კახა კალაძე: კობიაშვილმა ეს გზა ღირსეულად განვლო

AutoSharing Option
ცნობილია, რომ ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი კახა კალაძე მეორე ყოფილი კაპიტნის, ლევან კობიაშვილის მხარდამჭერი იყო და ეს არაერთხელ უთქვამს კიდეც.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა "ლელოსთან" საარჩევნო პროცესზე ილაპარაკა და კობიაშვილს გამარჯვება მიულოცა.

"უპირველესად, მსურს, ლევანს ამ დაძაბულ არჩევნებში გამარჯვება მივულოცო. მან ეს გზა ღირსეულად გამოიარა. რა თქმა უნდა, იყო შეცდომები, მაგრამ ეს ფეხბურთს თან ახლავს.

ასე მხოლოდ საქართველოში არ ხდება, ყველგან ასეა, რადგან ფეხბურთი და მისი მომავალი ყველა ქვეყანაში გულშემატკივრებს ძალიან აინტერესებთ, ფედერაციის პრეზიდენტობა კი
საპასუხისმგებლო თანამდებობაა.

ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ, რომ ფეხბურთში ძალიან მძიმე მდგომარეობაა, მისი დაძლევა კი ურთულესი გამოწვევაა. ასე რომ, ლევანმა საკუთარ თავზე დიდი პასუხისმგებლობა აიღო.

მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამ ამოცანას თავს ისევე ღირსეულად გაართმევს, როგორც ეს სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში შეძლო", - ამბობს კალაძე.

ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ სახელმწიფო პროგრამის განხორციელება რეალურია:

"არსებობს ფეხბურთის განვითარების სამთავრობო კომისია, სადაც ლევანი ფეხბურთის განვითარების საკუთარ პროგრამას წარადგენს, მოვუსმენთ და აუცილებლად დავიწყებთ ფიქრსა და გარკვეული ნაბიჯების გადადგმას, რათა ჩვენი ფეხბურთი განვითარდეს და ამ ჭაობს თავს დააღწიოს".

კალაძის თქმით, სახელმწიფო ფეხბურთში ფულის დაბანდებას აპირებს:

"მე არ ვიცი, სახელმწიფო ფეხბურთში 250 მილიონ ლარს დააბანდებს თუ მეტს. მთავარია, ლევანმა პროგრამა წარმოადგინოს და ფეხბურთის განვითარება რეალურად დავიწყოთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული