ბოტოშანი
კლუბის პრეზიდენტმა კორნელ შტაიფერმა ინტერვიუ მისცა "ბოტოშანის" ოფიციალურ საიტს. "ცხინვალთან" საპასუხო მატჩამდე ცოტა ხნით ადრე მან შემდეგი თქვა:"ჩვენ პირველი თამაში კარგად ჩავატარეთ, მაგრამ გამოუცდელობამ დაგვაღალატა. როცა ანგარიში გავხსენით, მოვდუნდით და ამით კარგად ისარგებლა მოწინააღმდეგემ.
დიდი იმედი გვაქვს გამარჯვების, რადგან ევროდუელი ორრაუნდიანია. ეს იყო "ბოტოშანის" ევროდებიუტი და ცხადია, მას თან ახლდა დაძაბული ემოციური ფონი. მჯერა, გავივლით ამ ბარიერს და სავსე ტრიბუნების ფონზე ვუმასპინძლებთ "ლეგიას".
"თბილისში ლამაზი თამაში გველის, კარგ სტადიონზე. ქართული კლუბი იქ მეტ ყურადღებას მიაქცევს შეტევას. პირველ მატჩში მთელი 90 წუთის განმავლობაში გვქონდა უპირატესობა და მჯერა, თბილისში წარმატების მოპოვება შეგვიძლია.
ჩვენი მინუსი გამოუცდელობა იყო. ბევრი ახალი მოთამაშე გამოჩნდა გუნდში. მე კმაყოფილი ვარ მათთან ურთიერთობით", - აღნიშნა მწვრთნელმა.
პარტიზანი
ამასობაში ამხანაგურ მატჩებს მართავს გორის "დილას" მეტოქე ჩემპიონთა ლიგაზე - სერბული "პარტიზანი". უნდა ითქვას, რომ ზორან მილინკოვიჩის გაწვრთნილი გუნდი შეუჩერებელია. სერბულმა გრანდმა სლოვენიის მეორე დივიზიონის ბინადარ "ალუმინის" 4:0 მოუგო. სერბთაგან გოლები გაიტანეს გრბიჩმა, კოჟიჩმა, მარინკოვიჩმა და ლუკამ.
ამის შემდეგ "პარტიზანის" მეტოქე იყო რუსული პრემიერლიგის წარმომადგენელი გროზნოს "ტერეკი", რომელთანაც სერბებმა მინიმალური ანგარიშით, 1:0 მოიგეს. ერთადერთი გოლი ჩეჩენთა კარში გუნდის ბულგარელმა ახალწვეულმა ვალერი ბოჟინოვმა გაიტანა.
მომდევნო ამხანაგურ მატჩებს "პარტიზანი" 8 ივლისს გამართავს. მილინკოვიჩის გუნდის მეტოქე ჯერ სლოვენიური "მარიბორი" იქნება, მერე კი - უნგრული "ვაშაში".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"