როგორ შენდებოდა "დინამოს" სტადიონი - 100-ათასიან პროექტზე მოსკოვი სულ გაგიჟდა

AutoSharing Option
1692 წელს, სვანების, ქურდანების მუდმივმოქმედმა რაზმმა ყაბარდოელი თავდამსხმელები გაანადგურა. მერე კი მაოხრებელი შემოსევების შესაჩერებლად, ჩრდილოეთში მათი სამოსახლო ადგილები დაიკავა და ბუფერული ზონა შექმნა. მას შემდეგ ქურდანნი საქართველოს იმ რეგიონებში სახლდებოდნენ, რომელთაც სამხედრო დახმარება სჭირდებოდათ.

ასე მოევლინა ქვეყანას სხვადასხვა დაბოლოებების მქონე ერთი ძირის ხალხი: ქურდანი, ქურდიანი, ქურდაძე, ქურდოვანიძე, ქურდაშვილი, ხოლო ყაბარდოში - ქურდანოვი...

საგარეჯოში, სპარსეთის დარბევების შესაჩერებლად ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე I-ის მიწვევით დასახლებული ქურდანების შთამომავალი იყო გიგო ქურდიანი, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს მოაწერა ხელი.

სწორედ მისგან დაიწყო ქურდიანების საგვარეულო არქიტექტურული დინასტია.
სამი საუკუნის მანძილზე, დინასტიის არქიტექტორების ექვსმა თაობამ ასზე მეტი პროექტი განახორციელა და რეპუტაცია გაიმყარა, რადგან მათმა არქიტექტურამ დროს გაუძლო. სხვა სიკეთესთან ერთად, ქურდიანებმა საქართველოს ულამაზესი ეროვნული სტადიონი, "დინამო არენა" აუშენეს და შემდეგ მისი რეკონსტრუქციაც განახორციელეს: 1936, 1956, 1976 და 2006 წლებში.

სამწუხაროდ, დეკემბრის დასაწყისში დიდი არქიტექტორი, გია ქურდიანი გარდაიცვალა. "გია და არჩილ ქურდიანების სტუდია დინასტიას" მისი შვილი, არქიტექტურის დოქტორი არჩილ ქურდიანი ხელმძღვანელობს, რომელიც თავის შვილ გიორგისთან ერთად ევროპის 2015 წლის სუპერთასისთვის "დინამო არენის" რეკონსტრუქციის ავტორია.

Sportall.Ge

ბატონი არჩილი "დინამოს" სტადიონის მშენებლობასთან დაკავშირებულ საინტერესო ისტორიებს იხსენებს.

კონკურსში გამარჯვებულს ასაკი დაუწუნეს
- პაპაჩემი, არჩილ ქურდიანი და მისი მომავალი მეუღლე, ქეთევან სოკოლოვა-ფორაქიშვილი საქართველოში პირველი დიპლომირებული არქიტექტორები იყვნენ. გასული საუკუნის 30-იან წლებში, თბილისში ისეთი სტადიონის აშენება გადაწყდა, რომლის მასშტაბის შენობაც ამიერკავკასიაში არ იყო. კონკურსში პაპაჩემმა გაიმარჯვა.

მაგრამ 32 წლის ახალგაზრდა კაცი გახლდათ. მთავრობაში გამოცდილი არქიტექტორები მივიდნენ და მის საწინააღმდეგო არგუმენტად სწორედ ასაკი წამოაყენეს. ამიტომ კონკურსი ხელახლა ჩაატარეს. პროექტის დამუშავება 9 არქიტექტორს შეუკვეთეს და მოიგებდნენ თუ წააგებდნენ, თანხას მაინც უხდიდნენ. არჩილს ეს ამბავი არც აცნობეს და ისეთ დროს შეიტყო, როდესაც პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებული გახლდათ.

შეწუხდა, მომხდარს ძალიან განიცდიდა. სწორედ ამ დროს ნახა აკვარელის პედაგოგი გრინევსკი, რომელმაც ენ-კა-ვე-დე-ს უფროსთან დალაპარაკება ურჩია, იქნებ, რამე გამოგივიდესო. "დინამო" ენ-კა-ვე-დე-ს კუთვნოდა. მაშინ მისი უფროსის, ტიტე მგალობლიშვილის ნახვა არც ისე რთული ყოფილა, რადგან დაცვით არ დადიოდა. რუსთაველზე კი ყველამ იცოდა, მგალობლიშვილი რომელ საათზე ჩამოივლიდა.

როდესაც გამოჩნდა, პაპაჩემმა ხელი დაუქნია როგორც ტაქსს - მაშინ ასეთები მოსული ყოფილა და მგალობლიშვილმაც მანქანა გაუჩერა. არჩილმა გაუმხილა გულისტკივილი და არ დაუმალა, კონკურსში მონაწილეობა მსურსო. კი ბატონო, გაძლევ უფლებასო და კიდევ ერთხელ ჩატარებულ შერჩევაში ისევ გაიმარჯვა.

Sportall.Ge

ასე კურიოზულად გადაწყდა "დინამოს" სტადიონის მშენებლობის ამბავი. თუმცა, მერე ყველა არქიტექტორს ჰონორარები დაურიგეს, არჩილს კი თანხა არ მიუღია. მაგრამ პაპაჩემისთვის ფული მთავარი არასოდეს ყოფილა. მას ის უხაროდა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვან სტადიონს აშენებდა.

მართლაც ულამაზესი ნაგებობა გამოვიდა, რომელიც ქართული ხასიათის გახლდათ და მისივე შექმნილ მდიდრულ ჩუქურთმებში გამოაწყო. მაშინ ტრიბუნები სულ 25 ათას მაყურებელს იტევდა.

მაგრამ "დინამო" ძალიან ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა, ხალხმა ფეხბურთი და "დინამოს" მოთამაშეები შეიყვარა და იმდენ მაყურებელს იზიდავდა, ყველა მსურველს ეს 25-ათასიანი არენაც ვერ აუდიოდა. ამიტომ, 1956 წელს მისი რეკონსტრუქცია გადაწყდა და ლითონის კონსტრუქციების ტრიბუნის დამატებით, ტევადობა 35-ათასამდე გაზარდეს. მაშინდელ რეკონსტრუქციაში უკვე მამაჩემი, გიაც მონაწილეობდა.

მაგრამ ხალხის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ესეც არასაკმარისი აღმოჩნდა და 60-იან წლებში გაცილებით დიდი სტადიონის აშენება გადაწყდა...

სტადიონის აშენებას ზღვაზე აპირებდნენ
- ბევრს ქართული ლეგენდა ჰგონია, თითქოს, მოსკოვი დიდი სტადიონის აშენებას გვიკრძალავდა. არაა ლეგენდა, ეს პაპაჩემისგან ნამდვილად ვიცი - ყველაზე დიდი, ლამაზი და საუკეთესო პროექტი მოსკოვში უნდა განხორციელებულიყო. სხვათა შორის, მოსკოვშივე, "ვე-დე-ენ-ხა"-ში (სახალხო მიღწევათა გამოფენა) საბჭოთა რესპუბლიკებმა პავილიონები ააშენეს და პაპაჩემის პროექტმა გაიმარჯვა, რომელიც მერე დაუწვეს. ასეთებიც ხდებოდა.

სხვათა შორის, სტადიონს პირველად რომ აშენებდა, არჩილს მოსკოვმა შეუკვეთა, ტრიბუნები მაქსიმუმ 10-ათას ადამიანზე გაეთვალა. აქაურმა ხელისუფლებამ ჩუმად სთხოვა, ვითომ, შეგეშალა და 15-ათასიანი ააშენეო. პაპამ კი, აიღო და 25-ათასიანი გააკეთა! ასეთი "ხულიგანი" იყო, რის გამოც პრობლემები ხშირად ექმნებოდა.

მოსკოვის მძვინვარებამ პიკს 60-იანი წლების ბოლოს მიაღწია. ტევადობის გაზრდა მანამდეც სურდათ, მაგრამ ხრუშჩოვის დროინდელი ინსტრუქცია მოქმედებდა: რადგან ზოგადად, სტადიონები წამგებიანი იყო და სპორტული ობიექტების მშენებლობა აკრძალეს. "ხრუშჩოვკების" მშენებლობაც ეკონომიურობის მიზნით დაიწყეს.

Sportall.Ge

მაგრამ "დინამოს" სტადიონს ბიუჯეტში უფრო მეტი შემოსავალი შეჰქონდა, ვიდრე მოსკოვის ოთხ სტადიონს, სადაც თამაშობდნენ "სპარტაკი", მოსკოვის "დინამო", ცსკა და "ტორპედო" და გამონაკლისის სახით, დიდი სტადიონის აშენების უფლება მხოლოდ ამიტომ მოგვცეს.

თავიდან იყო ლაპარაკი, რომ ახალი სტადიონი თბილისის ზღვაზე აეშენებინათ. მეორე ვარიანტით, "ლოკომოტივის" ტევადობა უნდა გაეზარდათ. ამ იდეას საქართველოს ცეკას მაშინდელი პირველი მდივანი ვასილ მჟავანაძეც ემხრობოდა. ფაქტობრივად, ეს გადაწყვეტილი საქმე იყო. ყველაფერი შემთხვევით შეიცვალა.

ერთხელ მჟავანაძე თამაშზე მიდიოდა, მაგრამ "ლოკომოტივთან" იმდენი ხალხი მიდიოდა, საცობი შეიქმნა, ტრიბუნებამდე ვერ მიაღწია და მთელი პირველი ტაიმი მატჩის რეპორტაჟს რადიოში უსმინა. "ლოკომოტივი" ჩიხია, ქუჩის გამტარუნარიანობაც არასაკმარისია და მანქანაში "დინამოს" რეკონსტრუქცია გადაწყვიტა.

"დინამოს" ძველი სტადიონი იმდენად ლამაზი იყო, მისთვის ხელის ხლება არ სურდათ და ტრიბუნები მის გარშემო უნდა შემოეშენებინათ. 100-ათასიანი სტადიონის მშენებლობა დაიწყო, პროექტი წარადგინა. მაგრამ მოსკოვიდან ჩამოსულმა კომისიის წევრებმა ტევადობის შემცირება კატეგორიულად მოსთხოვეს, ამხელა სტადიონი მხოლოდ მოსკოვში აშენდება და არა - პერიფერიაშიო.

ამიტომ, ავტორებს - არჩილ და გია ქურდიანებს, მოუხდათ აშენებული კონსტრუქციების დანგრევა. მეორე იარუსზე გასასვლელ საევაკუაციო აივანზე არის ძველი ტუმბოები, რომლის აზრსაც ვერავინ გაიგებს. მამამ იმიტომ დატოვა, რომ შთამომავლობას სცოდნოდა, რა ვანდალურად დაგვიპატარავეს პროექტი. მაგრამ ისიც "ხულიგანი" იყო და მოხერხებულობით თავისი მაინც გაიტანა. ხის სკამის სტანდარტი შეგნებულად დიდი ზომით შეარჩია, 3 ადგილზე 4 კაცი რომ დამჯდარიყო და 75-ათასიან სტადიონზე 100 ათასი ადამიანი მაინც უპრობლემოდ ეტეოდა.

უეფას ოფიციალური მონაცემებით, 110 ათასი კაცი მოვიდა "კარდიფ სიტისთან" შეხვედრაზე, 120 ათასი კი - "ლივერპულთან".

Sportall.Ge

საწყენია, რომ 2006 წელს ტევადობა 54 ათასამდე შემცირდა, რადგან უეფას მოთხოვნების გამო, ვიპ-ლოჟები აშენდა და რამდენიმე რიგი გაუქმდა. თუმცა, შენობის არქიტექტურა მაინც მასშტაბური დარჩა.

უნიკალური სტადიონი
- 1976 წელს აშენებულ "დინამოს" სტადიონზე გასაოცარი ევაკუაციის სისტემაა: ტრიბუნები 8 წუთში იცლება, სტადიონის ტერიტორია კი - 12 წუთში, რაც მაშინ ევროპის რეკორდი იყო.

სტადიონზე უნიკალური ხედვის მრუდეა - ტრიბუნები კი ისეა განლაგებული, მინდორს ყველა მხრიდან იდეალურად ხედავ. მაგალითად, გამოთვლილია, რომ მაყურებელი ბურთს ჩოგბურთში მაქსიმუმ 56 მეტრიდან ხედავს, ჰოკეიში - 70 მეტრი, ხოლო ფეხბურთის ბურთს - 190 მეტრიდან.

მაშინ არსებობდა სტანდარტი, თუ როგორ უნდა აწყობილიყო ტრიბუნები. მამამ და პაპამ ამ სტანდარტს გადაუხვიეს, რაც კომპიუტერული ტექნოლოგიების არარსებობის პირობებში, დიდი რისკი იყო და მოდელირება შეუძლებელი გახლდათ. ამიტომ, ჩანაფიქრის შესამოწმებლად დიდ დარბაზში იატაკზე გადაწეპებული ქაღალდის ფურცელზე ტრიბუნები ხელით ააგეს და მიხვდნენ, რომ არასტანდარტული ჩანაფიქრით ტრიბუნებიდან მოედანი უკეთესად გამოჩნდებოდა და დრომ მათი სიმართლე დაამტკიცა.

სხვათა შორის, "ლუჟნიკების" განახლება ამის შემდეგ გადაწყვიტეს და კატასტროფული შედეგი მიიღეს: ტრიბუნების ბოლო რიგებიდან მოედნამდე მანძილი 300 მეტრია! ის, ალბათ, როგორც ჰიტლერის დროს აშენებული ბერლინის ოლიმპიური სტადიონი, მასობრივი პოლიტიკური და პარტიული ღონისძიებებისთვის უფრო ააშენეს, ვიდრე სპორტისთვის.

1981 წელს თბილისში 12 ცნობილი ამერიკელი არქიტექტორი ჩამოვიდა, რომლებიც სტადიონის მშენებლობაზე იყვნენ სპეციალიზებულები. ტრიბუნაზე კუთხურის მხრიდან ავიდნენ, საიდანაც, ზოგადად, მოედანი ყველაზე ცუდად ჩანს. ამ დროს, ნახეს, რომ იდეალური ხილვაა და მამას ტაში დაუკრეს. ეს დიდი დაფასება იყო.

2007 წელს იაპონიიდან დაგვიკავშირდნენ: არ გიცნობთ, მაგრამ სტადიონის ფოტოები ვნახეთ და საინტერესოდ გამოიყურებაო. მოკლედ, მიგვიწვიეს და ხედვის მრუდის ჩვენეული ხედვა რომ გავაცანი, გაოცებულები დარჩნენ.

1979 წელს თბილისში ჩამოსულმა ფიფას პრეზიდენტმა ჟოაო აველანჟმა თქვა, თანაშემწეები მეუბნებოდნენ, რომ თბილისში ლამაზი სტადიონია, არ მჯეროდა, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი ევროპაში მართლაც არაა, მსოფლიოში კი რამდენიმეაო.

გგონიათ, ამისთვის მამა და პაპა დააჯილდოვეს? მამა საპროექტოში მუშაობდა და მთელი ცხოვრება 180 მანეთს იღებდა. სტადიონის აშენების შემდეგ დააჯილდოვეს და ხელფასი 10 მანეთით გაუზარდეს?! პაპა კი ხელფასსაც ვერ ღებულობდა, რადგან აკადემიაში პროფესორი გახლდათ, ლექციებს კითხულობდა და შეთავსებით სხვაგან მუშაობის უფლება არ ჰქონდა.

სტადიონის მშენებლობის ბოლოს, გამონაკლისის სახით, წლის ბოლომდე "საპროექტოში" შეთავსებით მუშაობის უფლება დართეს. სასაცილო ისაა, რომ დადგენილებას ხელი 3 დეკემბერს მოაწერეს(?!) სამწუხაროდ, ასეთი დამოკიდებულება ჰქონდათ.

მარტივი გამოსავალი
- სტადიონს ბოლოს რეკონსტრუქცია 2006 წელს ჩაუტარდა. 2 სექტემბერს საქართველოს ნაკრებს საფრანგეთთან უნდა ეთამაშა შესარჩევი მატჩი, სტადიონი კი საერთაშორისო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა. ბევრს ჰგონია, რომ მხოლოდ სკამები შეიცვალა და ფასადი შეიღება. ასე არაა - მთელი სტადიონი თავიდან გადაგეგმარდა. აპრილში გვითხრეს, რომ რეკონსტრუქცია უნდა მოგვესწრო და უზარმაზარი სამუშაო ჩატარდა.
Sportall.Ge
გასახდელებიდან მოედნამდე გამავალი ძველი გვირაბი სულ წყალში იყო, ხოლო ჩრდილოეთ ტრიბუნისკენ მდებარე კარი სამხრეთისაზე - 14 სანტიმეტრით მაღალი აღმოჩნდა. იყო პანიკა, ეს გრუნტის წყლების ბრალია, სტადიონი წყალში იძირება და ვიღუპებითო. მამაჩემმა მარტივი გამოსავალი იპოვა, წყალმომარაგება 3 საათით გადაკეტა და წყლის დონემ 60 სანტიმეტრით დაიწია: წყლის და კანალიზაციის მილები უვარგის მდგომარეობაში იყო და ყველაფერი ამის ბრალი იყო.

მაშინდელი მთავრობა არქიტექტორებს უნდობლად და არაკორექტულად ექცეოდა. ან ფიქრობდნენ, რომ პროფესიონალებზე მეტი იცოდნენ და სურდათ, რომ სტადიონის ფასადი ჭრელ ფერებში შეგვეღება. რაღაცნაირად დავარწმუნე, რომ ეს სწორი არ იქნებოდა. ფსიქოლოგიური კვლევები დაიდო, რომ ერთი ფერი მოთამაშეებსა და მაყურებელზე გაცილებით დადებითად მოქმედებს და მერე ჭრელ ფერებზე უარი თქვეს. მსოფლიოს ბოლო ჩემპიონატზე ბრაზილიაში ასეც იყო.

სხვათა შორის, სტადიონის ფორმასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ბოლო სოციოლოგიურმა და ფსიქოლოგიურმა კვლევებმა ძალიან გამაკვირვა: სიმეტრიულ სტადიონზე მოთამაშეები და მაყურებლები თავს უფრო კომფორტულად გრძნობენ, ასიმეტრიულზე კი - იბნევიან. ასეთი იყო ერევნის "რაზდანი" და ბაქოს "ტოფიკ ბახრამოვი", სადაც თამაში მაინცდამაინც სასიამოვნო არ ყოფილა. ჩვენი კი სიმეტრიული ფორმისაა.

ჩემთვის დიდი მოულოდნელობა იყო, როდესაც სტადიონის კომპიუტერული ვერსიის გაკეთების შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ის იყო პარაბოლა და სტადიონის ძალიან კარგი აკუსტიკა ამის შედეგია.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"

ასევე იხილეთ:
რა ფერში უნდა შევღებოთ "დინამო არენა"? კამათი დაიწყო
მკითხველის კომენტარები / 5 /
არ დამავიწყდება, ,,ლივერპულთან" თამაშზე ბილეთი რომ მოუტანა ნათლიაჩემმა, მამაჩემი სამსახურში იყო. ვერ მოვითმინე საღამომდე და წავუღე. უნდა გენახათ, თანამშრომლები რა დღეში იყვნენ, ხან ვინ სთხოვდა, დამითმეო და ხან- ვინ,--შენ კიდევ მოგიტანენო. ნეტა, იმ დროს--ფეხბურთით რომ ვცხოვრობდით მართლა.
დიანა
21:27 07-02-2015
0
Gmertma amravlos tqvenairi qartveli profesionalebi tsarmatebebi.dinamo arena martlats ulamazesia. Iqneb jobdes stadions movashorot sarbeni bilikebi da amis xarjze gavzardot raodenoba.
Gala
16:01 27-12-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული