გორში შანსი არის ...მაგრამ ვინ აგებს პასუხს ამდენ წითელ ბარათზე?!

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონმა გორის "დილამ" ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი მატჩი ჩაატარა და ბელგრადში, ადგილობრივ "პარტიზანთან", მინიმალური ანგარიშით დამარცხდა - 0:1.


რაკი მატჩი გვიან ღამით დასრულდა, გუშინდელ მიმოხილვაში, ძირითადად, ყურადღება გავამახვილეთ მნიშვნელოვან მომენტებზე. დღეს ამ თემაზე უფრო ვრცლად ვისაუბროთ...

როგორ გახდა "დილა" საქართველოს ჩემპიონი?!
ჯერ ის ვნახოთ, რა თქვეს მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე "დილას" მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა და "პარტიზანის" დამრიგებელმა ზორან მილინკოვიჩმა.

სოსიაშვილი:
- თამაშამდეც ვიცოდი "პარტიზანის" რეალური ძალა და
ადრევე ვთქვით, რომ ეს არის ძალიან კარგი გუნდი. ისინი სწრაფ და ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობენ. ჩვენ ველოდებოდით, რომ ძირითადად ასეთი სურათი გვექნებოდა. საბოლოო ჯამში, ჩვენი მოლოდინი გამართლდა...

ჩემი გუნდის თამაშს რაც შეეხება, მე მას დადებითად ვაფასებ იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავდა...

მინდა, მადლობა ვუთხრა ჩემს თითოეულ ფეხბურთელს. მათ მაქსიმუმი გააკეთეს იმისთვის, რომ "დილას" არ წაეგო. დღეს ჩვენ დავმარცხდით, მაგრამ ბრძოლა ორრაუნდიანია. მაქვს იმედი, რომ გორში გავიმარჯვებთ და შემდეგ ეტაპზე გავალთ...

მსაჯს ყოველთვის თავისი საქმე აქვს და არ მინდა, მის კომპეტენციაში ჩავერიო. ჩემი შეფასებით, ჩვენი ფეხბურთელი არ იმსახურებდა მინდვრიდან გაძევებას, მაგრამ არბიტრი სათამაშო ეპიზოდთან ახლოს იყო და მან ასე გადაწყვიტა...

მილინკოვიჩი:
- დღეს ჩვენს სტადიონზე იყო ფანტასტიკური ატმოსფერო. მადლობა ფანებს, "გრობარი" შესანიშნავი იყო. მთელი მატჩის განმავლობაში ვდომინირებდით და უამრავი საგოლე მომენტიც შევქმენით, მაგრამ, სამწუხაროდ, მხოლოდ ერთხელ გავიტანეთ...

ამის მიუხედავად, ეს არის ძალიან კარგი შედეგი, რომელიც სამომავლოდ ოპტიმისტურად განგვაწყობს. საქართველოში იოლი თამაში არ გვექნება, მაგრამ ყველანი ძალიან დიდი იმედით ველოდებით თბილისურ შეხვედრას...

მაინტერესებს, როგორ გახდა ჩვენი მეტოქე საქართველოს ჩემპიონი ასეთი თამაშით? მათ თავიდანვე დაცვითი ფეხბურთი და ჩვენი იერიშების ჩაშლის გზა აირჩიეს. ჩვენ გაგვიჭირდა მათი დაცვის გარღვევა...

საქართველოში სულ სხვა თამაში იქნება. იქ გაცილებით მეტი სივრცე გვექნება, ვიდრე დღევანდელ მატჩში, რადგან "დილა" იძულებული იქნება, შემოგვიტიოს...

სტეფან ბაბოვიჩმა გოლი დაიმსახურა. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ დავიმსახურეთ გოლი, რომლისთვისაც მთელი შეხვედრის განმავლობაში თავდაუზოგავად ვიბრძოდით.

Sportall.Ge

ვინ აგებს პასუხს?
სანამ "დილას" თამაშის ჩვენეულ შეფასებას შემოგთავაზებდეთ, მანამდე ცალკე აღვნიშნოთ - ყველა გუნდი, გნებავთ, ევროპალიგასა და გნებავთ, ჩემპიონთა ლიგაზე, წითელ ბარათს ვერ ასცდა.

ეს ტენდენცია ჯერ კიდევ თბილისში, ევროპალიგის პირველი ეტაპის პირველ მატჩში გამოჩნდა, როცა არბიტრმა "გაბალა" რიცხვმეტი დატოვა დინამოელი გიორგი გველესიანის გაძევების შემდეგ (სხვა საქმეა, იმსახურებდა თუ არა გველესიანი წითელ ბარათს).

მაშინ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით, რომ სულ მალე ასეთი სურათის მოწმენი გავხდებოდით.

რამდენჯერმე ვნახე "დილას" თამაშის ყველაზე საკამათო ეპიზოდი და მიმაჩნია, რომ გუგა ფალავანდიშვილი მეორე ყვითელ ბარათს არ იმსახურებდა, თუმცა ფაქტი ჯიუტია. ვინ არის დამნაშავე ასეთ შემთხვევაში?

წესით, პირველად პასუხი მწვრთნელებს უნდა მოეთხოვოთ. რა თქმა უნდა, ისინი ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას, მაგრამ არა გვგონია, ძაღლის თავი აქ იყოს დამარხული. მთავარი, ალბათ, მაინც ისაა, რომ ჩვენი ჩემპიონატი გახდა ისეთი, სადაც ყველაფერი დაშვებულია. ჰკარი მეტოქეს მუჯლუგუნი? გეპატიება! სარმა გამოსდე? არაფერი!..

ეს კი არა, იმ ცნობილი სკანდალის შემდეგ ჩვენი რამდენიმე მსაჯისგან ისიც კი გამიგია, თუ მთლად აუცილებელი არ არის და ვიღაცამ ვიღაც არ "მოკლა", წითელ-ყვითელი ბარათების გამოყენებას ყველანაირად ვერიდებით, ვინ იცის, ვინ რა კუდს გამოაბამსო!

გასაგებია, გვესმის. ისიც გვჯერა, რომ ჩვენში არიან პატიოსანი მსაჯები, რომლებიც ყველანაირად ერიდებიან საეჭვო ამბებში გარევას, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ მგლის შიშით ცხვარი არავის გაუწყვეტია და საეჭვო მატჩებიც ხომ მას შემდეგ გვაქვს, რაც ეს დალოცვილი ფეხბურთი არსებობს?!

ქართველო მსაჯებო, არასოდეს დაინდოთ ქართველი ფეხბურთელები და არც იმიტომ შეუმსუბუქოთ სასჯელი, რომ ვიღაცამ თქვენზე არ იჭორაოს. ეს მკვახე ტყემალი ქართულ ფეხბურთს ევროთასებზე ჰკვეთს ისედაც სუსტ კბილებს.

Sportall.Ge

"დილა", სად არის სითამამე?
სხვა საქმეა, რა ითქვა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე და ისე კი, ვეჭვობთ, რომ გორელთა თავკაცი უჩა სოსიაშვილი ბელგრადში თავისი გუნდის მიერ ნაჩვენები თამაშით კმაყოფილი დარჩენილიყო, ვიცით რა მისი მაქსიმალიზმი.

სტატისტიკა არ არის ფეხბურთი და ვერც ვერასოდეს იქნება, მაგრამ სტატისტიკა მნიშვნელოვანია თამაშის საერთო სურათის წარმოსადგენად.

რაზეა ლაპარაკი, როცა "პარტიზანმა" საქართველოს ჩემპიონის კარის მიმართულებით 21-ჯერ დაარტყა.

არადა, სერბული გუნდის თამაშს "იდეალური" სულაც არ ეთქმოდა. რამდენჯერმე გორელებმა კარგი კონტრშეტევა წამოიწყეს. ოდნავ კლასიანი გუნდი ამხელა სივრცეებს გამოიყენებდა და ერთ გოლს მაინც გაიტანდა, მაგრამ საქართველოს ჩემპიონს ხან კარში დარტყმა დაუგვიანდა, ხან კიდევ არაზუსტი პასი გაკეთდა.

შეგვექმნა შთაბეჭდილება, რომ "დილას" ფეხბურთელთა ნაწილს ფეხები უკანკალებდა. გარდა ამისა, რამდენიმე მოთამაშე ვერ არის ოპტიმალურ ფორმაში, თუნდაც - ოთარ მარცვალაძე. "ძველი" მარცვალაძე ბელგრადში, შესაძლოა, ერთ გოლსაც არ დაჯერებულიყო...

Sportall.Ge

ქართული კლუბის ბოსტანში ბლომად კენჭები ვისროლეთ და ორი ობიექტური გარემოებაც არ უნდა დავივიწყოთ:

1. ბელგრადული მატჩი იყო პირველი საევროთასო შეხვედრა "დილას" 25 წლის მწვრთნელის, უჩა სოსიაშვილის კარიერაში. გვჯერა, ამ ნიჭიერ კაცს ჯერ კიდევ წინ აქვს გაცილებით უკეთესი თამაშები.

2. ამ ფორმაციის "დილას" შემადგენლობაში პირველად ითამაშეს ოფიციალურ შეხვედრაში ოლეკსეი შევჩენკომ, გიორგი პაპავამ, დავით კვირკველიამ, გიორგი ილურიძემ, თემურ ღონღაძემ, გიორგი ნავალოვსკიმ და იმავე მარცვალაძემ.

რა თქმა უნდა, "დილას" ჰქონდა თურქული შეკრება და წვრთნა არც სერბეთში ჩასულს შეუწყვეტია, მაგრამ სულ სხვაა ოფიციალური მატჩი. ასეთი შეხვედრის წინ კი გუნდი უკეთ უნდა იყოს შეთამაშებული.

რას ვიზამთ, ქართულ ფეხბურთში ასეა - ლეგიონერი მაშინ ბრუნდება ქართულ კლუბში, როცა სხვა გზა აღარ აქვს, როცა მისთვის ყველა ევროპული თუ პოსტსაბჭოთა გზა იჭრება...

თუნდაც ერთი თამაში ასეთ დროს გვარიანი ამბავია და იმედი გვაქვს, გორში რამდენადმე განსხვავებულ "დილას" მაინც ვიხილავთ. ქართული გუნდების ევროპერსპექტივას იმედის თვალით რომ შეხედავ კაცი, ცხენი შეკაზმული უნდა გყავდეს, მაგრამ...

მაინც გვგონია, რომ ამ ერთბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრის შანსი არსებობს.

ჯერ ერთი, შინ და გასვლაზე "პარტიზანი" ორი სხვადასხვა გუნდია და მეორეც - "დილამ" სხვანაირად (პირველ რიგში - უკეთესად) უნდა ითამაშოს. თითოეულმა ფეხბურთელმა საკუთარ თავში უნდა გასრისოს პატარა გუნდის მოთამაშის კომპლექსი და საქმესაც ეშველება. მთავარია, გორში გოლი არ გავუშვათ, გატანას კი, ალბათ, შევძლებთ.

რატომღაც, "გონივრული ეჭვი" გვაქვს, თავის გამოჩენის შანსი ექნება საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელსა და ბომბარდირს, ირაკლი მოდებაძეს.

ახალგაზრდობა "პარტიზანის" იმედია
"პარტიზანი" დღეს მხოლოდ სახელი არ არის, მაგრამ არც ისე ქუხს, როგორც ათას ქარიშხალში გამობრძმედილი და ბრენდად ქცეული ამ კლუბის სახელი. ამის მიუხედავად, სერბულ გრანდში არის რამდენიმე ფეხბურთელი, რომელთაც დღესვე შეუძლიათ მაღალი დონის ევროპულ გუნდში გადასვლა.

და მაინც, "პარტიზანს" ჰყავს ერთი მოთამაშე, რომელიც გაქანებითა და ნიჭით სხვებს სჯობს. მას დარკო ბრასანაჩი ჰქვია. სერბეთის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა ლიდერმა "დილა", ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, გააწამა.

Sportall.Ge

გავრისკავთ და ვიტყვით, რომ შორს აღარ არის ის დრო, როცა ბრასანაჩს რომელიმე ევროპულ გრანდში ვიხილავთ. მით უმეტეს, სერბ ტალანტებს ჩვენი კონტინენტის ბობოლა კლუბები მიმინოებივით უთვალთვალებენ.

აქედან გამომდინარე, ბელგრადული მატჩი კარგ გაკვეთილად უნდა იქცეს და ბრასანაჩს (სხვებსაც) ამხელა გასაქანი არ მივცეთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
ძალიან მაგარი სტატიაა, გაიხარეთ
mindia
12:39 16-07-2015
0
რა წარმატებაზე ლაპარაკობთ როდესაც პარტიზანმა კარისკენ 21 დაარტყა და დილამ მხოლოდ ერთხელ აქედან ზუსტად ვერცერთი! თვით პარტიზანის მწვრთნელიც კი გაკვირვებული იყო ეს გუნდი როგორ გახდა ჩემპიონიო))) ან გოლის გამტანი ვინ არის მარცვალაძე თუ ილურიძე? და რატომ არ ათამაშა სოსიაშვილმა ის გუნდი ვინც საქართველოს ჩემპიონატი მოიგო????
dito
12:55 16-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული