რატომ ჩავიდნენ ესპანური კლუბის წარმომადგენლები ბოლნისში

AutoSharing Option
"ლელოსთვის" საინტერესო ჩანაფიქრი გახდა ცნობილი: ბოლნისში საფეხბურთო სკოლის დაფუძნებას აპირებენ, რომელიც ესპანური კლუბის პარტნიორი გახდება.

ამ პროექტის ინიციატორი საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი და მოძრაობა "ჩვენი ფეხბურთის" ერთ-ერთი დამფუძნებელი მიხეილ ყაველაშვილია.

როგორც შევიტყვეთ, რამდენიმე დღის წინათ ბოლნისს ესპანელები სტუმრობდნენ. კონკრეტულად, ლაპარაკია სეგუნდა დივიზიონის კლუბ "ალავესზე", რომლის წარმომადგენლებიც ქალაქის გამგებელ გოგი მეშველიანს შეხვდნენ. ეს კაცი ფეხბურთის მოყვარულია და თამაშებს არ აცდენს.

გვითხრეს, რომ სტუმარ-მასპინძლებმა ერთად დაათვალიერეს ის ტერიტორიები, სადაც საფეხბურთო სკოლის მოწყობაა შესაძლებელი.

ბოლო ცნობით, ლაპარაკია დიდი საფეხბურთო კომპლექსის აშენებაზე, სადაც იქნება
4 სტანდარტული მოედანი, თავისი ცენტრალური სტადიონით, მცირე ტრიბუნებით, შენობითა და დამხმარე ნაგებობებით.

მოკლედ, რეგიონში თანამედროვე საფეხბურთო სკოლის აშენებაა დაგეგმილი.

ითქვა, რომ ამ საფეხბურთო ცენტრს სათავეში გუბაზ დოლიძე ჩაუდგება, რომელიც ნიჭიერი ახალგაზრდების შერჩევითა და აღზრდითაა ცნობილი. თავად დოლიძემ ამ საკითხზე ლაპარაკი არ ისურვა. მიხეილ ყაველაშვილს კი, სამწუხაროდ, ვერ მივაწვდინეთ ხმა.

დაკონკრეტებას ბოლნისის გამგებელი გოგი მეშველიანიც მოერიდა, მაგრამ მცირე განმარტება მაინც გააკეთა:

"დასამალი რა არის, ესპანური კლუბის წარმომადგენლები მართლაც გვესტუმრნენ და ფაქტია, რომ "ალავესს" ინტერესი მართლაც აქვს, მაგრამ ჯერ მაინც გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გვქონდა და ნაჩქარევი განცხადების გაკეთებას მოვერიდები.

ის, რომ, თითქოს, ყველაფერი გადაწყვეტილი და შეთანხმებულია, ასე არ არის. დანარჩენს დრო გვიჩვენებს.

რაც შეეხება გუბაზ დოლიძეს, ის მართლაც ნიჭიერი მწვრთნელია, საქართველოს ასაკობრივ ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი გაუზარდა, რამდენიმე მათგანი ეროვნულ ნაკრებშიც მიიწვიეს და ასეთი სპეციალისტის მოწვევა ნამდვილად არ გვაწყენდა", - ამბობს მეშველიანი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გასაგებია,კარგია ეს ყველაფერი მაგრამ სამეგრლო და იმერეთისკენსკენ გამოახედეთ ეს ხალხი.ვიცი შორია თქქვენთვის მაგრამ თქვენს ინტერესებს ნუ შეცირავთ ქართულ (იმერულ და მეგრულ) ფეხბურთს!!!
Bacho
15:52 17-12-2014
0

სიახლეები პოპულარული