რევაზ ძოძუაშვილი: ჩივაძე გუნდიდან გაგდებას მე გადავარჩინე

AutoSharing Option
"მიხიჩა" - რევაზ ძოძუაშვილს საფეხბურთო სამყარო ამ მეტსახელით იცნობს. უკვე 68 წლისაა, მაგრამ ახალგაზრდული ენერგიითა და ენთუზიაზმით საქმიანობს.

თბილისის "დინამოს" მცველმა საბჭოთა კავშირის ნაკრების მაისურით 49 მატჩი ჩაატარა. არის ევროპის ჩემპიონატის მეორე (1972) და ოლიმპიური თამაშების (1972) მესამე პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე (1970), შვიდჯერ (!) დაასახელეს საბჭოთა კავშირის "33 საუკეთესოს" შორის, აქედან ოთხჯერ - საუკეთესოდ (1969, 1971, 1972 და 1973 წლებში). 1972 წელს კი, მურთაზ ხურცილავასთან ერთად, ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

კარიერის დასრულების შემდეგ წვრთნიდა 8 ქვეყნის (საქართველოს, უკრაინის,
საუდის არაბეთის, ლატვიის, ლიტვის, რუსეთის, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის) 14 გუნდსა და ლატვიისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს. მოთამაშისა და მწვრთნელის რანგშიც ბევრი ტიტული მოუპოვებია: "მიხიჩას" ხელმძღვანელობით ჩემპიონები გახდნენ თბილისის "დინამო" (1991, 92), რიგის "სკონტო" (1998), ქუთაისის "ტორპედო" (2001, 02), რუსთავის "ოლიმპი" (2007), ხოლო თბილისის "დინამომ" (1992), თბილისის "ლოკომოტივმა" (2000) და ქუთაისის "ტორპედომ" (2001) საქართველოს თასი მოიპოვეს.

ქუთაისის "ტორპედო" პირველად 1978 წელს ჩაიბარა, მეორედ 2001-02 წლებში, მესამედ კი წლეულს, ზამთარში...

რევაზ ძოძუაშვილის საფეხბურთო ცხოვრებას ფეხბურთის ქომაგი კარგად უნდა იცნობდეს, თუმცა ჩვენი ინტერვიუდან ბევრი რამ ახალიც შეიძლება გაიგოთ...

კრივიდან ფეხბურთზე
- ქუთაისში დავიბადე და გავიზარდე. ისე პატრიკეთიდან ვართ, დედა კი გეგუთელი იყო. ბალახვანში ვიზრდებოდი, ვაჟკაცი ბიჭების უბანი იყო, კაცს ღირსება და პატიოსნება მოეთხოვებოდა, სხვაგვარად პატივს არავინ გცემდა...

Sportall.Geმთელი ქუთაისის ბიჭობა ჩხუბობდა. თავს ხომ არ გავალახვინებდი ვინმეს? ჰოდა, ავდექი და კრივზე შევედი. საკმაოდ დიდ წარმატებასაც მივაღწიე, ჯერ სკოლის ჩემპიონი გავხდი, შემდეგ კი - ქუთაისის.

მაგრამ კრივს არ გავყოლილვარ, რადგან ფეხბურთი ძალიან მიყვარდა...

კრივში ნასწავლი ფეხბურთშიც გამომადგა. ბავშვობიდან უშიშარი ვიყავი, მაგრამ კრივმა ორთაბრძოლებში უფრო თავდაჯერებული გამხადა და შიშის გრძნობა მომიხსნა - არასოდეს, არც ერთი მოწინააღმდეგის არ შემშინებია!

ფეხბურთს ქუჩა იგებს. იმის თქმა მსურს, რომ დედიკოს ბიჭი ფეხბურთს ვერასოდეს ითამაშებს, მოედანზეც და მის გარეთაც კაცი უნდა იყო...

თუმცა, მოედანზე თავი ხელების ქნევითა და ხულიგნობით არ დამიმკვიდრებია. ჩემი სიძლიერე ის იყო, რომ თავდამსხმელებს ბურთს სუფთად ვართმევდი...

ოდესაში დაწუნებული სოხუმელი ბომბარდირი
- საინტერესო კარიერა მქონდა. ქუთაისის "ტორპედოს" გაზრდილი მეცხრეკლასელი ბიჭი, სულ რაღაც 15 წლის ვიყავი, საქართველოს ჩემპიონატის მონაწილე "იმერეთში" რომ ვთამაშობდი.

თბილისის "დინამოში" პირველად 1963 წელს მიმიწვიეს. რა თქმა უნდა, ჯერ დუბლებში ვიყავი. სხვათა შორის, მაშინ თავდასხმაში ვთამაშობდი, მაგრამ ძირითადში ვერ მოვხვდი და "ტორპედოში" დავბრუნდი.

ბევრმა არც ის იცის, რომ 1965 წელს ოდესის "ჩერნომორეცში" ვისინჯებოდი და დამიწუნეს. მაშინ გამიჩნდა განსაკუთრებული მოტივაცია, რომ ყველასთვის დამემტკიცებინა - ფეხბურთის თამაში შემეძლო.

...1965 წელს იური გრამატიკოპულომ სოხუმის "დინამოში" მიმიწვია. საკმაოდ შედეგიანი თავდამსხმელი ვიყავი. ერთი ხანობა, გუნდის ბომბარდირიც გახლდით. ერთხელ, რუსთავის "მეტალურგს" გასვლაზე 5 გოლიც გავუტანე. მაგრამ გრამატიკოპულო შემიჩნდა, ნახევარდაცვაში უკეთესი იქნებიო და თავისი გაიტანა...

ამ დროს ქუთაისის "ტორპედოს" მთავარ მწვრთნელად ცნობილი რუსი სპეციალისტი ვსევოლოდ ბლინკოვი დანიშნეს. მან გრამატიკოპულოს ჰკითხა, კარგი მცველი ხომ არ გეგულებაო? გრამატიკოპულომ ჩემი თავი ურჩია. დღემდე ვერ გამიგია, როგორ მოხდა, რომ თავდამსხმელი ვიყავი, ნახევარდაცვაში გადამიყვანა და მერე მცველობაზე რეკომენდაცია გამიწია? მაგრამ ესაა მწვრთნელის ნიჭი - შენიშნოს ის, რასაც სხვები ვერ ხედავენ.

ბლინკოვმა "ტორპედოში" ჯერ ცენტრალურ მცველად მომსინჯა, ბოლოს კი მარჯვენა ფლანგზე დამაყენა, რადგან ჩემი სისწრაფის გამოყენება სურდა. მთელი დარჩენილი კარიერა სწორედ ამ პოზიციაზე გავატარე და წარმატებებსაც მივაღწიე.

სხვადასხვა პოზიციებზე თამაში ფეხბურთის უკეთ ამოცნობაში დამეხმარა, წინასწარ ვხვდებოდი, რას გააკეთებდა თავდამსხმელი ან ნახევარმცველი. ეს კი დიდი პლუსია...

უკეთესი, ვიდრე საუკეთესო
- მიხარია და მეამაყება, რომ მე და მურთაზ ხურცილავა 1972 წელს ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში დაგვასახელეს - ორი ქართველი ერთად! მანამდე კი, 1970 წელს, მექსიკის მსოფლიოს ჩემპიონატზე მე და ალბერტ შესტერნიოვი მეორე სიმბოლურ ნაკრებში მოვხვდით.

Sportall.Ge

თუკი რამე პრესტიჟული ტურნირი იყო, ყველგან მითამაშია - მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე, მიუნხენის ოლიმპიადაზე...

ნაკრებში მწვრთნელები მეტოქის ყველაზე სახიფათო მოთამაშის აყვანას მავალებდნენ, რადგან თავად რუსები წერდნენ - ძოძუაშვილს წარმატებით შეუძლია ნებისმიერი მოთამაშის მეურვეობაო. დღევანდელი თაობის კუმირი ლიონელ მესია.

საბჭოთა კავშირის ნაკრები მაღალ დონეზე თამაშობდა და წელიწადში ერთ "მესის" მაინც "ვიჭერდი". ჩემი დროის ყველა დიდი თავდამსხმელის წინააღმდეგ მითამაშია და გადაუჭარბებლად ვამბობ - არც ერთთან არ შევრცხვენილვარ. პირწმინდად "ჩამიკეტია" გჟეგოჟ ლატო, ჯორჯ ბესტი, დრაგან ჯაიჩი, ოლეგ ბლოხინი...

ყველაზე დიდი რეზონანსი მაინც ბესტის "ჩაკეტვას" ჰქონდა. ეს ფაქტი თავად ირლანდიელმაც აღიარა და მატჩის შემდგომ ინტერვიუში თქვა - ამ საღამოს ძოძუაშვილი უკეთესი იყო, ვიდრე საუკეთესოო. ინგლისური არ ვიცი, მაგრამ მითხრეს, რომ სიტყვა "ბესტ" ინგლისურად "საუკეთესოს" ნიშნავს.

Sportall.Ge

სხვათა შორის, ჩრდილოეთ ირლანდიაში ბესტის გამოსახულებით რამდენიმე ხუთფუნტიანი ბანკნოტი გამოუშვეს და ერთი მე გამომიგზავნა წარწერით - ყველაზე ღირსეულ მოწინააღმდეგეს, რომელიც სუფთად ეთამაშა ბესტს და მისი ნეიტრალიზება შეძლო. დასამალი რაა - ის ჩვენი დროის მესიც იყო და რონალდოც. დღეს მცველმა რომელიმე მათგანი რომ "ჩაკეტოს", არ იამაყებს?

მსაჯობიდან შავ სიამდე
- ევროპის ჩემპიონატის შემდეგ უცხოეთიდან ძალიან ბევრი მიწვევა მქონდა, მაგრამ საბჭოთა კავშირიდან უცხოეთში წასვლა კი არა, ამაზე ფიქრიც კი იკრძალებოდა. თორემ სიამოვნებით დავთანხმდებოდი და ახლა იმდენი ფული მექნებოდა, საკუთარ კლუბსაც ჩამოვაყალიბებდი. 1976 წელს მივხვდი, კარიერაში ბევრს მივაღწიე და თამაში აღარ მიზიდავდა...

მსაჯობა დავიწყე. მსაჯების ფსიქოლოგიას თუ არ იცნობ, ფეხბურთის ცოდნაზე თავს ვერ დადებ. ახლა მესამე-მეოთხე სასტვენზე ვხვდები, ვინ საით "უსტვენს" - ჩემსკენაა თუ მეტოქისკენ (იცინის). იმასაც კი ვხვდები, ტოტალიზატორზე ხომ არ აქვს დადებული - დღეს ფეხბურთში ისეთი სიბინძურეებია, არაფერია გამორიცხული. ვისაც ეს არ ესმის, ბრიყვია ან იტყუება...

მერე მივხვდი, რომ მწვრთნელობის დაწყება შემეძლო. სადაც მითამაშია, "ტორპედოში", "დინამოში" და საბჭოთა კავშირის ნაკრებში, მწვრთნელების დავალებებს ვიწერდი და ყველაფერს ვეკითხებოდი.

სადაც მიმუშავია, ყველა გუნდი დავაწინაურე და ერთს ვერ გაიხსენებთ, რომელიც ჩემს ხელში განადგურდა და უკან წავიდა. მაგრამ გარკვეული დროის განმავლობაში ჩრდილში ვიყავი. მსმენია, აღარავის უნდაო... მეცინებოდა, რადგან ჩემზე უკეთ არავინ უწყის, რა მოხდა - სპორტის აკადემია რომ გაყიდეს, მე და ლევან თედიაშვილი ვაქტიურობდით და გავიგე, რომ თურმე ორივე "შავ სიაში" შეგვიყვანეს. ეგ იყო...

უფეხბურთოდ ცხოვრება არ შემეძლო და სხვა გზა რომ არ დამრჩა, უგუნდო მოთამაშეები შევკრიბე, იპოდრომზე ვამზადებდი. ბოლოს ისე მოხდა, რომ 40 კაცამდე მოგროვდა და თურქეთში შეკრებაც კი მოვაწყვე. ამით ვახარებდი ჩემს ჭიას, მაგრამ "დიდი ავიაცია" სულ მენატრებოდა.

