გულშემატკივრის ხმა: რამ მოგვიყვანა ამ დღემდე?

AutoSharing Option
ბოლო წლებში ქართულ ფეხბურთში მიმდინარე მოვლენები თითოეული ჩვენგანის სატკივარია. სოციალურ ქსელებში ტარდება გამოკითხვა, "ქეცბაია VS ჟურნალისტები - ვინ არის მართალი?" და ასე შემდეგ.

ამ ყველაფერს გულუბრყვილო ხალხი არასწორი მიმართულებით მიჰყავს და ზოგს მართლა სჯერა, რომ ქეცბაიას წასვლით ან მედიის ჩაქოლვით გვეშველება.

ფეხბურთი ხალხისაა და მოვისმინოთ, რას ფიქრობენ არსებულ ვითარებაზე გულშემატკივართა ჯგუფის, "Dinamo Tbilisi cup winner cup 1981"-ის დამფუძნებლები, ზურაბ რუბაშვილი და დავით ილურიძე.

ზურაბ რუბაშვილი:
- მოდით, დავსვათ ასეთი კითხვა: რა ხდებოდა საქართველოში იმ დროს, როცა 90-იანი წლების დასაწყისიდან ტოტალურ
ფეხბურთს "მეორე სუნთქვა" გაეხსნა? ნაცვლად იმისა, წინ გაგვეხედა, ევროპელებისთვის მიგვებაძა და გვესწავლა, როგორ განვითარდნენ, რა მეთოდებით ემზადებიან და რა სახის მარკეტინგული კვლევებით სარგებლობდნენ, გულხელდაკრეფილები ვისხედით.

მახსოვს, ვეტერანი ფეხბურთელები ამბობდნენ: ეგენი ვინ არიან, მე რომ მითამაშია დიდი ფეხბურთი, არც დაესიზმრებათ, რა უნდა გვასწავლონო და ასე შემდეგ. აჰა, შევხედოთ დღევანდელ ევროპულ ფეხბურთს და შევხედოთ ქართულ ფეხბურთს - აღმოაჩენთ, რომ რაღაც კი არა, ბევრი გვქონია სასწავლი.

დავით ილურიძე:
- ჩვენი ფეხბურთი მსოფლიო დინებას რომ ჩამორჩა, ამას ბევრი ჩვენიანის დამოკიდებულება უწყობდა ხელს. ზოგიერთი მწვრთნელი სომხეთის ნაკრების ბოლო წლების წინსვლაზე იცინის. ჩვენი მეზობლები ევრო 2012-ისა და მსოფლიოს 2014 წლების ჩემპიონატებზე მოხვედრის შანსებს შესარჩევი ციკლის ბოლომდე ინარჩუნებდნენ. მათ რამდენიმე წარმატებული ფეხბურთელი ჰყავთ - ჰენრიხ მხითარიანი "დორტმუნდში", იური მოვსესიანი და არაზ ოზბილისი მოსკოვის "სპარტაკში"...

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, 90-იანების მეორე ნახევარში და 21-ე საუკუნის დასაწყისში, სომხეთის ამ ნაკრებზე გაცილებით უკეთესი ფეხბურთელები ჰყავდა - ისინი თამაშობდნენ "მილანში", "ნიუკასლში", "აიაქსში", "მანჩესტერ სიტიში", "შალკეში", "ფრაიბურგში", "ბლექბერნში", "დანდიში", "ეინდჰოვენში", "ბრედაში" და ასე შემდეგ. მაგრამ წარმატებას ვერ მივაღწიეთ და, ფაქტობრივად, შანსებს შესარჩევის სტარტზევე ვკარგავდით. სათვალავში ვერ მივიღებთ იმას, ხანდახან თეორიულ შანსებს ტურნირის შუამდე რომ ვინარჩუნებდით.

ზურაბ რუბაშვილი:
- ჩვენსა და მსოფლიო ფეხბურთს შორის დიდი უფსკრულია. ეს საბჭოთა კავშირის ბოლო წლების ჩემპიონატებშიც იგრძნობოდა. კიევის "დინამოს" ევროპული ზეობა 70-80 და 90-იან წლებში მოხდა. ეს გუნდი ვალერი ლობანოვსკიმ ჩამოაყალიბა. საბჭოთა კავშირის და შემდგომში, 90-იან წლებშიც, ტოტალური ტაქტიკის უკრაინულმა ნიმუშმა ევროპაში ერთგვარი ფურორი მოახდინა. ლობანოვსკის გაზრდილი ფეხბურთელებით უკრაინის ნაკრებმა 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მეოთხედფინალამდე გააღწია.

ამ წლებში, მაშინდელ თბილისის "დინამოში", ლობანოვსკის გუნდზე, ხოლო ჩვენს ნაკრებში - უკრაინის ნაკრებში მოთამაშე ფეხბურთელებზე არანაკლები თაობა გვყავდა, რომელსაც გულშემატკივარმაც და სპეციალისტებმაც "დაკარგული თაობა" უწოდა. მაგრამ არც ქვეყანაში არსებული გარემო, არც ეროვნული ჩემპიონატი, არც ფინანსები და არც ლობანოვსკისეული ნებისყოფა არ აღმოგვაჩნდა.

ამ თაობის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ქინქლაძის სატრანსფერო ორომტრიალი "მრეტებსა" და "დინამოს" შორის, ფიფა-უეფას კარამდეც მივიდა. შემდეგ იყო "ლინფილდთან" დისკვალიფიცირებული "დინამო" და ევროპულ გუნდებს მოდებული ფეხბურთელები.

მართალია შემდეგ, მომავალ წელს ისინი მშობლიურ გუნდს დაუბრუნდნენ, თუმცა "ტიროლთან" დამარცხების შემდეგ, ისევ ევროპაში მიმოიფანტნენ. მაგრამ ნაკრებში ხომ შეიძლებოდა მათი გამოყენება, ეს რატომ ვერ მოვახერხეთ?

დავით ილურიძე:
- წარუმატებლობას ხან ქართველ მწვრთნელს ვაბრალებდით, უცხოელი გვინდაო, მერე უცხოელი დავნიშნეთ, ქართველი გვინდაო. იქნებ, სხვა რამეშია პრობლემა და ეს პრობლემა უნდა ვიცოდეთ?

ჩვენ არ ვართ ფეხბურთის სპეციალისტები და არაფერს ვამტკიცებთ, უბრალოდ, როგორც გულშემატკივრებს, როგორც ყველას, გვაქვს უფლება, ჩვენი მოსაზრება გამოვხატოთ. ჩვენ უდიდეს პატივს ვცემთ ამ ვეტერან ფეხბურთელებს, რომლებსაც ქართულ ფეხბურთში უდიდესი წვლილი აქვთ შეტანილი, სოციალურ ქსელში ჩვენი გვერდიც ამას ემსახურება. თუმცა გვიჩნდება ბევრი კითხვა და კრიტიკული მოსაზრება.

სამწუხაროდ, ბოლო თაობის ვეტერანების მიმართაც იგივე ვითარებაა - საზღვარი არა აქვს ურთიერთბრალდებებს, არავის უნდა შრომა, ყველა ერთმანეთისკენ იშვერს ხელს, ზოგი ფედერაციისკენ, ფედერაცია - სახელმწიფოსკენ, მწვრთნელები - ფეხბურთელებისკენ, თაობა არა გვყავს, თითქოს ამ თაობას ვიღაც სხვა უნდა ზრდიდეს, ფეხბურთელები აცხადებენ - პირობები არ გვაქვსო. ასე გრძელდება დაუსრულებლად. აბა, ვინაა დამნაშავე და პასუხისმგებელი? როდემდე უნდა ვიყოთ ასეთ უფსკრულში? ფაქტია, შრომა მცირედს უნდა, მაგრამ ბევრს არ სურს, გამოცდილება, ძალები და ენერგია ქართულ ფეხბურთს სრულად მოახმაროს.

ზურაბ რუბაშვილი:
- საგულისხმოა, რომ 1995 წლის რუსეთის ჩემპიონის ვლადიკავკაზის "სპარტაკ-ალანიას" შემადგენლობაში ჩემპიონები ქართული ფეხბურთის აღზრდილები გახდნენ: სოსო გრიშიკაშვილი, ომარ თეთრაძე, ბახვა თედეევი, მურთაზ შელია, მიხეილ ყაველაშვილი... მედლის გარეშე მხოლოდ პირველივე ტურში მძიმედ დაშავებული ზაზა რევიშვილი დარჩა.

"ალანიაში" 1996 წელს რუსეთის ვიცე-ჩემპიონები გახდნენ ლევან კობიაშვილი, გოგა გახოკიძე, გოჩა ჯამარაული, გიორგი დემეტრაძე, ახრიკ ცვეიბა და კახი ცხადაძე. 1995 წელს ყაველაშვილი რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო თავდამსხმელად დაასახელეს. ბევრს შეიძლება არ ახსოვს, რამდენ წელს უტრიალებდა "მილანი" კიეველთა ლიდერს, მაშინ ჯერ კიდევ ამომავალ ვარსკვლავ ანდრეი შევჩენკოს, მაგრამ უკრაინელებმა შესაშური მოთმინება გამოიჩინეს და მომავალმაც გვიჩვენა, რომ ამით მხოლოდ მოიგეს. ჯერ ერთი, იტალიელებს მეტი ფული დასცინცლეს და კიევის "დინამოც" არ წახდა, პირიქით, დონე დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც შეინარჩუნა.

თანხები გადამწყვეტი აღმოჩნდა, რომელიც დღესაც არა გვაქვს. ქართულ ფეხბურთში ტაქტიკური და ფინანსური პრობლემები სწორედ აქედან იწყება. ჯერ კარჩაკეტილობის პრინციპი - "მე მაგათ რა უნდა მასწავლონ" და მეორე - ფინანსური, როდესაც "მრეტები" დაიჩაგრა და მეორე ძლიერი კლუბის ჩამოყალიბების რეალური შანსი გაქრა.

ასევე მოექცნენ "სამტრედიას", "კოლხეთსა" და ზესტაფონის "მარგვეთს". ამ პატარა ქვეყანას დასაქცევად ესეც ეყო. მაგრამ მაშინ ხმა რომელმა ვეტერანმა ამოიღო? სხვათა შორის, არიგო საკი ამბობდა - "არ არის აუცილებელი, იყო კარგი ცხენი, რომ შემდეგ გახდე ჟოკეი". მან ის იგულისხმა, რომ აქსიომა სულაც არ არის, კარგი ფეხბურთელი ასეთივე მწვრთნელი გახდეს. თავად არიგო საკის კი ფეხბურთი არასდროს უთამაშია.

დავით ილურიძე:
- მურთაზ ხურცილავამ "ლელო week"-თან თქვა: "სოფელ ბანძაში დავიბადე და სად იყო იქ საფეხბურთო სკოლა? მაგრამ ფეხბურთს ღამის პირველ საათამდე ვთამაშობდით. თბილისის "დინამოში" ისე მივედი, მწვრთნელი არ ვიცოდი, რა იყო. რაც მინდოდა, იმას ვაკეთებდი. ასე იყო "სალხინოშიც". მეცინება, ახლა რომ ამბობენ - პირობები არ არის და ფეხბურთელებს ვერ ვზრდითო.

პირობები კი არა, ბურთი არ გვქონდა, ნაჭრებისგან თავად ვკერავდით და რაღაც სასწაულებს ვაკეთებდით. მე კი ბურთით ვიძინებდი".

მას მერე ათასი რამ შეიცვალა. მაშინ დიდ ფეხბურთში უმეტესობა იმავე გზას გადიოდა, როგორსაც ჩვენთვის სათაყვანებელი ბატონი მურთაზი - დი სტეფანო, პელე... რომელი ერთი ჩამოვთვალოთ?

დღეს კი სხვა დონე და სხვა ცხოვრებაა - დიდ ფეხბურთში, უმეტესად, საფეხბურთო სკოლებიდან მოდიან. ბრაზილიაშიც კი ასეა და პლაჟებზე ვარსკვლავებს იქაც აღარ ზრდიან. არ ვამბობ, რომ ბავშვს "მატაობა" ან ბურთის "თრევა" უნდა შეეზღუდოს, გარკვეულ ასაკამდე ბავშვი ამ წნეხისგან უნდა გათავისუფლდეს.

თბილისის "დინამოს" კიდევ ერთი ლეგენდარული კაპიტანი მანუჩარ მაჩაიძე კი ამბობს: "ინგლისური და ჰოლანდიური ფეხბურთის გავლენით, სამხრეთული ფეხბურთის სტილისა და ტრადიციების გაუთვალისწინებლად, ქართველებისთვის სამარცხვინო "დაარტყი-გაიქეცი" ფეხბურთს მწვანე შუქი ავუნთეთ. სადღაც გაქრა ჩვენებური სილაღე და იმპროვიზაცია".

სამწუხაროა, რომ ესოდენ დიდი ფეხბურთელი, ჰოლანდიური თუ ინგლისური სკოლის გავლენას იწუნებს. რამდენი სამხრეთამერიკელი თამაშობს წამყვან ევროპულ კლუბებში, რომლებსაც თანამედროვე ფეხბურთის გავლენა აქვთ შერწყმული სამხრეთამერიკულ ფეხბურთთან?! საკმაოდ ბევრი! დავით ყიფიანი 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატამდე იმედოვნებდა, რომ არგენტინელები ან ბრაზილიელები გაიმარჯვებდნენ - ვფიქრობ, ტოტალური ფეხბურთისადმი ჩემი დამოკიდებულება ამ პასუხიდან ჩანსო. იმავე აზრს სხვა ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელების (გივი ნოდია, ალექსანდრე ჩივაძე, ოთარ გაბელია...) ინტერვიუებშიც ამოიკითხავდით. ეს მოკლე ჩამონათვალია იმ ვეტერანი ფეხბურთელებისა, რომლებიც 90-იან წლებში ნაკრებების თუ სხვადასხვა კლუბების მწვრთნელები იყვნენ და ქართულ ფეხბურთში ამინდს ქმნიდნენ. ამ ვეტერანი ფეხბურთელების ხელში იყო 90-იანი წლების ქართული ფეხბურთი, როცა დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ. მაგრამ არასწორმა მიდგომამ და დუმილმა ქართული ფეხბურთი ამ დღემდე მიიყვანა.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"

მკითხველის კომენტარები / 6 /
თანამედროვე ფეხბურთში 90-ივე წუთს თუ არ დარბიხარ ისე ვერაფერს გახდები.
გუჯა კახაძე
23:22 02-12-2014
0
სიმართლეა. აფრიკაში რა მეტი პირობები აქვთ? არა კეტიც კი არაა აქვთ მარა რეას თამაშობენ
gaga
19:27 30-11-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული