ქართული სპორტის ლიდერები: შოთა იამანიძე - ლეგენდარული კაპიტანი

AutoSharing Option
...თვე არ გავა, ტოტალიზატორ "ლიდერბეთში" დასამახსოვრებელი ღონისძიება რომ არ გაიმართოს: ჩვენი კოლეგების, ბიძინა ბარათაშვილის, ლევან სალუქვაძისა და გიგა გვენცაძის ინიციატივით, უკვე ორი წელიწადია წარსულისა თუ თანამედროვე ქართული სპორტის გამორჩეული სპორტსმენების ღვაწლის გახსენება ხდება.

"ქართული სპორტის ლიდერები" - აი, ასეთია გამოჩენილ ქართველ სპორტსმენებთან ამ ტრადიციული შეხვედრების სლოგანი და ამ წამოწყების ინიციატორებს არც ის ლეგენდები ავიწყდებათ, დღესდღეობით ცოცხლები რომ არ არიან...

...შოთა იამანიძე ქართული ფეხბურთის ისტორიაში მუდამ დარჩება, როგორც ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე და, რაც მთავარია, მართლაც ლეგენდარული იმ "ოქროს ბიჭების" კაპიტანი! ჰო,
სწორედ შოთა იამანიძის კაპიტნობით მოიპოვა თბილისის "დინამომ" თავისი პირველი ტიტული, როცა 1964 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა.

...17 წლის ასაკში "დინამოში" ჰქონდა დებიუტი (1954 წელს), მომდევნო წლიდან კი გენიალურმა ქართველმა მწვრთნელმა ანდრო ჟორდანიამ უდიდესი ნდობა გამოუცხადა და კარიერის დამთავრებამდე 13 სეზონის განმავლობაში, შოთა იამანიძე "დინამოს" ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ. გამორჩეული ტექნიკაც ჰქონდა, პასის მაღალი "კულტურაც"და მოედნის ჩინებული ხედვაც, თანაც, უნივერსალიზმითაც გამოირჩეოდა: ჯერ მარცხენა გარემარბი გახლდათ, მერე - ინსაიდი, შემდეგ - ცენტრფორვარდი, დაბოლოს - ცენტრალური ნახევარმცველიც!

Sportall.Ge1961 წლამდე "დინამოს" თავის ისტორიაში მხოლოდ და მხოლოდ სამი კაპიტანი ჰყავდა; ჰოდა, სწორედ იმ სეზონში გადაიბარა შოთა იამანიძემ "ესტაფეტა" ავთანდილ ღოღობერიძისგან (მანამდე "დინამოს" შოთა შავგულიძე და ბორის პაიჭაძე კაპიტნობდნენ).
ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთმა გამორჩეულმა მოთამაშემ, შოთა იამანიძემ კარიერა 30 წლის ასაკში დაასრულა.

"დინამოს" შემადგენლობაში 400-მდე ოფიციალური (!) მატჩი ჩაატარა და 91 (!) გოლი გაიტანა. საბჭოთა კავშირის ჩემპიონობის გარდა, სამჯერ გახდა ბრინჯაოს პრიზიორი, ასევე სამჯერ დაასახელეს "33 საუკეთესოს" შორის.

სამწუხაროდ, 1971 წელს, 34 წლის ასაკში ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

..."ლიდერბეთში" გამართულ ღონისძიებაზე შოთა იამანიძის ჩინებული საფეხბურთო და არანაკლებ გამორჩეული პიროვნული თვისებები კიდევ ერთხელ გაიხსენეს "დინამოს" ლეგენდარული კაპიტნის მეგობრებმა, ვეტერანმა ფეხბურთელებმა, სტაჟიანმა გულშემატკივრებმა თუ ჩვენმა კოლეგებმა: კახი კავსაძემ, ომარ მხეიძემ, ვაჟა აზარაშვილმა, ნუგზარ ღამბაშიძემ, ზორბეგ ებრალიძემ, ნომალ მაისურაძემ, ბესარიონ მჭედლიშვილმა, დევი დობორჯგინიძემ, ვერნი ალფაიძემ, დავით ქლიბაძემ, გია გორგოძემ, თენგიზ პაჭკორიამ, ბიძინა ბარათაშვილმა.

ამ ღონისძიებას კი ტრადიციული ორატორობით და სიტყვაუხვობით ჩვენი კოლეგა ჯამლეტ ხუხაშვილი უძღვებოდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ შოთა იამანიძის ოჯახის წევრებიც (მეუღლე, შვილები, შვილიშვილები), რომლებმაც მადლობა გადაუხადეს ორგანიზატორებს "ოქროს ბიჭების" კაპიტნის გახსენებისათვის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული