პრეცედენტი განსჯისთვის - ასეთი კლუბი ბიზნესს დააინტერესებს

AutoSharing Option
ფოტოზე: ასეთი იქნება ზუგდიდის ახალი მთავარი არენა
ის, რასაც ახლა გაიგებთ, ვფიქრობთ, ყველა სახელმწიფო კლუბისთვის მაგალითად გამოდგება - როგორ შეიძლება რეგიონის კლუბით ინვესტორი დაინტერესდეს.

"ლელო" უკვე წერდა, რომ მალე ზუგდიდელებს ახალი სტადიონის აშენებას, ხოლო გუნდს 2016/17 წლების სეზონის საკუთარ არენაზე დაწყებას შეჰპირდნენ. სტადიონი "ენგურქაღალდკომბინატის" ტერიტორიაზე აშენდება...

ამის თაობაზე "ზუგდიდის" პრესსამსახურმა დამატებითი ინფორმაცია გაავრცელა. ახალ სტადიონს მეორე, ხელოვნურსაფარიანი სავარჯიშო არენაც დაამშვენებს, რომელსაც ასევე ტრიბუნები ექნება. გარდა ამისა, ადგილობრივი ხელისუფლება "ზუგდიდს" საკუთრებაში გადასცემს განმუხურისა და ზედა ეწრის სტადიონებს, ასევე, რუხის სპორტულ ბაზას.
ბოლო ორის სრული რეაბილიტაციაც იგეგმება.

"ზუგდიდის" დირექტორის, გელა ინალიშვილის თქმით, ეს ყველაფერი კლუბის მომავლისთვის კეთდება:

"სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ზუგდიდის გუნდი უმაღლეს ლიგაში მხოლოდ ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოდა. ამას სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზები ჰქონდა. ჩვენ არსებული ვითარება არასდროს დაგვიმალავს - რეალობას ვერ გავექცევით.

ზუგდიდელმა ფეხბურთელებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა კლუბი უმაღლეს ლიგაში დარჩეს. მაგრამ თამამად ვაცხადებ - "ზუგდიდმა" არასტაბილურობის პერიოდი დაასრულა და ახლა მხოლოდ განვითარებაზე ვართ ორიენტირებულები. ამის თქმის მყარ საფუძველს კლუბისადმი ადგილობრივი ხელისუფლების დამოკიდებულება იძლევა.

მჯერა, ყოველი ახალი სეზონი "ზუგდიდისთვის" უფრო და უფრო წარმატებული იქნება. სამ-ოთხ წელიწადში კი გუნდი ახალ სტადიონზე საერთაშორისო მატჩებსაც უმასპინძლებს".

ინალიშვილმა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ილაპარაკა:

"პერსპექტიული თაობა მოდის და მას მხარდაჭერა სჭირდება. საფეხბურთო სკოლაში 260 ბავშვი ვარჯიშობს - გამართული მუშაობით, მათ შეუძლიათ, ქართული ფეხბურთის მომავალი შექმნან. საამისოდ კი, უპირველესად, ხარისხიანი ინფრასტრუქტურა გვჭირდება.

სამწუხაროდ, რამდენიმე წელია, ქალაქი სტადიონის გარეშეა დარჩენილი. მაშინდელი ხელისუფლების ჩარევით, ტრადიციულ საფეხბურთო ქალაქში ცენტრალური სტადიონი დაანგრიეს. ამან ფეხბურთზე ძალიან უარყოფითად იმოქმედა. უშუალოდ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თანადგომით, ზუგდიდს ახალი, მესამე კატეგორიის უეფას სტანდარტების სტადიონი ექნება, რაც ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სამომავლოდ კი "ზუგდიდი" საკმაოდ მნიშვნელოვანი უძრავი ქონების მფლობელი გახდება, რაც ინვესტორთა მოსაზიდად გადამწყვეტი ფაქტორი გახდება.

ვიმედოვნებთ რუხის ბაზის სრულ რეაბილიტაციას ადგილობრივი ხელისუფლების ხელშეწყობით. ახალი სტადიონი და დანარჩენი ობიექტებიც 2016/17 წლების სეზონის დაწყებამდე უნდა აშენდეს.

რაც შეეხება კლუბის მფლობელობაში მათ გადმოცემას, დიდი ხანია, დოკუმენტაციის მოწესრიგება მიმდინარეობს და პროცესი მალე დასრულდება. მთლიანობაში, "ზუგდიდი" ძალიან კარგი სპორტული კომპლექსის მფლობელი ხდება".

როგორც დავაზუსტეთ, ახალი სტადიონის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტს 4,5-დან 5 მილიონ ლარამდე დაუჯდება. ტრიბუნები დაახლოებით 5 ათას მაყურებელზე იქნება გათვლილი, ხოლო სათადარიგო მოედანთან სარბენი ბილიკები მოეწყობა.

ის, რაზეც ინალიშვილმა ახლა ილაპარაკა, დიდი ხნის ჩანაფიქრია. ახლა მისი განხორციელება იწყება და იმედია, ასეთი ნაბიჯებით მაინც დააინტერესებენ ბიზნესს. ამას კანონებიც არ სჭირდება - უბრალოდ, გადაეცით კლუბებს ქონება, დაუნიშნეთ წესიერი ხალხი, მიხედავენ საქმეს და ეგებ, ამ წუმპეს როგორმე დავაღწიოთ თავი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ინფრასტრუქტურა კარგია, მაგრამ ფეხბურთელების გაზრა გვესწავლა აჯობებდა!
გუჯა კახაძე
22:19 19-02-2015
0
და ძველი სტადიონი რომ დაანგრიეს - მის მფლობელებს ბოდიში მაინც მოუხადეს რო ??? რამდენი ფული ჩაიდო მაგ ძველი სტადიონის რეკონსტრუქციაში და მადლობა მაინც გეთქვათ ნორმალური ...
Tengo
14:42 19-02-2015
0

სიახლეები პოპულარული