საქართველოს ჩემპიონი გორის "დილა" და ბელგრადის "პარტიზანი" მხოლოდ მეტოქეები აღარ არიან - ქართულ და სერბულ კლუბებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
"დილას" ოფიციალური საიტის ცნობით, 14 ივლისს, ბელგრადში "დილას" საგულშემატკივროდ ჩასულ ქართულ დელეგაციას "პარტიზანის" ხელმძღვანელობამ საქმიან ვახშამზე უმასპინძლა და აღნიშნული შეთანხმებაც იქ გაფორმდა.
შეხვედრას "დილას" დირექტორი გიორგი ტუღუში, მხარის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი, ქალაქის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი და მწვრთნელთა განათლების დირექტორი გაიოზ დარსაძე ესწრებოდნენ.
მიღწეული შეთანხმების თანახმად, საფეხბურთო კლუბ "პარტიზანსა" და "დილას" შორის პერიოდულად განხორციელდება გაცვლითი პროგრამები,
აგრეთვე "დილას" და "პარტიზანის" ფეხბურთელებს, ისევე როგორც საფეხბურთო აკადემიის მოსწავლე ფეხბურთელებისთვის სერბეთსა და საქართველოში განხორციელდება სპეციალური პროგრამები, რომელიც ხელს შეუწყობს სპორტსმენთა გამოცდილებისა და ცოდნის ამაღლებას.
საფეხბურთო კლუბ "პარტიზანის" ხელმძღვანელობამ ქართულ დელეგაციას სტადიონის ინფრასტრუქტურა და მუზეუმი დაათვალიერებინა.
შეგახსენებთ, რომ ჩემიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე "დილა" და "პარტიზანი" მეტოქეები არიან. პირველი დაპირისპირება ბელგრადში "პარტიზანის" გამარჯვებით, 1:0 დასრულდა, საპასუხო შეხვედრა კი 21 ივლისს, გორში გაიმართება.
მომზადებულია fcdila.ge-ს მიხედვით