ალექსანდრე იაშვილი: ჩვენ ვალდებულნი ვართ!

AutoSharing Option
დღეს, 2 ივლისს, თბილისის "დინამო" ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში აზერბაიჯანულ "გაბალას" დაუხვდება.


მოლოდინი დიდია. ამას ისიც ამძაფრებს, რომ მშობლიურ კლუბს 37 წლის ალექსანდრე იაშვილი დაუბრუნდა და ხანგრძლივი განშორების შემდეგ დღეს "დინამოს" მაისურით კვლავ ჩაატარებს საევროთასო მატჩს...

- "გაბალასთან" მატჩი თქვენთვის განსაკუთრებულია - ხანგრძლივი პაუზის შემდეგ უბრუნდებით მშობლიურ გუნდს, თბილისის "დინამოს"...
- რა თქმა უნდა, მატჩი ჩემთვის განსაკუთრებულია. 18 წლის შემდეგ
დავუბრუნდი გუნდს, რომელიც მუდამ ჩემს გულში იყო, არის და იქნება.

რთული მეტოქე შეგვხვდა ევროპალიგაზე. "გაბალა" კარგი გუნდია, მაგრამ ჩვენ არაფრის დათმობას არ ვაპირებთ.

- თქვენ თამაშობდით აზერბაიჯანში და მოდით, უფრო დაწვრილებით ვთქვათ "დინამოს" მოწინააღმდეგეზე...
- შარშან კარგად ითამაშა აზერბაიჯანის ჩემპიონატში. მე რომ ვთამაშობდი იქ, მაშინაც კარგი გუნდი იყო. მერე ველაპარაკებოდი ბიჭებს და იმავეს მეუბნებოდნენ. ძირითადი აქცენტი ლეგიონერებზე კეთდება.

ერთს ვიტყვი - მეტოქე მეტოქედ და, ჩვენ ვალდებულნი ვართ, ჩვენი თამაში ვაჩვენოთ. აქცენტი ჩვენს თამაშზე უნდა გავაკეთოთ და არა - მოწინააღმდეგის ძლიერ და სუსტ მხარეებზე.

- შეიძლება ითქვას, რომ თქვენი ადაპტაციის პროცესი დასრულებულია?
- ჯერ არა, თუმცა მეთოდურად მივდივარ ამისკენ. თანამედროვე "დინამო" ძალიან კარგი გუნდია - ახალგაზრდული, ბრძოლისუნარიანი... კარგი მწვრთნელით, რომელსაც ჯერ კიდევ სჭირდება გარკვეული დრო თავისი იდეების ბოლომდე განსახორციელებლად.

- შეიძლება იმის თქმა, რომ ოპტიმალურ ფორმაში ხართ?
- თავს კარგად ვგრძნობ. დანარჩენს ოფიციალური თამაშები გვიჩვენებს.

- ცალკე გკითხავთ გია გეგუჩაძის თაობაზე. ფაქტია, მისგან დიდ ნდობას გრძნობთ...
- ეს ვიგრძენი მაშინვე, როცა შემხვდა და თანამშრომლობა შემომთავაზა. მასთან ადრეც მომიწია მუშაობამ, სანამ "დინამოს" დავტოვებდი. ეს არის ნამდვილი პროფესიონალი, თავისი სტილითა და სათამაშო ხედვით, უზომო დისციპლინით, რაც დღევანდელ საფეხბურთო საქართველოში ცოტა იშვიათია. გუნდში ყველა ფეხბურთელმა იცის, რა უნდა აკეთოს. მთლიანად სამწვრთნელო შტაბიც პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული.

- ამ ფორმაციის "დინამოს" გამოცდილება აკლია. ალბათ, საკუთარ თავზე ბევრის აღება მოგიწევთ ოფიციალურ მატჩებში?
- "დინამოს" საშუალო ასაკი მართლაც ძალიან ახალგაზრდულია, მაგრამ ამ გუნდში მრავლად არიან ფეხბურთელები, რომელთაც ევროთასებზე ასპარეზობის გამოცდილება აქვთ. კი, შედარებით მეტი მოგვეთხოვება გამოცდილ ფეხბურთელებს და არც გავურბივარ პასუხისმგებლობას, მაგრამ მაინც მომხრე ვარ იმისი, რომ პასუხისმგებლობა მინდორზე გუნდურად გადანაწილდეს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ იგებს გუნდი და აგებს გუნდი. მეც გუნდური ფეხბურთი მიყვარს.

- თუ გახსოვთ თქვენი დებიუტი "დინამოს" შემადგენლობაში ევროთასებზე?
- რა დამავიწყებს?! კრაიოვას "უნივერსიტატიას" ვეთამაშებოდით, 1994 წელი იყო. მაშინ 16 წლისა ვიყავი. ის "დინამო", ფაქტობრივად, საქართველოს ნაკრები იყო. შეცვლაზე შევედი...

- თქვენი აზრით, რას შეძლებს ამ ფორმაციის "დინამო" ევროთასებზე?
- პროგნოზებს მოვერიდები. მოდით, ჯერ "გაბალასთან" პირველ მატჩზე ვიფიქროთ. მერე მომავალ თამაშზე და ასე შემდეგ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული