პარლამენტარის აზრით: ქეცბაიას სიჭინავა და მისი გუნდიც უნდა მიჰყვნენ

AutoSharing Option
ბოლო დროს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ლორთქიფანიძე საზოგადოებას საფეხბურთო პრობლემების განხილვისკენ აქტიურად მოუწოდებს.

პოლონეთთან წაგების შემდეგ მან სტუდია "რეპორტიორში" პრესკონფერენცია გამართა და ფეხბურთში მიმდინარე პროცესების შესახებ ილაპარაკა:

- მინდა შევეხო თემას, რომელიც მნიშვნელობით არც ერთ პოლიტიკურ საკითხს არ ჩამორჩება - ესაა ფეხბურთი. ამაზე ლაპარაკს ოთხშაბათს პარლამენტშიც ვაპირებდი, მაგრამ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გამო რეგლამენტით გათვალისწინებული დრო არასაკმარისი აღმოჩნდა...

კარგად მახსოვს 13 მაისი, როცა ქუჩაში მთელი საქართველო გამოვიდა. ეს ხალხი დღესაც ფეხბურთის მოყვარულია, მაგრამ შეურაცხყოფილია იმით, რაც დღეს ქართულ ფეხბურთში ხდება.

Sportall.Ge
თემურ ქეცბაია ძალიან დიდი ფეხბურთელი იყო და გულშემატკივრებს თავი შეგვაყვარა, მაგრამ საპირისპირო გამოდგა მისი სამწვრთნელო საქმიანობა. ეს ლოგიკურიც იყო, რადგან თავად ამბობს, რომ ქართული ფეხბურთი მოკვდა.

ქართული ფეხბურთი არ მომკვდარა, მაგრამ ეს უკვე ნიშნავს, რომ უმძიმესი მდგომარეობაა. ჩვენი ფეხბურთი რეანიმაციაშია და ეს ვითარება უნდა შეიცვალოს. ცუდია, რომ ქეცბაიამ საქმიანობა ასე დაამთავრა, მაგრამ მასთან ერთად სიჭინავა და მისი გუნდიც უნდა გადადგეს. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ ქართულ ფეხბურთს რაიმე პერსპექტივა გაუჩნდეს.

თუ ეს გუნდი 2015 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგაც დარჩება, ეს დეგრადაციას გააგრძელებს. ჩვენ კი დრო არ გვაქვს.

- სიჭინავა ნაკრების წარუმატებლობასთან რა კავშირშია?
- ამ უბედურებაზე ის არანაკლებაა პასუხისმგებელი. ვისაც ფეხბურთი ხელში ჩააკვდა, პასუხისმგებლობას არ იღებს?

დასამალი არაა, რომ ზვიად სიჭინავა ფედერაციაში წინა ხელისუფლების მაქინაციებით მოხვდა. ქართული ფეხბურთის იმიჯისა და ნაკრების შედეგების გასაუმჯობესებლად კი, ფაქტობრივად, არაფერი გაკეთებულა. ბაზებს რომ აშენებდა, ამ ფაქტზე აპელირება უადგილოა, რადგან ეს თანხები ფიფა-უეფადან და სახელმწიფოდან მოდიოდა.

სიჭინავა და მისი გუნდი არ იყო, ქეცბაიას რომ იცავდნენ? ისიც გაუგებარია, ფედერაცია მწვრთნელებს უზარმაზარ თანხას რაში უხდიდა? ამბობენ, ფეხბურთელები არ გვყავსო. დაიარონ რაიონები და უამრავ ნიჭიერ ბავშვს ნახავენ. მაგრამ, რომ არ დადიან, სად იპოვიან?

აქვე, მინდა ჩემს სათაყვანებელ ადამიანებზეც ვილაპარაკო, ვინც ჩვენს ფეხბურთს სახელი მოუტანა და ნებსით თუ უნებლიეთ, ფედერაციის დღევანდელი პრეზიდენტის მხარდამჭერია. დაფიქრდნენ, ვის გვერდით დგანან, მერე გვიანი არ იყოს. მათ უნდა დაარწმუნონ სიჭინავა, რომ გადადგეს და ხალხი კიდევ გაუგებს. ამას თუ არ გააკეთებს, მე, ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი გულშემატკივარი, ვაცხადებ, რომ ათასობით ქომაგთან ერთად ქუჩაში გამოვალ მოთხოვნით - არა ამ ფედერაციას, მის პოლიტიკას და გადადგეს სიჭინავა!

ქეცბაიას გადადგომას ავტომატურად სიჭინავას გადადგომაც უნდა მოჰყოლოდა.

ბოლო ამბავზეც მოგახსენებთ, როცა 8 მსაჯი დააკავეს. არც ერთი მათგანი არ უნდა დაეჭირათ, პირველივე პრეცედენტზე შემდგომი ქმედებები აღეკვეთათ და არ დალოდებოდნენ, სანამ ამ უბედურებაში 8 კაცი გაერეოდა. ღრმად ვარ დარწმუნებული, ამ საქმეში ფეხბურთის ჩინოსნებიც არიან გარეულები. გამოძიება მიმდინარეობს და იმედია, საინტერესო საკითხებს პასუხი გაეცემა.

- ეს სერიოზული ბრალდებაა. საქმეში ფედერაციის ჩინოსნების მონაწილეობაზე კონკრეტულ ინფორმაციას ფლობთ?
- ვისაც ოდნავ მაინც ესმის ფეხბურთის ფედერაციის, მსაჯთა და დელეგატთა ინსტიტუტის მოწყობა, იცის - ესაა ფედერაციასთან აბსოლუტურად გადაჯაჭვული სისტემა. მსაჯთა კორპუსი არის ფედერაციის შემადგენელი ნაწილი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ - ვერც ერთი მსაჯი ვერაფერს გაბედავს, თუ მას ზედა რგოლებში დაუსჯელობის გარანტია არ ექნება.

მე ვარ პარლამენტარი და კანონმდებლობა მაძლევს უფლებას, ინფორმაციის წყარო არ დავასახელო, მაგრამ ინფორმაცია მაქვს, რომ ამ საქმეში ფეხბურთის ჩინოსნებიც არიან გარეულები. თუ ვინ, ამას გამოძიება დაადგენს.

ფედერაციის წესდებაში წერია - თუ საფეხბურთო ინდუსტრიაში რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა ხდება, აღმასკომს საგანგებო კომიტეტის შექმნისა და კონკრეტული თემის შესწავლის უფლება გააჩნია. ფედერაციას ეს რომ გაეკეთებინა და მსაჯების მოქმედებებთან დაკავშირებით საგანგებო ქმედებები დაეწყო, მაშინ მათი დამოკიდებულება გასაგები იქნებოდა.

მაგრამ ასე არ მოხდა, ფედერაციის პრეზიდენტმა ამაყად განაცხადა - გამოძიებასთან ვთანამშრომლობ და მოხარული ვარ, ეს ფაქტები რომ გამოვლინდაო. ამ დროს მოხარული კი არა, დათრგუნული უნდა იყოს, მის მეურნეობაში ასეთი ამბები რომ ხდება. უნდა შერცხვეს, ეს ხალხი და მათი ოჯახები რომ დაიღუპა, როცა შესაძლებელი იყო, მინიმუმ 7 კაცი გადარჩენილიყო.

რაც მთავარია, ამ ყველაფრის უკან ქართული ფეხბურთის პრესტიჟი დგას. ერთ-ერთი დაკავებული ხომ ფიფას არბიტრია. ინფორმაცია თუ ჰქონდათ, ეს ამბავი თავიდანვე უნდა აღეკვეთათ.

ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, როცა უეფა ფეხბურთის ფედერაციას უგზავნის რეპორტებს და ატყობინებს, რომ ამა და ამ თამაშში კორუფციის ნიშნებია და ამ სიგნალზე რეაგირება არ ხდება. ესეც ფედერაციის მენეჯმენტის ბრალია.

იმედია, ქართველი გულშემატკივარი თავისი შეუპოვრობითა და სიმართლით ქართული ფეხბურთის განვითარების ახალ საფეხურზე აყვანას მოახერხებს და ყველანი მომსწრენი გავხდებით ქართული ფეხბურთის წარმატების. შეიძლება, ვიღაცას გაეღიმოს, მაგრამ ადრე ფეხბურთში წარმატებები რომ იყო, ეს შრომის ნაყოფიერების წინაპირობა ხდებოდა. არავინ თქვას, რომ მაშინ სხვა დრო იყო - პრობლემები მაშინაც იყო და ახლაცაა. ფეხბურთი ჩვენთვის ზეიმი იყო, რომელიც ფედერაციის უგუნური მიდგომით წაგვართვეს.

სიჭინავას გადადგომა იმიტომაცაა საჭირო, რომ პოსტზე დაუმსახურებლად მოვიდა, ქართველები კი ასეთ ფეხბურთს არ ვიმსახურებთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 56 /
ერთი დღე დავაანონსოთ პარლამენტარ ლორთქიფანიძესთან ერთად და მთელი გულშემატკივარის მობილიზება გავაკეთოთ.მერე როგორ იღადავებს სიჭი დავანახებთ.
ოპტიმისტი
01:14 02-12-2014
0
ვისაც მე გაქვთ აღარ მოვითმინოოოოთ
მე
01:16 02-12-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული