19-წლამდელთა ჩემპიონთა ლიგაში საქართველოს სახელს "საბურთალო" დაიცავს!

AutoSharing Option
უეფას თავკაცები 19-წლამდელთა ჩემპიონთა ლიგის შედეგებით კმაყოფილები არიან. ამიტომ ტურნირის ფორმატის შეცვლა და 2015/16 წლების სეზონში მონაწილეთა რაოდენობის 64-მდე (32-ის ნაცვლად) გაზრდა გადაწყვიტეს. "ლელო" ამაზე ჯერ კიდევ დეკემბერში წერდა.


ჩვენდა სასიხარულოდ, ამ ტურნირის ახალ სეზონში ქართული გუნდიც ითამაშებს...

გაფართოებული ფორმატი
უეფა ტურნირის ძველ ფორმატს ნაწილობრივ შეინარჩუნებს: ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასული 32 გუნდის ასაკობრივი წარმომადგენლებიც მთავარ ლიგაზე მიბმული კალენდრით გადანაწილდებიან და 8 მსგავს ჯგუფში ითამაშებენ.

მაგრამ 2015/16 წლების სეზონიდან იუნიორთა ლიგაში მოხვედრის პარალელური გზაც გაჩნდა:
მასში უეფას რეიტინგში უკეთესი მაჩვენებლის მქონე 32 ქვეყნის 19-წლამდელთა ჩემპიონებიც ჩაერთვებიან. აქ ვერ იქნებიან ის ქვეყნები, სადაც ამ ასაკში ჩემპიონატი არ ტარდება და ისინიც, რომელთა გუნდებიც ლიგაში მოხვდებიან. მათ რეიტინგში შემდგომ მყოფი ქვეყნები ჩაანაცვლებენ.

ასეთი გზით, ამ ლიგაში ევროპის ყველა საუკეთესო ახალგაზრდული გუნდი შეიკრიბება და მონაწილე ქვეყნების გეოგრაფიაც გაიზრდება.

ახალი ფორმატი
გზა ჩემპიონთა ლიგისკენ
* 32 გუნდი 4-4-ად 8 ჯგუფში განაწილდება, ისევე, როგორც ჩემპიონთა ლიგაში
* 1/8-ფინალში ჯგუფების გამარჯვებულები გავლენ
* მეორეადგილოსნები გადათამაშებაში მოხვდებიან

ქვეყნის ჩემპიონების გზა
* 32 ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებულები იწყებენ პირველი საკვალიფიკაციო რაუნდიდან (ორი მატჩი: 29-30 სექტემბერი/20-21 ოქტომბერი)
* 16 გამარჯვებული მოხვდება მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში (ორი მატჩი: 3-4 ნოემბერი/24-25 ნოემბერი)
* 8 გამარჯვებული მოხვდება გადათამაშებაში

პლეი ოფის ეტაპი
გადათამაშება
* შემდეგ დამატებული ქვეყნების 8 გამარჯვებული შინ მიიღებს ძირითად ჯგუფებში მეორე ადგილზე გასულ 8 გუნდს (ერთი მატჩი).

1/8-ფინალი

* ლიგის ჯგუფური ეტაპის 8 გამარჯვებული გადათამაშებაში გამოვლენილ 8 საუკეთესოს ერთმატჩიან რაუნდში დაუპირისპირდება, რომლის მასპინძელიც წილისყრით გამოვლინდება.

1/4-ფინალი
* ესეც ერთმატჩიანი დაპირისპირება იქნება, სადაც მასპინძელი ასევე წილისყრით დადგინდება.

ნახევარფინალები და ფინალი
* ეს მატჩები ერთ სტადიონზე, მინი-ტურნირის ფორმატში გაიმართება.

ასაკობრივი შეზღუდვა
უეფას აღმასკომმა ახალი ტურნირის ასაკობრივი ზღვარი დააწესა. როგორც ადრე, ფეხბურთელი 19-წლამდელი უნდა იყოს, განაცხადში კი 40 მოთამაშის შეყვანაა შესაძლებელი, საიდანაც სამი - 20 წლის მოთამაშე შეიძლება იყოს.

ვინ წარმოადგენს საქართველოს
საბედნიეროდ, იმ 32 ქვეყანას შორის, რომლებიც იუნიორთა ლიგას დაემატებიან, საქართველოც მოხვდა. ეს გუნდი იქნება "საბურთალო", რომელიც შესაბამისი ასაკობრივი (1997-98 წლებში დაბადებული ჭაბუკები) ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

უეფას რეიტინგში საქართველო 34-ე ადგილზე იმყოფება, ამიტომ საინტერესოა, როგორ მოვხვდით 32 საუკეთესოში?

ჩვენი ჩემპიონის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაშვებას პორტუგალიელებსა და ბერძნებს უნდა ვუმადლოდეთ: მოტივად მითითებულია, რომ ორი ადგილი პორტუგალიისა და საბერძნეთის ჩემპიონების ხარჯზე გამოთავისუფლდა, რადგან "პორტუ" და "ოლიმპიაკოსი" მთავარ ჩემპიონთა ლიგაში პირდაპირ დაუშვეს და ჩემპიონობა მათმა 19-წლამდელებმაც მოიპოვეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული