კახა კალაძე: მსგავსი აჟიოტაჟი სუპერთასის არცერთ მატჩზე მინახავს

AutoSharing Option
თბილისში გასამართავი სუპერთასის მატჩის წინ, რომელშიც ერთმანეთს "ბარსელონა" და "სევილია" დაუპირისპირდებიან, უეფას ოფიციალურ საიტზე საქართველოს ნაკრებისა და "მილანის" ყოფილი მცველის, კახა კალაძის ინტერვიუ გამოქვეყნდა.

წარსულში ცნობილი ფეხბურთელი, ამჟამად კი საქართველოს ვიცე-პრემიერი, 2007 წლის სუპერთასზე გამარჯვებასაც იხსენებს, როდესაც მისმა "მილანმა" მონაკოში "სევილია" დაამარცხა.

uefa.com: რას ელით მომავალი დაპირისპირებისგან?
კახა კალაძე: როგორც ნებისმიერი ქართველი გულშემატკივარი, ამ დონის შეხვედრის მასპინძლობას ჩემი ქვეყნის დიდ წარმატებად მეც მივიჩნევ. ფინალი ყოველთვის საინტერესოა, მით უმეტეს, როდესაც ასეთი ძლიერი გუნდები თამაშობენ. ესპანური კლუბების მეტოქეობა კიდევ უფრო ამძაფრებს მატჩისადმი
ინტერესს.

uefa.com: არ ფიქრობთ, რომ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ყოველთვის ფავორიტი იქნება ევროპალიგის ტრიუმფატორთან?
კახა კალაძე: თუკი ამ ორი ტურნირის საერთო დონეს შევადარებთ, კლასში განსხვავება, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ ეს მეტწილად ევროპალიგის მონაწილეთა დაბალი ბიუჯეტებით არის განპირობებული. ჩემპიონთა ლიგა ყოველთვის იყო მსოფლიოს საუკეთესო ტურნირი და რჩება ასეთად, თუმცა ამ შემთხვევაში პროგნოზის გაკეთება არცთუ იოლი იქნება. ფავორიტად "ბარსელონას" მივიჩნევ. ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია სათამაშო სტილითაც, კომპლექტაციითაც და საერთოდ, ყველა საზომით.

uefa.com: როგორ შთაბეჭდილებას მოახდენს გულშემატკივრებზე ისეთი ვარსკვლავების ჩამოსვლა, როგორიც ლიონელ მესი და ნეიმარია (რედ. ნეიმარი თბილისში ავადმყოფობის გამო არ ჩამოდის)?
კახა კალაძე: გაყიდული ბილეთებიდანაც ჩანს, რომ გულშემატკივართა მოლოდინი უდიდესია. უკვე მრავალი წელია, რაც უეფას სუპერთასის მატჩებს თვალს ვადევნებ, მაგრამ მსგავსი აჟიოტაჟი ჯერ არ მინახავს.

ჩვენთან ფეხბურთი უყვართ. მესისა და კომპანიას ჩვენში თაყვანისმცემელთა დიდი არმია ჰყავთ. გულშემატკივრები ძალიან ბედნიერნი იქნებიან სუპერვარსკვლავების ჩვენს ქვეყანაში ხილვით.

uefa.com: საქართველოს რას შესძენს უეფას სუპერთასის მატჩის გამართვა?
კახა კალაძე: ასეთი დონის ვარსკვლავების სტუმრობა ნებისმიერი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენს ახალგაზრდა ფეხბურთელებს გაუჩნდებათ მოტივაცია, როდესაც ამ უაღრესად წარმატებული ფეხბურთელების ვარჯიშსა და თამაშს ნახავენ. ეს მათ უბიძგებს იმისკენ, რომ ყველაფერი გააკეთონ, რათა ასეთივე გამოჩენილი ფეხბურთელები გახდნენ.

ასეთი მატჩები პოლიტიკის კუთხითაც მნიშვნელოვანია - ქვეყანას პოპულარობას მატებს. საქართველო სულ უფრო ცნობადი ხდება. დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წლის წინ ვერცკი წარმოვიდგენდით, თუ ამ დონის შეხვედრას ვუმასპინძლებდით. ამას თუნდაც სტადიონების გამო ვერ შევძლებდით.

სახელმწიფომ ამ თამაშისთვის ინფრასტრუქტურის სამზადისისთვის დაახლოებით 8 მლნ ევრომდე გაიღო. ცოტა ხნის წინ თავად დავათვალიერე არენა და ამაყი ვიყავი იმით, რომ ჩვენი ქვეყანა მზადაა ამ მნიშვნელოვანი თამაშისთვის.

uefa.com: უეფას სუპერთასი 2007 წელს მოიგეთ. რას გაიხსენებთ იმ მატჩიდან?
კახა კალაძე:
ის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო როგორც ჩემთვის, ისე მთელი გუნდისთვის. არ იყო იოლი, მაგრამ მოვიგეთ და სათანადოდ აღვნიშნეთ წარმატება. მაშინ "მილანი" მსოფლიოს საუკეთესო გუნდი იყო, რომელმაც საკლუბო დონეზე ყველაფერი მოიგო, რაც კი შეიძლებოდა. ის საუკეთესო წლები იყო ჩემს "მილანურ" კარიერაში.

uefa.com: ქართველ ფეხბურთელს სისხლში აქვს თამაშის შემტევი სტილი. როგორ მოხდა, რომ საქართველოს ყველაზე წარმატებული ფეხბურთელი მცველი გახდა?
კახა კალაძე:
დიახ, როგორც წესი, ქართველი მოთამაშეები ძალიან ტექნიკურები არიან. ისინი ეფექტურად თამაშობენ, არ ერიდებიან შეტევას. მე ფიზიკურად ძლიერი ვიყავი და შრომისუნარიანობითა და შრომისმოყვარეობით ვჯობდი სხვებს - იმ ასპექტებში, რაშიც ქართველები ხშირად მოვიკოჭლებთ.

სამ ფაქტორს გამოვყოფდი, რამაც განაპირობა ჩემი წარმატება: მიზანსწრაფულობა, შრომისმოყვარეობა და რა თქმა უნდა, გამართლება.

uefa.com: ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ პოლიტიკოსი გახდით. როგორ მოხდა საქმიანობის ახალ სფეროში გადასვლა? თუ გეხმარებათ ფეხბურთი ახალ საქმიანობაში?
კახა კალაძე:
დიდხანს ვიფიქრე, სანამ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდი. ვიცოდი, რომ არცთუ იოლ გზას ვირჩევდი. რა თქმა უნდა, პირველ თვეებში სირთულეები იყო, მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესში გამოცდილება მქონდა - ვფლობდი ბანკს და საკუთარ კომპანიას. ეს ყველაფერი ძალიან წამადგა ისევე, როგორც ის ცხოვრებისეული გამოცდილება, რომელიც ფეხბურთმა შემძინა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული