამოსასწორებლად არამედ ქმედებაც კი არ ჩანს არანაირი.ისმის მხოლოდ, ახლა დავილაპარაკებთ,მერე დავილაპარაკებთ და ასე გრძელდება უსასრულოდ.რა უნდა მოელაპარაკოთ ვის და როდის?ქეცბაია ყველგან ინტერვიუებში აცხადებს(იმათთან ვისაც თვლის ღირსად დადოს პატივი ინტერვიუს მისაცემად)რომ,2015 წლამდე დაკავებულია.ბატონო ჩემო, თქვენივე საიტზე რომ,დაიდო 2+2-იანი კონტრაქტი გაფორმდაო და ახლა ესეთი არ გაგვიფორმებიაო ამბობთ ეს თაღლითობა თუ არა უნამუსობა ხომ არის მაინც?ან ეს კონტრაქტი რომ,დღემდე საიდუმლოა ხალხისგან ეს არაა სამარცხვინო,მითუმეტეს ამ ფულს ამავე ხალხის მიერ შევსებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან იხდით?რა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ლაპარაკობთ,რომელი ერთი გააკეთეთ კერძო ინვესტიციით და სპონსორ-ინვესტორთან თანამშრომლობით?ისიინიც ხომ სახელმწიფო ფულით გაკეთდა?ან რაა იმ პროექტებში საამაყო?მაგალითად,ფული დაიხარჯა და გაკეთდა ფოთში სტადიონის მინდვრის საფარი,ფოთის საფეხბურთო გუნდი რომ,უპატრონოდ არის მიტოვებული ის მინდორი რა დღეში იქნება დღეს ხომ ადვილი წარმოსადგენია?არის თუ არა დღეს ეს ფული წყალში გადაყრილი და ასე უთაოდ გაკეთებული საქმე ხომ არის იმის მანიშნებელი რომ,ასეთი პროექტები ფულის და არა საქმის გასაკეთებლად იყო?გასაგებია ბატონო რომ 40 მილიონი ევრო 10 წელიწადში და შესაბამისად წელიწადში 4 მილიონით არ შეიძლება ფეხბურთის განვითარება მაგრამ,ისიც რომ უთავბოლოდ დაიხარჯა და დღეს ამ დახარჯული თანხიდან მიღებული თუნდაც მომენტალური,თუნდაც გრძელვადიანი შედეგი 0-ლია ეს არაა თქვენი პასუხისმგებლობა?ეს მცირედია და კიდევ ძალიან ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება ჩემისთანა გვერდიდან მააყურებელი და სამზარეულოში ჩაუხედავი,ფეხბურთის მოყვარულის დონის ადამიანისგან და ამის შემდეგ თქვენ კიდევ მაქ მუშაობთ,ახლა კი პრეზიდენტობის ამბიციაც გაქვთ ნუ გაგიკვირდებათ რომ,ხალხს ზუსტად ფულის საკეთებლად მისული გგვონიხართ ფედერაციაში, სხვა მხრივ ძნელია ადამიანს ამის სურვილი გაუჩნდეს თქვენს ადგილზე!
daviti
13:43 18-12-2013
0
ოღონდ ეს არ მოვიდეს ტოო ; (( იგივე ადგისლ დავტკეპნიტ ისევ აუ ეს ხო ვერ წავიდა თავისი ფეხიტ სანამ არ გაუშვებენ არ გაჩერდება რა ; )) ყაველაშვილი უდნა გახდეს პრეზიდენტი ; )))
aleksa
14:24 18-12-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული