- ბატონ პრემიერ-მინისტრს ვაცნობე ის ფაქტი, რამაც, შესაძლოა, საქართველოს სახელზე უარყოფითად იმოქმედოს.
საქმე ისაა, რომ საქართველოში არასასიამოვნო ფაქტები დაფიქსირდა. შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე, კომპანია "გეოფისი" წარმოადგენს გერმანული სპორტული პროდუქციის მწარმოებელი კომპანია "ადიდასის" ინტერესებს საქართველოში. ჩვენ და პოსტსაბჭოური ქვეყნები რუსეთში მოქმედი სათავო ოფისის დაფარვის ზონაში ვიმყოფებით. ამას თავად კომპანია ადგენს და ჩვენ ვერ ჩავერევით.
ხელშეკრულების საფუძველზე, რუსეთის ოფისთან საქმიანი სავაჭრო ურთიერთობები
თუ საქართველოში ამ კომპანიის სავაჭრო ნიშნების უკანონო გამოყენება დაფიქსირდა, "გეოფისი" ვალდებულია, ამის თაობაზე რეგიონულ ოფისს დაუყოვნებლივ აცნობოს...
საერთოდ, "ადიდასი" სავაჭრო ნიშნების გამოყენების უფლებას ანიჭებს როგორც ცალკეულ კლუბებს, ისე ნაციონალურ საფეხბურთო ფედერაციებს, რომლებიც ფიფასა და უეფას წევრები არიან. მათ შორისაა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაც, რომლის ამოცანაც ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებთა ეკიპირებით უზრუნველყოფაა.
ამის ფონზე, რამდენად უცნაურიც უნდა იყოს, საქართველოში "ადიდასის" ნიშნებს უკანონოდ სწორედ ფეხბურთის ფედერაცია იყენებს და კომპანიის უფლებებს უხეშად არღვევს.
- შეგიძლიათ, კონკრეტული მაგალითები დაასახელოთ?
- სხვის მიერ დამზადებული, "ადიდასის" ლოგოიანი ფორმა აცვიათ ქვეყნის 17 და 19-წლამდელთა და ქალთა ნაკრებებს, ისევე, როგორც სფფ-ის საფეხბურთო აკადემიის გუნდებს.
სწორედ ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართე პრემიერს, რათა საქართველოში "ადიდასის" სასაქონლო ნიშნების დაცვის უზრუნველსაყოფად ზომები მიიღოს.
სხვაგვარად, მეშინია, საქართველო არ მიიჩნიონ TRIPS-ის შეთანხმების დამრღვევ ქვეყანად. შესაძლოა, ამან საერთაშორისო სკანდალი გამოიწვიოს, ხოლო საქართველო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციიდან გარიცხვის წინაშე დადგეს...
სხვათა შორის, ვისაც ეს ეხებოდა, იმათაც მივმართე, რომ მსგავსი საქმიანობა შეეწყვიტათ, მაგრამ... საამისოდ არაფერი იღონეს.
- ამის დამადასტურებელი დოკუმენტები გაქვთ?
- რა თქმა უნდა?! პირველად, მსგავსი რამ 2013 წელს მაცნობეს და მას მერე პრობლემის მოგვარებას ვცდილობთ... სხვათა შორის, 2013 წელს სფფ-ის გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ თქვა, რომ 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების შესამოსად მოლაპარაკებას "ადიდასის" თურქულ ფილიალთან აწარმოებდა, რაც თავისთავად დარღვევა იყო.
როგორც გითხარით, მისი რეგიონული წარმომადგენლობა მოსკოვშია და პოსტსაბჭოურ ქვეყნებს ფარავს. თურქეთი კი სხვა რეგიონია და ფეხბურთის ფედერაციას მის ფილიალთან თანამშრომლობის უფლება არ ჰქონდა.
ამის თაობაზე მოსკოვის ოფისიდან თურქულ მხარეს დაუკავშირდნენ. მათ თქვეს, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან არ დაკავშირებიან, შუამავალი ჰყავდათ, მაგრამ შემდეგ სფფ-ისთან მოლაპარაკებები შეწყვიტეს.
- ფალსიფიცირებული "ადიდასები" სად მზადდება?
- ფეხბურთის ფედერაციის ძველ ოფისთან, იამანიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სამკერვალო "ცეხში"... და ამას ხელს უწყობს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. ამ ყველაფერს კი ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარე ვაჟა ჟვანია ხელმძღვანელობს.
"ადიდასს" კონფლიქტი არ სურს და საკითხის უმტკივნეულოდ გადაწყვეტას გვირჩევს. სხვაგვარად, ქართული ფეხბურთი საერთაშორისო სკანდალს ვერ ასცდება, რადგან გერმანული კომპანია ფიფასა და უეფას სპონსორია, ბრენდის უფლებების დარღვევა კი სერიოზული ბრალდებაა. საკითხი უმტკივნეულოდ უნდა მოგვარდეს, რადგან არ გვინდა, საქმეში უეფა და ფიფას ჩაერიონ, რაც ჩვენი ქვეყნისთვის სირცხვილი იქნება.
საქმე სასამართლოში გადაინაცვლებს და საერთაშორისო სკანდალი გარდაუვალი იქნება...
* * *
ცხადია, ასეთი ბრალდებების გამო, მეორე მხარეც უნდა ჩაგვეწერა. კომენტარისთვის ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარე ვაჟა ჟვანიას დავუკავშირდით, რომელიც მოკლე კომენტარით შემოიფარგლა: "არც ეს კაცი მაინტერესებს და არც მისი ნათქვამი. რაც უნდა, ის თქვას და ილაპარაკოს". (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
საქართველოს კანონმდებლობა იცავს ინტელექტუალურ საკუთრებას, სასაქონლო ნიშნების გაყალბება კი ჩვეულებრივი სისხლის სამართლის დანაშაულია. საქართველოსვე კანონმდებლობით სისხლის სამართლის საქმეზე დევნის დასაწყებად ვინმესგან მომართვა არ სჭირდება სახელმწიფოს