შეხვედრის ანონსში ითქვა, რომ ოთხეული 2013 წლის შეჯამებას აპირებდა.
საუბარი სხვა საინტერესო თემებსაც შეეხო.
ვაჟა ჟვანია:
- ვეტერანთა კავშირის სლოგანია: "გავუხანგრძლივოთ დამსახურებულ ვეტერანებს სიცოცხლე". თანხები ყველაფერს სჭირდება - ვეტერანთა ამხანაგურ თამაშებზე გამგზავრებას, იუბილეს ან, თუ ვინმე გარდაიცვალა...
ახლა დამსახურებული ვეტერანების შრომა დაფასდა და საამისოდ ფედერაცია ყველაფერს აკეთებს - ოპერაციების გაკეთებაში დაეხმარა ნუკრი კაკილაშვილს, ზორბეგ ებრალიძეს,
ფედერაცია აფინანსებს ვეტერანებზე გამოცემულ წიგნებს. დღეს არც ერთი დამსახურებული ვეტერანი მშიერი არ არის. საამისოდ ბევრს აკეთებენ "ქართუ ჯგუფი", ფეხბურთის ფედერაცია, სპორტის სამინისტრო, "დინამო", თბილისის მერია. რომან ფიფიამ "დინამოს" ვეტერანებს სიცოცხლის ბოლომდე პენსიები დაუნიშნა.
მურთაზ ხურცილავა:
- ერთადერთი, მერაბ ჟორდანია იყო, მსგავს რაღაცებს რომ აკეთებდა. ზვიად სიჭინავა რომ მოვიდა, ფედერაციის ქონება 15 მილიონად იყო შეფასებული, ახლა კი - 165 მილიონია. არადა, 18 მილიონი ვალი დახვდა.
- ჩემპიონატის საშემოდგომო ეტაპს როგორ შეაფასებთ? რას იტყვით კლუბებში არსებულ ფინანსურ კრიზისზე?
მურთაზ ხურცილავა:
- მართალი არ ვიქნები, რომ გითხრათ, დონე მომწონს-მეთქი. უკეთესი იქნება, რომ სტადიონზე მაყურებელმა იაროს. მას ფეხბურთელები იზიდავენ, მაგრამ დღეს ტრიბუნები ცარიელია და ამიტომაც მინდა, რომ ბევრად უკეთესი ჩემპიონატი გვქონდეს.
ჟვანია:
- ძლიერ ჩემპიონატს კარგი ფეხბურთელები სჭირდება, მაგრამ ისინი მწვრთნელებმა უნდა გაზარდონ. ჩვენდა სამწუხაროდ, დღეს ბავშვთა ფეხბურთში მათი დონე მოიკოჭლებს.
საქართველოში კლუბების ნაწილს კერძო პატრონი ჰყავს, ნაწილს კი მუნიციპალური დაფინანსება აქვს. კერძო კლუბების მესვეურები ბევრ ფულს ხარჯავენ, მაგრამ არ მიწყინონ და, ხშირად არასწორი მენეჯმენტი აქვთ. მწვრთნელებშიც კვალიფიკაციისა და ინტელექტის დეფიციტი იგრძნობა და მოთამაშეთა პრობლემაც ამის შედეგია.
საქართველოში ყოველთვის იზრდებოდნენ დიდი ფეხბურთელები და როგორ დავიჯერო, რომ უცებ ეს გენი გადაგვარდა? ამ გენეტიკას შეგნებულად ან უცოდინრობით კლავენ. მწვრთნელი 18 წლამდე ბავშვს თამაშისას შენიშვნას არ უნდა აძლევდეს. ასეა სამხრეთ ამერიკაში, სადაც მსგავსი საქციელისთვის მწვრთნელს მსაჯი ჯერ ყვითელ ბარათს აჩვენებს, ფედერაცია კი 100 დოლარით აჯარიმებს. გამეორების შემთხვევაში კი წითელ ბარათს აძლევენ და მის საკითხს სადისციპლინო კომიტეტზე განიხილავენ.
ფეხბურთს ახასიათებს ინდივიდუალიზმი, ბოლო წლებში კი ამას ბევრი მწვრთნელი კრძალავს. ამერიკაში შენიშვნაა აკრძალული და ჩვენთან 12 წლის ბავშვს მეტოქის მოტყუებას ვუკრძალავთ? ადრე ასეთები რომ არ ხდებოდა, იმიტომაც იყო, "დინამო" იმ ფეხბურთს აჩვენებდა, რასაც დღეს - "ბარსელონა". ქართველის ფეხბურთელის საუკეთესო თვისებებზე საკუთარი სურვილით ვამბობთ უარს.
ფოტოზე: ოთარ გაბელია, მურთაზ ხურცილავა, ვაჟა ჟვანია, ლევან ნოდია
ხურცილავა:
- ბავშვები ისე დააპროგრამეს, მწვრთნელის მითითების გარეშე ერთი ნაბიჯის გადადგმას უკრძალავენ. ასე როგორ შეიძლება?! მიუშვი, გაერთოს, გაიხაროს და ითამაშოს. ასე ტექნიკასაც შეიძენს და თამაშის საკუთარ თავზე აღების უნარსაც, რაც დღეს ჩვენს მოთამაშეებს ასე აკლიათ.