როგორ უშვებდნენ ჩივაძეს დინამოდან
- თბილისის "დინამოს" დუბლებიდან და ოდესის "ჩერნომორეციდან" რომ გამომიშვეს, ძალიან მეწყინა. მაგრამ მართალი უთქვამთ - რაც არ გკლავს, ის გაძლიერებსო. მეც ასე მომივიდა. გაცილებით მონდომებული ვვარჯიშობდი, მერე კი ეს გულისტკენები მწვრთნელობაშიც დამეხმარა. ვცდილობდი, ბავშვები არ დამეღუპა და უგულოდ არ მოვქცეულიყავი.

ერთი ისეთი ისტორია უნდა მოგიყვეთ, რაც გულშემატკივარმა არ იცის.

Sportall.Geსაბჭოთა კავშირის ჩემპიონატის დროს ჯერ დუბლშემადგენლობები თამაშობდნენ, შემდეგ კი - ძირითადები. ალმა-ათაში ჩავედით და "ქაირათს" შევხვდით. ამ დროს საშა ჩივაძე, თემურ ჩხაიძე და ვახტანგ კოპალეიშვილი დუბლებში თამაშობდნენ. თურმე, რეჟიმი დაარღვიეს. თბილისში ჩამოსულებს კრება ჩაგვიტარეს. კრებაზე მათზე ლაპარაკობდნენ - ახალგაზრდებმა არ იციან, რა გუნდში მოხვდნენ, როგორ მოიქცნენო... მოკლედ, ბიჭებს გუნდიდან უშვებენ...

უკვე გამოცდილი ვიყავი, საბჭოთა ნაკრების წევრი. გამახსენდა, "დინამოს" დუბლებსა და "ჩერნომორეცში" რომ დამიწუნეს. ამ ბიჭებს ვაკვირდებოდი, ნიჭი ეტყობოდათ და გული მომიკვდა, გუნდიდან გაშვება რომ დაუპირეს.

მათი გაშვება გადაწყვეტილიც იყო, მაგრამ წამოვდექი და გავიხსენე - რამდენჯერმე დამიწუნეს, მაინც ვითამაშე და გთხოვთ, ახალგაზრდული გადაცდომისთვის ნუ დავღუპავთ ამ ბიჭებს, დავტოვოთ და შანსი მივცეთ-მეთქი. მწვრთნელმა დამიჯერა, სამივე დატოვა და შემდეგი პირველივე შეხვედრა ჩივაძემ, ჩხაიძემ და კოპალეიშვილმა უმაღლეს დონეზე ჩაატარეს.

ესაა სწორი მიდგომის შედეგი. შესაძლოა, ნიჭიერი ფეხბურთელი ჩარჩოდან წამიერად ამოვარდეს და შეცდეს, მაგრამ მწვრთნელს იმდენი კაცობა, ჭკუა და ღირსება უნდა ჰქონდეს, რომ ჭირვეული მოარჯულოს და მისი ნიჭი გამოიყენოს. ნიჭიერი ფეხბურთელის გაგდება უდიდესი დანაშაულია.

ვინ თქვა, რომ არ შეგვიძლია?
- კომუნისტები თათბირებზე ფეხბურთის საკითხს ხშირად განიხილავდნენ. საბჭოთა კავშირში რუსებისა და უკრაინელების მსგავსი შესაძლებლობები არავის ჰქონია, მაგრამ ქართულ ფეხბურთს ყოველთვის გამორჩეული ადგილი ეკავა. ჩვენს სიძლიერეს ყოველთვის და ყველა დონეზე ვამტკიცებდით.

1970 წლის აპრილში საბჭოთა კავშირის ნაკრები "ლუჟნიკებში" პოლონეთის კლუბების ნაკრებს შეხვდა. მოხდა უნიკალური ფაქტი - საბჭოთა კავშირის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ქართული ფეხბურთის ექვსმა აღზრდილმა ვითამაშეთ - ანზორ კავაზაშვილმა, მე, ხურცილავამ, მეტრეველმა, ასათიანმა და გივი ნოდიამ.

მსგავსი რამ შემდეგაც მოხდა - 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის წინა შეკრებაზე ესპანეთში 6 ჩვენიანი წაიყვანეს - დავით ყიფიანი, ალექსანდრე ჩივაძე, რამაზ შენგელია, ვლადიმერ გუცაევი, ვიტალი დარასელია და თენგიზ სულაქველიძე, ნოდარ ახალკაცი კი მწვრთნელთა ტრიუმვირატის წევრი იყო.

Sportall.Geდღეს ბევრს ჩვენი ფეხბურთის არ სჯერა, მაგრამ ფაქტები ამტკიცებს, რომ ქართველებს თამაში შეგვიძლია. სამწუხაროდ, დღეს უმძიმესი ვითარებაა. წინსვლის ნაცვლად, ჩვენზე პატარა და ნაკლები წარმატების მქონე ქვეყნებმა გაგვასწრეს. ლატვიაში რა ფეხბურთი იყო? მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ.

სხვათა შორის, კარგია, ფეხბურთის ფედერაციამ ახლა მაინც რომ დაიწყო სახელოვანი ვეტერანების შემოკრება და მათი გამოცდილების გაზიარება. ეს არაა ჩემი ახირება, ნებისმიერ საქმეში ჭკუა მცოდნეს უნდა დაეკითხო და არა უბრალოდ იმას, ვინც ინგლისური კარგად იცის...

არ გახსოვთ, ფედერაციის სადავეებთან რა ხალხი იდგა? ფეხბურთის გაგებაში არ იყვნენ. ფეხბურთის მოვლა მცოდნე ხალხს უჭირს და უცოდინარი როგორღა გაუძღვება? ჩვენი ფეხბურთი იმ ავადმყოფს ჰგავს, რომელსაც სასწრაფო ოპერაცია სჭირდება...

ახლა ფეხბურთზე შეძლებული ოჯახის შვილები დადიან, უფულოები კი იკარგებიან. არადა, ფეხბურთელები ღარიბი ოჯახებიდან მოდიოდნენ. ამიტომ უნდა გაკეთდეს უფასო სკოლები და მაშინ დავიჯერებ, რომ წინ გადავდგით ნაბიჯი. სხვაგვარად, არაფერი გვეშველება.

საერთოდ, გამორიცხულია, ფინანსების გარეშე ევროპის წამყვანი ქვეყნების დონეს მივაღწიოთ. აზერბაიჯანმა და ყაზახეთმა საკლუბო დონეზე სწორედ ამის ხარჯზე გაგვასწრეს, თორემ ჩვენზე ნიჭიერები ნამდვილად არ არიან.

ყოველკვირეული ჟურნალი ლელო WEEK
მკითხველის კომენტარები / 16 /
მაგარი კაცი! :D უბრალოდ ლეგენდა ))

უბნის ბიჭებით აწყობილი გუნდით უგებდა არველაძეებს, თვითონ ყვებოდნენ. ამისთანა კაცი რომ ქვეყანას ეყოლება და არავის "არ დასჭირდება", აი .. იმათ საერთოდ რა უნდათ, რა უნდა დაიჭიროს იმ ხალხმა..
giorgi
04:33 03-03-2014
0
ბატონმა რეზომ, სიონთან მატჩში დაამტკიცა კედევ ერთხელ მისი მაღალი პროფესიონალიზმი. მეორე ტაიმს ხომ, როგორც წესი მწვრთნელები იგებენ. მან აჯობა თავის ნამდვილად პერსპექტიულ, მაგრამ ჯერ გამოუცდელ კოლეგას. სულ წარმატებებს გისურვებთ, ბატონი რეზო როგორც ქუთაისის ტორპედოდს ისე ქართული ფეხბურთის აღორძინებაში. ძირითადად ყველა ნამდვილი ქართული საქმე ხომ ქუთაისიდან იწყებოდა.
gizog
12:34 03-03-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული