კვირის 1000 წვრილმანი: გასტრონომიის ჟამი - ოლიგარქი, ღარიბი და გარდანქეშანი

AutoSharing Option
წინასაახალწლო დღეებში ძაან სანახავები არიან პატივცემული ქართველი ბიურგერები, შავი ჯიპების საბარგულში უხვად ალაგებენ სანოვაგით დატვირთულ პარკებს, მათხოვრებს უფრო გულუხვად ჩუქნიან ფულს და ელოდებიან ზეიმს...

ფეხბურთი კიდევ ღარიბების სპორტია, ოღონდაც, საქმეს ისეთი პირი უჩანს, ამ გზასაც უჭრიან ხელმოკლე ხალხს - ქართული კლუბები დაღმა ეშვებიან, ბიზნესმენები ფეხბურთიდან გარბიან; სადაც კი კერძო მფლობელი დარჩა, კლუბის ბიუჯეტს ამცირებს.

სხვისი არ ვიცი, მე კი დიდი იმედი მქონდა კახა კალაძის, ვინც არ შეუშინდა პოლიტიკურ ბატალიებს, იბრძოლა, ხალხის კიდევ უფრო მეტი სიყვარული დაიმსახურა და მინისტრიც გახდა.

ენერგეტიკის
მინისტრს ფეხბურთში საქმიანობა არ მოეთხოვება, თუმცა კალაძე არ არის მხოლოდ მინისტრი, ის ბიძინა ივანიშვილთანაა დაახლოებული; ყველაზე კარგად და სწრაფად მას შეუძლია ხელისუფლებამდე ქართული ფეხბურთის პრობლემების მიტანა.

პოლიტიკაში ძალიან ბევრს ნიშნავს კონტაქტები, გავლენა, პირადი ურთიერთობა და, თუ გნებავთ, პროტექციაც.

დიახ, დღეს ქართულ საკლუბო ფეხბურთს ყველაზე უფრო პროტექცია სჭირდება, თორემ ნებისმიერი ხელისუფლება იტყვის იმას, რომ ქვეყანაში უამრავი პრობლემაა და სახელმწიფო რითიც ეხმარება ფეხბურთს, ეს უნდა იკმაროთო.

ქუთაისის "ტორპედოდან" "ვისოლი" მიდის; ამბობენ, რუსთავის "მეტალურგში" ხელფას-პრემიებს მნიშვნელოვნად ამცირებენო; ისე ჩანს, ამ ეტაპზე თბილისის "დინამოც" მოერიდება დიდი ფულის ხარჯვას; "ზესტაფონში" თითქოს უკეთესობაა, გუნდს ალბათ ისევ უპატრონებს ილია კოკაია; "ვიტ ჯორჯია" წამყვანი ფეხბურთელებისგან იცლება; მუნიციპალურ კლუბებში აქვთ იმედი, რომ სტაბილური დაფინანსება ექნებათ - ეს არის ვითარება, რომელიც ვერ განავითარებს ფეხბურთს.

* * *
საახალწლოდ ვერ გადაწყდა ეროვნული ნაკრების მწვრთნელის საკითხიც. ამაზე იმდენი ითქვა და დაიწერა, ახალს ალბათ ვერავინ იტყვის, სანამ ფეხბურთის ფედერაცია ბოლომდე არ ჩამოაყალიბებს საკუთარ პოზიციას.

ახლა გასტრონომიული გაწამაწიის დროა და ნაირგვარი თეორიაც იქმნება იმაზე, თუ როგორ უკავშირდება ინდაურის ფასი ლარის კურსის ვარდნას და საწვავის ფასის ზრდას.

ერთმა ძალიან ცნობილმა ქართველმა მეფსონემ, თავის დროზე, მარტყოფში მარწყვის ფასის ცვალებადობა დაუკავშირა ფსონების ცვალებადობას ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ ფინალზე. ამ თეორიას ახლა არ მოვყვები, რადგან ის კონფიდენციალურია, თორემ საკუთარი, სუბიექტური მტკიცებულებები ნამდვილად მაქვს.

აქ მთავარი სულ სხვა რამეა - ფეხბურთი საქართველოში ისე აღარ უყვართ, როგორც ადრე უყვარდათ, თუნდაც მაშინ, როცა ხალხი პურის რიგში იდგა და თბილისი შეშის ღუმლით თბებოდა. ახლა ფსონებზე ფიქრის და ინტერნეტსივრცეში ბევრი სისულელისა და ცოტა სიჭკვიანის წერის დროა.

ფეხბურთი ფანატი ფეხბურთელების და მეცენატი ბიზნესმენების საქმეა - საქართველოში ფეხბურთის განვითარების ერთადერთ საშუალებად ეს მიმაჩნია. ასეთი ხალხი კი ძალიან ცოტა შემორჩა საქართველოს, თითქოს ყველა ასპარეზი პატივცემულ ბიურგერებს დარჩათ.

ზოგმაც ჰალსტუხი ძალიან ელეგანტურად მოირგო, დახვეწილად საუბარი ისწავლა და იმდენად იმპოზანტურად ეჩვენება საკუთარი თავი სარკეში თუ ტელევიზორში, ფეხბურთზე ჭმუნვით თავს აღარ იწუხებს; დაავიწყდა, რომ ფეხბურთის გარეშე ამ ყველაფერს ვერ მიაღწევდა...

* * *
ამასობაში საჩხერის "ჩიხურამ" სუპერთასი მოიგო და იქნებ ბიძინა ივანიშვილმა ისე მოაფულიანოს ეს კლუბი, რომ გულში ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრა ამოიჭრას. იქნებ "ჩიხურათი" დაიქოქოს მეცენატობის ახალი, მძლავრი ტალღა ქართულ ფეხბურთში.

ფეხბურთი ხომ ყველას უყვარს - ოლიგარქს, ღარიბსა თუ გარდანქეშანს.

კარგი რაღაცებიც ხდება. მაგალითად, შეიქმნა ორგანიზაცია, რომელიც ფეხბურთელების ინტერესებს დაიცავს. ქართულ კლუბებში ქართველ ფეხბურთელს კონტრაქტში იმასაც უწერენ, რომ კლუბის ნებართვის გარეშე მას უფლება არ აქვს, მისცეს ინტერვიუ კლუბისთვის სასურველ თუ არასასურველ ჟურნალისტს.

მოკლედ, ფეხბურთელს ლაპარაკის თავისუფლებას უზღუდავენ, მაგრამ ფეხბურთელი მაინც აწერს ხელს ასეთ კონტრაქტს.

გახსოვთ რაინერ ცობელი? ერთი პერიოდი, ის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი იყო, მასთან ინტერვიუს კი ვერ ვახერხებდი. ბოლოს ცხონებულ აკა ტონიას ვთხოვე დახმარება, რომელმაც ცობელს ინტერვიუსთვის შემახვედრა.

გერმანელ მწვრთნელს გაუკვირდა - თუ ლაპარაკი მინდა, ეს ვინ უნდა ამიკრძალოსო.

...ყველაფერი დალაგდება, უბრალოდ, კეთილი ნებაა საჭირო. ბევრი შავი, უშველებელი ჯიპი თბილისის ქუჩებში - აქედანაც დავაღწევთ თავს, ბიურგერებიც შეიცვლებიან, ახალი წელი მოდის, გასტრონომიისა და იმედების ჟამი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
ახალი წელი მოდის,სიახლეების მომტანი,ამიტომ იმედს ნუ გადავიწურავთ,ქართულ ფეხბურთშიც დალაგდება ყველაფერი.ოღონდ ნუ ვიქნებით უმადურნი,კოკაიასნაირ პრეზიდენტს, გეგუჩაძისნაირ მწვრთნელსდა სახელოვან ფეხბურთელებს(არ ჩამოვთვლი,ისინი მრავლად არიან და არ მინდა ვინმე გამომრჩეს)გაფრთხილება და მოვლა სჭირდებათ. ფინანსურად თუ ვერ ვახერხებთ, მორალურად მაინც დავუდგეთ ამ ხალხს გვერდში.ვულოცავ მათ ახალ წელს და ვუსურვებ წარმატებებს!
fexburtis moyvaruli
11:19 29-12-2013
0
მე მიყვარს ქართული ფეხბურთი! მაგრამ სიამოვნებას ნამდვილი ფეხბურთიდან ვიღებ!
kotrika
23:48 28-12-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული