ეს სიტყვები ხალხის დაცინვაა! - დავით ლორთქიფანიძის მორიგი შეტევა ზვიად სიჭინავაზე

AutoSharing Option
სტუდია "რეპორტიორში" პარლამენტარმა დავით ლორთქიფანიძემ კიდევ ერთი პრესკონფერენცია გამართა და ამჯერადაც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ზვიად სიჭინავას შეუტია.

"კიდევ ერთხელ შევეხები ფეხბურთის ფედერაციაში მიმდინარე პროცესებს. ის, რასაც დღეს მისი მენეჯმენტი აკეთებს, გულშემატკივრის დაცინვა და აბუჩად აგდებაა. ამის ნათელ მაგალითად სფფ-ის პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას მიერ გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემული ინტერვიუ გამოდგება (იხილეთ სტატია).

ჟურნალისტი ეკითხება: - პარლამენტარი ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ სფფ-ის პრეზიდენტი თუნდაც იმიტომ უნდა გადადგეს, დასაწყისშივე რომ არ აღკვეთა დანაშაული და მსაჯებს კიდევ უფრო ღრმად შეტოპვის შესაძლებლობა მისცაო.

სიჭინავა კი უტეხად
პასუხობს: - მსაჯთა კორპუსი დამოუკიდებელი ორგანოა, რომელსაც ფედერაცია ქირაობს, ამასთან დაკავშირებით ფიფას რეგულაციებს გავუგზავნიო...

...აჯობებს, ფეხბურთის ფედერაციის წესდებაში ჩაიხედოს, რადგან სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მსაჯები სფფ-ზე დამოკიდებულ სტრუქტურას წარმოადგენენ, სიჭინავას ეს განცხადება კი საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა და პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მცდელობაა.

კითხვა ქეცბაიაზეც დაუსვეს: - მთავარი შეცდომა რაში დაუშვაო და ამაზეც ამბობს: - ეს რომ ვიცოდე, მაშინ მწვრთნელი ვიქნებოდი და პროლიცენზია მექნებოდა, სფფ-ის პრეზიდენტისთვის კი ფეხბურთის ცოდნა აუცილებელი არ არისო...

...ამას ამბობს ღიად და დარწმუნებულია, რომ სფფ-ის პრეზიდენტმა მენეჯმენტი, მარკეტინგი, ფინანსები და ბუღალტერია უნდა იცოდეს, ანუ რაც მოედნის მიღმაა საჭიროო. ეს არის სრული კატასტროფა, ანუ ბუღალტერია ვიცი და ფულს კარგად ვითვლიო. მიკვირს, ასეთი მენეჯმენტის პირობებში ქართული ფეხბურთი კიდევ რომ სულდგმულობს", - აღშფოთებულია ლორთქიფანიძე.

პარლამენტარი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებსაც შეეხო:

"სიჭინავა ფედერაციაში სააკაშვილის დროს "დასვეს". მას ვადა 22 იანვარს ეწურება, მაგრამ წასვლას არ აპირებს და ზუსტად სააკაშვილის სტილში ცდილობს, უფლებამოსილება 2015 წლის შემოდგომამდე გაიხანგრძლივოს.

ცინიკურად ამბობს - გამიმართლა, რომ ბოლო ორი არჩევნებია, მე, მიშელ პლატინისა და ზეპ ბლატერს კონკურენტები არ გვყოლიაო. შევახსენებ, რომ მისი პატრონი სააკაშვილი იყო, რომელმაც სფფ-ის მოქმედი პრეზიდენტი გადააყენა და მის კონკურენტობას ვერავინ გაბედავდა.

არჩევნების გადადების მიზეზად კი აბსურდულ საბაბს ასახელებს - უეფასთან ვალდებულებები მაქვს აღებული, მარტში ამ ორგანიზაციის თავკაცი უნდა აირჩიონ, მიშელ პლატინის კი მხარი უნდა დავუჭირო და ამიტომ პოსტზე მარტშიც აუცილებლად უნდა ვიყოო. მაინტერესებს, სფფ-ში ახალი პრეზიდენტი თუ აირჩიეს და პლატინი მხარდასაჭერი იქნება, ხმას რატომ არ მისცემს? ეს გულშემატკივრის დაცინვაა".

ლორთქიფანიძე სფფ-ის პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდებს:

"ჩემი და მრავალი გულშემატკივრის მოთხოვნაა, ამ ცინიკური ინტერვიუსთვის სიჭინავამ ბოდიში გაზეთშივე მოიხადოს, სასწრაფოდ შეკრიბოს აღმასკომი და შეცვალოს ფედერაციის საარჩევნო წესდება. სხვაგვარად, გამარჯვებულები ის და მისი გუნდის წევრები დარჩებიან. არანაირი არჩევნები არ იქნება და მას ისევ დღევანდელი სფფ-ის წარმომადგენლები მოიგებენ.

წესდების შეცვლის პარალელურად, სასწრაფოდ დანიშნონ არჩევნები. ეს უნდა იყოს 22 იანვარი ან მასთან მიახლოებული თარიღი. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ისეთი პიროვნება უნდა მივიდეს, რომელიც, მინიმუმ, საკუთარ გულშემატკივარს ცინიკურად მაინც არ დაელაპარაკება, უნდა იცოდეს ფეხბურთი, რა პროცესები მიმდინარეობს იქ, ხელი შეუწყოს საქართველოს ნაკრების წარმატებებს და ამ მდგომარეობიდან გამოგვიყვანოს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 19 /
სიამაყის გრძნობა დააკარგვინეთ ფეხბურთის გულშემატკივრებს თქვე სამაცხვინოებო,წადი ზვიად,მიშიკო ვერარასოდეს დაბრუნდება,გაიგეეთ
ამაყი
00:49 05-12-2014
0
აუუუ,რას მოვესწარიით,ფეხბურთი მოგვიკლეს და არც აინტერესებთ ჩვენი აზრი.მივხედოთ ამ უსინდისოებს,თავმოკვარეობა ხომ გვააქვს ძმებო
კაკო
22:35 07-12-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული