11:01 10-07-2015
ომონია-დინამო (ბთ) 2:0 - ცალკარა, 11:0 და 20:1 [VIDEO]
AutoSharing Option
კუნძულზე კლასიკური ცალკარა ვიხილეთ, სადაც ირლანდიელმა შერიდანმა სტუმართა გუნდის ძელები დაღუნა, ფრანგმა გულონმა პენალტის დარტყმაში წაივარჯიშა, ხოლო ყოჩაღმა მალტელმა შკემბრიმ ისე დააწიოკა ქართველი მცველები, როგორც ამას კრიშტიანო რონალდო "თავის" შეტევის მარცხენა ფრთაზე აკეთებს ხოლმე პრიმერას წასაგებად განწირული სუსტი კლუბების წინააღმდეგ...
შორს რომ არ წავიდეთ, მივმართოთ სტატისტიკას, რომელიც, როგორც ვიცით, არ ტყუის - კარისკენ დარტყმები 20:1 "ომონიას" სასარგებლოდ! კუთხურები 11:0, აქედან 10:0 პირველ ტაიმში!
მიხეილ ალავიძემ 7-ჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი, მათ შორის, პენალტის ნიშნულიდან (ოღონდ წამიერად)! ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელებმა 18-ჯერ იუხეშეს, რაც სამ გაფრთხილებად და ერთ გაძევებად დაგვიჯდა.
შოთა ჭეიშვილმა ზუსტად ის შემადგენლობა ათამაშა, რომლითაც ზესტაფონში 1:0 მოუგო მეტოქეს. "ომონიას" ფეხბურთელები სწორედ ამ ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად ეკვეთნენ ალავიძის კარს. შემტევები სცოდავდნენ, თორემ ანგარიში პირველივე ტაიმში გამანადგურებელი უნდა ყოფილიყო.
განსაკუთრებით გამოვყოფთ კუთხურს, რომლის შემდეგაც სილიან შერიდანი ბურთის მაგივრად შევარდა ქართველთა კარში, ბურთმა კი ძელი შეაზანზარა. მეორე ტაიმში შერიდანმა ხარიხა არ დაინდო.
ალბათ, კუთხურებისა და კარში დარტყმების ახალ რეკორდს მივიღებდით, "ომონიას" მეორე ტაიმში მალევე რომ არ მიეღწია საწადელისთვის. 55-ე წუთისთვის გეორგიოს ეკონომიდესმა შესანიშნავად დაინახა ანდრე შკემბრი და შორეული პასით მეკარესთან პირისპირ გაიყვანა მალტელი, მაგრამ მას უკნიდან ხელი ჰკრა ბადრი ტეტუნაშვილმა. მსაჯმა სამართლიანად გააძევა ქართველი მცველი, თუმცა ეროლდ გულონს ალავიძემ პენალტი აუღო. მისდა საუბედუროდ, ბურთი იქვე დავარდა და მას ისევ გულონმა მოუსწრო პირველმა - 1:0.
ეს ანგარიში დამატებით დროს ნიშნავდა, რაზეც ქართული კლუბი უარზე არ იყო, თუმცა ვინ აცალა - 62-ე წუთზე შერიდანმა თავით დაუგდო შკემბრის და ალბათ, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელმა, ანგარიში 2:0 გახადა.
მხოლოდ ამის შემდეგ გამოფხიზლდა "დინამო", უფრო აგრესიულად ათამაშდა, მაგრამ "ომონიას" ვერაფერი დააკლო.
ბათუმის "დინამო" დიდი ხნის შესვენების შემდეგ დაუბრუნდა ევროასპარეზს, მაგრამ პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპიდან უსახელოდ დაემშვიდობა ტურნირს.
ერთადერთი პოზიტივი - საკმაოდ კარგ გუნდში თამაშობს ჩვენი ლეგიონერი უჩა ლობჟანიძე...
მატჩის შემდეგ
კოსტას კაიაფასი ("ომონიას" მწვრთნელი):
"მადლობა ფანებს მხარდაჭერისთვის. ჩვენ შევინარჩუნეთ სიმშვიდე მაშინ, როცა გოლი არაფრით გადიოდა და შედეგიც მოვიმკეთ. მადლობა ფეხბურთელებს კარგი თამაშისთვის. მათ დამანახეს, როგორ ძლიერ სურდათ შემდეგ ეტაპზე გასვლა. ახლა მომდევნო მეტოქის, "იაგელონიას" შესწავლას დავიწყებთ. "ომონია" ჯერ კიდევ არ არის 100%-ით მზად, კიდევ მოუმატებს".
ევროპალიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. საპასუხო მატჩი
09.07. ომონია. 6 000 მაყურებელი
ომონია-დინამო ბთ 2:0
პირველი მატჩი 0:1
გოლები: 1:0 გულონი (56), 2:0 შკემბრი (62)
55-ე წუთზე გულონმა ვერ გაიტანა პენალტი
ომონია (4-2-1-3): პანაი - ლობჟანიძე, რამოსი, რუნიე, მარგაკა - გულონი, ეკონომიდესი - ასისი (88. პერეს ლაბორდა) - კირმი (46. ფოფანა), შერიდანი, შკემბრი (79. ვინსენტი)
სათადარიგოები: გეორგალიდესი, დემეტრიუ, მენდი, რუშიასი
მწვრთნელი: კოსტას კაიაფასი
დინამო (4-2-3-1): ალავიძე - ტეტუნაშვილი, გოგიტიძე, ბ. მახარაძე, სუხიაშვილი - შონია, ფონიავა (54. ვარშანიძე) - გაბედავა, ტატანაშვილი (58. ქორიძე), ქავთარაძე (80. ჩირიკაშვილი) - ბერიაშვილი
სათადარიგოები: მამინაშვილი, დიასამიძე, მაკარიანი, თევდორაძე
მწვრთნელი: შოთა ჭეიშვილი
გაფრთხილება: ბერიაშვილი (27), გაბედავა (29), გოგიტიძე (53)
გაძევება: ტეტუნაშვილი (55)
არბიტრი: ფაბიო ვერსიმო (პორტუგალია).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კაია ავტორ - მონას მონა უნდა უძახო და კაცს კაცი - რეალურად, ეს ყველა ქართულ კლუბს/ფეხბურთელებს ეხება. მე რაც თავი მახსოვს ყოველთვის შესამჩნევი იყო ჩვენი ფეხბურთელების გადამეტებული რიდი (ე.წ. 'ჟიმ-ჯიმი' და ყველაზე უკეთ ამას აღმოვაჩენთ მაშინ თუ კი ვნახავთ რომელიმე ლილიპუტი ქვეყნის გუნდი (რომელიც რეალურად ჩვენზე სუსტია) როგორ ეთამაშება მასზე ბევრად ძლიერ გუნდებს ...
0
0
არ მინდა ბათუმის დინამოს დავუკარგო გარჯა და სტატიის ავტორს ეს ნამდვილად უნდა აღენიშნა, თუმცა რაც აღწერა, არც ის იყო ტყუილი. კი ბატონო, გვინდა ჩვენი კლუბები ევროთასებზე, მაგრამ ქეცბაიასი არ იყოს, რატომ?! რატომ უნდა გავიდეს ქართული კლუბი ევროთასზე? გაბალაზე მეტი ფინანსები აქვს, ომონიაზე მეტი მონდომება თუ ბოტოშანზე უკეთესი სავარჯიშო პირობები?! აღიარეთ, რომ ყველა თამაშში (მათ შორის მოგებულებშიც) მოწინააღმდეგე ერთი თავით მაღლა იდგა ჩვენზე. დაახვევინეთ ამ სიჭინავებს და არველაძეებს ფედერაციიდან და იქნებ ახალმა სისხლმა და რეფორმებმა გვიშველოს... მანამდე კი იმას შეეგუეთ, რომ "მენავთობე" ქვეყნებმაც გვაჯობეს ფეხბურთში.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული