10:00 03-07-2015
დინამო (თბ)-გაბალა 2:1 - გარდამტეხი მე-60... [VIDEO+PHOTO]
AutoSharing Option
ყველაფერი ერთი კვირის თავზე, აზერბაიჯანში გადაწყდება.
"დინამომ" გია გეგუჩაძისთვის ცოტა უცნაური, 4-2-3-1 სქემით ითამაშა, მიზნად სწრაფი გოლი დაისახა და აზერბაიჯანელებს თავიდანვე "მიაწვა", თუმცა პირველ წუთებში მასპინძელი უფრო ინდივიდუალიზმით ერთობოდა და კარში დარტყმას აგვიანებდა.
მე-9 წუთზე სტუმართა კარისკენ ოთარ კიტეიშვილმა დაარტყა, მაგრამ ოდნავ - არაზუსტად. იქვე, გიორგი ქვილითაიამ წაიღო ბურთი მაღალ სისწრაფეზე და კარგად დაუტოვა გიორგი პაპუნაშვილს, მაგრამ მატჩის გმირს სიზუსტე დააკლდა საბოლოო დარტყმისას.
"გაბალა" თავიდან შებოჭილი იყო, მერე და მერე კი რომან გრიგორჩუკის საკმაოდ სიმპათიური გუნდი სკამნაკლულ "დინამო არენას" გაუშინაურდა - თამაში ჯერ მინდვრის ცენტრში "ამოვიდა", მერე კი აზერბაიჯანელები დინამოელთა ნახევარსაც ხშირად სტუმრობდნენ.
პირველად, 32-ე წუთზე გადავრჩით. ფლორესკუს დარტყმის შემდეგ "დინამო" ლაშა თოთაძის შესანიშნავმა თამაშმა იხსნა, თორემ გოლი გარდაუვალი ჩანდა.
ტაიმის დასრულებას 7 წუთი აკლდა, სტადიონი რომ "აფეთქდა". უდავოდ მატჩის "პრიმამ", გიორგი პაპუნაშვილმა, შორიდან უძლიერესი დარტყმით სცადა "გაბალას" კარის აღება. უკრაინელმა კიპერმა დმიტრო ბეზოტოსნიმ ბურთს თითები წაატანა და თან მშველელად ძელიც მოევლინა.
იქვე, ბრაზილიელმა რიკარდომ რაღაც სასწაულით ვერ გაიტანა. სამხრეთამერიკელი მრავალსვლიან კომბინაციას აგვირგვინებდა. მისი დარტყმული კარიდან გიორგი გველესიანმა და თოთაძემ თავგანწირული ვარდნით გამოიტანეს.
და "გაბალას" კიდევ ერთი შანსი - რიკარდომ მწვავედ ჩააწოდა საჯარიმოში და ოლეკსეი ანტონოვი ბედად ბურთს ვერ მისწვდა.
44-ე წუთზე ასპროცენტიან გოლს გადავრჩით - ზენიოვის ჩაწოდებულს რიკარდო დაუხვდა და... ორი მეტრიდან ცარიელ კარში ვერ გაიტანა.
პირველ ტაიმში გამოჩნდა, რომ "დინამოს" მეტოქედ განსწავლული გუნდი ჰყავდა. მწვრთნელმა გრიგორჩუკმა რამდენჯერმე გადააწყო თამაში და გვიჩვენა, რომ თავადაც განსწავლული სპეციალისტია.
"დინამოს" მეორე ტაიმი უკეთ უნდა ეთამაშა და ითამაშა კიდეც. არადა, მატჩის ეს ნაწილი ჩვენთვის ძალიან ცუდად დაიწყო - მინდვრიდან გველესიანი გააძევეს, ვინც ცენტრთან ახლოს ცდილობდა ართმევაზე თამაშს. მოგვიანებით, ვნახე (და არამარტო მე) ეს ეპიზოდი და ჩანს, რომ "დინამოს" მცველი მეტოქეს არ ეხება, თუმცა ებრაელმა მსაჯმა სხვანაირად განსაჯა...
დინამომ" მე-60 წუთისთვის გარდატეხა თამაში, როცა მინდორზე შევიდნენ ალექსანდრე იაშვილი და რენე ფერეირა. "იაშკა" დიდებული იყო დროის ამ მონაკვეთში - ერთხელ კინაღამ შეაგდო (მეკარემ აუღო), რამდენიმე ბრძოლა მოიგო, კარგად უპასა პარტნიორებს...
რენე ფერეირას გარჯას კი "უნაკლო" ერქვა. ბრაზილიელმა დაალაგა დაცვა, კარგად "ამოიტანა" ბურთები და არც გრძელი პასები მოაკლო პარტნიორებს.
65-ე წუთზე ანგარიში გაიხსნა. პაპუნაშვილმა მოხდენილი, გამჭოლი პასით მეკარესთან პირისპირ დატოვა ჯაბა ჯიღაური და ამ უკანასკნელმაც შედეგიანად დაარტყა.
გოლმა კაცნაკლულ "დინამოს" ფრთები შეასხა. თოთაძის თავურს ბეზოტოსნი დახვდა ადგილზე. პაპუნაშვილს ოდნავ დააკლდა სიზუსტე. მერე იყო "გაბალას" ორი ნახევარმომენტიც.
აზერბაიჯანელებმა გაგვიტანეს მაშინ, როცა ამას ყველაზე ნაკლებად ველოდით. გადმოვარდნილ ბურთზე თამაში დაგვიანდა. ჯავად ჰუსეინოვს ბურთი მიწაზეც კი არ დაუშვია, ისე ამოსცხო. ლიბორ ჰრდლიჩკა ამ შემთხვევაში "დინამოს" ნამდვილად ვერ გადაარჩენდა - 1:1.
"დინამო" არ მოეშვა. მათე ცინცაძემ მაღალტექნიკურად შეასრულა საჯარიმო დარტყმა და "გაბალა" ხარიხამ "დაიფარა".
მერე კი იყო ეპიზოდი, რომელმაც ეს შეხვედრა გაალამაზა - მიდიოდა 83-ე წუთი, როცა შეცვლაზე შესულმა ლაშა პარუნაშვილმა თავით დაუგდო ბურთი პაპუნაშვილს, რომელმაც სისწრაფე აკრიფა, ორ მცველს შორის მოქცეულმა მეურვეებს აჯობა და "დინამო" წინ გაიყვანა. თურმე, გამარჯვების გოლი ყოფილა...
თუ არ ჩავთვლით სულ ბოლო წუთზე ანტონოვის მიერ შექმნილ მომენტს, "გაბალამ" დარჩენილ დროში ვერაფერი შექმნა.
მატჩის შემდეგ
გია გეგუჩაძე (თბილისის "დინამოს" მწვრთნელი):
"ბიჭებს მადლობა გადავუხადე. ჯერ ნაადრევია დასკვნების გამოტანა. ყველაფერი აზერბაიჯანში გადაწყდება. როცა ათნი დავრჩით, ორი გოლი გავიტანეთ. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ბრძოლისუნარიანი გუნდი ყალიბდება.
რა თქმა უნდა, ჩვენს წარმატებაში დიდი როლი ითამაშა ალექსანდრე იაშვილის შემოსვლამ. რაც შეეხება აზრს, რომ ჰრდლიჩკამ სუსტად ითამაშა, ამას არ ვეთანხმები. ის გაშვებულ გოლში არ არის დამნაშავე, დღეს კარგად იდგა.
არბიტრების ქმედებაზე კომენტარს არ ვაკეთებ. თქვენ განსაჯეთ ყველაფერი. ჭანტურიშვილმა და ცინცაძემ ტრავმები მიიღეს...
რიგ მომენტებში გვაგვიანდებოდა "გადმოვარდნილ ბურთებზე" თამაში, მაგრამ ეს მას შემდეგ, რაც ათნი დავრჩით".
რომან გრიგორჩუკი ("გაბალას" მწვრთნელი):
"რთული თამაში იყო და ველოდი კიდეც ამას. მინდა მოგილოცოთ ქართველებს ეს წარმატება. სიმართლე გითხრათ, ჩემი გუნდისგან ცოტა მეტს ველოდი ყველა ფაქტორის გათვალისწინებით. ვგულისხმობ თუნდაც იმას, რომ ჩვენ ბევრი ახალი ფეხბურთელი გვყავს.
ათკაციანმა მეტოქემ ორი ბურთი გაგვიტანა. ეს გასაგებია. ფეხბურთი ჰოკეი არ არის, რომ მეტობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს. წინაა საპასუხო მატჩი და ჩვენ იქ უნდა გამოვასწოროთ დღეს დაშვებული უხეში შეცდომები.
საერთოდ, მგონია, რომ ჩვენი დღევანდელი მარცხი სწორედ ამ უხეშზე უხეშმა შეცდომებმა განაპირობა. "დინამომ" ათი კაცით დარჩენის შემდეგ ჭკვიანურად ააწყო თამაში კონტრშეტევებზე და შედეგიც მიიღო".
ევროპალიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. I მატჩი
02.07.15. თბილისი. "დინამო არენა". 9000 მაყურებელი
დინამო (თბ)- გაბალა 2:1
გოლები: 1:0 ჯიღაური (65), 1:1 ჰუსეინოვი (73), 2:1 პაპუნაშვილი (83)
დინამო (4-2-3-1): ჰრდლიჩკა - ტვილდიანი, გველესიანი, ჭელიძე, თოთაძე - ცინცაძე, ჯიღაური - პაპუნაშვილი, კიტეიშვილი (55. რენე ფერეირა), ჭანტურიშვილი (78. პარუნაშვილი) - ქვილითაია (61. იაშვილი).
სათადარიგოები: ბეგაშვილი, არაბული, ლობჟანიძე, გურული.
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
გაბალა (4-4-1-1): ბეზოტოსნი - აბასოვი, ვერნიდუბი, რაფაელი, დაშდამიროვი (73. დოდო) - ზენიოვი, გაი, ფლორესკუ (72. სადიგოვი), რიკარდო - ჰუსეინოვი - ანტონოვი.
სათადარიგოები: პოპოვიჩი, სტანკოვიჩი, მირზაბეკოვი, მამედოვი, ნაზიროვი
მწვრთნელი: რომან გრიგორჩუკი
გაფრთხილება: ფლორესკუ (35), ვერნიდუბი (69), თოთაძე (79), იაშვილი (81)
გაძევება: გველესიანი (51)
არბიტრი: როი რაინშრაიბერი (ისრაელი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული
რა ენაზე საუბრობ?
დარწმუნებული ვარ შენ იმინა პპროფი ხარ
1.კარგით რა ხალხო, ლამის აზერბაიჯანიდან დაარტყა... მაშ რაღატომ დგას მეკარე კარებში,ეგეთი ბურთები თუ არ აიღო?
2. მეორე ბურთი რომ გაიტანეს,აღლუმი და ზეიმი კი არ უნდა მოეწყოთ,სასწრაფოდ უნდა აეღოთ ბურთი და ცენტრისკენ გაქცეულიყვნენ,რომ დაბნეული მეტოქისთვის იქნებ კიდევ ერთი გაეტანათ...
პროფესიონალიზმი ნულის ტოლია.