2011 წლის 22 იანვარს, სასტუმრო "ჰოლიდეი ინში", ფეხბურთის ფედერაციის XIX საარჩევნო ყრილობაზე, სიჭინავას კონკურენტი არ ჰყოლია და, რეალურად, სხვა კანდიდატების აქტიურობას აზრი არც ჰქონდა.
საინტერესო იქნება, გავიხსენოთ, რა დაპირებებით მოვიდა სიჭინავა ფედერაციაში და აქედან რა შესრულდა...
მე ამისგან გავაკეთებ!..
"თემურმა თავისი პროფესიონალიზმი დაამტკიცა. რეგიონებში მაღალი დონის სტადიონების აშენება და ეროვნული ჩემპიონატის დონის აწევაა საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეროვნული ნაკრების სათანადო კადრებით მომარაგება არ მოხდება და საქართველოში ფეხბურთი კერძო ხდება და ამის შესახებ სხვადასხვა ადამიანთან მიმდინარეობს მოლაპარაკება. 2012 წელს საქართველოში უეფას სტანდარტების დონის სტადიონის აშენება იგეგმება.
2011 წელს კახეთში ქალთა ფეხბურთის ბაზა გაკეთდება. შეიქმნება ბავშვთა ფეხბურთის ასოციაცია. ყველა კლუბი და სკოლა ვალდებული იქნება, დააზღვიოს თავისი კადრები. დაიწყება სკოლების ლიცენზირება.
კვლავ უნდა აღდგეს საქართველოში მსაჯთა აკადემია. 2010 წლის 29 დეკემბერს კომპანია "სოკარი" ფედერაციის გენერალური სპონსორი გახდა. სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხები კი საშუალებას გვაძლევს, ეროვნულმა ნაკრებმა საუკეთესო წვრთნები გაიაროს.
ფინანსური პრობლემები, რომლებიც ფედერაციაში დაგვხვდა, მოგვარდა და ვალების დიდი ნაწილი გასტუმრებულია. სავარაუდოდ, 2012 წელს ფედერაციას არანაირი დავალიანება აღარ ექნება.
უეფასთან გაგრძელდება მჭიდრო კავშირი. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საპრეზიდენტო არჩევნებში მიშელ პლატინის უჭერს მხარს", - განაცხადა ყრილობაზე სიჭინავამ და შემდეგ პრესკონფერენციაზე პირობა დადო, რომ ფეხბურთის განვითარებისთვის ყველაფერს გააკეთებდა.
მისი თქმით, წინა პრეზიდენტობის დროს (უმცროსი ნოდარ ახალკაცის გადადგომის შემდეგ რიგგარეშე ყრილობაზე წელიწადნახევრით აირჩიეს) ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ნაკრების მთავარ მწვრთნელად თემურ ქეცბაიას დანიშვნა იყო და პრიორიტეტად მისთვის კონტრაქტის გაგრძელება და ეროვნული ნაკრების გაძლიერება დასახა...
ბევრიც შესრულდა...
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ქეცბაიასთან კონტრაქტის გახანგრძლივება მოახერხა, მაგრამ დანარჩენი დაპირებებიდან რა შესრულდა? უეფასთან კავშირი მართლაც განმტკიცდა. ასაკობრივ ნაკრებთა უჩვეულოდ ბევრი შესარჩევის თუ ელიტრაუნდის მასპინძლობა მოგვიწია;
სიჭინავას დროს თბილისში ჩატარდა ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალი;
ამას გარდა, მისივე მმართველობის პერიოდში, უეფამ ჩვენთვის ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და 2015 წლის აგვისტოში თბილისს ევროპის სუპერთასის მატჩის მასპინძლობაც ანდო;
სიჭინავას პლუსია ისიც, რომ ინფრასტრუქტურას დიდ დროს და ყურადღებას უთმობდა. რამდენიმე ქალაქში (გორი, ფოთი, სამტრედია, მარტვილი, ზუგდიდი, ქუთაისი, ლანჩხუთი, ქობულეთი) შეიცვალა მოედანი, განახლდა "მცხეთა პარკი", "მიხეილ მესხი", აშენდა მისი სათადარიგო სტადიონი, ლაგოდეხში შენდება ნაკრების ბაზა, მოფერიანდა ფედერაციის ტექნიკური ცენტრი "ბასა", სადაც ფეხბურთის ფედერაციის აკადემია ჩამოყალიბდა. მისთვის ინფრასტრუქტურა კი რუსთავში შენდება - რამდენიმე მოედანი, სხვადასხვა დამხმარე დარბაზი, საცხოვრებელი კორპუსი...
ამას სიჭინავა ზურგზე ვერ აიკიდებს და ვერსად წაიღებს. ეს ყველაფერი ქართულ ფეხბურთს რჩება, ანუ ეს მოქმედი პრეზიდენტის აქტივშია, მაგრამ...
2012 წლის 1-ლი ოქტომბრის შემდეგ ახალ ხელისუფლებასთან ურთიერთობა გაუჭირდა და ინფრასტრუქტურული პროექტები ძველი ტემპით ვეღარ გაგრძელდა. 2012 წლიდან მოყოლებული, საქართველოში რამდენიმე სტადიონი მოწესრიგდა, მაგრამ უეფას სტანდარტების სტადიონი ვერც ბათუმში აშენდა და ვერც ფოთში.
უტოპიური გამოდგა თბილისში ევრო 2020-ის მასპინძლობის იდეა. საბოლოოდ, ეს უფლება ევროპის 13-მა ქალაქმა მიიღო, მაგრამ ამ სიაში ჩვენი დედაქალაქი ვერ მოხვდა.
სამწუხაროდ, სიჭინავას დროს ვერც ყველა კლუბისა და სკოლის კადრების სავალდებულო დაზღვევა მოხერხდა, მაგრამ სამართლიანობისთვის ისიც ვთქვათ, რომ ეს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური გარემოს ბრალი უფრო იყო და პასუხს მხოლოდ ფედერაციის პრეზიდენტს ვერ მოვთხოვთ.
დაიწყო სკოლების ლიცენზირება, მაგრამ სკოლების კატეგორიებად დახარისხებას სათანადო გაგრძელება აღარ მოჰყვა. სამწუხაროდ, ვერც მსაჯთა აკადემია აღდგა.
დაცემული რეიტინგები
ამ ოთხი წლის განმავლობაში სიჭინავა ბევრს ეცადა, საფეხბურთო ინფრასტრუქტურა და ეროვნული ჩემპიონატი რომ განევითარებინა, მაგრამ საბოლოოდ, შედეგები მაინც მძიმეა.ის ფედერაციაში 2009 წელს მივიდა, როცა ეროვნული ნაკრები ფიფას რეიტინგში 124-ე ადგილზე იყო. 2011 წლის დასაწყისისთვის ქვეყნის უპირველესი გუნდი 73-ე ადგილზე დაწინაურდა და წინსვლის იმედიც გაჩნდა, მაგრამ სიჭინავას პრეზიდენტობის 4-წლიანი ვადის დასრულების შემდეგ "ჯვაროსნები", მათთვის სამარცხვინოდ, "სარეკორდო" 126-ზე საფეხურზე არიან...
სიჭინავა ეროვნული ნაკრების კადრებით მომარაგებასა და მის წარმატებას საქართველოს ჩემპიონატის დონის გაზრდას უკავშირებდა. ძალიან გვინდა, ჩვენი ფეხბურთის აღმავლობაზე ვილაპარაკოთ, მაგრამ ვერც ეს დაპირება შესრულდა. პირიქით, მთლად უკან-უკან წავედით. ციფრები არ ტყუიან - ფიფასა და უეფას რეიტინგები ხომ ის ინდიკატორებია, რომლებიც ფეხბურთის მდგომარეობას აჩვენებს. უეფას საკლუბო კოეფიციენტი კი ჩემპიონთა და ევროპის ლიგებში ქვეყნის გუნდების გამოსვლის შედეგებით ჯამდება.
ამჟამად, უეფას საკლუბო რეიტინგი ჩვენი ფეხბურთის არასახარბიელო მდგომარეობაზე მიგვითითებს. 2014/15 წლების სეზონის მაჩვენებლებით, საქართველო ამ რეიტინგში 42-ე ადგილზეა. დიდ ლიგებთან ჩამორჩენას ვინ ჩივის? აღარც იმას ვდარდობთ, ჩვენზე წინ არიან ბელორუსი (მე-14 ადგილი), აზერბაიჯანი (24), ყაზახეთი (25)... კატასტროფაა, რომ ჩამოვრჩით საკმაოდ სუსტი ჩემპიონატების მქონე ირლანდიას (35), მოლდოვას (36), ესტონეთს (39), ჩრდილოეთ ირლანდიას (39) და თვით ლიხტენშტაინს (30), ისლანდიასა (31) და ფარერის კუნძულებსაც (41) კი.
ვუსწრებთ მაკედონიას (43), ალბანეთს (44), ჩერნოგორიას (45), ლიტვას (46), სომხეთსა (49) და ლატვიას (51).
შეგახსენებთ, რომ 2010/11 წლების სეზონში უეფას საკლუბო რეიტინგში საქართველო 34-ე პოზიციაზე იმყოფებოდა.
ფიფასა და უეფას რეიტინგებზე დაყრდნობით, მარტივი დასკვნა შეიძლება გაკეთდეს - ბოლო ოთხ წელიწადში ჩვენი ფეხბურთის დონე კატასტროფულად დაეცა.
სპონსორებისა და კერძო კლუბების დეფიციტი
სიჭინავას აქტივშია 18 მილიონი ლარის დავალიანების გასტუმრება, მაგრამ მან ვერ შეძლო სპონსორებთან ურთიერთობა. "სოკარის" შემდეგ ფეხბურთის ფედერაციას სერიოზული სასპონსორო კონტრაქტი არ გაუფორმებია. სიჭინავას შემდგომი დაპირება კლუბებისთვის კერძო მეპატრონეთა მოძიება იყო. ფაქტები მეტყველებს, როგორი "კერძოც" გახდა საქართველოში ფეხბურთი. 2010/11 წლების სეზონში უმაღლეს ლიგაში 10 გუნდი თამაშობდა. მათგან კერძო საკუთრებაში იყო 5 - "ზესტაფონი", თბილისის "დინამო", "მეტალურგი", "ტორპედო" და "ვიტ ჯორჯია".
სიჭინავას დაპირებიდან 4 წელი გავიდა და მიმდინარე სეზონში, უმაღლესი ლიგის 16 გუნდიდან კერძო საკუთრებაში მხოლოდ ოთხია - თბილისის "დინამო", "ჩიხურა", "მერანი" და "ვიტ ჯორჯია".
კერძო კლუბები იყვნენ და სახელმწიფო ბალანსზე გადავიდნენ "მეტალურგი" და "ტორპედო". ამავე გზას დაადგა "ზესტაფონიც" - კლუბიდან პრეზიდენტი ილია კოკაია წავიდა და ინფრასტრუქტურა სახელმწიფოს გადაულოცა.
ცნობილი ამბავია - ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად არჩევიდან 45 წუთში გიორგი ნემსაძე რომ გადააყენეს, ნოდარ ახალკაცს სფფ-ში დარჩენა აღარ სურდა, მაგრამ იძულებული გახადეს, დარჩენილიყო. მერე კი თქვა, რომ პოსტს ნაკრების ჩავარდნის გამო ტოვებდა. იმიტომ, რომ ფედერაციის პრეზიდენტის მუშაობას ნაკრების შედეგები განსაზღვრავს.
ზემოთ უკვე ნახეთ, რა შედეგებიც გვქონდა სიჭინავას პრეზიდენტობისას. რაც მთავარია, სფფ-ის მოქმედმა თავკაცმა მანდატი 4 წლით მიიღო და არა 4 წლითა და 9-10 თვით - ეს დამატებით ლამის ერთი წელი გამოდის.
გაუარესებული შედეგების ფონზე, ამხელა ვადის დამატება გაუგებარი და მიუღებელია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"