"მამის ტოლი კაცი სტადიონზე საგინებლად რომ მოდიხარ, ესე იგი, ფეხბურთი არ გიყვარს"

AutoSharing Option
როგორც კი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების მეტოქეები (უელსი, ავსტრია, სერბეთი, ირლანდია, მოლდოვა) გაირკვა, ჩვეულებრივ, ამას ათასგვარი გამოხმაურება და შეფასება მოჰყვა - ზოგი იმედიანი, ზოგიც პესიმისტური...

თუმცა ყურს მოხვდა გიორგი ნავალოვსკის "ფეისბუქის" გვერდიდან მოხმობილი სტატუსი - "ვინ ჩემი ფეხებია ბეილი?! მაგათ აუცილებლად მოვუგებთ!"

ამასთან დაკავშირებით, ნავალოსკი "ლელოს" დაუკავშირდა და კომენტარის გამოქვეყნება გვთხოვა.

"ფეისბუქზე" ჩემი გვერდი დიდი ხნის წინათ გავაუქმე. ახლა კი აღმოვაჩინე, რომ ჩემი სახელით ვიღაცამ გვერდი გახსნა.

დიდი მადლობა ასეთი დაფასებისთვის, მაგრამ ხალხს ჰგონია, რომ ამ
სტატუსებს მე ვაქვეყნებ და ახლახან, ამაზე წერილიც დაწერეს. თითქოს, მე ბოდიშს ვიხდიდი გორელ გულშემატკივართან, ახლა კი, ჩემი სახელით ვიღაც წერს, თურმე მითქვამს - ბეილი ვინ ჩემი ფეხებიაო!

მოწინააღმდეგეს პატივს რომც არ ვცემდე, ამის გამჟღავნებას ყოველთვის ვერიდები - ფეხბურთელზე ცუდის თქმა არ მიყვარს.

ბეილი უელსის ნაკრებისა და "რეალის" ვარსკვლავია, ჩემი შესაფასებელი არაფერი სჭირს. ასეთი სისულელე, რაც დამიწერეს, არც მიფიქრია", - გვითხრა ნავალოვსკიმ.

ეროვნული ნაკრების მცველს გორში მომხდარ ინციდენტზეც ვკითხეთ:

"სხვათა შორის, ჩემი სახელით გაკეთებულ "ფეისბუქის" გვერდზე ეწერა, თითქოს გორელ გულშემატკივრებს ბოდიში მოვუხადე. ყველამ იცით, სტადიონზე რაც მოხდა.

რატომღაც, ჩათვალეს, რომ გორელ გულშემატკივრებს ვაგინებდი, მაგრამ ეს ტყუილია. ფანკლუბის წევრები "დილას" გვერდში დგანან და მათზე ენა როგორ მომიტრიალდება?! ან გორელებზე, სადაც მხოლოდ კარგ დამოკიდებულებას ვგრძნობ.

რეალურად, იცით, რა მოხდა? მეორე ტაიმში, ჩემი ფლანგის მხარეს, ტრიბუნიდან, ვიღაც ბოლო ხმით დედას იგინებოდა. ეს რამდენჯერმე განმეორდა. მეგონა, სერბებს აგინებდა. ვიფიქრე, რაღა იმათ აგინებს, ჩვენ გვიქომაგოს-მეთქი.

მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩვენ გვიყვიროდა - მარცვალაძე გაინძერი, ნავალოვსკი შენი ასე და ისე და ასე შემდეგ. ტრიბუნასთან ახლოს ოთარ მარცვალაძე აღმოჩნდა. მას დედა გარდაცვლილი ჰყავს და თავი ვერ შეიკავა.


მესმის, არ უნდა ავყოლოდით, მაგრამ გამწარებული ვიყავი რომ ვაგებდით და დედის გინებაზე ემოციები ვეღარ შევიკავე.

ფეხბურთს რომ ვთამაშობ, არ ნიშნავს, რომ ყველაფერს მოვითმენ. ქართველობის გამო, რუსეთში ბევრი უსიამოვნება გადამიტანია. ვიცოდი, დამსჯიდნენ, მაგრამ ამის შიშით ღირსებას ვერ დავკარგავდი. ახლაც იმავეს ვიტყვი.

მამის ტოლი კაცი სტადიონზე საგინებლად რომ მოდიხარ, ესე იგი, ფეხბურთი არ გიყვარს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
მამის ტოლა კაცს უნახია შესანიშნავი ფეხბურთი რომელიც დღევანდელ ვაი ფეხბურთელებს არ დაესიზმრებათ და გული სტკივა, რომ ფეხბურთი მოკლეს, რომ ფეხბურთი მავანისა და მავანის ხელში ფულის კეთების საშუალებად გადააქციეს, ამიტომაც ნუ გაგიკვირდებათ თუ ვინმე გემრიელად შეგიკურთხავთ!!!
მანჩო
11:11 01-08-2015
0
mancho: და საკუთარ ფეხბურთელზე გინებით რას აკეთებ ჰა ?? დაბრუნდება ისევ ისეთი ფეხბურთი როგორიც ადრე იყო?? ან მერე რა რომ უნახია ყოველთვის მაღალ დონეზე ხომ არ იქნებოდა ფეხბურთი არ უნდა წავიდეს რას აგინებს ფეხბურთელს რომელსაც დედა გარდაცვლილი ჰყავს. ამით მათ გორში მეორედ ჩამოსვლის სურვილს უკარგავთ
დიტო
11:42 01-08-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული