"სალერის თასის" მატჩების გარდა, ვისკაინო "საბურთალოს" ბავშვების ვარჯიშებსაც დაესწრო და აშკარა იყო, რომ ქართველი ბავშვებითაც დაინტერესდა...
- "ლივერპულის" მსგავსი სახელგანთქმული კლუბების სელექციონერები შემთხვევით არსად ჩადიან. საქართველოს რა მიზნით ესტუმრეთ?
- თბილისის ტურნირზე შარშანაც ვიყავი, როცა "მალაგასთვის" ვმუშაობდი. "ლივერპულში" კი წლეულს მიმიწვიეს, რადგან ესპანეთში ჩვენი მუშაობა წარმატებულად მიიჩნიეს.
თბილისში ჩამოსული "მალაგა" თავისი ასაკის პრიმერა დივიზიონის ჩემპიონი გახდა,
ჩემი სურვილია, რომ "საბურთალომ" "ლივერპულთან" ითანამშრომლოს.
- რომელიმე კონკრეტულ მოთამაშეს აკვირდებით?
- "საბურთალოს" მოთამაშეებზე ინფორმაციებს გუნდის ესპანელი მწვრთნელი ანდრეს კარასკო მაწვდის, მათ შორის - ვიდეომასალებსაც. ტურნირზე მათი ხილვის შემდეგ დავრწმუნდი, რომ რამდენიმე მათგანი "ლივერპულის" მოთხოვნებს დააკმაყოფილებს და, შესაძლოა, მაღალი კლასის მოთამაშედაც ჩამოყალიბდეს.
- კონკრეტულად რომელიმეს წაყვანას თუ აპირებთ?
- დაკონკრეტება არ მსურს, მაგრამ რამდენიმე მოთამაშე ძალიან მომეწონა და "საბურთალოს" დაველაპარაკებით. გესმით, ალბათ, რომ ჯერ ტესტირებაა საჭირო და დარჩებიან თუ არა "ლივერპულში", მათზე დაკვირვების შემდეგ ამას თავად ინგლისელები გადაწყვეტენ.
საერთოდ, დავრწმუნდი, რომ საქართველო საკმაოდ საინტერესო და პერსპექტიული ბაზარია, "საბურთალო" კი ის კლუბია, რომელიც კარგად მუშაობს.
ვიცი, რომ ბოლო ხანს, ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატებზე თქვენი ქვეყნის ნაკრებები წარმატებით გამოდიან, მაგრამ ნიჭიერ ქართველებს საზღვარგარეთ გასვლა სჭირდებათ, ევროპაში კარგად რომ გაიცნონ და ტალანტი გამოავლინონ.
* * *
"საბურთალოს" და "ატლეტიკოს" ფინალური მატჩი ახალი დასრულებული იყო, როცა ესპანური და ინგლისური კლუბების სელექციონერებმა ქართული გუნდის ცენტრალური მცველი ჯემალ (ჯიმი) ტაბიძე ცალკე გაიყვანეს და დაელაპარაკნენ. "ატლეტიკოს" სკაუტმა "საბურთალოს" ფეხბურთელს უთხრა, რომ ოფიციალურ მიწვევას გამოუგზავნიდნენ, თუ ესპანეთში თამაში სურდა. ცოტა ხანში ტაბიძემ ანალოგიური სიტყვები "ლივერპულის" წარმომადგენლისგანაც მოისმინა, რაც ნათლად მეტყველებს მის ტალანტზე.
ტაბიძე სამტრედიელია. "საბურთალოში" წლეულს გადმოიყვანეს. საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების (მწვრთნელი ვასილ მაისურაძე) წევრიც გახლავთ. თბილისში ახლახან გამართულ ევროშესარჩევ ციკლში მაისურაძემ ის 18-კაციან განაცხადში დაასახელა.
მართალია, ტაბიძეს ერთი მატჩიც არ უთამაშია, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ თანაგუნდელებზე ერთი წლით უმცროსია, რაც ამ ასაკში საკმაოდ საგრძნობი სხვაობაა.
ტანმაღალი (193 სმ) ფეხბურთელი ცენტრალური მცველია, მას ასაკისთვის უჩვეულო სიდინჯე და სწორი პოზიციური თამაში გამოარჩევს. ამავე დროს, დამაჯერებლად გამოიყურება "მეორე სართულზეც".
"სალერის თასის" დასრულების შემდეგ ტაბიძეს საუკეთესო მცველის პრიზი გადასცეს. თუ რამდენად რეალურია მისი ტრანსფერი, ამის შესახებ კომენტარი "საბურთალოს" პრეზიდენტ ტარიელ ხეჩიკაშვილს ჩამოვართვით:
"ატლეტიკოსა" და "ლივერპულს" ინტერესი რომ აქვთ, ეს თავად გვითხრეს, მაგრამ დავაზუსტებ - სიტყვიერ და ოფიციალურ დაინტერესებას შორის სხვაობაა.
ცნობილი კლუბები არა მხოლოდ ტაბიძით, არამედ ჩვენი ნახევარმცველებით - გიორგი თევზაძითა და გიორგი ხარაიშვილითაც დაინტერესდნენ.
და თუ ამ სამეულს ოფიციალურად მიიწვევენ, ძალიან გაგვიხარდება და ხელს შევუწყობთ კიდეც, რათა შემდეგში ისევ ქართულ ფეხბურთს გამოადგნენ.
საერთოდ, "სალერის თასს" იმიტომაც ვატარებთ, რომ ევროპელებმა კარგად გაგვიცნონ და ჩვენი ფეხბურთელები მათთან თამაშებში გაიზარდონ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"