საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობა რომ დაიწყო, დღის წესრიგში ჟურნალისტების საკითხი დაისვა - უნდა დავსწრებოდით თუ არა ყრილობას. დარბაზმა კარისკენ მიგვითითა.
სწორედ ამ დროს სიტყვა სურკისმა აიღო და ეს თქვა:
"მე უკრაინაში დიდი ომი მქონდა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე. მაშინ ბევრს უნდოდა, რომ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი დამეტოვებინა; ბევრს უნდოდა, რომ საერთოდ ფეხბურთიდან წავსულიყავი...
ამის მიუხედავად,
ჩვენ აქ ვართ, გარეთ კი ბევრი გულშემატკივარი დგას, მილიონობით ქომაგი კი ტელეეკრანს უზის. მათ უნდა მიიღონ ინფორმაცია. მათ უნდა იცოდნენ, როგორ ჩაიარა არჩევნებმა. ამიტომ, ჩემი პირადი გადაწყვეტილებით, ჟურნალისტები რჩებიან აქ და აგრძელებენ მუშაობას", - თქვა სურკისმა.
ძალიან, ძალიან ბევრს დარბაზში მსხდომთაგანს არ ესიამოვნა უეფას ვიცე-პრეზიდენტის გამოსვლის შინაარსი. პირდაპირ ვთქვათ, რომ მათი დევიზი ასეთია - საფეხბურთო ოჯახის გადასაწყვეტი საფეხბურთო ოჯახმა უნდა გადაწყვიტოს და ჟურნალისტი იქ ზედმეტი ბარგია...
რას იზამდნენ, ციმციმ გააუქმეს მათ მიერ წილისყრით მიღებული გადაწყვეტილება და დარბაზში დაგვტოვეს.
გარდა მედიის მხარდაჭერისა, სურკისის გამოსვლა სხვა საინტერესო ფრაზებითაც გამოირჩეოდა:
"ჟურნალისტების პატივისცემას ითხოვს უეფას რეგლამენტი, ფეხბურთის გამჭვირვალობის პრინციპი და ეს არის უეფას მუშაობის ერთ-ერთი მთავარი სეგმენტი", - ამბობს სურკისი.
მისი ნათქვამი "ჩვეულებრივ" ენაზე რომ გადავთარგმნოთ, დაახლოებით ასე გამოგვივა - დააფასეთ ეს ხალხი, ამ ადამიანების გარეშე ფეხბურთი არ არის და ეს შეიგნეთო!
ნუთუ აუცილებლად უცხოელმა უნდა გვითხრას ეს, აუცილებლად ფეხბურთის ფედერაციის ყრილობაზე და აუცილებლად მაღალი ტრიბუნიდან, რომ საბოლოოდ გავიგოთ და დავიმახსოვროთ?!
იმედია, სურკისის სიტყვა ზოგადად სპორტული მედიისადმი დამოკიდებულებას შეცვლის. იმედია, ჩვენ მავანთათვის აღარ ვიქნებით სენსაციას დახარბებული და მონადირესავით ჩასაფრებული წარმონაქმნები.
ნურავის დაავიწყდება, რომ ქარში, წვიმასა და თოვლში ქართული ფეხბურთის სადარაჯოზე ვდგავართ (მაშინ, როცა ბევრი იმათგანი, ვინც კარისკენ მიგვითითა, სათოფეზე არ ეკარება სტადიონებს) და სულ მცირე, იმას მაინც ვიმსახურებთ, რომ, როცა ქართული ფეხბურთის ბედი წყდება, დარბაზიდან არ უნდა გაგვაძევონ...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"