ზაზა ფაჩულია: კალათბურთამდე ფეხბურთზე დავდიოდი, მაგრამ გამომიშვეს...

AutoSharing Option
"საბურთალოს" ცნობილი ადამიანები ესტუმრნენ - საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრებისა და "დალასის" ცენტრი ზაზა ფაჩულია, ასევე, უეფასა და ფიფას მატჩების დირექტორი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების საორგანიზაციო კომიტეტის წევრი დავით პეტრიაშვილი.

ფაჩულია "საბურთალოს" ახალგაზრდა ფეხბურთელებს სათითაოდ გაეცნო და კარიერის განვლილი გზაც გაიხსენა, ბოლოს კი საბურთალოელებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.

ნაცნობ გარემოში დაბრუნდა დავით პეტრიაშვილი, რომელიც ახლა უეფაში საკმაოდ წონადი ფიგურაა და იმაში, რომ თბილისმა უეფას სუპერთასს უმასპინძლა, დიდი წვლილი სწორედ მას მიუძღვის. შეგახსენებთ,
რომ პეტრიაშვილი 2005-07 წლებში "საბურთალოს" ვიცე-პრეზიდენტი გახლდათ.

"მიხარია, დღეს "საბურთალოში" რომ ვარ და ფეხბურთელების გაცნობის საშუალება მომეცა. შეძლებისდაგვარად, ფეხბურთს თვალს ვადევნებ, რადგან კალათბურთამდე ძალები ამ სახეობაში მოვსინჯე. თუმცა გარკვეული დროის შემდეგ გამომიშვეს.

კალათბურთით 9 წლისა დავინტერესდი. საკმაოდ დიდი და რთული გზა მაქვს გამოვლილი - იყო პრობლემები, უსიამოვნო დღეები... მაგრამ სპორტში ეს ხშირად ხდება. 13 წლისა ასაკობრივი ნაკრების მიღმა დავრჩი. რა თქმა უნდა, მაშინ გული ძალიან დამწყდა. მიუხედავად ამისა, შრომა გავაგრძელე, მეტად მოვინდომე და მადლობა ღმერთს, დღეს საქართველოს ნაკრების კალათბურთელი ვარ.

ადამიანს წარმატების მიღწევა თუ გინდა, კარიერისთვის მაქსიმუმი უნდა გაიღო, თამაშიდან თამაშამდე უმატებდე და ბოლომდე უნდა ამოწურო შესაძლებლობები...

ამერიკაში ბევრმა არ იცის, სადაა ჩვენი ქვეყანა. უმეტესობას ჯორჯიის შტატიდან ვგონივარ, რაზეც ძალიან ვბრაზდები. სპორტსმენები უნდა ვეცადოთ, საქართველოს სახელი რაც შეიძლება მეტად გავიტანოთ ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

ვფიქრობ, სპორტზე მაგარი არაფერია, არც ბიზნესი, არც პოლიტიკა და არც ნებისმიერი სხვა რამ. რა ჯობია იმას, როცა ხალხს უყვარხარ, პატივს გცემს და თამაშის დროს ტაშს გიკრავს.

ვიცი, "საბურთალო" ახალგაზრდული კლუბია, წინ დიდი გამოწვევები გელით და წარმატებებს გისურვებთ. ბევრი გამარჯვება გეზეიმოთ", - თქვა ზაზამ.

კახა ჭუმბურიძე, "საბურთალოს" გენერალური დირექტორი:

"მე და ზაზა ოჯახებით ვმეგობრობთ. აქედან გამომდინარე, ვიცი, როგორი პროფესიონალია, როგორ იცავს რეჟიმს, რათა თამაშსა თუ ვარჯიშს ყოველთვის მზადყოფნაში შეხვდეს. ზაზა სამაგალითო სპორტსმენი და ადამიანია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული