სფფ-ის საპრეზიდენტო რჩევნები: მძიმე ტვირთი - შვილებმა რომ არ მოგვკითხონ...

AutoSharing Option
დღეს, 3 ოქტომბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ეყოლება. დღეს ქართული ფეხბურთისთვის განსაკუთრებული დღეა.

ახალი პრეზიდენტი მხოლოდ პიროვნულად ვერ იქნება გადამრჩენელი, ახალ პრეზიდენტს სჭირდება მხარდაჭერა...

მარტოკაცი ვერ შეძლებს ყველაფრის შეცვლას. მარტოკაცი ვერ შეძლებს სიტუაციის გამოსწორებას. და მაინც, ჩვენ ველით უკეთესობას და უკეთესობა რომ იყოს, ჯერ ისეთი პიროვნება უნდა იყოს სათავეში, რომელიც ამის ღირსია...

ბოლოს და ბოლოს, უკეთესი მომავლისკენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები. უნდა გადავდგათ, თორემ ეს დალოცვილი ფეხბურთი წინ მიდის, ჩვენ კი ერთ ადგილს ვტკეპნით. ეს უკვე დაუშვებელია. თუ ასე გავაგრძელეთ,
საფეხბურთო რუკაზე ჩვენი ადგილი აღარ იქნება.

განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრიათ დელეგატებს. მათმა გონიერებამ ქართული ფეხბურთის მომავალი უნდა განსაზღვროს. დიდი, დიდზე დიდი იმედი მაქვს, რომ ამ დელეგატებისთვის ქართული ფეხბურთის ბედი სულერთი არ არის და მინდა მჯეროდეს, რომ არჩევანი არჩევანისთვის კი არ იქნება, არჩევანი იქნება ისეთი, რომელიც ქართული ფეხბურთის უკეთეს მომავალს განსაზღვრავს.

ჩვენ გვჭირდება ჯანსაღი არჩევანი, რადგან:

* არ გვაქვს ფეხბურთი და უნდა გვქონდეს...

* არ გვაქვს ჩემპიონატი და უნდა გვქონდეს...

* ევროტურნირებზე ჩვენს გუნდებს ყველა უგებს და ვერ უნდა უგებდეს...

* ათასი არამზადა და ცხვრის ტყავში გახვეული მგელი უნდა მოშორდეს ქართულ ფეხბურთს...


აღარ უნდა დავუშვათ კომპრომისები, რომელთა დაშვებასაც უკვე დიდი ხანია, მივეჩვიეთ, რადგან ამ კომპრომისებმა მიგვიყვანა იმ მდგომარეობამდე, დღეს რომ ვართ. ერთხელ და სამუდამოდ ვისწავლოთ: ჩვენ არჩევანის გაკეთების დროს უნდა ვიყოთ პიროვნებები და არა უბრალოდ - ტიკინები...

უნდა ვიყოთ, რადგან ჩვენ ხელებს გვიგრეხდნენ და ვითმენდით. ჩვენ პრეზიდენტს ვირჩევდით და ნახევარ საათში ის პრეზიდენტი ამბობდა, რომ პრეზიდენტობა მისი თვითმიზანი არ იყო...

ჩვენ მივეჩვიეთ იმას, რომ ჩვენი ხმა კი არა, ყველაფერს ვიღაცის "რკინის ნება" წყვეტს. როგორმე ამ კომპლექსს უნდა დავუსხლტეთ, ჩვენი ხმის ფასი უნდა ვისწავლოთ. სხვანაირად, ისევ იქ ჩავრჩებით, სადაც დღეს ვართ.

დელეგატების ტვირთი კი სხვა თემაა. მინდა, რომ ყველამ გაუძლოს ამ ტვირთს. ნუ, უმეტესობამ მაინც. და როცა ხმის მისაცემად გავლენ, საკუთარ თავთან იყვნენ მართლები, რადგან, როცა რამეს წყვეტ, მხოლოდ შენი თავისთვის როდი აკეთებ ამას, მომავლისთვისაც წყვეტ. მომავალი კი ჩვენი შვილებია. დახვდებათ თუ არა მათ ქართული ფეხბურთი, ეს ჩვენ მიერ შაბათს გასაკეთებელ არჩევანზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული...

ჩვენ უნდა მოვიქცეთ ისე, რომ შვილებმა არ მოგვკითხონ. ამას დიდი ადამიანობა არ სჭირდება. ამას უბრალო პატიოსნება ჰყოფნის. სამწუხაროდ, დღეს ქართულ ფეხბურთში პატიოსნების დეფიციტია.

ბოლოს და ბოლოს, ჩვენ უკან უნდა მოვიტოვოთ ის რეალობა, რომელშიც დღეს ვართ. უნდა მოვიტოვოთ, რადგან:

* ამ რეალობაში ქართული ფეხბურთი დაღუპულია...

* ამ რეალობაში გუნდების უმრავლესობა იქმნება იმიტომ, რომ ვიღაცამ ფული იშოვოს, 6 თვის მერე კი ავანსცენიდან გავიდეს და ახლა სხვამ იშოვოს ფული...

იმასაც ამბობენ, რომ დაბალ ლიგებში ძაღლი პატრონს ვერ სცნობს და თამაშების უმრავლესობა "გაიმასქნებულია". ამბობენ და ანგარიშებს რომ გადახედავ, სულში მართლაც ჩაგიძვრება ეჭვის ჭია...

ჩვენი მწვრთნელების დიდი ნაწილი სწავლას ერიდება და მწვრთნელობა "დავაი, ბიჭები" და "სისხლი დამანახე" ჰგონია.
ბავშვთა ფეხბურთში დასაქმებული ბევრი მწვრთნელი პატარებს საშინელ პირობებში ავარჯიშებს (განსაკუთრებით - რეგიონებში) და მხოლოდ იმაზე ზრუნავს, რომ 200-300 ლარი შეიტანოს ოჯახში, რათა ოჯახმა არ იშიმშილოს. ცუდი პირობები ამ მწვრთნელების ბრალი არ არის...

ჩვენს ფეხბურთში გუნდები ტრავმირებულ ფეხბურთელს აღარ მკურნალობენ და მერე ის ფეხბურთელი ძალიან ხშირად კარიერას ამთავრებს...

ჩვენთან, კლუბის პრეზიდენტი თუ გუნდის უფროსი, ხშირად ტრიბუნებიდან ერევიან მწვრთნელის საქმეში.

ქართულ ფეხბურთს თითზე ჩამოსათვლელი ინვესტორი დარჩა. ის ინვესტორებიც გარბიან. ინვესტორი ვერაფერს იგებს და თავს დაფასებულად ვერ გრძნობს. მას შეუძლია, ის მილიონები სხვა სფეროს შესწიროს და იმაზე მეტი მოგებაც ჰქონდეს, ვიდრე ქართულ ფეხბურთში აქვს, თუ საერთოდ აქვს მოგება...

* ჩვენს ჩემპიონატს არ აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ეს არის პროდუქტი, რომელიც არავის აინტერესებს. ტრიბუნებზე კი ხშირად ორმოცდაათამდე კაცი ზის, ძირითადად - ფეხბურთელთა ნათესავ-ახლობლები...

* ჩვენს სტადიონებზე არ არის ისეთი გარემო, სადაც ფეხბურთის თამაში შეიძლება. ჩვენი მინდვრების უმრავლესობაზე ბურთი არ გორავს...

* სახელმწიფო ფულს არაეფექტურად ხარჯავს და ეს მხოლოდ სახელმწიფოს ბრალი არ არის. კაცი არ გამოჩნდა ქართულ ფეხბურთში, ეს სიტუაცია რომ დაალაგოს...

ეს და კიდევ ბევრი გარემოება ერთხელაც გვაფიქრებინებს, რომ დელეგატებზე ბევრი, ძალიან ბევრია დამოკიდებული.
საერთოდ, პრობლემა იმდენია, რომ ერთი შეხედვით, კაცს შეიძლება შეეშინდეს კიდეც და მათთან შებრძოლება უნაყოფო საქმედ ჩათვალოს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ თუ ამ პრობლემებთან ბრძოლა არ დავიწყეთ, მაშინ მათ ვერც ვერასოდეს მოვერევით.

კიდევ ერთი - არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მომავალი პრეზიდენტი. თუ გვინდა, რომ ჩვენი ფეხბურთი ფეხზე დადგეს, თითოეულმა ჩვენგანმა გვერდზე უნდა გადადოს პირადული და ყველაფერი გააკეთოს საერთო საქმისთვის.

არც ერთი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში არ უნდა გაირიყოს მისი მოწინააღმდეგის ბანაკის წარმომადგენელი, თუ ის ღირსეული და საქმის მკეთებელია.

არ უნდა გაირიყოს, რადგან ახლა ქართულ ფეხბურთს ბანაკებად და "დასებად" დაყოფა კი არა, ერთიანობა და საერთო მიზნის გარშემო დარაზმვა სჭირდება, რასაც ქართული ფეხბურთის გადარჩენა ჰქვია.

საერთოდ, ქართველებს სისხლში გვაქვს "ბანაკებისა" და "დასების" სიყვარული. რატომღაც გვავიწყდება, რომ ამ სიყვარულმა ორ დიდ, საერთო-ეროვნულ ტრაგედიამდე მიგვიყვანა. პირველს "ბაზალეთი" ჰქვია, მეორეს კი საქართველოს უგვირგვინო მეფის, ილია ჭავჭავაძის მკვლელობა.

რატომღაც მგონია, რომ რაც ქართულ ფეხბურთს სჭირს, იმითაც სჭირს, რომ ჩვენში ერთი პირი არ არსებობს. ნებისმიერ საკითხზე, რაც უნდა უმნიშვნელო იყოს და თუნდაც სიმართლე ხელისგულზე იდოს, შენ-ჩემობია და "მე ვარ მართალი" შემოგვერევა ხოლმე.

ქართულ ფეხბურთს მაშინ ეშველება, როცა ამ ფეხბურთში მოღვაწე ყველა ადამიანი პირად ამბიციაზე მაღლა დადგება.
არ არსებობს სოციუმი, სადაც ყველა ერთნაირად ფიქრობს. ასეთი რეალობა ღმერთმა გვაშოროს, მაგრამ რაც ერთობლივად არის გასაკეთებელი, ერთად უნდა გავაკეთოთ და ჩვენი დაქსაქსულობით სხვის წისქვილზე არ უნდა ვასხათ წყალი...

ნუ დავივიწყებთ, რომ ერთიანობის შემთხვევაში, ბევრის გაკეთება შეიძლება.

დღეს ჩვენ საქართველოს ჩემპიონატზე ვტირით და უნდა გვახსოვდეს, რომ თავის დროზე რუსეთის ჩემპიონატზე ხალხი არ დადიოდა და ფეხბურთელებიც ციდან ვარსკვლავებს არ წყვეტდნენ. მერე პროდუქტი მეტ-ნაკლებად კარგად შეიფუთა. ჯერ 7UP-ის რეკლამა გაჩნდა, მერე "სტიმოროლის" და დაიქოქა...

აი, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის ჩემპიონატებს კი საქართველოს პირველობა ნამდვილად სჯობდა. ისინი დაგვეწივნენ და გაგვისწრეს. როგორ? ერთიანობით! ხალხის, სახელმწიფოსა და ფედერაციის კოორდინირებული ქმედებებით.

დღეს არჩევნებია.

შეცდომა უნდა გამოვრიცხოთ, შეცდომას ქართული ფეხბურთი შეეწირება.

შეცდომას ჩვენი შვილები მოგვკითხავენ, რომელთაც ფეხბურთს ვეღარ დავახვედრებთ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
დღევანდელი ფეხბურთის მესვეურებს დიდი ნაწილი, ყოფილი ფეხბურთელებიც და მიტმასნილებიც,უპასუხისმგებლო და "დღევანდელი კვერცხის"მაძიებლები არიან – აირჩევენ არელაძეს, გაინაღდებენ ხელფასებს და ფეხბურთი ისევ ჩალიჩების ხელში და უპატრონოდ დარჩება
0
ბრავო !
elisabedi
10:59 03-10-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული