გერმანული მოდელი ქართულ რეალობაში - კობიაშვილი გუნდურ პრინციპს ემხრობა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი ლევან კობიაშვილი წინასაარჩევნო შეხვედრებს აგრძელებს. მან საინტერესო განცხადებები გააკეთა რადიო "თავისუფლების" პირდაპირ ეთერში, სადაც მსმენელებს თავისი წინასაარჩევნო გეგმები გააცნო.

ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ილაპარაკა იმაზე, თუ რა გუნდით აპირებს მოსვლას ქართული ფეხბურთის სათავეში.

"მე არასოდეს ვიყავი განსაკუთრებული ფეხბურთელი, ყოველთვის გუნდური მოთამაშე გახლდით. ამის ხარჯზე ვაკეთებდი მაქსიმუმს და ესაა ჩემი ცხოვრებისეული პრინციპიც - გუნდურობა. ვიცი, ფეხბურთის ფედერაციაში ბევრი პატიოსანი ადამიანია და ისინი საქმეს პირნათლად აკეთებენ.

მე არ ვარ იმის მომხრე, მივიდე და ყველა გავუშვა - არანაირად!
მაგრამ მინდა, ისეთ ხალხთან ვიმუშაო, რომლებიც ისევე ფიქრობენ, როგორც მე და სურვილი აქვთ, ქართულ ფეხბურთს ემსახურონ", - ამბობს პრეზიდენტობის კანდიდატი.

კობიაშვილმა სისტემის შეცვლის აუცილებლობაზე ილაპარაკა:

"სამწუხაროდ, არსებული სისტემა ჩვენი ფეხბურთის განვითარებას ხელს უშლის. ამის მაგალითად, თავად სფფ-ს სტრუქტურა გამოდგება. არასწორი მგონია, როცა ის ერთ-ორ ადამიანზეა ჩამოკიდებული.

როცა ვლაპარაკობ მართვის გერმანულ მოდელზე, ვგულისხმობ ბორდს, რომელშიც შედიან კომპეტენტური ადამიანები. მაგალითად, გერმანიის საფეხბურთო კავშირის ბორდშია ბუნდესნაკრების მენეჯერი ოლივერ ბირჰოფი, რომელიც ეროვნული გუნდის ინტერესებს იცავს. არიან კლუბების წარმომადგენლები და ასე შემდეგ.

ანუ, ეს არის კომპეტენტური ხალხისგან დაკომპლექტებული მუშა ჯგუფი, რომელიც ამა თუ იმ სეგმენტის ინტერესებს იცავს. პლუს ამას, მოქმედებს აღმასკომი, რომელიც ასევე კომპეტენტური ადამიანებისგან შედგება.

არჩევის შემთხვევაში, მუშაობა მე სწორედ გუნდური პრინციპით წარმომიდგენია - ანუ ძლიერ ბორდთან და აღმასკომთან ერთად".

კობიაშვილმა თქვა, რომ გერმანიის საფეხბურთო კავშირთან თანამშრომლობის პროექტის განხორციელება სურს:

"გარანტიას გაძლევთ, რომ გერმანიაში ჩვენი მწვრთნელები კვალიფიკაციას აიმაღლებენ და პირიქით - იქაური სპეციალისტები საქართველოში გვესტუმრებიან. ამის შესახებ, გერმანიის საფეხბურთო კავშირის ხელმძღვანელობას უკვე ველაპარაკე და ისინი თანამშრომლობისთვის მზად არიან.

საქმე ისაა, რომ მსგავსი პარტნიორობის გამოცდილება მათ რამდენიმე ქვეყანასთან აქვთ. აქ იგულისხმება მწვრთნელების, მსაჯთა კორპუსის დახმარება და ასე შემდეგ. ჩვენი პარტნიორობის შეთანხმება კი დღემდე ძალაშია".

საქართველოს ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი ალექსანდრე ჩივაძის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებას გამოეხმაურა:

"მე როგორ უნდა გავიზიარო მისი შეურაცხყოფა, როცა ჩივაძე არის მწვრთნელი, რომელმაც ნაკრებში პირველად მათამაშა და რომელმაც ჩემს კარიერაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა? ეს იყო ნორვეგიაში გასვლით მატჩში. მას შემდეგ სულ ნაკრების წევრი ვიყავი.

ჩივაძე ჩემთვის უსაყვარლესი ადამიანია. არ ვიცი, იმ აღმასკომზე რა მოხდა... რასაკვირველია, პრობლემებს აღმასკომის გადაწყვეტილებები ქმნის. ადამიანებს შორის დაპირისპირება ამის მერე იწყება.

ჩემთვის მხარე არ არსებობს. ეს არის დიდი საფეხბურთო ოჯახი. შესაძლოა, ჩვენ სხვადასხვა პოზიციაზე ვიყოთ, მაგრამ ყველა ქართულ ფეხბურთს უნდა ვემსახუროთ".

კობიაშვილი ქუთაისში იმყოფებოდა, სადაც "ტორპედოს" ხელმძღვანელებს შეხვდა, ამას გარდა, ესაუბრა იქაურ ვეტერან ფეხბურთელთა კავშირის წევრებსაც:

"მათ გავაცანი ჩემი ხედვა, ვისაუბრეთ ქართული ფეხბურთის მომავალზე, იმ გეგმებსა და სტრატეგიაზე, რის განხორციელებასაც ვაპირებ. მოვისმინე მათი პოზიციები, პრობლემები, რაც ამჟამად ქუთაისსა და რეგიონშია. შეხვედრა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო".

შოთა ოქროპირაშვილი, "ტორპედოს" ვეტერან ფეხბურთელთა კავშირის პრეზიდენტი:

"ქართული ფეხბურთის საჭირბოროტო საკითხებზე ვილაპარაკეთ - როგორ შეიძლება წინსვლა და განვითარება, როგორ შეიძლება ამ წუმპიდან ამოსვლა... ლევან კობიაშვილმა ყველა საკითხზე ამომწურავი პასუხები გაგვცა და თუ ის გაიმარჯვებს, ჩვენ ძალიან კმაყოფილები დავრჩებით".

"ტორპედოს" ქომაგთა კლუბის ლიდერებმა კი 20 სექტემბერს, "ტორპედოსა" და ფოთის "კოლხეთის" შეხვედრის დროს, ტრიბუნებზე კობიაშვილის მხარდამჭერი ბანერი გამოფინეს, წარწერით - "სისტემა უნდა დაინგრეს - კობი პრეზიდენტად"!

მაგრამ ბანერი ტრიბუნაზე სულ რამდენიმე წუთით იყო დაკიდებული - ის ფანებს ქუთაისის სამხარეო პოლიციამ ჩამოახსნევინა, რის შემდეგაც ქომაგებმა ტრიბუნის დატოვება გადაწყვიტეს.

"ეს ყველაფერი დაინახა ლევან კობიაშვილმა და უმალ ჩვენკენ გამოეშურა. დიდხანს ვისაუბრეთ პრობლემებზე. ქართული ფეხბურთის ლეგენდას საინტერესო ხედვა აქვს. თუმცა მარტო კობიაშვილი ვერაფერს გახდება. საფეხბურთო საკითხებში გულშემატკივრის მეტი ჩართულობაა საჭირო. გვგონია, რომ ყველაფერი კარგად იქნება", - წერს "ტორპედოს" გულშემატკივართა გვერდი.

ბოლოს, კობიაშვილი სამტრედიაში ჩავიდა, სადაც ადგილობრივი გუნდისა და მარტვილის "მერანის" მატჩს დაესწრო და მასპინძელი კლუბის ხელმძღვანელებსაც შეხვდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ცვლილება, რომ საჭიროა ამას ყველა ხვდება, ამიტომ ვფიქრობ, რომ მთლიანად ახალი გუნდით უნდა დაკომპლექტდეს ფესერაცია
გიგა
10:12 23-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული