ევროპის სუპერთასი მთელ საქართველოს შემოივლის - რას მოიგებს ქვეყანა?

AutoSharing Option
რა გეგმები მუშავდება თბილისის მერიაში სპორტული ცხოვრების ასაღორძინებლად, რა ინფრასტრუქტურული პროექტები და მიმართულებები განიხილება და რატომ ურჩევენ თბილისელებს სუპერთასისა და ოლიმპიადის გამო თადარიგის დაჭერას - ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე "ლელოს" თბილისის მერის მოადგილე და სპორტის მიმართულების კურატორი ალუდა გოგლიჩიძე ელაპარაკა...

Sportall.Ge- ევროპის სუპერთასისთვის "დინამო არენის" რეკონსტრუქცია დაწყებულია. ამ ღონისძიებაზე მერიამ საკმაოდ სოლიდური თანხები გამოჰყო. აქედან რა შედეგებს ელით?
- ჩვენი ჩანაფიქრით, "დინამო არენა" უეფას სტანდარტებს სრულად დააკმაყოფილებს და რეგიონში ყველა პარამეტრით საუკეთესო სტადიონი იქნება. დიზაინით ისედაც საუკეთესოა. გარდა ამისა,
ვგულისხმობ განათების, ხმოვანი, ციფრული ტექნოლოგიების სისტემებსა და ასე შემდეგ.

თანამედროვე სტადიონი არა მხოლოდ სპორტულს, არამედ ნებისმიერი დონის ღონისძიებას უმასპინძლებს.

2015 წელს თბილისის სპორტული ცხოვრება საერთაშორისო მოვლენებით გადატვირთული იქნება და სოლიდური სახსრებიც გამოიყო: მაგრამ სუპერთასი და ახალგაზრდული ოლიმპიადა მაინც განსაკუთრებული შანსია საიმისოდ, რომ საქართველო მსოფლიოში ღირსეულად წარმოვაჩინოთ.

ამას გარდა, ღონისძიებებში საზოგადოების ჩართვის სტრატეგიის შემუშავებაზეც ვმუშაობთ.

- რას გულისხმობთ?
- ყველა ინტერესთა ჯგუფს მიეცემა საშუალება, არა მხოლოდ ინფორმირებული იყოს მოსამზადებელ სამუშაოებზე, არამედ მასში თავადაც ჩაერთოს. ამის მაგალითად "დინამო არენის" ტრიბუნებისთვის ფერების შერჩევაც გამოდგება. ასეთი საკითხი ერთი კაცის ახირებებით არ უნდა წყდებოდეს. ხალხი სწორედ აზრის შესაჯერებლად მოვიწვიეთ.

გაირკვა, რომ ამ სტადიონისთვის ბუნებრივი იქნებოდა ლურჯი და თეთრი ფერები. სუპერთასის სამთავრობო კომისიის სხდომაზე სწორედ ეს აზრი გავითვალისწინეთ. თემას დავუბრუნდები და ვიტყვი, რომ სუპერთასითა და ახალგაზრდული ოლიმპიადით არა მხოლოდ ერთჯერადი, არამედ გრძელვადიანი ეფექტის მიღება გვსურს.

- საიმიჯო ეფექტს გულისხმობთ თუ ფინანსურ სარგებელსაც?
- ცხადია, საიმიჯოდაც სასურველია და ეკონომიკურ ეფექტზეც ვფიქრობთ. მეტიც, ამით გრძელვადიან ეკონომიკურ გათვლასაც ვაკეთებთ. თბილისში საკმაოდ ბევრ სტუმარს ველით და ეს მატჩი უნდა გახდეს მათი მაპროვოცირებელი, რომ აქ დაბრუნების, დასვენებისა და გართობის სურვილი გაუჩნდეთ.

გარდა ამისა, პირადად ვიცი, რომ ხალხმა სუპერთასზე ფოკუსირება და რამდენიმე სასტუმროს მშენებლობაც დაიწყო, რადგან მასზე დიდი მოთხოვნა იქნება. მაგრამ ეს არ უნდა იყოს ერთეული შემთხვევები, მოსახლეობამ ღონისძიებას უნდა შეხედოს არა როგორც კარგ მატჩს, არამედ, როგორც კომერციულად მომგებიან პროექტს, რითიც თავადაც ისარგებლებს. თბილისის მერია ამ ყველაფერს გრძელვადიან ინვესტიციად განიხილავს და არა - ერთი მატჩის სამზადისად.

უკრაინამ ევროპის ჩემპიონატით 37 მილიარდი მიიღო. ცხადია, ჩვენ ამხელა შემოსავალი არ გვექნება, რადგან ერთი მატჩი ტარდება, მაგრამ მოგება ჩვენც აუცილებლად გვექნება.

სხვათა შორის, ევროპის სუპერთასი მთელ საქართველოს შემოივლის და ესეც ცალკე თემაა. მოკლედ, ბევრნაირი ეფექტი უნდა მივიღოთ და, რაც მთავარია - გრძელვადიანი.

- ამ თემაზე ენთუზიაზმით კი საუბრობთ, მაგრამ მცირე ხნის წინ, სუპერთასის მატჩთან დაკავშირებით, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ თბილისის მერია გულგრილობაში დაადანაშაულა...
- ჩვენ ორიენტირებულები ვართ თანამშრომლობაზე და ძველ თემებს აღარ დავუბრუნდები. მთავარია, რომ ურთიერთობები პარტნიორულ რელსებზე გადავიყვანეთ.

- ამ თემაზე რევაზ არველაძე მოზომილ და შემრიგებლურ კომენტარებს აკეთებდა. ეს პარტნიორობა მისი დამსახურებაა?
- არა მხოლოდ მისი, ჩვენი სურვილი საქმის კეთებაა და არა - კინკლაობა. ხალხმა ამისთვის აგვირჩია. პროცესი კარგად მიდის, რაც უეფას ანგარიშებშიც აისახება. მცირე დროში ძალიან დიდი სამუშაო ჩატარდა. ჩვენ ხალხის თანხებს განვაგებთ და ვალდებულები ვართ, ეფექტურად ვიმუშაოთ, ერთხელ გაკეთებულ საქმეს ხელმეორედ რომ აღარ მივუბრუნდეთ. სხვათა შორის, ბევრს ჰგონია, რომ 2006 წელს სტადიონს კაპიტალური რეკონსტრუქცია ჩაუტარდა...

- აბა, რა იყო ის, რაც გაკეთდა?
- მაშინ მოთხოვნა იყო, რომ რეკონსტრუქცია მალე დასრულებულიყო და სისწრაფეში ბევრი პრობლემა დაიფარა. მაგალითად, ახლა სტადიონის გამაგრებითი სამუშაოებიც ჩასატარებელია. კიდევ მრავალი პრობლემაა, მაგრამ არა უშავს, ყველაფერს მოევლება.

- მთლიანობაში, 2015 წელს თბილისის ბიუჯეტში სპორტისთვის რა თანხებია გამოყოფილი?
- დაახლოებით, 40 მილიონ ლარზეა ლაპარაკი. მარტო ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე 28 მილიონია გათვალისწინებული, სუპერთასზე 9 მილიონი და ასე შემდეგ.

- საფეხბურთო სამყაროს პრობლემებზეც უნდა გკითხოთ. ფეხბურთის კლუბს არ აფინანსებს საქართველოს ქალაქების დაახლოებით 35 პროცენტი. უცნაურია, რომ ერთ-ერთი ასეთი ქალაქი ყველაზე შემოსავლიანი თბილისიცაა. მეორე: საფეხბურთო სკოლებს გადასახადები ახრჩობთ და თავის გადასარჩენად, ვარჯიშების საზღაურს ზრდიან. გერმანიაში კი, სკოლების კომუნალურ გადასახადებს საკუთარ თავზე სახელმწიფო იღებს. ჩვენს შემთხვევაში, ეს დიდი ხარჯი არ იქნება, მაგრამ საფეხბურთო სკოლების გადარჩენის წინაპირობა კი გახდება. ამაზე რას ფიქრობთ?
- ჩვენ პროგრამული ბიუჯეტი შემთხვევით არ მიგვიღია: დაფინანსებული პროექტებიდან შედეგები უნდა მივიღოთ და საზოგადოების საჭიროებებიდან გამოვდივართ. ახლა საქალაქო სამსახურებში ვითარებას სწავლობენ, თუ რა სჭირდება თბილისს და ამის შესაბამისად ვიმოქმედებთ.

მერის მოადგილემ ხალხს ჩემი პირადი აზრი კი არ უნდა მოვახვიო, არამედ საზოგადოების ჩართულობითა და მისი ინტერესის გათვალისწინებით უნდა ვიმოქმედო.

სამწუხაროდ, მერია ისეთ დროს ჩავიბარეთ, როცა დედაქალაქს არ ჰქონდა სპორტის განვითარების სტრატეგია. ასეთი დოკუმენტი აუცილებლად ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით უნდა შეიქმნას, სადაც ჩვენ შორის ფუნქციები გადანაწილდება. თუ გადაწყდება, რომ კლუბი ყველა ქალაქმა უნდა დააფინანსოს, ცხადია, თბილისში ასეც იქნება.

ისე, დედაქალაქის გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივაში ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ახლაც განიხილება მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობა. ამას ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ერთ-ერთ ფორმად განვიხილავთ.

- სპორტული სტრატეგიის არქონის მაგალითია ისიც, რომ ბოლო 20 წელიწადში თბილისში ბევრი საფეხბურთო სკოლა და სტადიონი დაიკარგა. მერია ახალი სტადიონის მშენებლობას ხომ არ გეგმავს?
- ასეთ დეტალებში ჩინოსანი არც უნდა ერეოდეს. როცა დავითვლით, რამდენი სტადიონია საჭირო, იმდენი აშენდება და არა ისე, რამდენი სტადიონის აშენება სურს ალუდა გოგლიჩიძეს ან დავით ნარმანიას.

ისევ დაგეგმვის ტექნოლოგიებამდე მივდივართ: ერთია საჭიროება, მეორე ის, თუ რას ემსახურება პროექტი. ინფრასტრუქტურული მშენებლობა ისე უნდა დავგეგმოთ, რომ ხელმისაწვდომი იყოს რაც შეიძლება მეტი ჯგუფისთვის. ესაა ჩემი პასუხი - ჯერ ხარისხიანად უნდა დავგეგმოთ, რა და როგორ სჭირდება ქალაქს და მერე ეს ჩანაფიქრი ხარისხიანადვე განვახორციელოთ. ეს იმიტომ, რომ მოთხოვნები დიდია, რესურსი კი - ნაკლები.

ჩვენ ანგარიშვალდებულები ვართ ხალხთან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
რა დააშავა და მაგარი უნიჭოები არიან და ტყუილად იყრება ფული .მაგას ჯობია სხვა სპორტს მიეცეს შანსი.
jijis
15:32 18-01-2015
0
უკრაინამ ევროპის ჩემპიონატით 37 მილიარდი მიიღო. ცხადია, ჩვენ ამხელა შემოსავალი არ გვექნება, რადგან ერთი მატჩი ტარდება, მაგრამ მოგება ჩვენც აუცილებლად გვექნება.



კაცი რომ ამხელა ტყუილს იტყვის, ის თავის სავარძლაიანდ უნდა მოსთხარო კაბინეტიდან და მოისროლიო კავკასისი ქედებს იქეთ...
საერთოდ გაგებაში არაა რეებს ბოდიალობს ეს საცოდავი არსება.
ჯორდანო უბრუნებელი
21:29 14-01-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული