[ოთხშაბათის საკითხავი] რა გვახსოვს და რა არა?

AutoSharing Option
ფოტოზე: ლაშა დვალი და გიორგი ჭანტურია
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება. ეს პერიოდი ყველაზე მეტად არ მიყვარს. არ მიყვარს იმიტომ, რომ საარჩევნო ორომტრიალი ბევრის სახეს აჩენს. აჩენს იმ ხალხის სახეს, ვისაც დიდ პატივს სცემდი და გიყვარდა...

...და ვინ იქნება ბოლოს დამნაშავე?
მე ასე მგონია: არ აქვს მნიშვნელობა, ჟურნალისტიკაში ხარ, თუ სხვა რამეს ემსახურები - სუფთა და ობიექტური უნდა იყო. ეს ბევრს აღარ ახსოვს. არადა, პერიოდი ისეთია, ჩვენ ყოველ წუთსა და წამს ბეწვის ხიდზე გავდივართ და ბეწვის ხიდი კიდევ ისეთი რამეა,
შეიძლება, ძალიან იოლად ჩაგიწყდეს.

სინდისის სიწმინდე და ობიექტურობა - ეს ორი ფაქტორი შემთხვევით როდი ვახსენე. მთავარი ესაა, თორემ სადაც ადამიანია, იქ შეცდომაცაა და მისი დაშვების უფლებას ვერავინ ვერავის წაართმევს, რადგან სადაც მოკვდავია, იქ შეცდომაცაა.

ეს არ არის პირველი საარჩევნო პერიოდი, რომელსაც ვაკვირდები და პირდაპირ უნდა დავწერო - მოვალეობას და აუცილებლობას რა ვუთხარი, თორემ უმჯობესია, ამ წინასაარჩევნო ამბებზე კალამი საერთოდ არ "დაასველო". უმჯობესია იმიტომ, რომ მორჩება არჩევნები, დალაგდება ყველაფერი და ამა თუ იმ მხარეს დამნაშავედ ისევ ჟურნალისტი გამოჰყავს.

ჩვენი მახსოვრობა გუშინდელი, ან დღევანდელი დღით არ იწყება. ჩვენ გვახსოვს ქართული ფეხბურთის არაერთი კაზუსი და მათი დავიწყება ძნელია. გვახსოვს არაერთი შემთხვევა, თითქოს იდეურად შეურიგებელნი როგორ ჭუკჭუკებდნენ არაფორმალურ გარემოში.
და დამნაშავე ვინ რჩებოდა? რა თქმა უნდა, ჟურნალისტი, ვისზეც, როგორც დაბალ ღობეზე, ძალზე ადვილი იყო ხელის შეწმენდა...

მე რომ ვუყურებ, ქართულ ფეხბურთში არ არსებობენ მუდმივი მტრები და მუდმივი მოყვრები. ამით ის ძალიან ჰგავს დიდ პოლიტიკას. ჰგავს და ეს ძალიანაც მაფიქრებს.

ახლა ამბობენ, სახელმწიფო ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში ერევაო. მე ჩარევას ვერ ვხედავ. ხელებს არავინ არავის უგრეხს და არავინ არავის არსად იბარებს თუ აშანტაჟებს.

რა თქმა უნდა, ეს პრეცედენტი ქართულ ფეხბურთში ერთხელ და სამუდამოდ უნდა მორჩეს. უნდა მორჩეს თუნდაც იმიტომ, რომ თუ გვინდა, შევდგეთ, როგორც სახელმწიფო, თუ გვინდა, ვინმემ სათვალავში ჩაგვაგდოს, უნდა ვისწავლოთ არჩევანის თავისუფლად გაკეთება.

ჩარევა კი ადრე იყო, თუ იყო და არჩევნების რამდენჯერმე "გაიმასქნება" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ზოგიერთ დღევანდელ ფუნქციონერსაც კარგად უნდა ახსოვდეს.

ლევან კობიაშვილმა კი უკვე დაიწყო საარჩევნო კამპანია და აქტიურადაც დაიწყო. ერთი კია, კითხვა გვებადება - დაგვიანებული ხომ არ არის? ძნელია, ერთ თვეში მოასწრო ის, რასაც სხვა ორი წელია, აკეთებს.

დაიცვა ობიექტურობა, არ იყო არც ერთ ბანაკში და დაელოდო მოვლენების განვითარებას - ასე წარმომიდგენია მე ჟურნალისტის დღევანდელი იდეალური მდგომარეობა. ბანაკს რომ ვამბობ, გაზეთის ფურცლებზე რომელიმე კანდიდატის დითირამბების გადატანას ვგულისხმობ, თორემ გულის სიღრმეში ქართული ფეხბურთის მომავალზე ყველა მოფიქრალს ჰყავს თავისი რჩეული და ამაში დასაძრახი არაფერია.

ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა ყველასთან გამონახავს საერთო ენას და ბოლოს ისევ ჟურნალისტი გაიჭყლიტება. სწორედ ამიტომ უნდა დავდგეთ ეჭვზე და ყოველგვარ ბანაკზე მაღლა!

დუისბურგი, როგორც... ფრაიბურგი?
"დუისბურგი" უახლოეს დღეებში წარადგენს 22 წლის ქართველ შემტევს, გიორგი ჭანტურიას. "დუისბურგში" უკვე ირიცხება ეროვნული გუნდის მცველი ლაშა დვალი.

ეს კარგია. ჩვენი ბიჭები გერმანიაში წესრიგს და ნაღდ ფეხბურთს შეეჩვევიან. ნაღდი ფეხბურთი კი ისეთი რამაა, ამ ბიჭებს ნაღდ პროფესიონალებად რომ ჩამოაყალიბებს. ძალიან მინდა, "დუისბურგი" ჩვენთვის მეორე "ფრაიბურგად" იქცეს.

ეს ჩვენს ნაკრებს წაადგება, ოღონდ, ორმა ქართველმა იქ "ალექსანდრეიაშვილობა" და "ლევანკობიაშვილობა" უნდა გასწიოს. იოლი არ იქნება, მაგრამ არ მოჩანს ეს ამბავი შეუსრულებელ მისიად.

ჭანტურიასა და დვალს ნიჭი არ აკლიათ, თუმცა მათ ძალიან ბევრი აქვთ დასამტკიცებელი. მეორე ბუნდესლიგა შესანიშნავი ტრამპლინია - რამდენიმე კარგი მატჩი და ეგრევე ბუნდესლიგის სამიზნეზე ხარ...

შანსი არის და ამ შანსს გამოყენება სჭირდება. ამ შანსს უნდა მოვეჭიდოთ. ეს აუცილებელია.

მოკლედ, ბიჭებმა უნდა გაამართლონ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
ასპროცენტიანი სიმართლე! შორს იყავით სიბინძურისაგან!
avtors
16:34 16-09-2015
0
ალეკო საღოლ!
simarTle
17:20 16-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული