სწორედ ამიტომ დეკემბრის მიწურულს მათ სახელმწიფოსთან მოლაპარაკების სურვილი გამოთქვეს. ამ თემის გარშემო უკვე სამი თათბირი გაიმართა. თუკი დასაწყისში მედიამ და საზოგადოებამ დიდი ინტერესი გამოავლინეს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში უმაღლესი ლიგის კლუბების წარმომადგენლებსა და ფედერაციის ხელმძღვანელობას შორის პარასკევს გამართული მოლაპარაკება თითქოს უყურადღებოდ დარჩა...
ლანჩხუთის "გურიას" სპორტულმა დირექტორმა თემურ ალექსაიამ მიმდინარე
- წინა შეხვედრები კარგად გაშუქდა. ამჯერად ჩვენი შეკრება მედიისთვის დახურული იყო და საზოგადოებამ მომხდარზე ინფორმაცია ვერ მიიღო. არადა, ჩემი აზრით, იქ ძალზე საყურადღებო მოვლენები მოხდა.
- მართალია, თითქოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან კამათი მოგივიდათ?
- მთლად ასეც არ ყოფილა. უბრალოდ, მეორედ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს, ლევან ყიფიანს შევხვდით. იმ შეხვედრიდან და, საერთოდ, ბოლოდროინდელი მოვლენებიდან დამრჩა შთაბეჭდილება, რასაც ყველა ხვდება, მაგრამ არავინ ლაპარაკობს - სანამ ზვიად სიჭინავა იქნება, მანამ სახელმწიფო ფეხბურთს არ დააფინანსებს.
- უცნაურია... ამაში დარწმუნებული ბრძანდებით?
- ვრწმუნდები, რომ ასეა. იმიტომ, რომ სიჭინავა ძველ ხელისუფლებასთანაა დაკავშირებული და, უბრალოდ, არ ენდობიან. სწორედ აქედან გამომდინარე ვთქვი ყიფიანთან შეხვედრისას - ბატონო ლევან, თუ სიჭინავას გამო ფეხბურთს არ აფინანსებთ, მაშინ ჩავატაროთ ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა და ახალი პრეზიდენტი ავირჩიოთ-მეთქი.
სიჭინავას პიროვნულად არაფერს ვერჩი, მაგრამ თუ ყველაფერი მართლა მის გამო ხდება, მართლაც აჯობებს, ფეხბურთის ფედერაციის თავკაცი სხვა პიროვნება იყოს.
- სახელმწიფოს ფეხბურთის ბედი თუ აღელვებს, რატომ უნდა იყოს პრობლემა სიჭინავას პრეზიდენტობა?
- მოლაპარაკებებისა და კონსულტაციების შემდეგ სწორედ ასეთი აზრი გამიჩნდა, მაგრამ ყველაფერი ჩემი წინადადებით არ დასრულებულა. პარასკევის შეხვედრაზე "ზესტაფონის" წარმომადგენელმა მიხეილ ხუციშვილმა თქვა, რომ ილია კოკაიასგან მნიშვნელოვანი გზავნილი ჰქონდა. დავინტერესდით, რა გზავნილზე იყო ლაპარაკი.
კოკაია, თურმე, სიჭინავას მიმართავს - თუ თქვენ გამო სახელმწიფო არ გვაფინანსებს, 1-ელ იანვრამდე 5 მილიონ ლარს თანაბრად ჩავურიცხავ უმაღლესი ლიგის ყველა კლუბს და შენ კი გადადექიო. სიჭინავამ იქვე უპასუხა, მხოლოდ იმ შემთხვევაში წავალ, თუ სამწლიანი პროგრამა და ამ პერიოდში ქართული ფეხბურთის დასაფინანსებლად გამზადებული 100 მილიონი ლარი დაიდებაო.
ცუდი აზრი მართლაც არ არის, მაგრამ თავადაც იცის, რომ ეს არარეალურია. საერთოდ, ყველამ იცის, რომ სანამ სიჭინავა არ წავა, მანამდე სახელმწიფო ფეხბურთში ფულს არ დააბანდებს და ვართ ასე გაჭედილები. წარმოდგენა არ გვაქვს, რა ელის ჩემპიონატს.
- გამოსავალს თუ ხედავთ?
- მიჭირს ამაზე ლაპარაკი. თავად სიჭინავამ თქვა, რომ ჩემპიონატისთვის გათვლილ მილიონ ლარს ერთ ამდენს დაამატებს და თუ სახელმწიფოც გაიღებს თანხებს, კიდევ უკეთესიო, მაგრამ ეს არ მოხდება.
ყიფიანს ფედერაციის პრეზიდენტი, რევაზ არველაძე და გია ფირცხალავა შეხვდნენ. ყიფიანმა თქვა - თუ გინდათ, ჩემპიონატზე გადაანაწილეთ ფედერაციისთვის გამოყოფილი 7 მილიონიო. არადა, ეს თანხა ნაკრებებზეა გამოყოფილი და ცხადია, რომ ჩემპიონატს ვერ მოხმარდება. ანუ სიჭინავას გასაგებად ეუბნებიან, რომ ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობაში სამინისტრო არ ჩაერევა, თუმცა მას არ დაეხმარებიან. და ეს იმ დროს, როცა მთავრობის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის სრული მხარდაჭერა მოიპოვა ყიფიანის ახალმა პროექტმა სპორტსმენთა ფინანსური მხარდაჭერის შესახებ და ეს ინიციატივა 2013 წლის 1-ლი ნოემბრიდან შევიდა ძალაში.
ფულადი პრიზები დაწესდა სპორტის ოლიმპიურ, არაოლიმპიურ და ცალკეულ სათამაშო სახეობებში. პროექტის მთავარი მიზანი პროფესიონალ სპორტსმენთა, მწვრთნელთა და სპორტში ჩართულ პირთა წახალისებაა. ამ დროს კი საფეხბურთო კლუბები და ჩემპიონატი ხელიდან გვეცლება. უფრო გასაგებად რაღა უნდა მიგვანიშნონ?
- შევიტყვეთ, რომ კლუბების სახელით თბილისის "დინამოს" პრეზიდენტი რომან ფიფია პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან აპირებს შეხვედრას. იქნებ დააკონკრეტოთ, ეს ვისი ინიციატივა იყო?
- ფიფია ცნობილი ბიზნესმენია და უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს, რომ პრემიერს შეხვდეს. მან ამიტომ ითხოვა კლუბებისგან, რომ ღარიბაშვილისთვის ჩვენი სატკივრისა და პრობლემების შესახებ მოეხსენებინა.
- ეს შეხვედრა როდის გაიმართება?
- ჯერ ზუსტად ვერ გეტყვით. იმედია, პასუხი ორშაბათს გვეცოდინება და შეხვედრაც უახლოეს დღეებში შედგება. ფიფიასგან ეს იმიტომაც არის დასაფასებელი, რომ დღეს თბილისის "დინამოს" არ უჭირს. მაგრამ ფიფია კარგად აცნობიერებს, რომ მხოლოდ ორიოდე შეძლებული კლუბით ჩემპიონატის დონე ვერ ამაღლდება და საბოლოოდ, ჩვენი უფულობა ცუდად თავად "დინამოს" დაუბრუნდება.
ტრადიციული კლუბია, ევროპაში ღირსეული დაბრუნება სურს, რაშიც ჩვენი ჩემპიონატის დაბალი დონე ხელს უშლის.
ბოლოს კი ერთს ვიტყვი: ფეხბურთის ფედერაცია ის ორგანიზაცია არ არის, სადაც პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები უნდა იყვნენ; თანაც, ის ხალხი, ვისაც ფეხბურთთან შეხება არ ჰქონია.
- ვის გულისხმობთ?
- აღარ დავაკონკრეტებ, გამგებმა გაიგოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
და ვინ არის საქართველოში ფეხბურთის აზრზე?და თუ უნდა გადადგეს ,დარწმუნებული ხარ,რომ ის უფრო წესიერად წაუძღვება საქმეს?ფეხბურთის ცოდნა და მართვა სხვადასხვაა...
როცა ვკითხულობ-რატომ?მაინტერესებს კონკრეტულად პრეტენზიები ჩამოწერილი ფაქტებით და არა ბლა-ბლა...ეს არაა რიტორიკული შეკითხვა.კონკრეტულად ვკითხულობ
და ვინც მოდის იმის პროგრამა მაინტერესებს გამყარებული გარანტიებით და არა ზღაპრები...
ჩიხურა, დინამო და ზესტაფონი აქტიურობს სატრანსფერო ბაზარზე, დანარჩენები დაელოდებიან ნარჩენებს:)
ფეხბურთელებიც სახელმწიფო თანამდების პირები გახლდით.ბიუჯეტიდან ხელფასები.მაგრამ შედეგს როდის დადებთ?ხალხმა უნდა გაჭამოთ და თქვენ მერე ღამის კლუბებში,იქს 5-ში და ნაშებში უნდა იგულავოთ?საქართველოს ჩემპიონატში თამაშობთ ხალხის ფულით და მერე გაიქცევით რუსეთ-უკრაინაში და ნაკრებში თამაშზე ჩამოსვლას არ კადრულობთ!
ან ეს რა პროგრამაა?აზრი პროგრამის,შინაარსი?ეს კლუბები რატომ არსებობენ?ზრდიან ნაკრების ფეხბურთელს?ან ევროტურნირებზე ღირსეულად გამოდიან?თუ არც ერთ,არც მეორე ფუნქციას არ ასრულებენ,თამაშებს 100-500გულშემატკივარი ესწრება,ტელევიზიას არ აინტერესებს(სერიალებს მეტი რეიტინგი აქვს ალბათ),შესაბამისად არც სპონსორებს აინტერესებთ,მაშინ რა აზრი აქვს მათ არსებობას?