თბილისის "დინამოში" ისე მივედი, მწვრთნელი არ ვიცოდი, რა იყო და იმას ვაკეთებდი, რაც მინდოდა. მცირე ხნის წინათ ერთად ვუყურებდით - ბავშვმა ისეთი ფინტები გააკეთა, გულში ჩახუტება მომინდა. არადა, მწვრთნელმა დატუქსა. აბა, 12 წლის ბავშვს პროგრამა რაში სჭირდება?!
ჟვანია:
- ამიტომ მახარებს ვასილ მაისურაძის გამოჩენა. სამი წელია, მის ნაკრებს ვუყურებთ, რომელიც ტაქტიკურადაც ძლიერია, თეორიულადაც, ფეხბურთელთა ინდივიდუალიზმითაც და ფიზიკურ მომზადებაშიც არავის ჩამოუვარდება. ჰოლანდიას რომ მოუგეს, მაშინ ვთქვი - ქართულ ფეხბურთს სიკვდილი არ უწერია-მეთქი.
ამიტომაც ვამაყობთ ფედერაციის მიერ განხორციელებული პროექტებით და მიმაჩნია, რომ სფფ და ქართული ფეხბურთი სწორი გზით მიდის. სიჭინავამ თქვა - 12 სტადიონს გავაკეთებო და გააკეთა.
ლევან ნოდია:
- თამაშებზე დელეგატის რანგში დავდივარ და თვალშისაცემია, რომ თითქმის ყველგან მოედნები გაუმჯობესდა. თამაშის ხარისხს კი სწორედ ეს ზრდის. ჩემი აზრით, 2014/15 წლების სეზონში უფრო მეტი კარგი ფეხბურთელი გამოჩნდება. არ შეიძლება, ჩავარდნა ასე დიდხანს გაგრძელდეს.
სად უნდა გაიზარდონ მოთამაშეები, როცა ფეხბურთს აღარ ეკუთვნის "შევარდენისა" და ავლაბრის სტადიონები, "სინათლე", ძველი 35-ე სკოლა, "ირაო", "ლოკომოტივის" ბაზა, ვერის ბაღის სტადიონი ავტოფარეხად გადააქციეს და მის ალტერნატივად აშენებული მოედანი კი ფასიანია?! ამ საკითხში საფეხბურთო სამყაროს მეტი სოლიდარობა მოგეთხოვებათ.
ხურცილავა:
- თბილისში 6 საფეხბურთო ცენტრი მოისპო, პლუს ამას, სტადიონები არ არის ზუგდიდსა და ბათუმში, მაგრამ სიჭინავას დროს გაცილებით მეტი აშენდა; 5-ის ნაცვლად, 7 ნაკრები ჩამოყალიბდა. შესაძლოა, თბილისმა ჩემპიონთა ლიგის ფინალსაც უმასპინძლოს. ეს პატარა საქმე არ არის.
ოთარ გაბელია:
- ძველ 35-ე სკოლაში მსოფლიო დონის ფეხბურთელები გაიზარდნენ და მის ადგილას ბაზრის მშენებლობა რომ დაიწყეს, ამაზე "ლელოში" ბევრჯერ დაიწერა, მაგრამ ვინ მოგვისმინა?! 35-ე სკოლასა და ავლაბრის სტადიონსაც კერძო მეპატრონეები ჰყავდათ და კანონით, ვერაფერს ვეტყვით, გაყიდეს და სხვა ობიექტებს აშენებენ.
საერთოდ, ფეხბურთისთვის მერაბ ჟორდანიამაც გააკეთა რაღაც და უმცროსმა ნოდარ ახალკაცმაც, სიჭინავა და დღევანდელი ფედერაციაც ბევრს აკეთებენ - არასოდეს ჰქონიათ ნაკრებებს ის პირობები, რაც ბოლო დროს ჰქონდა. ჩივაძის მწვრთნელობისას, ბიჭები წყალს აცხელებდნენ და ისე იბანდნენ. ეროვნულ ნაკრებს შედეგი არ აქვს. ნუ ეწყინებათ ფეხბურთელებს, მაგრამ საფრანგეთისა და ესპანეთის დონის მოთამაშეები არ გვყავს.
- რამდენად შეესაბამება თემურ ქეცბაიას ხელფასი მის კვალიფიკაციასა და შედეგს?
ჟვანია:
- ქეცბაიასთვის 10 მილიონიც რომ მიეცათ, ამ ნაკრებს მსოფლიოზე მოხვედრის შანსი მაინც არ ჰქონდა და ვერც ეს ფეხბურთელები გააკეთებდნენ მეტს. ისიც ცოტაა, რასაც აძლევენ, რადგან მწვრთნელობისთვის ჯანმრთელობას, ნერვებს ხარჯავს...
ნოდია:
- ქეცბაიამ რაც ილაპარაკა, ეს იყო საქმისადმი პროფესიული მიდგომა. ნაკრებში ფეხბურთელი ზედმეტი წონით რომ ჩამოდის, რომელ წარმატებაზეა ლაპარაკი?! გუნდში სათამაშო დისციპლინა უნდა იყოს.
- 2015 წელს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება. მასში მონაწილეობა სფფ-ის გენერალურ მდივან რევაზ არველაძეს სურს. "ვეტერანთა კავშირი" მას დაუჭერს მხარს? საერთოდ, როგორ პრეზიდენტს ისურვებდით?
ჟვანია:
- მანამდე დიდი დროა. დაველოდებით, ვნახავთ, ვინ იქნებიან კანდიდატები, რა პროგრამას წარმოადგენენ და მერე გადავწყვეტთ, ვის მივცეთ ხმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
იმედი მაინც არის 19 წლამდელებზე. ნაკრებზე.