ასლან ბალაძე: "ომონიასთან" მატჩის წინ თემურ ქეცბაიამ რაც გვითხრა, გამართლდა

AutoSharing Option
გასულ ხუთშაბათს, ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სამმა ქართულმა გუნდმა საპასუხო მატჩები გამართა, სამივემ წააგო და ევროთასებს გამოეთიშა. ქართული ფეხბურთის კრიზისმა ლოგიკური შედეგი მოგვიტანა...

ბათუმის "დინამო" ევროსარბიელს მოგებით დაუბრუნდა, მაგრამ საშინაო 1:0 შემდგომ ეტაპზე გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა...

ბათუმელთა მწვრთნელი ასლან ბალაძე ამბობს, რომ ამ თამაშებმა ბევრი რამ გამოაჩინა...

- თქვენი აზრით, რა გახდა წაგების მთავარი მიზეზი?
- ალბათ, ერთი მხრივ, ჩვენი გამოუცდელობა,
მეორე მხრივ - მეტოქის მოთამაშეთა მაღალი კლასი. რომ გადავხედეთ "ომონიას" შემადგენლობას, კვიპროსელი ფეხბურთელი თითქმის არც ჰყავდათ. ჩვენ კი, დიდი ხანია, რაც ევროთასებზე არ გვითამაშია და ეს აშკარად დაგვეტყო.

თემურ ქეცბაიამ რაც გვითხრა, ისიც გამართლდა - ნიქოზიელებს ძალიან აგრესიული გულშემატკივრები ჰყავთ და მათ ზეწოლასაც ვერ გავუძელით. სამწუხაროდ, ჩვენ ასეთ გარემოში თამაშს შეჩვეულები არ ვართ. ან საიდან უნდა ვყოფილიყავით შეჩვეულები, როცა საქართველოში გასვლითი მატჩებისას სავსე ტრიბუნები თითქმის არსად გვხვდება.

სხვათა შორის, თემურმა ისიც გვითხრა, რომ "ომონია" საშინაო თამაშების გუნდია. შარშან მოსკოვის "დინამო" შემდეგ ეტაპზე ზღაპარში გავიდა.

ჩვენ ნიქოზიაში მართლა სხვა გუნდი დაგვხვდა - აგრესიული, მოგებაზე მომართული... ზესტაფონში ასეთი არ ყოფილა.

- მათ თამაშს ვერაფერი დაუპირისპირეთ?
- სამწუხაროდ, ვერაფერი. ჩვენ შორისაც ვერავინ გამოჩნდა, ვინც საკუთარ თავზე აიღებდა თამაშს, ლიდერობას იკისრებდა, გუნდს გაიყოლებდა...

ვიცოდით, რომ მთელი გუნდით შეტევაზე წამოვიდოდნენ და სწრაფი გოლის გატანას შეეცდებოდნენ, მაგრამ მოედანზე არ გავსულვართ მხოლოდ იმ მიზნით, რომ მოგება შეგვენარჩუნებინა. იქ ერთი გოლის გატანა მაინც გვსურდა...

ცალკე თემაა მსაჯობა. როცა პირველივე წუთებიდან ნიუანსებში გრძნობ, რომ მსაჯი შენ წინსვლას ყველანაირი ხერხით აჩერებს, ჩანაფიქრის განხორციელება ძნელია. პენალტი იყო, ამაზე ორი აზრი არ არის, მაგრამ ტეტუნაშვილი გასაძევებელი არ ყოფილა. 10 კაცით ითამაშო გუნდთან, რომელსაც ძლიერი ფეხბურთელები და საშინელი გულშემატკივარი ჰყავს, ძალიან ძნელია. თავად განსაჯეთ, სტადიონზე მსაჯის სასტვენის ხმა კარგად არც ისმოდა.

მაგრამ არ მინდა, რომ ხალხმა ისე გაიგოს, თითქოს, ყველაფერს მსაჯს ვაბრალებ. გამოცდილება და ოსტატობა აშკარად არ გვეყო. ერთი მხრივ, კარგი ის იყო, რომ დავინახეთ, რა დონეზე ვართ და რა მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ, თუ წინსვლა გვსურს.

- არავინ იყო, ვინც საკუთარ თავზე ლიდერობას აიღებდა და გუნდს გაიყოლებდაო, თქვით. გამოუცდელობის წამალი მაღალ დონეზე ნათამაშები გამოცდილი მოთამაშეების დამატება იქნება. ამაზე თუ ფიქრობთ?
- სხვათა შორის, ჩამოსვლის შემდეგ სულ ამაზე ვფიქრობთ. 2-3 კაცი მაინც გვჭირდება, რომ კიდევ უფრო გავძლიერდეთ და სხვა დონეზე ავიდეთ. სხვაგვარად, არაფერი გამოვა. თავის დროზე, ბათუმის "დინამო" სწორედ ასეთი გუნდი იყო. გამოცდილი მოთამაშეები ზეწოლას ბევრად იოლად უძლებენ და ეწინააღმდეგებიან.

- მოთამაშეების დამატებას ახლავე აპირებთ?
- რამდენიმე ფეხბურთელს უახლოეს დღეებში დავიმატებთ. თავის დროზე, თბილისის "დინამო" ევროპის თასზე რომ გავიდა, გიორგი ნემსაძის დამსახურებაც იყო, რომელიც გუნდს ევროპიდან დაუბრუნდა, მაგრამ ახლა ქართულ ფეხბურთში ბევრი გეგულებათ ისეთი მოთამაშე, რომელიც ალექსანდრე იაშვილივით გამოცდილია და გუნდზე დადებითად იმოქმედებს?

- ფაქტია, რომ საქართველოს ჩემპიონატის დონე ყველა გუნდზე უარყოფითად მოქმედებს...
- სამწუხაროდ, ეს ფაქტია. ამიტომაც გვჭირდება სტაბილურობა, შემადგენლობების ბირთვის შენარჩუნება და გაძლიერება. მაგრამ რაც უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, მაინც მგონია, რომ წლევანდელი ჩემპიონატი ბევრად უფრო საინტერესო იქნება. იმიტომ, რომ ამ წაგებებმა ყველა ერთ რამეზე დაგვაფიქრა - ბევრად მეტი შრომა, მონდომება და კლასი გვჭირდება, ფეხბურთს კი - გაცილებით დიდი ფული.

"ომონიას" ბიუჯეტი 23 მილიონი ევროა. აჭარაში გუნდებს რა გვიჭირს, მაგრამ ზოგადად, ქვეყანაში ეს პრობლემა გაცნობიერებული არ არის. დიდ ფეხბურთს მეტი ფინანსები სჭირდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
თემურ ქეცბაიას ანორთოსისი გამოუცდელი გუნდი იყო მაგრამ მთელი ევროპა აალაპარაკა, აქ პრობლემა არის ჩემპიონატის კატასტროფულად დაბალი დონე და 16 გუნდიანი ჩემპიონატი. სიჭინავა და არველაძე წადიიით!
ფაშა ძლიერი
21:22 13-07-2015
0
ჭკუით, ტაქტიკით და თამაშით მოგებას შესაბამისი შემსრულებლები სჭირდება და მაგას სჭირდება სწორედ დიდი ბიუჯეტი, ის მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ერთ თამაშს თუ ჩააგდებს და მასეთი უამრავი ლეგიონერი ჰყავთ ჩვენ მეტოქეებს. იგივე კვიპროსში თამაშობენ კვასხვაძე, ლობჟანიძე, აბურჯანია, მაისურაძე, გრიგალავა, ძმები გრიგალაშვილები, ხმალაძე... მხოლოდ ამათით გაკეთდებოდა მშვენიერი გუნდი ევროთასებისთვის ))))
ქართული ფეხბურთი
18:32 13-07-2015
0

სიახლეები პოპულარული