[იდეა] როგორ უნდა იმატოს მაყურებელმა - სალხინოს დერბი, როგორც მოდელი

AutoSharing Option
ფოტოზე: გლდანში, ამერის სტადიონზე, გულშემატკივარი ყოველთვის მრავლად იყო
წელს ვანის რაიონის სოფელ სალხინოში, სააღდგომო დერბი გაიმართა - ერთმანეთს მდინარის გამოღმა ("ხიდისთავი") და გაღმა ("ჩანჩქერი") მცხოვრებთა გუნდები შეხვდნენ. მონაწილეობის უფლება სოფელში დაბადებულ ყველა ადამიანს ჰქონდა. იდეის ავტორი და ორგანიზატორი ყოფილი ფეხბურთელი და პარლამენტარი დავით ლორთქიფანიძე გახლდათ.

სოფლის დერბიმა იმხელა ინტერესი გამოიწვია, ტრადიციული გახდა და წლეულს მე-15-ედ გაიმართა. შეხვედრას 1000-დან 2000 გულშემატკივრამდე ესწრება და ასევე ტრადიციად დამკვიდრდა, რომ ლორთქიფანიძე ყოველი თამაშის დასრულების შემდეგ ბავშვთა გუნდებს სპორტულ ინვენტარს ჩუქნის.

მსგავსი ტრადიცია ბევრ სოფელში
იყო, მაგრამ ზოგან ჟინი აღარ შემორჩათ, ზოგან კი უბრალოდ - ინტერესი და ხალისი...

ცარიელი ტრიბუნები
ცხადია, ერთი კონკრეტული სოფლის დერბი სხვებისთვის იმდენად საინტერესო ვერ იქნება, როგორც სალხინოელებისთვის. მაგრამ თავად ეს იდეაა მისაბაძი და ქართული ფეხბურთის მომავლისკენ გვახედებს.

მაყურებელი ჩვენს ფეხბურთს ისე ნამდვილად აღარ სწყალობს, როგორც დამოუკიდებლობის პირველ წლებში. ეს განსაკურებით თბილისზე ითქმის, სადაც, ხშირ შემთხვევაში, ლიდერი გუნდების შეხვედრებიც კი ცარიელი ტრიბუნების წინ ტარდება და ფეხბურთელები ერთ-ერთ მთავარ სტიმულს, მხარდაჭერას და ტაშს არიან მოკლებულნი.

გია ცეცაძე მიიჩნევს, რომ შესაძლოა, ერთ-ერთი გამოსავალი უბნების გუნდების ჩამოყალიბება იყოს. საქართველოს ჩემპიონის, "სამტრედიას" მთავარმა მწვრთნელმა, რომელმაც ჩვენი 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა, ამაზე "ლელოსთან" ილაპარაკა და გაამხილა, რომ დიდი ხანია მისი უბნის, მთაწმინდის გუნდის ჩამოყალიბების იდეა უტრიალებს თავში.

"ჩემი აზრით, არის დეტალი, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ და ეს მაყურებლის მატებას აუცილებლად შეუწყობს ხელს. წარმოიდგინეთ, ლონდონში 15 გუნდია. რეალურად, "არსენალი", "ჩელსი", "ტოტენჰემი", "ვესტ ჰემი", "კრისტალ პალასი", "ბრენტფორდი", "ქუინზ პარკი" და "უიმბლდონი" უბნებს წარმოადგენენ.

გუნდები თბილისშიც ასეთი პრინციპით რომ ჩამოყალიბდნენ, უბნის ფაქტორი აუცილებლად იმოქმედებს. მთაწმინდელი ვარ და გუნდი რომ გავაკეთო, 4-5 ათას მთაწმინდელს ვერ მოვიყვან თამაშზე?

ასეთ გუნდს უბანში ბიზნესმენებიც დაეხმარებიან და მის გარშემო სულ სხვა განწყობა იქნება. "ამერი" გლდანელებისთვის უბნის გუნდი გახდა და სტადიონი სულ ივსებოდა.

მე არ ვამბობ, რომ ეს ვითარებას რადიკალურად შეცვლის, მაგრამ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, მეტი ფინანსები და სხვა მსგავსი მომენტების შემოტანა აუცილებლად წაგვადგება", - თქვა ცეცაძემ ორი თვის წინ "ლელოსთვის" მიცემულ ინტერვიუში.

უბნის გუნდების პრეცედენტები
დიახ, ამ იდეით ჩამოყალიბდა თბილისის "ამერი", რომელიც გლდანელების საყვარელი გუნდი გახდა. ცხადია, მხოლოდ სახელი მაყურებელს ვერ მოიყვანს სტადიონზე. "ამერის" შემთხვევაშიც, მთავარი კარგი ორგანიზება და პერსპექტივა იყო და მაყურებლის სიყვარულიც ამით მოიპოვა. ამიტომაც ჟღერდა ბუნებრივად (და არა ყალბად) მისდამი მიძღვნილი "ნიკოლშოუს" სიმღერა - "შენ, ყველაზე მაგარო"!..

2002 წელს დაბადებული გუნდი უმაღლეს ლიგაში 2005 წელს გადავიდა, ზედიზედ 3-ჯერ (2006, 2007, 2008) საქართველოს თასის ფინალში გავიდა და 2-ჯერ ჯილდოს მფლობელი გახდა. ამას გარდა, დაეუფლა სუპერთასსაც, უეფას თასზე ღირსეულად ითამაშა ბერლინის "ჰერტას" წინააღმდეგ და გლდანელებმა გულშემატკივარი უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით შეიძინეს.

"საბურთალოც" უბნის გუნდის იდეას ეფუძნებოდა. 1999 წლის 20 აგვისტოს დაფუძნებული საფეხბურთო სკოლა 2005 წელს, ჰოლდინგ "იბერია ბიზნეს ჯგუფის" მისვლის შემდეგ, საფეხბურთო კლუბად გარდაიქმნა, ეტაპობრივად განვითარდა და დღეს უმაღლესი ლიგის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გუნდია: მის აღსაზრდელებს საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებებში უთამაშიათ, 2015 წლის შემოდგომაზე საქართველოს სახელით ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე პირველმა ითამაშა...

მაგრამ ვერც "ამერის" და ვერც "საბურთალოს" შემთხვევაში ნამდვილი თბილისური დერბი ვერ ვიხილეთ. იმიტომ, რომ რეალური კონკურენტი (რომელიც უბანს წარმოადგენდა) ზეობის პერიოდში არც პირველს ჰყავდა და მსგავს ვითარებაშია ახლა "საბურთალოც".

თბილისის "დინამო", "ლოკომოტივი" და სხვა თბილისური გუნდები ყველასია, მაგრამ ერთ კონკრეტულ უბანს არ ეკუთვნიან და მათ თამაშებს მსგავსი მუხტი აკლია.

რა თქმა უნდა, მხოლოდ უბნის სახელით ტრიბუნების შევსებაზე ფიქრი სასაცილოა. მაგრამ ესეც ერთ-ერთი მიზეზია, მაყურებელი რომ არ ინტერესდება, რადგან უბნური ქიშპი სპორტულ და ჯანსაღ დაპირისპირებაში სასურველ ინტრიგას იძენს. "ნაძალადევი" "ვერას" წინააღმდეგ, ან "დიდუბე"-"დიღომი" და "გლდანი"-"ვაკე" მაყურებელში ინტერესს ოდნავ მაინც გაზრდის.

ევროპის სხვადასხვა ქალაქების დერბები ("რეალი"-"ატლეტიკო", "ბარსელონა"-"ესპანიოლი", "მილანი"-"ინტერი", "ლაციო"-"რომა", "ევერტონი"-"ლივერპული", "მანჩესტერ იუნაიტედი"-"მანჩესტერ სიტი"...) ხომ მსგავს ხასიათს ატარებს, მარკეტინგული გათვლებითაც მომგებიანია და მაყურებელსაც იზიდავს.

დინამო, როგორც რიგითი კლუბი
ბევრს ჰგონია, რომ 1925 წელს დაარსებული თბილისის "დინამო" თავიდანვე ქართული ფეხბურთის ლიდერი იყო. სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" "ლელოს" პარტნიორის, Dinamo Tbilisi cup winner cup 1981-ის ადმინისტრაციის დახმარებით საინტერესო ისტორიული მასალები გამოქვეყნდა, საიდანაც ირკვეოდა, რომ 30-იანი წლების პირველ ნახევარში თბილისელი გულშემატკივარი ოთხ მტრულ ბანაკად იყო გაყოფილი - ზიი-ს (ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტი, თბილისის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის წინამორბედი), ტსპო-ს (მომხმარებელთა საზოგადოებების კავშირი), "ლოკომოტივისა" და "დინამოს" ქომაგებად.

ეს იყო ერთმანეთის წინააღმდეგ მებრძოლი ოთხი შეურიგებელი ბანაკი. საინტერესოა, რომ ყველაზე მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი ჰყავდა არა "დინამოს", ან თუნდაც "ლოკომოტივს", არამედ, ზიი-ს, რადგან ეს იყო სტუდენტების, თბილისის ახალგაზრდობისა და საერთოდაც, დედაქალაქის ყველაზე პოპულარული და სახალხო გუნდი.

"დინამოც" პოპულარული იყო, მაგრამ მას პატრონიც აკლდა და ტიტულებიც, ქალაქის ჩემპიონობისთვის კი ზიი და ტსპო იბრძოდნენ, შესაბამისად, ყველაზე "ხმაურიან ტრანსფერებსაც" ისინი ახორციელებდნენ.

ყველაფერი 1936 წლის გაზაფხულზე შეიცვალა, როცა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი დაიწყო, სადაც ქართული ფეხბურთი ერთ ძლიერ გუნდს უნდა წარმოედგინა. საქართველოს ფეხბურთის შეფებმა მოულოდნელი არჩევანი "დინამოს" სასარგებლოდ გააკეთეს და სხვა გუნდებიდან საუკეთესო ფეხბურთელები იქ შეკრიბეს, მათ შორის, ზიი-ს ფოთელი ვარსკვლავები - ბორის პაიჭაძე, ვლადიმერ ბერძენიშვილი, გრიგოლ გაგუა, გვაჩი ჯორბენაძე...

დღეს თბილისური დერბი არ გვაქვს და ცხადია, ფინანსური სიმწირე ანალოგიურ შანსს სხვა ქალაქებშიც არ გვაძლევს. არადა, ერთი ქალაქის გუნდების დაპირისპირება ნებისმიერი ქვეყნის საფეხბურთო ცხოვრებას ალამაზებს და კარგი სანახავი იქნებოდა ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის, გორის, ზუგდიდის, ფოთის, სამტრედიისა და ზესტაფონის დერბები. ახლა კი ლაპარაკი თბილისურ, იმერულ თუ აჭარულ დერბებზე სიყალბენარევია...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
კარგი იდეაა და ამ საქმეში ყველაზე დიდი როლი ჟურნალისტებს შეგიძლიათ შეიტანოთ. სტატიებში და სიუჟეტებში მოიხსენიეთ, დინამო დიდუბელებად, ლოკომოტივი ვაკელებად, საბურთალოელები ახსნეთ და ხშირად გაუსვით ხაზი რომ თვითმყოფადობა დაფუძნდეს ხალხში!
zaza
18:31 23-04-2017
0
უნდა მოეწყოს სამოყვარულო ტურნირი ქვეყნის მასშტაბით და ტელევიზიიით გადაიცეს
giorgi
15:53 23-04-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული