ფრთხილად გაისთან და სხვებთან! - ვის იმედზეა თბილისის "დინამოს" მეტოქე "გაბალა"

AutoSharing Option
ფოტოზე: ოლეკსიი გაი
კარგა ხანია თბილისის "დინამოსთვის" ევროტურნირები ასე ადრე არ დაწყებულა: ბოლო რამდენიმე წელიწადია, ჩვენი უპირველესი გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე თუ ევროპის ლიგაზე ასპარეზობას მეორე ეტაპიდან იწყებდა.

თუმცა, წლეულს სიტუაცია შეიცვალა და "დინამოს" ევროპის ლიგაზე საწყისი ეტაპიდანვე მოუწევს ჩართვა - 2 ივლისს, თბილისში, მშობლიურ "დინამო არენაზე" აზერბაიჯანის უმდიდრეს და ერთ-ერთ უძლიერეს გუნდს, "გაბალას" უნდა დაუპირისპირდეს...

წინა კვირაში, როცა წლევანდელი ევროტურნირების წილისყრა ჩატარდა, "დინამოს" მეტოქის ისტორიაზე უკვე ვისაუბრეთ.


ახლა კი უფრო კონკრეტულად გუნდის დღევანდელ შემადგენლობაზე, მით უფრო,
რომ ამ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში "გაბალაში" სერიოზული საკადრო ცვლილებები მოხდა.

აქვე, წინდაწინ ვიტყვით, რომ "დინამოს" მეტოქე სოლიდურად გაძლიერდა ამ ევროტურნირების წინ და "გაბალას" მთავარ მწვრთნელს, საკმაოდ კვალიფიციურ უკრაინელ სპეციალისტ რომან გრიგორჩუკს ძირითადი შემადგენლობის შერჩევისას საქმე მართლაც ასარჩევად ექნება.

ევროტურნირებზე მონაწილეობისათვის კი "გაბალას" განაცხადი უეფაში ასეთია:

მეკარეები: ანდრეი პოპოვიჩი (აზერბაიჯანი), დმიტრო ბეზოტოსნი (უკრაინა), ამარ ნაზიროვი (აზერბაიჯანი);
მცველები: ვოჟისლავ სტანკოვიჩი (სერბეთი), რუსლან ამირჯანოვი, მაგომედ მირზაბეკოვი, არიფ დაშდამიროვი, ურფან აბასოვი (ყველა - აზერბაიჯანი), რაფაელ სანტოსი, რიკარდინიო (ორივე - ბრაზილია), ვიტალი ვერნიდუბი (უკრაინა);
ნახევარმცველები: გეორგი ფლორესკუ (რუმინეთი), რაშად სადიგოვი, ასიფ მამედოვი, ჯავიდ ჰუსეინოვი, სამირ ზარგაროვი (ყველა - აზერბაიჯანი), ოლეკსიი გაი (უკრაინა);
თავდამსხმელები: სერგეი ზენიოვი (ესტონეთი), დოდო (ბრაზილია), ოლეკსიი ანტონოვი (უკრაინა).

დიდი ალბათობით, "გაბალას" ძირითადი მეკარე კვლვაც გამოცდილი დმიტრო ბეზოტოსნი (31 წლის) იქნება, რომელიც მთავარ მწვრთნელ რომან გრიგორჩუკთან ერთად ოდესის "ჩერნომორეციდან" ამა წლის დასაწყისში გადმოვიდა აზერბაიჯანულ კლუბში; "გაბალას" ახალწვეულია წარმოშობით ასევე უკრაინელი, თუმცა აზერბაიჯანის მოქალაქე (ამ ქვეყნის ნაკრების წევრი), 23 წლის ანდრეი პოპოვიჩი;

დაცვის ხაზში ორი გამოცდილი ბრაზილიელი ასპარეზობს: 30 წლის რაფაელ სანტოსს თავის სამშობლოში "პონტე პრეტასა" და "ატლეტიკო პარანაენსეს" გარდა, უკრაინასა და იტალიურ "ბოლონიაშიც" უთამაშია; მის თანამემამულესა და თანატოლს, ფლანგის მცველ რიკარდინიოს (რიკარდო ფერეირა და სილვა კუბიცკის) 6 სეზონი აქვს გატარებული ბრაზილიურ "კურიტიბაში", მომდევნო 5 წელიწადი კი შვედეთის ერთ-ერთ უძლიერეს კლუბში, "მალმიოში" თამაშობდა.

ასევე ფლანგის მცველია 30 წლის რუსლან ამირჯანოვი და ისიც უნდა ვთქვათ, რომ ბაქოს "ინტერის" ყოფილი ფეხბურთელი მშვენივრად ასრულებს სტანდარტულ მდგომარეობებს.

ამ ევროტურნირების წინ "გაბალაში" 4 ახალი უკანახაზელი ჩაირიცხა და ამათგან სამი კახა ცხადაძის დამოძღვრილი ბაქოს "ინტერიდან" არის: აზერბაიჯანის ნაკრების სწრაფი განაპირა მცველები, 24 წლის მაგომედ მირზაბეკოვი (მარჯვენა) და 28 წლის არიფ დაშდამიროვი (მარცხენა), აგრეთვე, საკმაოდ კვალიფიციური 27 წლის ცენტრალური მცველი ვოჟისლავ სტანკოვიჩი, რომელიც წლების განმავლობაში სერბული გრანდის, "პარტიზანის" წამყვანი ფეხბურთელი გახლდათ.

გამოცდილება არ დაეწუნება კიდევ ერთ ახალწვეულს, 27 წლის ტანმაღალ (1 მ 95 სმ) ცენტრალურ მცველ ვიტალი ვერნიდუბს, რომელიც აქამდე ზაპოროჟიეს "მეტალურგსა" და ლუგანსკის "ზარიაში" თამაშობდა.

ნახევარდაცვაშიც ორი ახალწვეულია: ასევე ბაქოს "ინტერის" აწ უკვე ყოფილი გარემარბები, ასიფ მამედოვი და სამირ ზარგაროვი (ორივე - 28 წლის). შუა ხაზში "გაბალას" კიდევ ერთი ახალწვეული ჰყავს: 31 წლის რუმინელ გეორგი ფლორესკუს, სამშობლოს ("კლუჟი", "ასტრა") გარდა, სხვა ქვეყნების ჩემპიონატებშიც (მოლდოვის "შერიფი", დანიური "მიდტიულანდი", მოსკოვის "ტორპედო", მოსკოვის "დინამო", ვლადიკავკაზის "ალანია", კიევის "არსენალი") წარმატებით უთამაშია, ხოლო თავის ქვეყნის ნაკრებში 10 მატჩი აქვს ჩატარებული.

"გაბალას" საკვანძო ფეხბურთელებად მიიჩნევიან აზერბაიჯანის ნაკრების წამყვანი ნახევარმცველები, 31 წლის რაშად სადიგოვი და 27 წლის ჯავიდ ჰუსეინოვი.

თუმცა, ამ რგოლის და, საერთოდ, "გაბალას" უპირობო ლიდერად აზერბაიჯანული გუნდის ყველაზე "ცნობადი სახე", 32 წლის ოლეკსიი გაი უნდა მივიჩნიოთ, რომელიც დონეცკის "შახტარის" შემადგენლობაში ექვსჯერ გახდა უკრაინის ჩემპიონი, ასევე ექვსჯერ დაეუფლა უკრაინის თასს, 2009 წელს კი უეფას თასის გამარჯვებული გახდა!

აზერბაიჯანში ჩამოსვლამდე, ბოლო წელიწად-ნახევარი, ოლეკსიი გაი ოდესის "ჩერნომორეცში" გამოდიოდა რომან გრიგორჩუკის ხელმძღვანელობით, წლევანდელი იანვრის მერე კი ეს "დუეტი" უკვე "გაბალას" წარმატებული ასპარეზობის მთავარი შემოქმედია.

წინა სეზონის დასრულების შემდეგ "გაბალა" დატოვა ორმა საკმაოდ მაღალი კლასის ფორვარდმა: თურქული "გენჩლერბირლიგისა" და "სამსუნის" ყოფილმა შემტევმა, 26 წლის ეკიგო ეჰიოსუნმა (ნიგერია) და 33 წლის სენეგალელმა ვიკტორ მენდიმ. ფრანგული "მეცის" ყოფილი თავდამსხმელი ვიქტორ მენდი "გაბალას" ისტორიაში არა მხოლოდ საუკეთესო ლეგიონერი, არამედ, საერთოდაც, საუკეთესო ფეხბურთელად არის მიჩნეული.

თუმცა, ამ ტექნიკურმა და ენერგიულმა ფორვარდმა (ისე, როგორც ეჰიოსუნმა) სხვაგან ამჯობინა კარიერის გაგრძელება და რომან გრიგორჩუკმაც მეტ-ნაკლებად შეძლო მისი უმტკივნეულოდ ჩანაცვლება, თანაც, ორი ახალი და არცთუ ურიგო თავდამსხმელით.

გადაწყვეტილი ამბავია, რომ "გაბალას" ღირსებას დაიცავენ ესტონეთის ნაკრების 26 წლის ფორვარდი სერგეი ზენიოვი და 29 წლის უკრაინელი შემტევი ოლეკსიი ანტონოვი.

ჯერ ზენიოვზე ვთქვათ, რომელიც ბოლოს მოსკოვის "ტორპედოში" თამაშობდა, მანამდე კი კიევის "არსენალსა" და... ინგლისურ "ბლექპულში" გამოდიოდა.

"გაბალას" სხვა უკრაინელი ლეგიონერების მსგავსად, რომან გრიგორჩუკის ყოფილი შეგირდია ოდესის "ჩერნომორეციდან" ოლეკსიი ანტონოვიც, რომელიც მანამდე "დნიპროში", ხარკოვის "მეტალისტში", მარიუპოლოს "ილიჩევეცსა" და კრასნოდარის "ყუბანში" გამოდიოდა. "გაბალაში" ჩარიცხვამდე კი ანტონოვი ყაზახეთის ჩემპიონ "აქტობეში" თამაშობდა და ამ ერთი წლის განმავლობაში მეორედ მოუწევს თბილისში ჩამოსვლა!

შეგახსენებთ, რომ შარშან, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამომ" ორივე მატჩი წააგო "აქტობესთან" და საპასუხო შეხვედრაში ერთი გოლი სწორედ ანტონოვმა გაიტანა.

"გაბალას" კიდევ ერთ ლიდერზეც ცალკე უნდა ითქვას: 27 წლის ბრაზილიელი ფორვარდი დოდო (ლუის პაულუ ილარიუ) ამ გუნდში უკვე მეხუთე სეზონს იწყებს და ჩატარებული მატჩებითაც და გოლებითაც კლუბის რეკორდსმენთა შორის მხოლოდ ვიკტორ მენდის ჩამორჩება.

არ არის გამორიცხული, რომ თბილისურ მატჩამდე "გაბალამ" კიდევ ერთი საინტერესო ტრანსფერი განახორციელოს; ყოველ შემთხვევაში, აზერბაიჯანული მედიის ცნობით, "დინამოს" მეტოქე მოლაპარაკებას აწარმოებს ბოლო წლების აზერბაიჯანული პრემიერლიგის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ლეგიონერთან (და, საერთოდ, ფეხბურთელთან), 31 წლის ჯულიუს ვობაისთან (სიერა-ლეონე).

შეგახსენებთ, რომ ბაქოს "ნეფთჩისთან" ერთად ვობაიმ ორჯერ დასძლია ქართული გუნდების ბარიერი ევროტურნირებზე (2012 წელს - "ზესტაფონი", შარშან - "ჩიხურა").

თბილისში "გაბალა" თამაშამდე 2 დღით ადრე, 30 ივნისს ჩამოვა და სასტუმრო "რედისონში" დაბინავდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
კარგი რა ხალხო ნუ ჩამოგიყრიათ ყურები არც ისე ცუდად არის საქმე, ამ ეტაპს 99% დავძლევთ და არანაირი 0 ტოლ შანსზე არ შეიძლება იყოს საუბარი. არც რეალს ვხვდებით და არც ბარსას. მაგისთანები გაგვიგორებია. ლიგაზე გავალთ თუ არა არ ვიცი მაგრამ 1 ეტაპს დავძლევთ.
grisha
12:40 30-06-2015
0
და რომელია ვარსკვლავი ლეგიონერი ეკიოგუ თუ ანტონოვი.დდ ამგენს თუ ვერ მოუგო დინამომ რაუნდა საერთოდ ევროთასებზე.
qutaiseli
10:24 30-06-2015
0

სიახლეები პოპულარული