სამში არაფერი, ანუ მორიგი walking dead ქართული ფეხბურთის შესრულებით

AutoSharing Option
ქართულმა ტელევიზიებმა სანახევროდ შეასრულეს დანაპირები და 9 ივლისს ევროპალიგის შეპირებული 6 ტაიმიდან 3 გვიჩვენეს. თუმცა ქართულმა კლუბებმა კიდევ უფრო გაგვიცრუეს იმედი - სამში არაფერი, დიახ, აღარაფერი დარჩა ევროპალიგაზე ქართული დესანტისაგან, უკვე პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე!


მაშ ასე, სამმა ქართულმა კლუბმა: ბათუმის "დინამომ", თბილისის "დინამომ" და "ცხინვალმა" 6 თამაშიდან 2 მოიგო, 1 ფრედ
დაასრულა და 3 წააგო; გაიტანა 5 გოლი და გაუშვა - 9. თან, რაც მთავარია, ეს ერთი შეხედვით, არც ძალიან კატასტროფული ციფრები ისე გადანაწილდა, რომ სამივე მათგანისთვის ევროთასები დასრულებულია.

სამივე კლუბმა ქვეყნის საკლუბო რეიტინგის კალათაში 0,625 ქულა შეიტანა. ეს კი შარშანდელი ძალიან ცუდი ევროსეზონის ნახევარია. რჩება მხოლოდ გორის "დილა"...

მესამე სეზონია, ქართველთა გამოსვლა უარესდება ევროტურნირებზე. არადა, ეს ხომ ეროვნული ნაკრების ასპარეზობასთან ერთად, ლაკმუსის ქაღალდია, თუ როგორ მუშაობს ქვეყნის მთავარი საფეხბურთო ორგანო - ფედერაცია. ნაკრებზე კი უკვე ისეთი სიტუაცია შეიქმნა, როცა ან კარგს ამბობენ, ან არაფერს - ბოლო რეიტინგით, ჩვენი ქვეყნის უპირველესი გუნდი მსოფლიოში 153-ე ადგილზეა.

ქვემოთ შევეცდებით ავხსნათ, თუ რა მიზეზებია წარუმატებლობის. ბუნებრივია, ეს ჩვენი აზრია და თავს ვერავის მოვახვევთ.

ფინანსები
ის, რაც ქართულ კლუბებში იხარჯება, ძალიან ცოტაა საიმისოდ, რომ საშუალოზე ოდნავ სუსტი ევროპული კლუბები ვაშენოთ - ისეთები, როგორებადაც გახდომა "გაბალას", "ომონიას" და "ბოტოშანის" სურთ და შესაძლოა, გამოუვიდეთ კიდევაც.

გულისმომკვლელი იყო იმის მოსმენა, რაც ამას წინათ შევიტყვეთ - ფინანსურ კრიზისში მყოფი ბაქოს "ინტერი" მაინც უკეთეს პირობებს სთავაზობდა ერთ ფეხბურთელს, ვიდრე ეს ყველაზე წელგამართულ ქართულ კლუბს შეეძლო.

არის მეორე მომენტიც, არანაკლებ სამწუხარო - არ არის არანაირი გარანტია, რომ დაფინანსების გაზრდასთან ერთად, გაიზრდება გუნდების სასიკეთოდ დახარჯული თანხის ოდენობა.

მოკლედ რომ ვთქვათ, დღევანდელ ქართულ ფეხბურთში ბლომად არის დაკავებული ისეთი ადამიანი, რომელთა ნდობაც საზოგადოების დიდ ნაწილს, უბრალოდ, არა აქვს და არცთუ უსაფუძვლოდ.

ინფრასტრუქტურა
ევროასპარეზზე სამმა კლუბმა ითამაშა, ერთსაც ელის თამაში, მაგრამ თბილისის "დინამოს" გარდა, შინ თამაშის უფლება ბოლო დრომდე არცერთს ჰქონდა. უბრალოდ, ნონსენსია, წარმატებული (თუნდაც მეტ-ნაკლებად) გუნდი იყო და არ შეგეძლოს საკვალიფიკაციო ეტაპის მასპინძლობისთვის თავის მობმა.

ბათუმის "დინამოს" სულაც საკუთარ ქალაქში არ აქვს სტადიონზე თამაშის საშუალება, "ცხინვალი" ხომ საერთოდ უქალაქოდ დარჩენილი გუნდია.

რაზეა საუბარი, როცა საქართველოს ჩემპიონმა ძლივს მოაგვარა ელემენტარული - ისე მოემზადებინა ქალაქი და სტადიონი, რომ საკუთარი გულშემატკივარი გაახაროს ევროთასების ცქერის სიამოვნებით, საკვალიფიკაციო ეტაპზე მაინც.

კომპეტენცია
ცუდი ინფრასტრუქტურა, ცუდი ფინანსების გარდა, არაკომპეტენტური ხალხის ბრალიცაა. სამწუხაროდ, ბევრ ქართულ კლუბში გაცილებით მნიშვნელოვანი პრესის კონტროლი მიაჩნიათ, რა იწერება მათ გუნდებზე გაზეთებში, რამდენად კეთილგანწყობილნი არიან ჟურნალისტები, აქვთ "მტერი" ჟურნალისტების შავი სია.

ამას კიდევ აიტანს კაცი, მათი საქმიანობის ძირითადი ნაწილი რომ სწორად მიმდინარეობდეს. საქმეც იმაშია, რომ ზოგან თავიანთი მოვალეობის ძირითად ნაწილად ის ჰგონიათ, რაზეც ზემოთ მოგითხრეთ.

ქართულ გუნდებში კი უამრავი პრობლემაა, იმპულსური, არათანმიმდევრული პრეზიდენტები. შემადგენლობებს ხშირად მწვრთნელები კი არა, პრეზიდენტები და საფეხბურთო აგენტები აყენებენ. გუნდები აქცენტს ხან ძლიერი ლეგიონერების ჩამოყვანაზე აკეთებენ, ხან კი ახალგაზრდების აღზრდაზე; მერე, უცბად, აუქმებენ სარეზერვო გუნდებს.

შეუძლებელია, დღეს თანამედროვე მენეჯერი ისე ფიქრობდეს, რომ საკლუბო საიტზე ამხანაგური მატჩების ტექსტური "ლაივები" გააუქმებინოს, მეტოქეებმა არ გაგვშიფრონო. ეს ხომ ძალიან სასაცილო იქნებოდა, სადმე, შორეული მიკრონეზიიდან რომ შეგვეტყო.

16-გუნდა ჩემპიონატი
ანუ ის, რისი "პოზიტივად" შემოსაღება სურთ. მოგეხსენებათ, ჩემპიონატის ფინიშამდე ყველა კლუბმა ვერც მიაღწია, ზოგის არსებობას ჩემპიონატის ბოლოსკენ აზრიც აღარ ჰქონდა.

ასეთ გუნდებთან თამაშში კი ვერაფერს შეიმატებენ ის გუნდები, რომელთაც ევროარენაზე საქართველოს სახელი უნდა დაიცვან.

სტუმრად თამაშის უცოდინრობა
ან საიდან უნდა შეიმატოს კლუბმა ეს გამოცდილება, თუკი ის საკუთარ წვენში იხარშება, გადის ევროარენაზე და მარცხდება, იშლება და მის ადგილს მისი ანალოგი იკავებს. არ არსებობს სტაბილურობის შეგრძნება, ერთადერთი სტაბილურობა, სწორედ ისაა, რომ არავინ და არაფერია სტაბილური.

ორივე "დინამოს" და "ცხინვალის" საგარეო მატჩებს თამამად შეიძლება ვუწოდოთ ცალკარები, რომელთა ყურებითაც ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს გული მოუკვდებოდათ.

უდისციპლინობა
საპასუხო მატჩებში "ცხინვალსაც", ბათუმის "დინამოსაც" და თბილისის "დინამოსაც" ფეხბურთელი გაუძევეს. ამასთან, თბილისელებმა 10 კაცით ჩაამთავრეს პირველი შეხვედრაც.

ვისაც უნდა, დააბრალოს ეს ქართული კლუბების მიმართ მიკერძოებულ დამოკიდებულებას, მაგრამ ეს არც სიმართლე იქნება და არც სწორი ანალიზი. ჩვენ არავინ "გვძირავს", ჩვენ უკვე ჩაძირულები ვართ.

ფიზიკა და ფსიქოლოგია
ფიზიკური გამძლეობა კვლავ უცხო ხილია ქართული კლუბებისთვის. მხოლოდ ერთხელ, ამ ექვსი მატჩიდან, "დინამო"-"გაბალას" თამაშში მოხდა, როცა მატჩის მიწურულს გიორგი პაპუნაშვილმა შესანიშნავი სიჩქარე განავითარა და მნიშვნელოვანი გოლიც გაიტანა.

სხვა მხრივ - "დინამო" აზერბაიჯანში ბოლო წუთებზე გატყდა, "ბათუმმა" "ომონიას" მასირებულ შემოტევებს მეორე ტაიმამდე გაუძლო, მერე კი...

დაბოლოს, რაში ვხედავთ გამოსავალს?
პანაცეა არ არსებობს და ისეთი მძიმე სიტუაციაა, არც გამოსავალი ჩანს.

მაგრამ, პირველ რიგში, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვათ, რომ დიახ, ჩვენ გვქონდა სასახელო საფეხბურთო ისტორია, გვყავდა მრავალი კაშკაშა ვარსკვლავი, მაგრამ ახლანდელ ქართულ ფეხბურთს თავის ისტორიასთან სინათლის წლები აშორებს.

უნდა მივიღოთ, რომ კარგ შემთხვევაში, საფეხბურთო ალბანეთი ვართ, ცუდში კი - საფეხბურთო ლიხტენშტაინი (სხვათა შორის, ორივე ქვეყანა რეიტინგში გვისწრებს) და შევეცადოთ, დღეს ალბანეთს ვაჯობოთ, ხვალ - მასზე ოდნავ ძლიერს. იქნებ გამოსავალიც გამოჩნდეს.

თორემ ისევე ვიქნებით რეალობას აცდენილები, როგორც ის "ფანები", რომლებიც სპორტულ თამაშებზე დარუბანდიდან ნიკოფსიამდე გადაჭიმული რუკებით "შეიარაღებულნი" დადიან. ხოლო, რა უკუშედეგები მოჰყვება რეალობიდან აცდენას, ჰკითხეთ გაბალაში ნამყოფებს...
მკითხველის კომენტარები / 20 /
სანამ სიჭინავა და არველაძეები არ მოცილდებიან ქარტულ ფეხბურთს არაფერი არ გვეშველება
nika
14:23 17-07-2015
0
ზოგი ჭირი მარგებელია - ერთი გუნდი რო მაინც გასულიყო სამში ერთი გვექნებოდა და მაგას ისევ არაფერი ჯობია :))))
შორს იყოს და თუ დილაც გამოვარდა, ჟურნალისტებს საინტერესო და სახალისო ვერსიას ვთავაზობ სათაურისთვის უფასოდ :))) ,,ოთხში ამოგვიღეს" :))))
სატირაა მთელი ქართული ფეხბურთიიი
irakli apkhaidze
13:58 17-07-2015
0

სიახლეები პოპულარული