ამიტომაც იყვნენ შესაცვლელები - გიორგი კიკნაძეს ლევან კობიაშვილის იმედი აქვს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი გიორგი კიკნაძე ლევან კობიაშვილის მეგობარია და გასაკვირი არ არის, რომ ახალი პრეზიდენტის გუნდშია. თუმცა, ვეტერანი ფეხბურთელი ამბობს, რომ ფედერაციის ახალდარჩეულ თავკაცს მხარს მხოლოდ მეგობრობის გამო არ უჭერდა.

"ყველაფერს მხოლოდ პიროვნული დამოკიდებულება რომ განსაზღვრავდეს, ასე არჩევანს ვერ გავაკეთებდი. ლევანი ჩემი მეგობარია. მაგრამ არველაძეებიც ძალიან მიყვარს და ყოველთვის ვიტყვი, რომ მათ ქართული ფეხბურთისთვის ბევრი რამ გააკეთეს.

ყველაფერზე წინ მხოლოდ მეგობრობა რომ დავაყენოთ, არაფერი გამოვა. საქმესა და ქართული ფეხბურთის მომავალზე უნდა ვიზრუნოთ. მე კი ცვლილებების მომხრე ვიყავი და ვარ.

ლევანის დამოკიდებულებიდან ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ მისთვის საქმე ყველაფერზე წინ დგას. ასე იყო ფეხბურთელობის დროს და ამდენს ამიტომაც მიაღწია. ის გერმანიაში აღიარებულია და დიდ პატივსაც სცემენ. ესაა მისი დიდი უპირატესობა", - ამბობს გიორგი კიკნაძე.

ვეტერანი ფეხბურთელი ძველ ფედერაციას დამსახურებას არ უკარგავს:

"უმადური ადამიანი არაფერში ვარგა და იმას ვერ ვიტყვი, რომ ფედერაციის წინა ხელმძღვანელობას საერთოდ არაფერი გაუკეთებია. პატარა ამბავი არ იყო თბილისში ევროპის სუპერთასის მატჩის გამართვა. 2017 წელს 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს თბილისი რომ უმასპინძლებს, ესეც არანაკლებ მნიშვნელოვანი მოვლენაა.

მაგრამ ამ ყველაფერს ხალხი მხოლოდ მაშინ დააფასებს, როცა ქართულ ფეხბურთს წინსვლა დაეტყობა, ნაკრები იქნება ძლიერი, კლუბები კი სტადიონზე მეტ მაყურებელს მიიზიდავენ და ევროთასებზე უკეთესად ითამაშებენ...

სამწუხაროდ, ასე არ იყო, რამაც ძველი ფედერაციისადმი დამოკიდებულება განსაზღვრა...

გარდა ამისა, გაუთავებელ სკანდალებმა ეროვნულ ჩემპიონატში, მოთამაშეების, პრეზიდენტებისა და მსაჯების დაკავებებმა და გარიგებული მატჩების გამოვლენამ ჩვენი ფეხბურთი ძალიან აზარალა. რაც უნდა ეცადონ, რომ ამ პროცესებს გაემიჯნონ, ფაქტია, ეს ყველაფერი მათ დროს ხდებოდა და ვერაფერი მოუხერხეს. ამაზე პასუხისმგებლები ისინი არიან.

ფაქტია, წლების განმავლობაში ქართული ფეხბურთი სავალალო მდგომარეობაში იყო. მისი მმართველები ამიტომაც იყვნენ შესაცვლელები და არა იმიტომ, რომ რომელიმე პიროვნულად არ მომწონს. მათ ვერ მოახერხეს სისტემის შეცვლა და ახლის ჩამოყალიბება. საამისოდ კი დრო ჰქონდათ".

კიკნაძის თქმით, სფფ-ის ახალ პრეზიდენტს მძიმე მემკვიდრეობა დახვდა:

"ბოლო 10 წელიწადში, ფეხბურთის ფედერაციას, დაახლოებით, 100 მილიონი ლარი სახელმწიფომ ჩაურიცხა. მაგრამ ამ ყველაფრის შედეგად რა მივიღეთ?

ლევანს დახვდა უაზროდ დახარჯული მილიონები და ქართული ფეხბურთის შელახული სახელი. ეს ფული ინფრასტრუქტურასა და ბავშვთა ფეხბურთს რომ მოხმარებოდა, დღეს უკვე გაზრდილი იქნებოდა ახალი თაობა, რომელიც პირველ შედეგებს მოგვიტანდა და დღევანდელზე ბევრად წინ ვიქნებოდით".

ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ფიქრობს, რომ კობიაშვილი მკვეთრ ნაბიჯებს გადადგამს:

"ახალი პრეზიდენტი მოიყვანს თავის გუნდს, რომელსაც ექნება ახალი ხედვა და განსხვავებული მიდგომა. სხვაგვარად, საქმის კეთება წარმოუდგენელია. ჩემი აზრით, ახლა მთავარია, თანხები მაქსიმალურად მიზანმიმართულად დაიხარჯოს და პრიორიტეტებში გავერკვეთ - რა გვინდა და რა გზით უნდა ვიაროთ.

ვერ ვიტყვი, რომ ლევანის პრეზიდენტობის 4 წლის შემდეგ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე აუცილებლად გავალთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სასიკეთო ცვლილებებს წამოიწყებს და პროგრესი გამოჩნდება".

კიკნაძეს აზრი გერმანიაში საქართველოს ნაკრების თამაშზეც ვკითხეთ:

"მგონი, ფაქტია, რომ შედარება არ არის წინა ნაკრებთან. ბიჭებმა ითამაშეს მაგრად! მსოფლიოს ჩემპიონს გასვლაზე 1:1 გაუხადო, მომენტები შეუქმნა და ბოლომდე ეომო, ასეთ რამეს ვინ წარმოიდგენდა?

მაგარი თამაში იყო, რომელმაც იმედი ჩამისახა. ყველამ ძალიან კარგად ითამაშა, მაგრამ მე მაინც ნუკრი რევიშვილს გამოვყოფდი.

პირველ წუთებზე გერმანელებმა ჩვენს კართან შტურმი რომ მოაწყვეს და მომენტს მომენტზე ქმნიდნენ, სწორედ რევიშვილმა ივაჟკაცა. ამ მომენტებიდან ერთიც რომ გაეშვა, დამიჯერეთ, ასეთ თამაშს ვერ ვაჩვენებდით. ნუკრიმ კი ბიჭებს დამაჯერებლობა შესძინა და როგორც იქნა, ის ფეხბურთი ითამაშეს, რაზეც ყველა ვფიქრობდით.

წაგების მიუხედავად, იყო ფეხბურთის ელემენტები და ეს მაიმედებს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
თბილისი არა საქართველო უმასპინძლებს ევრო 2017 წლის ახალგაზრდულ ჩემპიონატს.
beqa
14:35 18-10-2015
0
შენ რომ თბილისი ჩემზე მეტად გიყვარს ეს მეც კარგად ვიცი ასევე მე ქუთაისი შეზე მეტად მაგრამ სპეციალურად სხვა ქალაქების დაჩაგვრა არა მთლად გამართლებული.თბილისი გასაგებია მაგრამ სხვა ქალაქებმა რა დააშავეს კერძოთ ქუთაისმა განვითარება დაწინსვლა არ გვინდა???.
ამო ქუთაისელი.
17:27 18-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული