რევაზ არველაძის საარჩევნო სლოგანი: საქართველო ევრო 2020-ზე! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფოტოზე: რევაზ არველაძის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე შოთა არველაძეც ჩამოვიდა
რევაზ არველაძემ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის ბრძოლა სასტუმრო "რედისონში" წარმომადგენლობითი შეხვედრით დაიწყო.

მან საპრეზიდენტო პროგრამა წარადგინა და მთავარი პუნქტები ჩამოაყალიბა.

ბომონდი და ვეტერანები
შეხვედრაზე იმყოფებოდნენ საფეხბურთო და სპორტული სამყაროს წარმომადგენლები - მურთაზ ხურცილავა, ლევან ნოდია, ვახტანგ ქორიძე, ფირუზ კანთელაძე, ოთარ კორღალიძე, გრიგოლ ცაავა, მერაბ თევზაძე, გია გილიგაშვილი, გია ფირცხალავა, თბილისში საგანგებოდ ამ პრეზენტაციისთვის ჩამოსული შოთა არველაძე, ირაკლი მეძმარიაშვილი, ვასილ მაისურაძე, ვიტალი დარასელია, გიორგი ანჩაბაძე, მამუკა წერეთელი, სოსო გრიშიკაშვილი, მამუკა ჯუღელი, გიორგი ასანიძე,
დავით გობეჯიშვილი,
პროფლიგის ყოფილი პრეზიდენტი დიმიტრი რამიშვილი, სახელგანთქმული ჟურნალისტი დავით ქლიბაძე, ვერისბაღელი გულშემატკივრები...

მათ გარდა, "რედისონში" არველაძის პრეზენტაციაზე იყვნენ კულტურისა და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს, ბიზნესისა და პოლიტიკის ცნობილი სახეები - ელდარ შენგელაია, დავით ევგენიძე, ნინო ანანიაშვილი, თემიკო ჭიჭინაძე, ქეთი დოლიძე, რობიკო სტურუა, ეკა მამალაძე, გურანდა გაბუნია, კახი კავსაძე, გივი ბერიკაშვილი, ლევან ვასაძე, თემურ ჭყონია, "TBC ბანკის" მთელი ხელმძღვანელობა, ზურაბ ტყემალაძე, გოგი თოფაძე, ნიკო ლეკიშვილი, ირაკლი ტრიპოლსკი...

საარჩევნო სლოგანი
- საკმაო ცოდნა და გამოცდილება დამიგროვდა, ფეხბურთის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ყველა საკითხი პროგრამაში რომ მოხვედრილიყო, - თქვა პრეზიდენტობის კანდიდატმა, - ჩემთვის, როგორც ყოფილი ფეხბურთელისთვის, ყოფილი მწვრთნელისა და მოქმედი ფუნქციონერისთვის, მთავარი - წარმატებაა.

შეუძლებელია, ვიფიქროთ განვითარებაზე და შედეგი დავივიწყოთ. შედეგი არის ზუსტად ის, რასაც მოჰყავს სტადიონზე მაყურებელი, ბავშვები კი, საფეხბურთო სკოლებში. ამიტომ ჩემი მთავარი სლოგანი იქნება: საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ზე ითამაშებს!..

...ჩვენ მძიმე 25 წელიწადი გავიარეთ, დავკარგეთ ჩვენთვის უძვირფასესი აფხაზეთი და სამაჩაბლო. ეს კუთხეები ყოველთვის კარგი ფეხბურთელების მომწოდებლები იყვნენ. ამიტომაცაა აუცილებელი - არსებული რესურსის კარგად ათვისება. ამაში მთავარი პირობა კი სახელმწიფოს ჩართულობაა. სხვაგვარად, წარმოუდგენელია.

სტადიონი ისეთივე სახელმწიფო მეურნეობაა, როგორიც თეატრი, კინო, საჭიდაო დარბაზი...

ერთობლივი ძალებით თბილისში გამართული სუპერთასის საღამო მშვენივრად ჩავატარეთ და მთელ მსოფლიოს ვაჩვენეთ, რა არის საქართველო, თბილისი და როგორი გულშემატკივარი გვყავს...

...თუკი ფედერაციის პრეზიდენტი გავხდები, მინდა, რომ ოთხი წლის შემდეგ გვყავდეს უფრო მეტი ფეხბურთელი. დღეს მათი რაოდენობა 17 ათასია, მაგრამ ყველა რეგიონის ათვისებით ამ ციფრის გაზრდა რეალური იქნება. ეს ეხება რეგიონების გუნდებსა და მასობრივ ფეხბურთსაც...

აღვადგინოთ პროფლიგა
- ჩვენი წარმატების ქვაკუთხედი ეროვნული ჩემპიონატი უნდა გახდეს. ერთ ფილოსოფოსს აქვს ნათქვამი - ყველაზე მეტი ეროვნულობა სპორტში ჩნდებაო.

ამიტომ უნდა ჩაერთოს ფეხბურთის განვითარებაში მთავრობაც, მედია, ბიზნესიც და, რაც მთავარია, გულშემატკივარი. ტელევიზიების ჩართულობის გარეშე წინსვლა შეუძლებელი იქნება...

ასევე აუცილებელია ძლიერი პროფლიგის არსებობა. ეს ორგანიზაცია მძიმე პერიოდში დაარსდა, მაგრამ არაერთი კარგი საქმე გააკეთა. სამწუხაროდ, მერე პრობლემების გამო ფუნქციონირება შეწყვიტა, მაგრამ მისი აღდგენა აუცილებელია.

ევროპაში ააწყვეს გამართული სისტემა, რომელიც გულისხმობს ფეხბურთისა და ტელევიზიის პარტნიორობას და სწორ მენეჯმენტს. ამით იღებენ დღეს დიდ ფულს, რის გამოც ყველა ევროპაში გარბის. ამიტომ მიმაჩნია, რომ სახელმწიფოს, ფედერაციისა და ტელევიზიის თანამშრომლობა შედეგს ჩვენთანაც გამოიღებს...

...აუცილებელია ინფრასტრუქტურის მოწყობა, რადგან ეს არის წარმატებისა და განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა. არადა, ძალიან კარგი თაობა მოდის. ჩვენ მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების სანახავად პანტიანში დავდიოდით, ახლა კი დრო შეიცვალა.

ტელევიზორში მესის და სხვა ვარსკვლავებს ყოველდღე უყურებენ და შეუძლიათ, თანამედროვე ფეხბურთში აუცილებელი ბევრი თვისება გადმოიღონ. მე მჯერა, რომ მათ წინსვლის დიდი შანსი გააჩნიათ, თუკი გვექნება ძლიერი ჩემპიონატი, კარგი ინფრასტრუქტურა, ძლიერი პროფლიგა და გვეყოლებიან განათლებული მწვრთნელები და მენეჯერები...

მილიონი ლარი რეგიონებს
- გვჭირდება უფრო მეტი განათლებული მწვრთნელი, რაც შედეგების გაუმჯობესებაში დაგვეხმარება. ჩვენ უკვე მივიღეთ უფლება, რომ საქართველოში გავცეთ პროფლიცენზია და ესეც წარმატებისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია. ამავე დროს, გვჭირდება უფრო განათლებული მენეჯმენტი, რათა უფრო ძლიერი კლუბები და ნაკრებები გვყავდეს...

...რაც შეეხებათ რეგიონებს, იქ ბევრად მეტი პრობლემაა, ვიდრე თბილისში. 13 რეგიონული ორგანიზაციიდან 2 დევნილობაშია: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის. დალხენილი მდგომარეობა არც სხვაგანაა. ამიტომ უკეთესი მოდელის შექმნაა აუცილებელი...

ამიტომ მაქვს იდეა, რომ ფეხბურთის ფედერაციამ გამოჰყოს მილიონი ლარი, რათა რეგიონულ ლიგებსა და ადგილებზე ასაკობრივმა გუნდებმა გადასახადები არ გადაიხადონ და ეს თანხა კისერზე არ დააწვეთ...

...ამას გარდა, ვიცი, რომ დღეს რეგიონული ფედერაციები მწირ დაფინანსებას იღებენ და მეტია საჭირო. თანხას ვერ დავაკონკრეტებ, მაგრამ ფეხბურთის ფედერაცია მათ მეტ თანხას გამოუყოფს...

ჩემი კიდევ ერთი ინიციატივაა, ჩამოვაყალიბოთ რეგიონული ნაკრებები, რომელთა მწვრთნელებსაც ფეხბურთის ფედერაცია დააფინანსებს. ისინი ასაკობრივი ნაკრებებისთვის ფეხბურთელების მთავარი მიმწოდებლები უნდა გახდნენ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
ბელა,
თვალი გადაავლე კომენტარების უმრავლესობას ლელოზე და დაინახავ რომ ქართული ფეხბურთის გულშემატკივრების უმრავლესობას აშკარად უარყოფითი დამოკიდებულება აქვს არველაძისადმი. ნუ განიხილავ ამას როგორც ერთი ადამიანის ზიზღს, არამედ როგორც ძალიან ბევრი გულშემატკივრის უარყოფით განწყობას არველაძისადმი, როგორც ქართული ფეხბურთის სტაგნაციის ერთერთი თანაავტორის და თანადამნაშავის!
ლუკა
15:28 03-09-2015
0
ლუკა-ს. ეხ ლუკა, ლუკა, ვის რაში ჭირდება შენი სიყვარული ან ზიზღი. ვის დაკარგვიხარ ....ვის!!!!
bela
15:21 03-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული