სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნები: 24 კლუბი ხმის უფლებას ითხოვს

AutoSharing Option
ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების კუთხით, უმნიშვნელოვანესია ერთ-ერთი კანდიდატის, მამუკა კვარაცხელიას იდეა, რომ მავანის მიერ წინასწარ დაწერილი გეგმის ჩასაშლელად აუცილებელია, კლუბებმა სფფ-ის წევრობა მოითხოვონ, რასაც არჩევნებზე ხმის უფლების მიღება და, შესაბამისად, ძალთა თანაფარდობის შეცვლა მოჰყვება.


მართლაც, სფფ-ის წესდებით, ყრილობის დღის წესრიგის რიგითობაში ფედერაციის წევრის მიღებისა და სტატუსის საკითხის განხილვის შემდეგ პრეზიდენტი და აღმასკომის წევრები უნდა აირჩიონ. ანუ ყრილობაზე შესაძლებელია სფფ-ში გაწევრიანება და შემდეგ არჩევნებში მონაწილეობა.

როგორც ჩანს, ბევრმა კლუბმა გააცნობიერა, რომ სფფ-ის
წევრობა ქართული ფეხბურთის ბედის გადაწყვეტაში ჩართვისა და კლუბის სტატუსის ასამაღლებლად აუცილებელია.

შედეგად, სფფ-ის მისაღები "ატალახებულია" - საარჩევნო ხმის არმქონე კლუბებმა ფედერაციაში განცხადებები შეიტანეს. თითოეული მათგანის მოტივაციაა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 3 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დელეგატის სტატუსი მოიპოვონ - დღეისთვის, ამ უფლებით მხოლოდ 13 კლუბი სარგებლობს.

ვფიქრობ, ეს გულშემატკივრისთვისაც საინტერესო თემაა და ამიტომაც დავინტერესდით, ხმის უფლების მოსაპოვებლად სფფ-ში წერილობითი განცხადება რამდენმა კლუბმა შეიტანა. ამ კითხვით ფეხბურთის ფედერაციის შესაბამის სამსახურს მივმართეთ. "ლელომ" ზუსტი ციფრი დაადგინა - გაგიკვირდებათ და, ასეთი კლუბების რაოდენობა 24-ს აღწევს. 7 - უმაღლესი ლიგიდან, 16 - პირველიდან და ერთიც (ზესტაფონის "მარგვეთი") - მეორე ლიგიდან.

წესით, ფედერაციის წევრობისთვის არ აქვს მნიშვნელობა, კლუბი უმაღლეს ლიგაში ითამაშებს თუ პირველში. ყველა ამ ლიგას საქართველოს ჩემპიონატი აერთიანებს და ხმის უფლება ყველაზე სუსტ კლუბსაც ეკუთვნის. მოკლედ, ამ 24 კლუბის ზუსტი სია ასეთია:

1. ალგეთი (მარნეული); 2. ოდიში 1919 (ზუგდიდი)*; 3. კოლხეთი (ხობი); 4. სამეგრელო (ჩხოროწყუ); 5. საბურთალო (თბილისი); 6. ბორჯომი (ბორჯომი); 7. შუქურა (ქობულეთი); 8. გურია (ლანჩხუთი); 9. ჩხერიმელა (ხარაგაული); 10. მარგვეთი (ზესტაფონი); 11. ჩიხურა (საჩხერე); 12. ჭიათურა (ჭიათურა); 13. მერცხალი (ოზურგეთი); 14. სამგურალი (წყალტუბო); 15. ლიახვი (ცხინვალი); 16. რუსთავი (რუსთავი); 17. საპოვნელა (თერჯოლა); 18. დინამო (ბათუმი); 19. იმერეთი (ხონი); 20. ბეთლემი (ქედა); 21. მაჭახელა (ხელვაჩაური); 22. მეშახტე (ტყიბული); 23. ლოკომოტივი (თბილისი); 24. სქური (წალენჯიხა);

* - შენიშვნა: 1-ლი სექტემბრიდან ზუგდიდის "ლაზიკას" სახელწოდება შეეცვალა და ამიერიდან პირველ ლიგაში "ოდიში 1919" -ის სახელით იასპარეზებს.

შევიტყვეთ, რომ მათ ამ მოთხოვნებში უერთდებიან სფფ-ის წევრი კლუბებიც - "სამტრედია", ქუთაისის "ტორპედო", გორის "დილა", "ზესტაფონი", ბოლნისის "სიონი", ფოთის "კოლხეთი" და თბილისის "დინამო".

ახლა მთავარია, რა პასუხი ექნება ფეხბურთის ფედერაციას ამ მოთხოვნაზე. როგორც ჩანს, ეს ამ არჩევნების ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა იქნება.

ახლა კლუბები სფფ-ის პასუხს ელოდებიან და იმედოვნებენ, რომ საარჩევნო პროცესში მონაწილეობის უფლება მიეცემათ, მაგრამ საინტერესოა ერთი რამ - რომ არა არჩევნები, სად იყვნენ აქამდე? ამ კითხვით კლუბების წამომადგენლებს მივმართეთ:

ოთარ ფედიჩკინი, ბათუმის "დინამოს" დირექტორი:
"ამ თემაზე კლუბებმა ახლა ვილაპარაკეთ. გადავწყვიტეთ, გავერთიანდეთ და ხმის უფლება მოვიპოვოთ. ამას კანონიერი საფუძველი გააჩნია.

ამ მოთხოვნით წერილი სფფ-ის გენერალურ სამდივნოში აჭარის ოთხმა კლუბმა შევიტანეთ - ჩვენ, ქობულეთის "შუქურამ", ქედის "ბეთლემმა" და ხელვაჩაურის "მაჭახელამ". ახლა ველოდებით ფედერაციისა და მისი აღმასკომის პასუხს.

მიმაჩნია, რომ საქართველოს მოქმედი ვიცე-ჩემპიონი, რომელიც ქვეყანას ევროპალიგაზე წარმოადგენდა, ხმის უფლებით უნდა სარგებლობდეს და ეს საკითხი საკამათო არ უნდა გახდეს. რაც უნდა ახსნა მოუძებნონ, ეს ბათუმის "დინამოს" კი არა, ჩვენი ქვეყნისა და ფეხბურთის სირცხვილია და ვერანაირი არგუმენტით ვერ აგვიხსნიან. მე მრცხვენია, დელეგატი რომ არ გვყავს".

ბერიკა შუკაკიძე, საჩხერის "ჩიხურას" დირექტორი:
"ჩვენ ამ მოთხოვნით ფედერაციას ჯერ კიდევ 2 წლის წინათ მივმართეთ. მაშინ ამაზე უარი გვითხრეს. როცა მიზეზით დავინტერესდით და სფფ-ის აღმასკომის დებულება წავიკითხეთ, საკმაოდ უცნაური პუნქტი აღმოვაჩინეთ - თურმე, აღმასკომს შეუძლია დაუსაბუთებლად მიიღოს სუბიექტი ან მსურველს წევრობაზე ასევე დაუსაბუთებლად უთხრას უარი.

მერე, როცა შესაძლო მიზეზების ანალიზი ვცადეთ, სფფ-ის კომპეტენტურ პირს მივმართეთ და მან დარღვევა ვერ აღმოგვიჩინა - ყველაფერი წესრიგში გაქვთ, უარი არ უნდა ეთქვათო. ახლა ისევ მივმართავთ და იმედია, სფფ სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.

საერთოდ, საჩხერის "ჩიხურა" ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული კლუბია. ცხადია, არც ახლა გამოვრიცხავთ, რომ აღმასკომმა კვლავ უარით გამოგვისტუმროს, მაგრამ ვერ ვხვდები, ფედერაციის სუბიექტობაზე უარი რატომ უნდა გვითხრან?

ამბობენ, 2 წლის წინათ ამაზე სამთავრობო კომისიის წევრები და სფფ-ის წარმომადგენლები შეთანხმდნენ და დელეგატების რაოდენობას ამიტომ არ ზრდიანო. არ ვიცი, ეს რამდენად მართალია".

კიდევ ერთი საინტერესო თემა: ექნება თუ არა ხმის უფლება რუსთავის "მეტალურგს", რომელიც გაკოტრდა და სფფ-ის ეგიდით გამართულ არც ერთ ოფიციალურ ტურნირში აღარ მონაწილეობს?

დაბოლოს, ვერსია, რომელიც ბერიკა შუკაკიძემ გაგვიმხილა და მერე სხვა წყაროებითაც დავაზუსტეთ: ამ ვერსიის მიხედვით, სფფ წევრების რაოდენობას ჯენტლმენური შეთანხმების საფუძველზე არ ზრდიდა.

ამტკიცებენ, თითქოს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა ფეხბურთის განვითარების სამთავრობო კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ სფფ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში უმაღლესი ლიგის გაზრდით უპირატესობის მოპოვებას ცდილობდა, რადგან ამას ავტომატურად ყრილობის დელეგატების რაოდენობის გაზრდაც მოჰყვებოდა - დებულებით, უმაღლესი ლიგის ყველა კლუბი ყრილობაზე უნდა ყოფილიყო წარდგენილი.

ამაზე კომისიის წევრმა სფფ-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ წევრების რაოდენობას არ გაზრდიდნენ.

მაგრამ ეს ვერსია ლოგიკაში არ ჯდება, რადგან ახალი სუბიექტების მიღება საარჩევნოდ სფფ-ის ინტერესებში არ შედის, მისი ოპონენტები კი პირიქით, ამას ითხოვენ. სხვა თუ არაფერი, ეს კანონის გადასაწყვეტია, კლუბებს კი კანონიერი მოთხოვნები აქვთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ არჩევნებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ქართული ფეხბურთის არსებობისთვის. ან გაიპრავებს საკუთარ მომავალს და კიდევ უფრო მეტ ფულს იშოვნის რევაზი ან გაიმარჯვებს კობიაშვილი და ეშველება ქართულ ფეხბურთს. რევაზს რისი გაკეთების თავიც აქვს ვნახეთ უკვე მგონი კარგად მისი გენ. მდივნად მოღვაწეობის მრავალი წლის მანძილზე.
Patrick
17:17 04-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული