წარმოგიდგენთ მეტოქეებს: "გაბალა" (აზერბაიჯანი)

AutoSharing Option
ბოლო წლებში უკვე ტრადიციასავით იქცა ევროტურნირებზე ქართული და აზერბაიჯანული გუნდების დაპირისპირებები; თუმცა, ჩვენდა სამწუხაროდ, უკანასკნელ ორ შემთხვევაში მომდევნო ეტაპზე ჩვენი მეზობლები გადიოდნენ: აზერბაიჯანის ყველაზე ტიტულიანმა გუნდმა "ნეფთჩიმ" ჯერ "ზესტაფონი" ჩამოიცილა გზიდან, მერე - "ჩიხურა".

და აი, ახლა მშვენიერი შანსი გვეძლევა, რომ აზერბაიჯანულ კლუბთან რევანში ავიღოთ: ამჯერად უკვე საქართველოს ყველაზე ტიტულიანი გუნდი, თბილისის "დინამო" დაუპირისპირდება არცთუ მდიდარი წარსულის მქონე, მაგრამ იმავდროულად, აზერბაიჯანის ყველაზე მდიდარ გუნდს, "გაბალას".

გაბალა (გაბალა, აზერბაიჯანი)
დაარსდა 2005 წელს
სტადიონი: შეჰერი (5 000)

ერთი შეხედვით, ამ წყვილის ფავორიტად
"დინამო" უნდა მივიჩნიოთ, მით უფრო, რომ "გაბალა" მხოლოდ 9 წელიწადია, რაც აზერბაიჯანულ პრემიერლიგაში ასპარეზობს და ევროტურნირებზეც მხოლოდ შარშან ჰქონდა დებიუტი.

დღესდღეობით, "გაბალას" მართლაც მშვენიერი შემადგენლობა ჰყავს და საკმაოდ კვალიფიციური უკრაინელი სპეციალისტი რომან გრიგორჩუკი წვრთნის, თუმცა ამაზე ოდნავ ქვემოთ. მანამდე კი ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის წინ არსებული ის "სასტარტო პოზიცია" უნდა ვახსენოთ, რის მიხედვითაც, თბილისის "დინამოს" სავარაუდო მეტოქეები "გაბალას" გარდა იყვნენ: "რენოვა" (მაკედონია), "ლუზიტანსი" (ანდორა), "ნიუთაუნი" (უელსი) და "ოლიმპიკი" (ბოსნია).

ამათში ყველაზე არასასურველი, რაღა თქმა უნდა, "გაბალა" იყო, თუმცა აზერბაიჯანის ყველაზე მდიდარი კლუბის ძლევა ნამდვილად არ უნდა მიეკუთვნებოდეს სენსაციას, მით უფრო, თბილისის "დინამოსათვის", ამ ევროტურნირებზე ერთადერთი განთესილი ქართული გუნდისათვის...

...სოლიდურზე-სოლიდური ბიუჯეტის მიუხედავად, შარშანდლამდე "გაბალა" ვერაფრით ახერხებდა ევროტურნირების საგზურის მოპოვებას; არადა, კლუბის ხელმძღვანელობა თანხებს არ იშურებდა მაღალანაზღაურებადი მწვრთნელებისა (ტონი ადამსი, ფათიხ კავლაკი, ლუის არაგონი, დორინელ მუნტეანუ) თუ ფეხბურთელების (დეონ ბარტონი, მარატ იზმაილოვი, ლორენცო ებესილიო, იანიკ კანამანი) მოსაყვანად, მაგრამ პირველი წარმატება მხოლოდ მაშინ მოვიდა, როცა "გაბალას" მთავარ მწვრთნელად ცნობილი რუსი სპეციალისტი იური სიომინი დაინიშნა.

სიომინის ხელმძღვანელობით, "დინამოს" მომავალმა მეტოქემ 2013/14 წლების სეზონში აზერბაიჯანულ პრემიერლიგაში III ადგილი დაიკავა, თასის ფინალშიც გავიდა და, რაც მთავარია, კლუბის ისტორიაში პირველად მოიპოვა ევროტურნირების საგზური.

თუმცა, ევროტურნირებზე დებიუტი წარუმატებელი აღმოჩნდა: სიომინმა ისევ რუსეთში ამჯობინა კარიერის გაგრძელება, რუმინელი დორინელ მუნტეანუს ხელმძღვანელობით კი, "გაბალამ" პირველსავე ეტაპზე მარცხი იწვნია ბოსნიურ "შიროკი ბრეგთან".

მუნტეანუს გარკვეული პერიოდი კიდევ აცალეს, ამ დროს კი სოლიდურბიუჯეტიანი "გაბალა" აუტსაიდერთა შორის აღმოჩნდა და ზამთრის პაუზის მერე გუნდის გაძღოლა ოდესის "ჩერნომორეცის" ყოფილ თავკაცს, რომან გრიგორჩუკს მიანდეს.

Sportall.Ge
ფოტოზე: რომან გრიგორჩუკს "ჩერნომორეცში" თორნიკე ოქრიაშვილთანაც უმუშავია

ეს გადაწყვეტილება აშკარად ეფექტიანი გამოდგა: მეორე ეტაპზე "გაბალა" ჩინებულად ათამაშდა და საბოლოოდ მხოლოდ "ყარაბაღსა" და ბაქოს "ინტერს" ჩამორჩა. გაამართლეს გრიგორჩუკის მიერ უკრაინიდან ჩამოყვანილმა ფეხბურთელებმაც: დმიტრო ბეზოტოსნიმ და ოლექსეი გაიმ, რომლებმაც გუნდის სხვა ლეგიონერებთან (ეხიკო ეხიოუსუნი, ვიქტორ მენდი, დოდო) ერთად დიდი წვლილი შეიტანეს იმაში, "გაბალამ" ზედიზედ მეორედ რომ შეძლო აზერბაიჯანულ პრემიერლიგაში მესამე ადგილის დაკავება.

ახალი სეზონის დაწყების წინ "გაბალა" კიდევ უფრო გაძლიერდა, თუმცა დაწვრილებით ამ საკითხზე მომავალ კვირაში ვისაუბრებთ, როცა ეს აზერბაიჯანული კლუბი ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის ჩასატარებლად თბილისში უნდა გვესტუმროს.

აქვე, იმასაც ვიტყვით, რომ "დინამო"-"გაბალას" შორის გამარჯვებულს არანაირი პრობლემა არ უნდა ჰქონდეს ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენიურ "დომჟალესთან" თუ სერბულ "ჩუკარიჩკისთან"...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
ისევ და ისევ ქართული მატრაკვეცობა. დავით არმაშენებელი, 13 მაისი და ა.შ. ქვეყანა რომელიც ფეხბურთზე დასასწრებ ბილეთებს ვერ ყიდის უფრო მეტზე ამბიციაც არ უნდა ჰქონდეს. გადააშენეთ ეს ფედერაცია და იქნებ მერე მაინც გაგვიჩნდეს შანსი თუნდაც აზერებს მოვუგოთ.
???.......
12:32 25-06-2015
0
ადრე ვინ რა იყო არაფერს ნიშნავს, ახლა რა შეგვიძლია ამაზე ვიფიქროთ, ტრაბახს მოვეშვათ, გათავებელ კვადრატის თამაშს თავი დავანებოთ, პასის დროს ვიაზროვნოთ, ძალები გადავანაწილოთ და ეგებ რამე გვეშველოს.
thomas
21:39 24-06-2015
0

სიახლეები პოპულარული