მთავრობა და ფეხბურთი დაძმობილდნენ, თემურ ქეცბაია კუთხეშია!

AutoSharing Option
ფრიად დატვირთული დღეები ჰქონდათ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავასა და გენმდივან რევაზ არველაძეს. შაბათს ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს რომ შეხვდნენ, ორშაბათს უკვე ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ნარმანიას ესტუმრნენ და ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის აუცილებელი პროექტები წარუდგინეს...

ფედერაციას წვრილ-წვრილად აქვს ჩამოწერილი ის საქმე, რომელიც 3 წლის განმავლობაში უნდა შესრულდეს და რისთვისაც სახელმწიფომ წელიწადში 33 მილიონი, ჯამში კი 99 მილიონი ლარი უნდა გამოჰყოს.

ფედერაციის პროექტით, რომელსაც მთავრობა, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში დაამტკიცებს, საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის თითოეული კლუბი სეზონის განმავლობაში 1.5 მილიონ ლარს მიიღებს;
ამავე პროექტის მიხედვით, უმაღლესი და პირველი ლიგების, პლუს ამას, თასის გათამაშების საპრიზო ფონდი 7.8 მილიონით განისაზღვრება; პირველი ლიგის თითოეული კლუბი სეზონში მიიღებს 400 ათას ლარს. ჯამში ეს თანხა სწორედ 33 მილიონს შეადგენს.

ცხადია, ფეხბურთის მხარდაჭერის პროგრამა მხოლოდ ეს არ არის - განვითარების ყველა მიმართულებაზე ფედერაციას საკეთებელ საქმეებზე ცალ-ცალკე აქვს ჩამოწერილი. ფეხბურთის განვითარების ეს პროექტი ამ უწყებამ ჯერ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და ვიცე-პრემიერ კახა კალაძესთან შეათანხმა, მერე კი პრემიერმა, რამდენიმე საკითხის უფრო დეტალურად განსახილველად, სიჭინავა და არველაძე ოპერატიულადვე ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ნარმანიასთან გადაამისამართა.

ეს "რამდენიმე საკითხი" თბილისში ევროპის 2015 წლის სუპერთასის მატჩისთვის მზადებას, 19-წლამდელთა ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის საორგანიზაციო საკითხების მოგვარებასა და შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელებას შეეხებოდა. შეჩერებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში კი, ცხადია, ქვეყნის მასშტაბით სტადიონების მშენებლობის განახლება იგულისხმება.

ხოლო, რაც შეეხება ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის სამასპინძლოდ საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას, ამისთვის რუსთავის, გორის, მცხეთისა და თბილისის "დინამო არენა" და "მიხეილ მესხის" სტადიონები უნდა მოწესრიგდეს, ასევე - "ბასას" ტექნიკური ცენტრი.

ფედერაციას უკვე გადაუწყვეტია, რომ 2015 წლის სუპერთასის მატჩს "დინამო არენა" უმასპინძლებს. არადა, ადრე ამ დიდი შეხვედრის ჩატარებას "მიხეილ მესხზე" აპირებდა. ამ ამბების გარდა, ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას მისამართით, ცხადია, კითხვა საქართველოს ნაკრების მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას ხელფასის თაობაზეც დაისვა, რაზეც ორგანიზაციის თავკაცმა გვიპასუხა - ქეცბაია და მისი თანაშემწეები მომავალში უწინდელზე 30 პროცენტით ნაკლებ ანაზღაურებას მიიღებენო.

სპორტის სამინისტროსთვის ქეცბაიას ხელფასი პრობლემა იყო, ფედერაციამ კი ეს პრობლემა "მარტივად" მოაგვარა - მწვრთნელს ჯამაგირს თავადვე გადაუხდის. ის თანხა კი, რომელიც სამინისტრომ ქეცბაიას ხელფასზე დაზოგა, ანუ 2 400 000 ლარი, ფედერაციის თხოვნითვე, ლევან ყიფიანის უწყებამ უმაღლესი ლიგის 12 კლუბს უნდა გადაუნაწილოს.

დანარჩენი უკვე სამინისტროს გადასაწყვეტი ყოფილა, ამ ფულს კლუბებს დღეს ჩაურიცხავს, ხვალ თუ სეზონის ბოლოს...

სხვათა შორის, ფედერაციას, ამ მხრივ, ქეცბაიასთან საქმე უკვე მოუგვარებია და მას შემცირებულ ხელფასს წელიწადში სამ ნაწილად მისცემს.

ახლა კი ყველაზე საინტერესო ფრაგმენტები 11 თებერვალს გამართული პრესკონფერენციიდან:

* * *
- როგორც იქნა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართულ ფეხბურთში არსებულ ვითარებაზე სიმართლე გაიგო, - თქვა სიჭინავამ, - ის დაინტერესდა პროექტით და შესაძლო პრობლემების მოსაგვარებლად კომისიის შექმნას შეგვპირდა, რომელსაც თავად უხელმძღვანელებს...

...იმ პროექტის მიხედვით, რომელიც სახელმწიფოს წარვუდგინეთ, სამი წლის განმავლობაში ქართულ ფეხბურთში, მოთამაშეების ჩათვლით, 4000 ადამიანი დასაქმდება და კლუბებში, როგორც მენეჯმენტის, ასევე მარკეტინგის საკითხები მოგვარდება. მარკეტინგისა და მენეჯმენტის თვალსაზრისით კი, დამეთანხმებით, ქართულ ფეხბურთში დღესდღეობით ძალიან ჭირს...

...ბუნებრივია, სახელმწიფოს ექნება კონტროლის მექანიზმები, რომ კლუბებისთვის გაცემული თანხა მიზნობრივად დაიხარჯოს. ამ შემთხვევაში, ფედერაციას კლუბებისთვის მისაცემ ფულთან შეხება არ ექნება. ისინი სახელმწიფოსგან გამოყოფილ თანხებს პირდაპირ ხაზინიდან მიიღებენ...

...საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მათხოვარი არ არის, სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადებს ვიხდით და ამ წლის ბიუჯეტიც უკვე დაგეგმილი გვაქვს. ქეცბაიას ხელფასის გასტუმრებაც, ცხადია, შეგვიძლია. საწყენია, მაგრამ როცა გაირკვა, რომ მწვრთნელის ხელფასის გადახდა ჩვენ მოგვიწევდა, მაშინვე გადაწყდა, რომ ფეხბურთის ფედერაცია უკვე დაგეგმილი ერთი სათამაშო მოედნის გაკეთებას ვეღარ შეძლებდა...

* * *
...ისე, ფედერაციის პრეზიდენტი თემურ ქეცბაიასა და მის ხელფასზე ისე ლაპარაკობდა, ჩანს, მწვრთნელის დარჩენა-არდარჩენის საკითხი აღარ განიხილება - ქეცბაია ნაკრებს მომავალ შესარჩევშიც უხელმძღვანელებს. ახლა გაირკვა, რომ ფედერაცია და ქეცბაია წინა შესარჩევი ციკლის ბოლოს, თურმე, შეთანხმებულან, რომ მომავალში მუშაობა ხელფასის 30-პროცენტიანი სეკვესტრის პირობებში მოუწევდათ.

ასეთ პირობებზე ქეცბაიამ და მისმა ამალამ თანხმობა თქვა, მაგრამ...

არის ერთი "მაგრამ" - 23 თებერვალს, ნიცაში, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა შედგება და ვნახოთ, რა მოხდება. შესაძლოა, საქართველოს ნაკრები ისეთ ჯგუფში მოხვდეს, ქეცბაიამ თავად მოინდომოს წასვლა - აღარც თქვენი ნაკრები მინდა და აღარც თქვენი ხელფასიო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 21 /
სანამ, არველაძეები, როგორც ჩინოვნიკები იქნებიან ქართულ ფეხბურთში, ჩვენს ფეხბურთს არაფერი ეშველება.
shalva73
10:07 12-02-2014
0
ნარმანიას ორი რაღაც ქონდა ჩაბარებული - ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც გაჩერდა და თვითმართველობის რეფორმა, რომელიც ჩაფლავდა. ასე, რომ ფეხბურთის მისთვის ჩაბარება მკვდარი მკვდარს გადაეკიდაო ამბავია სამწუხაროდ
levani
10:20 12-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული