ტარიელ ხეჩიკაშვილი: რაც შეიძლება მეტი ბიზნესმენი უნდა დავაინტერესოთ

AutoSharing Option
"ლელომ" სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, "იბერია ბიზნეს ჯგუფისა" და საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" პრეზიდენტ ტარიელ ხეჩიკაშვილს ინტერვიუ ჩამოართვა.

- აწყობილი ბიზნესი გაქვთ და პოლიტიკურ პოსტზე დათანხმება რატომ გადაწყვიტეთ?
- ჯერ მინდა პრემიერსა და სპორტულ სამყაროს ნდობისთვის მადლობა ვუთხრა. მოხარული ვარ, "საბურთალოსა" და ზოგადად, სპორტულ სამყაროში ჩემი საქმიანობა დადებითად რომ შეაფასეს.

ჩემი თანხმობით ბიზნესპარტნიორებიც გაოცებულები არიან. თუმცა სპორტი ჩემთვის ყოველთვის ძვირფასი იყო და მისი პრობლემებიც მადარდებდა. ქვეყნის წინაშე ყველას რაღაც ვალდებულება გაგვაჩნია და გამონაკლისი არც მე ვარ. თუ ქვეყნისთვის რაიმე
სარგებლობის მოტანა შეგიძლია, მხოლოდ საკუთარ თავსა და ბიზნესში ვერ ჩაიკეტები.

- ფაქტია, რომ დღეს სპორტში ყველაზე მოთხოვნადია სწრაფი მოქმედება. დამტკიცების შემთხვევაში, თქვენი პირველი ნაბიჯი რა იქნება?
- უპირველესად, საკანონმდებლო ინიციატივებია საჭირო. მაგალითად, აუცილებლად მისაღებია ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა, სპორტის კანონი კი 20 წლის წინ დაამტკიცეს და მას ცვლილებები სჭირდება. ამავე დროს, კანონმდებლობამ ბიზნესს სპორტით დაინტერესებაში ხელი უნდა შეუწყოს.

რაც ვიცი, გარკვეული სამუშაოები ჩატარებულია, მაგრამ ეს პროცესი უნდა დაჩქარდეს. ამით ქვეყანას შეუძლია, მოსახლეობის გაჯანსაღების კუთხით და სპორტული შედეგებით, დიდი სარგებელი მიიღოს.

- თქვენი აზრით, საქართველოში არსებულ გარემოში სპორტის ნაწილობრივი კომერციალიზაცია მაინც შესაძლებელია?
- შესაძლებელია და ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ ჯერ უნდა ჩამოვყალიბდეთ, რომ ის ენერგია, რასაც დაპირისპირებაზე ვხარჯავთ, წარმატებასა და შედეგებზე გავაერთიანოთ.

- ლევან ყიფიანს ფეხბურთის ფედერაციასთან კარგი ურთიერთობა არ ჰქონია. სფფ-ის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას არც თქვენ სწყალობდით. არჩევის შემთხვევაში, ურთიერთობას ძველებურ კალაპოტში გააგრძელებთ?
- მე არ ვიცი, აქამდე რა სახისა და ფორმის თანამშრომლობა არსებობდა. რასაც შევსწრებივარ, ეს ყველაფერი საქმიან ჩარჩოში იყო მოქცეული. ბუნებრივია, არის საკითხები, რომლებშიც ფედერაციას არ ვეთანხმები და ამაზე ღიადაც მილაპარაკია, მაგრამ ცალსახად ვამბობ, რომ შედეგზე ორიენტირებული საქმიანი ურთიერთობები მსურს. უნდა ჩამოვყალიბდეთ და გავიაზროთ, რა შეიძლება იყოს საერთო, რომლითაც ფეხბურთის აღორძინებას ხელს შევუწყობთ.

- საერთოდ, ფეხბურთი სპორტის გვირგვინია და მისი აღორძინების გარეშე გულშემატკივარი მაინც უკმაყოფილო იქნება...
- ჩვენ სხვა სახეობებშიც დიდი პოტენციალი გაგვაჩნია და მათი განვითარებაც არანაკლები საზრუნავია, მაგრამ ხალხს უფრო მასობრივად ფეხბურთი უყვარს და მისი აღორძინება ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავი იქნება.

ჩემი დიდი ნატვრაა, რომ 18 ნოემბრისა და 13 მაისის სულისკვეთება ახალ საქართველოშიც დატრიალდეს.

- დიდი ხანია ფეხბურთში მოღვაწეობთ, მაგრამ სპორტის სხვა სახეობებში კარგად ერკვევით?
- სპორტის ყველა წარმატებული ფედერაციის ხელმძღვანელთან ვმეგობრობ და მათ პრობლემებს კარგად ვიცნობ. თანამშრომლობის იმედი რომ არ მქონდეს, ამ ნაბიჯს არც გადავდგამდი.

პირად ურთიერთობებსაც გამოვიყენებ, ქართული სპორტით რაც შეიძლება მეტი ბიზნესმენი რომ დავაინტერესო.

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 4 /
ოცნების ყველაზე სწორი საკადრო გადაწყვეტილება!
თბილისი
14:46 04-05-2015
0
ბიოგრაფია დადეთ ამ ადამიანის
k.z.
15:09 04-05-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული