"დილა" სერბეთში ემზადება, გორში სტადიონს ანახლებენ

AutoSharing Option
ქართული ფეხბურთის ერთადერთი ევროიმედი - გორის "დილა" სერბეთშია და ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "პარტიზანთან" მატჩისთვის იქვე აგრძელებს მზადებას.

კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, 12 ივლისს გუნდმა მორიგი წვრთნა სერბეთის ეროვნული ნაკრების ბაზაზე გამართა. გუნდში ყველა ფეხბურთელი მწყობრშია და სრული დატვირთვით ემზადება მოახლოებული შეხვედრისათვის.

დღეს, 13 ივლისს, საქართველოს ჩემპიონი მატჩისწინა ვარჯიშს "პარტიზანის" ცენტრალურ სტადიონზე გამართავს. წვრთნის დაწყებამდე კი "დილას" მთავარი მწვრთნელი უჩა სოსიაშვილი ადგილობრივი მედიის წინაშე წარდგება.

"პარტიზანი"-"დილას" დაპირისპირება 14 ივლისს, ჩვენი დროით 22:45 საათზე დაიწყება.

სოსიაშვილმა ბელგრადში შემდეგი ფეხბურთელები იახლა:
შევჩენკო, მუჯრიშვილი; მარიამიძე, კვირკველია, კვახაძე, ღონღაძე, ქარქუზაშვილი, ხურცილავა, ბაგაევი, ნავალოვსკი, ცხოვრებოვი, გვალია, წიქარიძე, რაზმაძე, ფალავანდიშვილი, ძარია, კვირკვია, პაპავა, გორელიშვილი; ილურიძე, მოდებაძე, ერისთავი, მარცვალაძე, მაშუკოვი.

ამასობაში გარკვეული სიახლეებია "პარტიზანის" ბანაკში. გუნდმა დაიმატა 28 წლის კამერუნელი ფორვარდი - აბუბაკარ უმარუ. მისი ბოლო კლუბი ბელგიური "ბევერენი" იყო, უთამაშია სერბეთშიც, კერძოდ - "ცრვენა ზვეზდაში", ოფკ-სა და "ვოევოდინაში".

კლუბმა ასევე წარადგინა 19 წლის ახალწვეული ანდრეა ჟივკოვიჩი. სამაგიეროდ, სერბული მედიის ცნობით, "დილასთან" მატჩში გუნდს ვერ დაეხმარება ბრაზილიელი ნახევარმცველი ფაბრიციო, რომელიც დაშავებულია.

ამასობაში, გორში...
...ვიდრე "დილა" პირველი მატჩისთვის ემზადება, კლუბის მშობლიურ არენა "თენგიზ ბურჯანაძეზე" საპასუხო მატჩისთვის (21 ივლისი) მზადება მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ აქამდე, ამ სტადიონზე ევროტურნირის მატჩი არასოდეს გამართულა. "დილამ" ევროტურნირებზე მონაწილეობა პირველად 2004 წელს ("ინტერტოტოს" თასი) მიიღო და მას შემდეგ კიდევ ორჯერ იასპარეზა ევროპალიგაზე, ჩემპიონთა ლიგა კი პირველად დააჭაშნიკა საქართველოს პირველობაზე ტრიუმფის წყალობით...

ერთი სიტყვით, 21 ივლისის მატჩისთვის დიდი სამზადისია გაჩაღებული. "დილას" ადმინისტრაცია, ქალაქის ხელისუფლებასთან ერთად, სტადიონის უეფას სტანდარტების შესაბამისობაში მოყვანაზე მუშაობს.

უეფას წარმომადგენლების მიერ ამ რამდენიმე ხნის წინათ ადგილზე არსებული მდგომარეობის დათვალიერების შედეგად მიცემული რეკომენდაციით, ჩრდილოეთ ტრიბუნის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც აქამდე მხოლოდ მოხრეშილი იყო, ახლა ასფალტი დაიგება და შემოერტყმება ორი მეტრის სიმაღლის ღობე.

ანალოგიური დამცავი ღობე კეთდება დასავლეთ ტრიბუნასთანაც, სადაც მდებარეობს კლუბის ოფისი და ცალკეულ მატჩებზე დამსწრე ოფიციალურ პირთა შესასვლელი. შეიღებება სამხრეთ ტრიბუნის კედელი და განახლდება ტაბლო.

აღმოსავლეთ ტრიბუნის ქვეშ კი მოეწყობა ტუალეტები, რომელიც აქამდე მხოლოდ დასავლეთის მხარეს იყო.
პლუს ამას, დღემდე არსებულ ორ შესასვლელს კიდევ ორი დაემატება.

მიმდინარეობს ინდივიდუალური სკამების განახლება და დანომრვა გასაყიდი ბილეთების შესაბამისად.

უეფას რეკომენდაციით, უკვე განახლდა VIP-ზონისა და საპრესკონფერენციო ოთახები, აგრეთვე - პრესლოჟა. გაძლიერდება ინტერნეტის სიჩქარე და იქნება უზრუნველყოფილი მისი მიწოდება როგორც კაბელით, ისე WiFi-ს საშუალებით.

განახლდება გუნდების გასახდელები და საშხაპეები. წესრიგში მოიყვანენ მოედნის საფარის იმ მონაკვეთებსაც, რომლებიც დაზიანებული იყო.

"დილას" წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ 21 ივლისისთვის ყველა სამუშაო დასრულებული იქნება.

ალეკო კაკაურიძე
ვასილ ბალახაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 6 /
დილაც იმ მოწინავე სამეულის ბედს გაიზიარებს, რადგან საქართველოში ფეხბურთის მენეჯმენტის გაგებაში არ არიან, ფულის ტომარა როგორც ასეთი ვერ აზროვნებს.
0
რომელ არხზე იქნება თამაში?
tito
12:02 13-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული