პრობლემები, რომლებიც სფფ-ის ახალმა პრეზიდენტმა უნდა მოაგვაროს

AutoSharing Option
ლამის იდენტური იყო პრობლემები, რომლებზეც არჩევნებამდე ოპოზიციური საპრეზიდენტო კანდიდატები - ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია ლაპარაკობდნენ. ახლა კობიაშვილი უკვე პრეზიდენტია და ამ პრობლემების მოგვარება თავად მოუწევს...

წესდების შავი ლაქები
დავიწყოთ წესდების პრობლემით. აუცილებელი იქნება მისი შესაბამისობაში მოყვანა უეფას რეგულაციებთან. ის, რომ სფფ-ის წევრი კლუბების რაოდენობა უნდა გაიზარდოს, საკამათო არ არის და იმედია, ლევან კობიაშვილის მმართველობის პერიოდში ამ საკითხს თავი მალე მოებმება.

მაგრამ არის გარკვეული პუნქტები, რომლებიც გამომზეურებას საჭიროებს. მაგალითად, 2 ოქტომბერს, სფფ-ის აღმასკომი ძველი შემადგენლობით რომ შეიკრიბა, ცნობილი გახდა, რომ სპორტული
ტრიბუნალის გათავისუფლებული დირექტორის, ზურაბ ბიწაძის გადაწყვეტილება სფფ-ისთვის სასურველი ორი დელეგატის (გურიისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის) უფლებამოსილების ჩამორთმევის შესახებ, ისევ გააუქმა.

საინტერესოა, რომ ტრიბუნალის დამფუძნებელი სწორედ ფეხბურთის ფედერაციაა. ტრიბუნალის წესდებაში კი წერია, რომ დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლება სფფ-ს ნებისმიერ დროსა და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე შეუძლია.

მსგავსი პუნქტია კლუბების გაწევრიანების შესახებაც. ამ შემთხვევაშიც, აღმასკომის წევრებს შეუძლიათ საკითხის განხილვისას გადაწყვეტილება დასაბუთების გარეშე გამოიტანონ. ეს იგივეა, მოსამართლემ ბრალდებულს დახვრეტა დაუსაბუთებლად რომ მიუსაჯოს.

ამ შემთხვევაში, აღმასკომმა ბიწაძის გადაყენება იმ მოტივით გადაწყვიტა, თითქოს, მან დაარღვია კეთილსინდისიერების მოვალეობა ორგანიზაციის წინაშე, ტრიბუნალის წესდება და საფრთხის ქვეშ დააყენა ტრიბუნალის გამართული ფუნქციონირება...

იმედია, სფფ-ის ახალი მესვეურები ამ და სხვა, მსგავს აბსურდულ დებულებებს შეცვლიან და ამიერიდან, ეს ორგანიზაცია ჭეშმარიტად დემოკრატიული რეგულაციებით იხელმძღვანელებს.

წინასაარჩევნო ბატალიებმა ცხადყო, რომ სფფ-ში არიან ადამიანები, რომელთათვისაც სკამზე მნიშვნელოვანი ღირსება და სამართალია. მაგალითად, სფფ-ის იურისტი კესო ჩხიკვაძე, რომელიც აღმასკომის უკანონო გადაწყვეტილებებს წინ აღუდგა, ამის გამო გარიყეს.

არადა, სამსახურის დაკარგვა დღეს რასაც ნიშნავს, კარგად მოგეხსენებათ. ამიტომაც ვამბობთ - ასეთმა ხალხმა უნდა შეძლოს და ერთხელ და სამუდამოდ, სფფ-ის წესდება ფიფა-უეფას ნორმებს შეუსაბამოს და არა - კონკრეტულ მმართველებს.

გამოაჩინეთ ბიუჯეტი!
ამას გარდა, ვფიქრობთ, საინტერესოა სფფ-ის ბიუჯეტის გამჭვირვალობის თემაც. სახელმწიფო ბიუჯეტი ფეხბურთს 40 მილიონზე მეტი ლარით აფინანსებს.

ცხადია, ეს ფული აკლდება პენსიებს, ჯანმრთელობის დაზღვევასა და სხვადასხვა სფეროს. ანუ ფეხბურთისთვის ამ სახსრებს, ირიბად, საქართველოს თითოეული მოქალაქე გაიღებს. არ აქვს მნიშვნელობა, არის თუ არა ის ფეხბურთის გულშემატკივარი.

ხშირად გვსმენია, რომ ფეხბურთელებმა უნდა გადაწყვიტონ ფედერაციის არჩევნების შედეგი და სახელმწიფო ამ ორგანიზაციის საქმიანობაში არ უნდა ჩაერიოს. ამასთან დაკავშირებით გულშემატკივრებისგან არაერთ საინტერესო მოსაზრებას მოისმენთ. აი, მაგალითად, რას ამბობს ერთ-ერთი სტაჟიანი გულშემატკივარი ზაზა ახალაია:

"თუ ფეხბურთი მხოლოდ მოთამაშეებისაა, მაშინ, ლოგიკურად, ეს სახეობა ფეხბურთელებმა დააფინანსონ და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფულს ნუ მოითხოვენ! მაგრამ მე გულშემატკივარი ვარ და მინდა, რომ სახელმწიფომ ფეხბურთს მიხედოს.

90-იან წლებთან შედარებით, ფეხბურთელთა ხელფასები საგრძნობლად გაიზარდა. საქართველოს მოსახლეობის 99,9%-ს არც უოცნებია იმ თანხებზე, რაც ბევრ ქართველ ფეხბურთელს მიუღია. ზოგიერთს 10 ათასი ლარიც კი ჰქონდა.

ამ ყველაფრის შემდეგ მიმაჩნია, რომ ხალხმა უნდა იცოდეს, რომელ კლუბზე რა თანხა იხარჯება, ხოლო ფეხბურთის ფედერაცია საბიუჯეტო სახსრებს რას ახმარს.

გაუგებარია ჯერ ის, გულშემატკივრისთვის რატომაა დახურული ფიფა-უეფასგან მიღებული თანხების ოდენობა. ეს ფულიც ქართულ ფეხბურთს ეკუთვნის.

საერთოდ, ფედერაციის ბიუჯეტი აბსოლუტურად გამჭვირვალე უნდა იყოს"!

აბსოლუტურად სამართლიანი მოთხოვნაა. ფეხბურთი ხალხისაა, მით უფრო - საბიუჯეტო სახსრები. როცა ეს ყველაფერი გასაჯაროვდება, თავიდან ავიცილებთ ბევრ შავ-ბნელ საქმეს, სახელმწიფო სახსრების განიავებას, "მკვდარი სულების" საშუალებით ფულის მოპარვას და, რაც მთავარია, კლუბები და ფედერაცია იქნებიან გამჭვირვალე ორგანიზაციები, რაც ისევ ფეხბურთის წინსვლას წაადგება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
საინტერესოა, თანხების ხარჯვის გასაჯაროება, აწყობს კი უეფას? არა მგონია ასე იყოს. ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხის ხარჯვის კანონიერების შემოწმების ვალდებულება კი აუდიტს აქვს. არა ისე, როცა საპატრიარქოს გადაურიცხავენ მილიონებს ჩვენი ჯიბიდან და კაცი შვილი არ კითხულობს თანხები რა მიზნებისათვის დაიხარჯა.
0
პრობლემებით და მანიპულაციებით მოსული კაცი პრობლემებს როგორ მოაგვარებს?!
Toko
17:22 06-10-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული