დინამო (ბთ)-ომონია 1:0 - ბათუმი ევროპას მოგებით დაუბრუნდა [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ბათუმის "დინამო" ევროტურნირებს გამარჯვებით დაუბრუნდა.

ზღვისპირელებს ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, ნიქოზიის "ომონიის" სახით, საკმაოდ ძლიერი და კვიპროსის მასშტაბით ტიტულოვანი (20-გზის ჩემპიონი და 14-გზის თასის მფლობელია) მეტოქე ჰყავდათ.

ამას გარდა, "ომონიას" ევროტურნირებზე ასპარეზობის მდიდარი გამოცდილებაც აქვს. თან გასული სეზონის შემდეგ "ომონია" მნიშვნელოვნად გაძლიერდა, სერიოზული ლეგიონერები დაიმატა და ბათუმის "დინამოსთან" სათამაშოდ საბრძოლო შემადგენლობით ჩამოვიდა...

წინასწარ ვერავინ იტყვის, ორი მატჩის ჯამში რომელი გუნდი გავა შემდგომ ეტაპზე, მაგრამ ბათუმელთა გუშინდელი გარჯა ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს. შოთა ჭეიშვილის გუნდიდან ძნელია რომელიმე ფეხბურთელის გამორჩევა
- ყველა მოთამაშემ შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინა და გამარჯვებისთვის არაფერი დაიშურა.

რაც მთავარია, "დინამომ" გუნდური თამაში აჩვენა და მეტწილად, სწორედ ამ კომპონენტში აჯობა მეტოქეს.

ვიდრე მატჩის თაობაზე ვისაუბრებდეთ, ისიც აღვნიშნოთ, რომ "დავით აბაშიძეზე" შესანიშნავი საფეხბურთო გარემო იყო შექმნილი. თუ არ ჩავთვლით კვიპროსელი გულშემატკივრებისთვის "გადანახულ" ადგილებს, სტადიონი, ფაქტობრივად, ბოლომდე შეივსო.

"დინამოს" თეთრ-ლურჯ ფერებში შემოსილი და სხვადასხვა ატრიბუტიკით აღჭურვილი ბათუმელი ქომაგი საყვარელ გუნდს მხურვალედ გულშემატკივრობდა. მინდვრის საფარს რაც შეეხება, ის იდეალურ მდგომარეობაში იყო და თამაშის წინ ეს სტუმრებმაც აღნიშნეს. ამინდიც ისეთი იყო, ფეხბურთის თამაშის სურვილს რომ გაგიჩენდათ. დანარჩენი კი ფეხბურთელებზე იყო დამოკიდებული...
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

მატჩი საკმაოდ მაღალ ტემპში დაიწყო. შოთა ჭეიშვილმა სწრაფ გოლზე გააკეთა აქცენტი და მასპინძლები მიზანთან ძალზე ახლოსაც იყვნენ, როცა ბადრი ტეტუნაშვილის ჩაწოდების შემდეგ დიმიტრი ტატანაშვილი ნახტომში თავით ცდილობდა დარტყმას, მაგრამ ბურთს ვერ შესწვდა, შეტევა კი გიორგი გაბედავას სახიფათო დარტყმით დასრულდა - კარში მიმავალი ბურთი ერთ-ერთ კვიპროსელს მოხვდა და ძელს ჩაუქროლა...

ბათუმელებს ტემპში კვიპროსელებიც აჰყვნენ და კინაღამ ანგარიშიც გახსნეს - ფოფანას გადაცემის შემდეგ ანდრეას შკემბრი მარჯვნიდან მეკარესთან პირისპირ გავიდა, ისიც ჩამოიცილა, მაგრამ "ომონიას" მალტელი ლეგიონერის დარტყმული ძელს მოხვდა.

მასპინძელს უპირატესობა არ დაუთმია. ბურთი, ძირითადად, მეტოქის ნახევარზე ტრიალებდა, კვიპროსელები კი დროის ამ მონაკვეთში კონტრშეტევებით კმაყოფილდებოდნენ.

სტუმრები თეიმურაზ შონიამ ანერვიულა, როცა ანტონის გიორგალიდესის კარისკენ სახიფათოდ "გაისროლა", თუმცა ბურთი მცირედით ასცდა მიზანს.

დაახლოებით 30-ე წუთიდან კვიპროსელები გააქტიურდნენ და გოლის გატანასთანაც ახლოს იყვნენ. ბათუმელთა მეკარე მიხეილ ალავიძემ ჯერ შკემბრის "მაკრატელა" მოიგერია, შემდეგ კი გოლიათური აღნაგობის ჰეროლდ გულონის უძლიერესი დარტყმულიც გააუვნებელყო.

ნიქოზიელთა შტურმი დიდხანს არ გაგრძელებულა, სამაგიეროდ, მალე ბათუმელთათვის სასურველი წამი დადგა - მოედნის მარცხენა კიდეში, კვიპროსელთა კარიდან დაახლოებით 28 მეტრში, საჯარიმო დაინიშნა. ბურთთან გაბედავა მივიდა და უძლიერესი დარტყმით "ომონიას" კარის ბადე შეარხია.

სტუმრებმა კინაღამ საპასუხო შეტევაშივე გაათანაბრეს ანგარიში - საბედნიეროდ, მიკაელ პოტემ ხუთიოდე მეტრიდან ბურთი კარში ვერ მოათავსა.

ტაიმის უკანასკნელ წუთზე "დინამოს" მეორე გოლის გატანაც შეეძლო, როცა გაბედავამ თითქმის იმავე პოზიციიდან შეასრულა საჯარიმო დარტყმა და ბურთი კვლავ პირდაპირ კარისკენ გაგზავნა. კვიპროსელთა მეკარე უხეიროდ გაისარჯა, მაგრამ მცველებმა დროულად განმუხტეს სიტუაცია.

მეორე ნახევარში კვიპროსელებმა ცვლილებები განახორციელეს და გაცილებით აქტიურად ათამაშდნენ, ბათუმელებს კი თითქოს დაღლა დაეტყოთ, შეტევებში ძალა აღარ ჰყოფნიდათ და მოედნის ცენტრიც დათმეს. "ომონიამ" რამდენიმე სახიფათო შეტევაც განახორციელა. განსაკუთრებით, ეკონომიდესის უძლიერესი დარტყმაა აღსანიშნავი, რომელსაც ალავიძემ შესანიშნავი რეაქციით უპასუხა.

თამაშის ბოლოსკენ "დინამოს" კარზე ზეწოლა გაძლიერდა. ბათუმელებს, განსაკუთრებით, ბოლო წუთებში გაუჭირდათ, თუმცა ბოლომდე იბრძოლეს და სასურველ შედეგს მიაღწიეს.

საპასუხო შეხვედრა ერთი კვირის შემდეგ (9 ივლისს) კვიპროსში გაიმართება.

მატჩის შემდეგ:
მიხეილ სერიუ ("ომონიას" მეორე მწვრთნელი):
"ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდა. მეტოქემ სწრაფად და აგრესიულად ითამაშა, თუმცა საკმაოდ ბევრი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ და დავისაჯეთ. მარტო ანდრეას შკემბრის ორი გოლის გატანა მართებდა... ჩვენ კი "სტანდარტულიდან" გავუშვით...

ამ მარცხის გასაანალიზებლად და შეცდომების აღმოსაფხვრელად ერთი კვირა გვაქვს. უკეთ მოვემზადებით და ვეცდებით "დინამოს" ბარიერის გადალახვას".

შოთა ჭეიშვილი (ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი):
"ბათუმის "დინამომ" ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ითამაშა ევროთასებზე და ჩვენთვის ეს გამარჯვება ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. შედეგით კმაყოფილი ვარ, თუმცა თამაშის ხარისხი უკეთესის სურვილს ტოვებს. ესეც გამოსწორებადია.

მადლობა ზესტაფონელებს იმისთვის, ასეთი კარგი მოედანი რომ დაგვახვედრეს და მხურვალედაც გვიქომაგეს. ამ სიტუაციაში წაგების უფლება არ გვქონდა. აგრეთვე, მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ფეხბურთელებს. მათი უმეტესობა ამ დონეზე პირველად თამაშობდა. ამ ფონზე, ბიჭების აგრესიული გარჯა და ბრძოლის ჟინი დასაფასებელია. ისინი ნამდვილად საამაყოები არიან.

რაც შეეხება საპასუხო მატჩს, ისევ იმ აზრზე ვარ, რომ უპირატესობა მეტოქის მხარესაა. საერთოდ, კვიპროსში რთულია თამაში, თანაც, როცა "ომონიას" მოგება სჭირდება.

ჩვენმა დღევანდელმა გამარჯვებამ საპასუხო შეხვედრას კიდევ უფრო მეტი ინტრიგა შესძინა და ვეცდებით, ჩვენი პლუსები კვიპროსშიც მაქსიმალურად გამოვიყენოთ".

ევროპალიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. I მატჩი
02.07.15. ზესტაფონი. "დავით აბაშიძე". 4 000 მაყურებელი
დინამო ბთ-ომონია 1:0
გოლი: 1:0 გაბედავა (40)
დინამო (4-4-2): ალავიძე - ტეტუნაშვილი, გოგიტიძე, მახარაძე, სუხიაშვილი - ქავთარაძე (83. ჩირიკაშვილი), ფონიავა, შონია, გაბედავა - ტატანაშვილი (75. თევდორაძე), ბერიაშვილი (86. ვარშანიძე).
სათადარიგოები: მამინაშვილი, ქორიძე, მაკარიანი, დიასამიძე
მწვრთნელი: შოთა ჭეიშვილი
ომონია (4-2-2-2): გიორგალიდესი - ლობჟანიძე, რუნიე, მენდი (46. მარგასა), კრისტოვაო - გულონი, ეკონომიდესი - ასისი, ფოფანა (58. კირმი) - შკემბრი (70. ვისენტი), პოტე.
სათადარიგოები: პანაი, როუშიასი, შერიდანი, სამოუტისი
მწვრთნელი: კოსტას კაიაფასი
გაფრთხილება: ფონიავა (11), ლობჟანიძე (13), გაბედავა (14), მახარაძე (33), შონია (53), მარგასა (77)
არბიტრი: მატია ზგანეცი (სლოვენია).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
გაიხარეთ ბათუმელებო, სულ წარმატებებს გისურვებთ. გაიხსენეთ ბიჭებო, რომ გორის დილას კვიპროსში მოგებული აქვს ძალიან მნიშვნელოვალი მატჩი. თქვენც ამასვე გისურვებთ გაგეხარებინოთ აჭარის და მთლიანად საქართველოს ფეხბურთის ქომაგი. და ერთიც რაც შეიძლება მალე გეთამაშოთ საკუთარ ქალაქში. ამას ბათუმი ნამდვილად იმსახურებს.
gizog
09:30 08-07-2015
0
ბათუმელებმა ცალსახად ძალიან კარგად ითამაშეს ომონიასთან ასეთ თამაშს არ ველოდი ბათუმმა ითამაშა შემტევი თამაში და ღირსეულად მოიგო ვნახოთ რა იქნება ერთ კვირაში მაგრამ როგორც კონკრეტული გამარჯვება ეს უკვე დიდი წარმატებაა იმედია ბიჩები კვიპროშიც მოახერხებენ კიდევ ერთი სენსაციის ჩვენებას და გავლიან მომდევნო ეტაპზე
nika
14:19 03-07-2015
0

სიახლეები პოპულარული