15 მაისს ბავშვთა ტურნირი "კოკა-კოლას თასი" გაიხსნება

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და კომპანია "კოკა-კოლა" აგრძელებენ ყოველწლიურ ტრადიციას და წელსაც, ჩვეულ დროს, იწყება ბავშვთა ყველაზე მასობრივი საფეხბურთო ტურნირი - "კოკა-კოლას თასი".

15 მაისს, 13:00 საათიდან, გეპატიჟებით "მიხეილ მესხის" სტადიონზე, სადაც ტურნირის მიმდინარეობის პარალელურად, მოეწყობა საზეიმო, ოფიციალური გახსნა, მოწვეულ სტუმრებთან ერთად.

წლევანდელი გათამაშება იმითაა გამორჩეული, რომ მონაწილეთა რაოდენობა საკმაოდ გაზრდილია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და სასიხარულოა, ტურნირში გოგონების გუნდებიც ჩაერთვებიან.

პროექტის მთავარი მიზანიც სწორედ ესაა, რომ მაქსიმალურად ბევრი მოსწავლე იყოს ჩართული; დაინერგოს და პოპულარიზაცია გაეწიოს ცხოვრების ჯანსაღ წესს და გვყავდეს
ჯანსაღი, სპორტით დაკავებული თაობა. ფეხბურთის საშუალებით დავნერგოთ ბავშვებში ურთიერთპატივისცემის, თანასწორუფლებიანობის, სამართლიანობისა და მეგობრობის პრინციპები.

ფეხბურთი სწორედ იმითაა უნიკალური, რომ ამ თამაშს დედამიწის ყველა წერტილში თამაშობენ - განურჩევლად რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიური თუ სხვა შეხედულების, ეთნიკური თუ სოციალური კუთვნილებისა.

ტურნირის მიზანია, ასევე, სახელმწიფო სტრუქტურებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობა; დაინტერესებული პირების - მშობლების, მასწავლებლების, მწვრთნელების უშუალო მონაწილეობა პროექტის განხორციელებაში და რა თქმა უნდა, სპონსორების დაინტერესება, რაც პროექტს ერთიორად საინტერესოს და ფართომასშტაბიანს გახდის.

ამ ტურნირის ისტორია 2006 წლიდან იწყება და მას "სკოლბურთის" სახელით იცნობდნენ. 2007 წლიდან ტურნირი უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება და მასში 10-დან 14 წლამდე მოზარდები მონაწილეობენ.

ტურნირის სისტემის მიხედვით, ტარდება შესარჩევი ეტაპი (მონაწილეობს ყველა დაინტერესებული სკოლა), რეგიონალური ეტაპი (რაიონის ჩემპიონები მონაწილეობენ რეგიონალურ ეტაპზე, ავლენენ გამარჯვებულებს, რომლებიც გადიან დასკვნით ეტაპზე) და დასკვნითი ეტაპი (მონაწილეობს რეგიონის ჩემპიონი 16 სკოლა).

როგორც უკვე აღვნიშნეთ, წლევანდელი "კოკა-კოლას თასი" იმითაა გამორჩეული, რომ მასში მონაწილეობას გოგონათა გუნდებიც მიიღებენ.

საერთო ჯამში, მონაწილე გუნდების რაოდენობა საკმაოდ სოლიდურია - ჯამში 1155 გუნდი.

ბიჭების გუნდები - 935 სკოლა, 9350 მოზარდი

გოგონების გუნდები - 220 სკოლა, 2200 გოგონა

ანუ წლევანდელ ტურნირში მონაწილეობას 11 550 ბავშვი მიიღებს.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ აქტივობები 15 მაისს, "მიხეილ მესხის" სტადიონზე დილის 11:00 საათიდან დაიწყება და 13:00 საათზე, საზეიმო გახსნით გაგრძელდება.

გეპატიჟებით ყველას - ბავშვებს, მშობლებს, მედიას, დაინტერესებულ პირებს. ერთად გავულამაზოთ დღეები მოზარდ თაობას.

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული