როგორც რევაზ არველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მის პროგრამაში არის ყველა ის დეტალი, რომელიც აუცილებელია ფეხბურთის განვითარებისთვის.
"ჩემთვის, როგორც რეზო არველაძისთვის, როგორც ყოფილი ფეხბურთელისთვის, ყოფილი მწვრთნელისთვის და საფეხბურთო ფუნქციონერისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია წარმატება. წარმატება არის ჩვენი ყველაზე მთავარი ლოზუნგი, საქართველოს ნაკრები 2020 წელს უნდა მოხვდეს ევროპის ჩემპიონატზე. განვითარება წარმატების გზით სწორედ ამას ნიშნავს.
ჩვენ არ შეგვიძლია ვიფიქროთ მარტო განვითარებაზე და არ ვიფიქროთ შედეგზე. შედეგი არის ზუსტად ის, რასაც მოჰყავს
იმ შემთხვევაში, თუ გავხდი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, მე მინდა, რომ ოთხი წლის შემდეგ გვყავდეს უფრო მეტი ფეხბურთელი, უფრო მეტი მწვრთნელი, უფრო განათლებული მენეჯმენტი, უფრო ძლიერი კლუბები და ამაში მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ჩართულობაც", - განაცხადა არველაძემ.
მისივე თქმით, მას საკმაო ცოდნა და გამოცდილება დაუგროვდა იმისთვის, რომ ყველა საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია ფეხბურთის განვითარებისთვის, მის პროგრამაში მოხვდეს და ამაზე იზრუნოს.
"ბუნებრივია, ამის განვითარებისთვის, ამ ღირებულებების ცხოვრებაში მოყვანისთვის, გეგმის შესრულებისთვის, შევეცდები მაქსიმალურად გამოვიყენო ის დრო, რომელიც მომეცემა იმ შემთხვევაში, თუ ამირჩევენ ფედერაციის პრეზიდენტად. ეს ეხება დაწყებული საქართველოს ნაკრებიდან, დამთავრებული მასობრივი ფეხბურთის განვითარებით", - განაცხადა არველაძემ.
დღევანდელ პრეზენტაციას ესწრებიან ცნობილი სახეები, ბიზნესმენები, სპორტსმენები. მათ შორის არიან ცნობილი მსახიობები: გივი ბერიკაშვილი, კახი კავსაძე; ბიზნესმენები: ლევან ვასაძე, თემურ ჭყონია; ასევე, პოლიტიკოსები: ზურაბ ტყემალაძე, გოგი თოფაძე, ერეკლე ტრიპოლსკი და სხვები.
მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით