ეს არჩევნები არალეგიტიმურია!!! მამუკა კვარაცხელია "ლელოს" სტუმარია

AutoSharing Option
"ლელო" აგრძელებს რედაქციაში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატების მოწვევას.

რამდენიმე დღის წინათ ფედერაციის აწ უკვე ყოფილი გენმდივანი რევაზ არველაძე გვეწვია, ამჯერად კი, ჩვენს ყოფილ კოლეგასა და უეფას მედიაოფიცერ მამუკა კვარაცხელიას ვმასპინძლობთ...

მე ამისგან გავაკეთებ!..
- უკვე მესამედ იყრით კენჭს და ახლა რისი იმედი გაქვთ?
- წინა ორი არჩევნები არ იყო არჩევნები - მაშინ იყო მიშას დროინდელი დანიშვნები და მაინცდამაინც სუფთა სიტუაცია არც ახლაა, მაგრამ მაშინდელთან შედარებაც არაა...

იმედი მაქვს წესიერი და პატიოსანი ამომრჩევლის, ვისაც ქართული ფეხბურთი უყვარს... ხომ უნდა გამოვიდეთ ერთხელ და
სამუდამოდ ამ შეკრული წრიდან?! ახალკაცსაც და სიჭინავასაც წინ დახვდათ ჩემი სიტყვები - არ შეიძლება ბინძური ხერხებით არჩევნების მოგება!

- მოდით, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. რას გვპირდებით პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში?
- ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას, რადგან 2020 წლიდან უკვე 24 გუნდი მონაწილეობს ფინალურ ეტაპზე. ეს ლამის უეფას ნახევარია და იქაც თუ ვერ მოვხვდით, საქართველოში ფეხბურთი მართლა ასაკრძალი იქნება!

გპირდებით, პირამიდის პრინციპით აგებულ ძლიერ ეროვნულ ჩემპიონატს, რომელიც სეზონ-ნახევრის მერე იქნება და რომლიდანაც ქართული გუნდები აუცილებლად გავლენ ჩემპიონთა ან ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპებზე;

გამოსწორდება მსაჯობაც და გაიწმინდება სკანდალებისგან; ზუსტად ერთ წელიწადში ბათუმში ვახტანგ ქორიძის, ზუგდიდში კი ოთარ გაბელიას სახელობის მეოთხე კატეგორიის სტადიონები გაიხსნება, თავისი სტადიონი ექნება გაგრასაც, სოფელ მუხრანში, სადაც შესაძლებელია ერთი სტადიონისა და ორი სავარჯიშო მინდვრის დატევა. მიეხედება სხვა სტადიონებსაც და ზოგადად ინფრასტრუქტურასაც;

გპირდებით სპონსორთა მოზღვავებას, რადგან ჩემი უმთავრესი მიზანი იქნება, ფეხბურთი ვაქციო ბიზნესად;

ყველა მსაჯი (დაახლოებით - 100) ჩემი პროგრამით ისწავლის ინგლისურს უფასოდ, ასევე, ფეხბურთის ყველა მწვრთნელი (დაახლოებით - 600). ალბათ იცით, რომ რამდენიმე წლის წინათ გამოვუშვი ქართულ-ინგლისური საფეხბურთო ლექსიკონი და ახლა მეორე გამოცემასაც ვამზადებ, მასწავლებლებიც და პროგრამაც შერჩეული მაქვს, როგორ უნდა მოხდეს ფეხბურთში მოღვაწე ასობით ადამიანის ერთ წელიწადში "გაინგლისურება", რაც, დამეთანხმეთ, ოცდამეერთე საუკუნეში ფეხბურთში აუცილებელი პირობაა;

აღირიცხება ყველა საფეხბურთო მოედანი და მასზე კორპუსის აშენებას კი არა, ბალახის მოწყვეტას ვერ გაბედავს ვერავინ! რეგიონული ფედერაციები კი, ახლა მათხოვრების (ჩემი თხოვნაა, ასე დაწერეთ პირდაპირ!) როლში რომ არიან, ჩემი პრეზიდენტობის პირობებში ძლიერ ორგანიზაციებად და ფეხბურთის ფედერაციის რეალურ დასაყრდენებად გადაიქცევიან, ფედერაციიდან კი შემოსავალი გაუხუთმაგდებათ!..

- ბავშვთა ფეხბურთი არ გიხსენებიათ...
- ეს არის საკვანძო საკითხი და პირდაპირ ვამბობ - ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოში ბავშვთა ფეხბურთი გახდება უფასო!

- ...და რამდენად რეალურად მიგაჩნიათ ბავშვთა ფეხბურთში ასეთი რევოლუცია?
- კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ციფრები მე არ მომიგონია, ვიცე-პრემიერ კახა კალაძესა და სპორტის მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილს დავესეხე. სახელმწიფოს ფული სწორად უნდა გავანაწილოთ!!! იმ 44 თუ 50 მილიონიდან, რომელსაც, მათი სიტყვებით, სახელმწიფო ყოველწლიურად ხარჯავს ქართულ ფეხბურთში, 4 მილიონი საკმარისია ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად და იმისთვის, რომ 6-დან 12 წლამდე ბავშვებმა უფასოდ იარონ საფეხბურთო სკოლებში.

დღეს ფეხბურთში სულ 12 122 ბავშვია ოფიციალურად რეგისტრირებული 6-დან 18 წლამდე, და 6-7 ათასი ბავშვის თანხის გადახდა სულაც არ არის პრობლემა. რამდენჯერმე მქონდა შეხვედრა თენგიზ სულაქველიძესა და კარლო მჭედლიძესთან მათსავე სკოლებში, ვინც სისხლი და ოფლი ჩააქცია ამ საქმეში და თითქმის დეტალურად დავთვალე ეს ხარჯები.

არ მესმის, რა უნდა იყოს სახელმწიფოსთვის ამაზე მნიშვნელოვანი?

დარღვევები, დარღვევები...
- ფიფასა და უეფას წერილებზე რას იტყვით?
- ფიფამ და უეფამ ფაქტობრივად დაადასტურეს ის, რასაც მე ფედერაციას ვეუბნები - არ დაარღვიოთ თქვენი წესდება, იმოქმედეთ ამ წესდებით და სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს არჩევნებში!

სხვა რა ეწერა იმ წერილებში? უეფას უკვე მივწერე დაწვრილებით ამ ფედერაციის დარღვევები და ფიფასთვისაც მზად მაქვს წერილი, მაგრამ ჯერ ვერ ვგზავნი, რადგან არ ვიცი, ვის მივწერო - ფიფას გენერალური მდივანი გადააყენეს და შესაძლოა, პასუხისგებაშიც მისცენ.

ისე, სიტყვამ მოიტანა და, იცით, რატომ გადააყენეს ფიფას გენერალური მდივანი? იმიტომ, რომ ფიფას ეთიკის კოდექსი დაარღვია!
ამათ კი ყველაფერი თავზე დაიმხეს წესდებიან-კოდექსიანად და წარბიც არ შეტოკებიათ! წარმოიდგინეთ, დარღვეულია, სფფ-ს წესდების მე-9, მე-10, მე-11, 21-ე, 26-ე, 27-ე, 29-ე, 32-ე მუხლები! ასე რომ, ეს არჩევნები თავშივე არალეგიტიმურია!

- აღმასკომის ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებზე რა აზრის ხართ?
- ამ ორგანოს "დაღმასკომი" ვუწოდე და ვფიქრობ, ზუსტად შევურჩიე მეტსახელი. სხვა რა უნდა უწოდო ორგანოს, რომელიც საკუთარ წესდებებსა და კოდექსებს ყოველდღე არღვევს და ერთადერთი მიზანი ამოძრავებს - ისევ თვითონ იყვნენ ქართულ ფეხბურთში!

არველაძე ბრძანებს - ამ აღმასკომს დრო წლის ბოლომდე აქვსო. ახლა ვნახოთ, რა წერია წესდებაში: რიგით ყრილობაზე სავალდებულოა (!!!) აღმასკომის არჩევა (მუხლი 27, პუნქტი 2, რ).

ეს კი 32-ე მუხლია, სწორედ აღმასკომს რომ ეხება (პუნქტი 2): სფფ-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრები აირჩევიან ყრილობის მიერ ინდივიდუალურად. თითოეული კანდიდატი უნდა იქნეს წარდგენილი მინიმუმ ერთი წევრის მიერ. აღმასრულებელი კომიტეტის წევრთა მანდატი იწყება იმ ყრილობის დასრულების შემდეგ, რომელზეც აირჩა და გრძელდება 4 წელიწადს, მომავალ საარჩევნო ყრილობამდე.

ამას რა ჰქვია?! სფფ-ის დღევანდელი გენმდივნის მიერ საკუთარი წესდების არცოდნა თუ შეგნებული ტყუილი?

- როგორ ფიქრობთ, რა პროცესები მიდის რეგიონულ ფედერაციებში?
- ისევ და ისევ წესდების დარღვევა!!! ბატონმა რეზო არველაძემ ბრძანა - ოთარ კორღალიძე იმერეთში და გოჩა ტყებუჩავა გურიაში რატომ არ უნდა აერჩიათო? რატომ ბატონო რეზო და იმიტომ, რომ სფფ-ის წესდების 21-ე მუხლის მეორე პუნქტი ამბობს: დელეგატები უნდა ეკუთვნოდეს წევრს, რომელსაც წარმოადგენენ და დაინიშნონ ან აირჩნენ ამავე წევრის სათანადო ორგანოს მიერ. მათ უნდა შეეძლოთ სფფ-ის მოთხოვნისთანავე წარმოადგინონ ამის დადასტურება.

მაინტერესებს, როდის იყო ბოლოს ოთარ კორღალიძე იმერეთის ფედერაციაში? ან გოჩა ტყებუჩავა გურიაში? გიორგი ღუდუშაური - მცხეთა-მთიანეთში, ხვიჩა ქასრაშვილი- სამცხე-ჯავახეთში, მერაბ თევზაძე - შიდა ქართლში, ანდაც გია გილიგაშვილი რაჭა-ლეჩხუმში?! არადა, ეს ბიჭები ჩემი მეგობრები არიან და ძალიან მწყინს, ფეხბურთის მოქმედ ფედერაციას ამგვარად რომ უჭერენ მხარს...

ეს არალეგიტიმურია, თანაც სკანდალს სკანდალი ემატება - გურიაში წესდების დარღვევით არჩევა, რაჭა-ლეჩხუმშიც ასევე დარღვევით არჩევა... ტრიბუნალმა გურიას ტყებუჩავას დელეგატობა აუკრძალა და აღმასკომმა... მაინც დაამტკიცა!!! 35 დელეგატიდან 26 თბილისელია... ამას ეძახით საფეხბურთო საქართველოს არჩევანს?

ძმობა და ხელფასები
- რევაზ არველაძე ამბობს, რა არის გასაკვირი იმაში, რომ აჩი არველაძე დელეგატი გახდა, ის ხომ სკოლების ასოციაციამ 6 წლის წინათ აირჩიაო...
- ეს 6 წლის წინათ მოხდა და 4 წლის წინათ კი სფფ-მ და მისმა გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ სფფ-ის ეთიკის კოდექსი მიიღეს, სადაც მეხუთე მუხლის მეორე პუნქტში წერია, რევაზ ბატონო! - ოჯახის წევრების არჩევნებში მონაწილეობა არ შეიძლებაო!

ეთიკის კოდექსიც რომ არ იყოს, განა ლამაზია ძმა ძმის არჩევნებში მონაწილეობდეს?

სფფ-ის ეთიკის კოდექსის ასევე დიდი დარღვევაა, როცა 10 დელეგატი ხელფასს იღებს ფეხბურთის ფედერაციაში, ეს არის მესამე და მეხუთე მუხლები. გნებავთ, ჩამოგითვლით...

- კი ბატონო...
- აგერ არის ეს ჩამონათვალი: იმერეთის ფეხბურთის ფედერაცია - ოთარ კორღალიძე; გურიის ფეხბურთის ფედერაცია - გოჩა ტყებუჩავა; ფეხბურთის მუშაკთა პროფკავშირი - ნიკოლოზ ჩხეიძე; ვეტერან ფეხბურთელთა კავშირი - ვაჟა ჟვანია; ქალთა ფეხბურთის ასოციაცია - ნინო სორდია; ინვალიდ-ამპუტანტ ფეხბურთელთა ლიგა - გერმანე გობეჯიშვილი; მსაჯთა და დამკვირვებელთა კავშირი - მერაბ მალაღურაძე; ბიჩ-სოკერის ასოციაცია - გიორგი ხაჩიძე; ეზოს ფეხბურთის ასოციაცია - ირაკლი ნაკაიძე; საფეხბურთო სკოლების ასოციაცია - არჩილ არველაძე.

ჩაიხედეთ წესდებაში! დაიცავით წესდება!
- რევაზ არველაძეს გაუკვირდა, 24 კლუბს რაღა მაინცდამაინც ახლა მოუნდა ფედერაციის წევრობაო?!
- ვადასტურებ, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა და ფედერაციის ძველი ხელმძღვანელობის შეცვლაში წვლილი შეიტანონ! ხომ ვერავინ უარყოფს, რომ სწორედ ჩემი პრესკონფერენციების შემდეგ დაიწყო ყველამ წესდებებისა და რეგლამენტების კითხვა? ხედავთ რა სამყაროში ვცხოვრობთ? და რა გასაკვირია, როცა კლუბებმა კი არა, თავად სფფ-ის ხელმძღვანელებმა და აღმასკომის წევრებმა არ იციან საკუთარი წესდება...

ეს სფფ არ იყო, როცა მსოფლიოში უპრეცედენტო მოვლენა დააფიქსირა - ორი გუნდი რომ ზეიმობდა ჩემპიონობას?! სფფ-ის პრეზიდენტმა და გენმდივანმა არ მიულოცეს რუსთავის "მეტალურგს" ჩემპიონობა, მაშინ, როცა მეორე დღეს უეფამ მოსწერა - ჩემპიონი "ზესტაფონიაო"?!

ამათ ისიც არ იციან, რამდენი გაფრთხილების მერე ტოვებს გუნდის კაპიტანი კანკავა ოფიციალურ შესარჩევ მატჩს, არც ის უწყიან, დისკვალიფიცირებული კვეკვესკირი რომ არ უნდა ათამაშონ, რათა გუნდს წაგება არ ჩაეთვალოს! არც დაუშვილის დაყენება-არდაყენება სცოდნიათ დისკვალიფიკაციისა თუ არადისკვალიფიკაციის გამო, არც ალბანეთთან რამდენი შეცვლა იყო გასაკეთებელი, რაც ისევ დაკარგულ ქულებად და ფიფას რეიტინგში ვარდნად დაგვიჯდა...

საერთოდ, რა უფლება აქვთ ქართულ ფეხბურთში მოღვაწეობის? თუ მოხდა სასწაული და ისევ ამათ გაიმარჯვეს, შევახსენებ, რომ 2 ოქტომბერს იწურება ვადა სფფ-ის წევრების მეხუთედის (ეს 7 კლუბია) მოთხოვნისა, რიგგარეშე ყრილობის მოწვევაზე. თუ არ მოიწვიეს 30 დღის ვადაში რიგგარეშე ყრილობა, მაშინ ეს 7 წევრი სრულიად კანონიერად (აგერ, სფფ-ის წესდების 29 მუხლის მეორე პუნქტი: სფფ-ს ყველა წევრის არანაკლებ ერთი მეხუთედის მოთხოვნის საფუძველზე, რაც წერილობით სათანადოდ უნდა იყოს დასაბუთებული, სფფ-ის აღმასრულებელი კომიტეტი ვალდებულია, მოიწვიოს რიგგარეშე ყრილობა ასეთი მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში. თუ რიგგარეშე ყრილობა არ იქნა მოწვეული, მაშინ იმ წევრებს, რომლებმაც წარადგინეს შესაბამისი მოთხოვნა, შეუძლიათ თვითონ მოიწვიონ რიგგარეშე ყრილობა. ამ შემთხვევაში, მათ შეუძლიათ დახმარებისთვის მიმართონ ფიფას ან უეფას;) მოიწვევს რიგგარეშე ყრილობას და სფფ-ის ეს ხელმძღვანელობა დაამთავრებს მოღვაწეობას!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
არჩევნები რომ გაყალბებულად, არასამართლიან და ყველანაირი ეთიკის ტუ წესების დარღვევით ჩატარდება, მაგაში ეჭვი არავის ეპარება. თუმცა რაღაც არ ეტყობა მოწინააწმდეგეს კორუმპირებული რევაზის, რომ აქვს ბერკეტი უსამართლობას რამე დაუპირისპიროს. ამის ფონზე, ალბათ რევაზიც ხუმრობს ხოლმე საკუთარ საახლობლოში, თუ რაოდენ უსურია მოწინაღმდეგე, რომ თეთრზე შავს ამბობს, მაგრამ ვერავინ ვერაფერს უშვება.
Patrick
16:14 25-09-2015
0
კოკაია ფიფია ჩივადზე თავის შვილთან ერთად მოსაკვეთები არიან არველაძე კობიაშვილი საერთოდ არუნდა გააკარონ ფედერაცია ქანთარია ბოკერია ნაკაიძეს ვინმიცა იმის უფლება რომ ფეხბურთს ემსახურონ ... და ის ... მეორე სართულზე რომ ზიან ფირცხალავა კორგალიდზე ბარათაშვილი ქასრაშვილი ვასაძე ჩეხი ეგენი უნდა ჩასვა დიდ ტომარაში და პირდაპირ მტკვარში არაფრის მაქნისები ჩორაობის მეტს რომ არაფერს აკეთებენ ვაი მართლა საცოდაო ქართულო ფეხბურთო ამდენი მუქთახორების და მჩამელების ხელში მოშორდით თავი დაანებეთ თქვენი ბინძური ენით და ხელებით თავი ქართულ ფეხბურთს
beso
17:23 25-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული