"კოსმოსი" თუ არა, მაშინ "დინამო"... გიორგი ბარათაშვილს ამერიკა ჩაეშალა

AutoSharing Option
"ლელო" აპრილში წერდა უცნობ ფეხბურთელზე - გიორგი ბარათაშვილი საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ყოფილი კანდიდატი გახლდათ და "ვაკე 91"-ში კოტე დოლიძესთან ვარჯიშობდა გიორგი პაპუნაშვილის, დავით ჯიქიასა და ლაშა დვალის გვერდით. იყო გუბაზ დოლიძის "ივერიის", აგრეთვე, "ლოკომოტივის", რუსთავის "მეტალურგისა" და "ზესტაფონის" ასაკობრივი გუნდის წევრი.

20 წლის ქართველი ფეხბურთელი ამერიკაში წლეულს წავიდა და თავდაპირველად, დაბალი ლიგის "ისტჰემპტონში" მივიდა, რომელიც ნიუ იორკთან მდებარე ლონგაილენდის გუნდია და მშვენიერი სავარჯიშო პირობები აქვს. მთავარ მწვრთნელს, ჯონ რომეროს (ის ამერიკაში გაზრდილი მექსიკელია) ქართველი ცენტრალური ნახევარმცველი მოეწონა და დააიმედა, რომ
მეიჯორლიგის (MLS) კლუბში ჩარიცხავდა.

"ამ ყველაფრის მიუხედავად, ამერიკიდან წამოსვლა მომიხდა. საქმე ისაა, რომ იქ ერთი მენეჯერი მპირდებოდა, რომ ნიუ იორკის "რედ ბულის" დუბლშემადგენლობაში ჩამრიცხავდა.

მას მამაჩემი იცნობდა, ყოფილი საბჭოეთიდან გახლდათ და იმდენად დამაჯერებელი იყო, ამის გამო რომეროს "ნიუ იორკ კოსმოსის" დუბლებში გასინჯვაზე უარი ვუთხარი.

კონკრეტული თარიღიც წინასწარ მითხრა - 15 ივლისს გუნდის ბაზაზე უნდა გამოვცხადებულიყავი... მაგრამ დადგა ეს დღე და როცა მენეჯერი არ შემეხმიანა, ჩემს ზარებს კი არ უპასუხა, მივხვდი, რომ ტყუილად მაიმედებდა", - ამბობს ბარათაშვილი.

ამ ყველაფერს სხვა ამბავიც დაემატა და ბარათაშვილი იძულებული გახდა, საქართველოში დაბრუნებულიყო:

"რომერო ამერიკულ ფეხბურთში კარგადაა ჩახედული და შევცდი, რომ არ დავუჯერე. მან ჩემი ამბავი გაიგო და მითხრა, რომ ოქტომბერში "კოსმოსში" მაინც მიმიყვანდა.

არ ვტრაბახობ - ამ კაცმა კარგად შემისწავლა, მენდობა და ჩემს შესაძლებლობებში დარწმუნებულია. სხვა რა გზა იყო, დალოდებას ვაპირებდი, მაგრამ საქართველოდან დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ჩემი რაიონის კომისარიატში თუ არ გამოვცხადდებოდი, დეზერტირობის ბრალდებით საქმეს აღძრავდნენ.

ჩამოვედი საქართველოში და ყველა იურიდიული საკითხი მოვაგვარე, მაგრამ ამასობაში, "კოსმოსში" გასინჯვის შანსი გამოირიცხა".

ბარათაშვილმა გუშინ ახალ გუნდში პირველად ივარჯიშა:

"ამერიკიდან წამოსულს რამდენიმე ვარიანტი მქონდა, მაგრამ თბილისის "დინამოში" ვარჯიში, ამ კლუბის სახელი ქართველებისთვის ბევრს ნიშნავს. დღეს დუბლშემადგენლობაში პირველად ვივარჯიშე.

მაგრამ ჩემი საკითხი ჯერ გადასაწყვეტია. დავრჩები თუ არა, ეს მალე მეცოდინება. იმედია, გუნდში დავრჩები და კარიერას ავიწყობ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
არაუშავს ბოლომდე მიაწექი !!!
zura
11:50 17-09-2015
0
ტიპიური გრუზინული ტრაბახი!!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული