მაისურაძეს 18-წლამდელთა დამრიგებელი გიორგი დევდარიანი ეხმარება.
"ლოკომოტივი" ესპანურ შეკრებაზე გაემგზავრა, სადაც 28 იანვარს პირველი საკონტროლო მატჩი ჩაატარა და ძალიან გაგვახარა - "ბარსელონას" 19-წლამდელთა გუნდს შეხვდა და 1:0 დაამარცხა.
კატალონიური კლუბის ვებგვერდი წერდა, რომ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ხორდი ვინიალსმა "ბარსელონას" ჟუვენილ A-ს, B-სა და კადეტთა გუნდის მოთამაშეები გასინჯა. ის გახარებული იყო იმით, რომ მოედანს დაუბრუნდა ტრავმამოშუშებული ალექს
...მაგრამ ჩვენ ჩვენი გვაქვს საფიქრალი. "ბარსელონასთან" მშვენივრად ითამაშა მეკარე ბაჩო მიქავამ, რომელმაც რამდენჯერმე გააუვნებელყო კატალონიელთა სახიფათო მცდელობა. პატარა "ბარსა" ტერიტორიულ უპირატესობას კი ფლობდა, მაგრამ ვერაფერს უხერხებდა "ლოკომოტივს", რომელიც ორგანიზებულად და გააზრებულად მოქმედებდა.
მეორე ტაიმი 4 წუთის განახლებული იყო, როცა თბილისელებმა "ბარსელონას" საჯარიმოსთან ლამაზი და სწრაფი კომბინაცია გაითამაშეს - დავით ჯიქია საჯარიმოში შეიჭრა და მეკარეს შორეულ კუთხეში დაურტყა - 0:1, რომელიც საბოლოო ანგარიში გამოდგა.
მაისურაძემ ძირითად შემადგენლობაში ათამაშა: ბაჩო მიქავა, ნიკა ჭანტურია, ნიკა სანდოხაძე, დავით მთივლიშვილი, დავით უბილავა, გიორგი დუმბაძე, გიორგი გოროზია, ლუკა კიკაბიძე, ალეკო მზევაშვილი, მამია გავაშელიშვილი, დავით ჯიქია. შეცვლაზე შევიდნენ: რევაზ ჩიტეიშვილი, გიორგი არაბიძე, ლუკა ზარანდია, ჯემალ ყანჭაშვილი, ერეკლე სულთანიშვილი, გიორგი გაბაძე, ნიკა წივწივაძე.
"ლოკომოტივი" შეკრებას აგრძელებს. მაისურაძის ბიჭებს მომდევნო შეხვედრა შვეიცარიული "ბაზელის" 21-წლამდელებთან და ნორვეგიულ "ოდ გრენლანდთან" ელით. ბოლო სპარინგს კი "ვალენსია B"-სთან ან სეგუნდა დივიზიონში მოასპარეზე "ერკულესის" 21-წლამდელებთან ჩაატარებენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"